პირველი ნატურალური ღვინის მაღაზია-ბარი საქართველოში ღvino underground-ი თბილისში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის 15 ნომერში მდებარე სარდაფში გაიხსნა 5 წლის წინ და დღემდე წარმატებით მუშაობს. ბარში ქართველ და უცხოელ ღვინის მოყვარულებს საშუალება აქვთ მცირე ოჯახური მარნების მიერ წარმოებული ნატურალური და ”ბიო” ღვინო დააგემოვნონ და შეიძინონ.
ასეთი ტიპის ღვინის ბარის გახსნის იდეა ერთდროულად გაუჩნდა შვიდ მეღვინეს (მალხაზ ჯაყელი, ჯონ ვურდემანი, სოლომონ ცაიშვილი, რამაზ ნიკოლაძე, ნიკა ბახია, ნიკი ანთაძე, კახა ბერიშვილი). მიზანი კი ნატურალური და ბუნებრივი ღვინის პოპულარიზაცია იყო. ”ღvino underground”-ში მხოლოდ ისეთი ღვინო იყიდება, რომელიც ნატურალური მევენახეობა-მეღვინეობის სტანდარტებს აკმაყოფილებს.
ამ ბარმა დიდი როლი შეასრულა საქართველოში ნატურალური ღვინის პოპულარიზაციაში, ღვინის სამომხმარებლო კულტურის ამაღლებაში. ღvino underground-ი არაერთი ახალგაზრდა მეღვინის შთაგონების წყაროც გახდა. ბევრ ღვინის ენთუზიასტს სწორედ აქ მოსულს დაებადა იდეა მეღვინეობის დაწყების, ტრადიციული წესით ქვევრში ღვინის დაყენების, აქ გაიგეს რა არის ნატურალური ღვინო და ისწავლეს ღვინის შეფასება.
ღვინის კლუბთან საუბარში, ბარის ერთ-ერთმა თანამფლობელმა ზაზა ჯაყელმა გაიხსენა, რომ 2009-2010 წლებში მცირე მარნისთვის 1 ყუთი ღვინის გაყიდვაც სიხარულს და ბედნიერებას ნიშნავდა. მაშინ თბილისში არ იყო ღვინის მაღაზიები, ბარები, სადაც ნატურალური ღვინის რეალიზაცია შეეძლოთ მეღვინეებს. ერთი შემთხვევაც გაიხსენა, რამაც უბიძგა ღვინის ბარის გახსნისკენ: "2011 წელს, გაგარინის მოედანზე, ღვინის მაღაზიაში, სადაც შეტანილი მქონდა ღვინო, ასეთ შემთხვევას შევესწარი - მაღაზიაში მომხმარებელი შემოვიდა, რომელმაც იკითხა: "რამე განსაკუთრებული ღვინო ხომ არ გაქვთო?" ჩვენი ხომ თავიდანვე ბიო ღვინო იყო. ეს მაღაზია კი 90% კონვენციურ ღვინოს ყიდდა. მე ვდგავარ იქ და მგონია, რომ ჩემს ღვინოს შესთავაზებს. მოკლედ რომ გითხრათ, გამყიდველმა ხმა არ ამოიღო. ზრდილობის გულისთვისაც კი არ შესთავაზა ჩვენი ღვინო. გავბრაზდი და ძალიან ცუდად მოვექეცი მენეჯერს. შემდეგ მალხაზს ვუთხარი, არ არსებობს მაღაზია რომ არ გავხსნა–მეთქი. იმიტომ რომ ამ ხალხს ვერ ვაგებინებთ და ვერ ვაწვდით იმას, რაც გაგვაჩნია. დღეს ფაქტი სახეზეა, ღvino undergroundმა ძალიან დიდი რამ მოგვცა. მერე უკვე დავუკავშირდით სოლიკოს, სხვა მეღვინეებს, იყო შეკრებები და მემგონია, რომ ჩვენი იდეები დაემთხვა და ასე გაჩნდა პირველი ნატურალური ღვინის ბარი საქართველოში".
მაღაზია-ბარში წარმოდგენილია საქართველოს თითქმის ყველა კუთხის მეღვინეების მიერ წარმოებული ღვინოები, რომელთა შეძენაც მანამდე ერთ სივრცეში შეუძლებელი იყო.
ღvino underground-ში ღვინოების შერჩევა შემდეგნაირად ხდება: პირველ რიგში, მცირე მარნის წარმომადგენელს, რომელსაც ბარში სადეგუსტაციოდ ღვინო მოაქვს, ეკითხებიან ყველაფერს იმ ღვინის შესახებ - ვენახის ადგილმდებარეობა, ვენახს რითი წამლობენ, რა სასუქები შეაქვთ ვენახში. მეორე ეტაპი - ღვინოს სინჯავენ ბარის მეპატრონე მეღვინეები და დეგუსტაციის შედეგად გადაწყვეტენ, დარჩება ღვინო ბარში, თუ არა.
ღvino underground-ში შეძლებთ დალიოთ იშვიათი ნატურალური ქვევრის ღვინოები, რომლებიც მხოლოდ აქ, ან თბილისში სულ რამდენიმე ადგილზე შეიძლება შეგხვდეთ.
ბარში ყველაზე კარგად იყიდება რქაწითელი და საფერავი. ზაფხულში კი უფრო მეტად იმერული ღვინოები ისმება, ახლა მაღალმჟავიან ღვინოებზე გაცილებით დიდი მოთხოვნაა, ვიდრე სხვა სეზონზე. ბარში წარმატებით იყიდება ჩვენი ღვინო, ჯაყელების ღვინო, ბერიშვილის ღვინო, ხოხბის ცრემლები, ნიკი ანთაძე და სხვა. ეს ღვინოები მომხმარებელს, ნატურალური ღვინის მოყვარულსა და მცოდნეს, ძალიან მოსწონს და ყველამ იცის რა უნდა დააგემოვნოს როცა ბარში შემოდის. ღvino underground-ს უამრავი ხალხი სტუმრობს, ქართველებიც და უცხოელებიც, და ვინც ერთხელ მიდის, ის აუცილებლად კიდევ ბრუნდება. ბარს დადებითი შეფასებები აქვს სტუმრების მხრიდან.
ძირითადად ბარის სტუმრები ყველა გათვითცნობიერებულია, იციან რისთვის მიდიან და რა უნდა გასინჯონ. ათასში ერთი თუ გამოერევა, რომელმაც არ იცის რა გასინჯოს.
ადრე თუ უცხოელები მეტად აფასებდნენ ნატურალურ ღვინოს, უკვე რამდენიმე წელია, ქართველი მომხმარებელიც გაიზარდა. დღეს უფრო მეტი დაინტერესებული ქართველი ღვინის მოყვარულია, ვისაც კარგი ნატურალური ღვინის შეფასება შეუძლია. ბარში ჭიქითაც ბევრი იღებს ღვინოს. მომხმარებელს სხვადასხვა ახალი ღვინის გასინჯვაც შეუძლია. უცხოელები და ქართველები, ვისაც აინტერესებთ ქართული ნატურალური ღვინოები, ან რაც ჯერ არ აქვთ გასინჯული. ხშირად ირჩევენ 4 ღვინის დეგუსტაციას, 7 ღვინის დეგუსტაციას.
მომხმარებლები - შუახნის და მეტი ახალგაზრდები არიან. პროცენტულად ახლგაზრდები მეტნი დადიან, ვინც ამ ღვინით არიან დაინტერესებულები. ბარს ხშირად სტუმრობენ უცხოელები, დიპლომატები, ტურისტები, საინტერესო ადამიანები. იციან რისთვის მოდიან და თუ რამე ახალი ღვინოა ბარში, მითუმეტეს, ყოველ წელს იზრდება მცირე მარნების რაოდენობა, უნდათ გასინჯონ ახალი ღვინოები და შეაფასონ.
ღvino underground-ში ქართულ ნატურალურ ღვინოებთან ერთად უცხოური ღვინოების საინტერესო არჩევანიცაა. დიდი მოწონებით სარგებლობს ნატურალური ევროპული ღვინოები, რომლებიც საქართველოში ყველგან არ იყიდება. ქართველებს განსაკუთრებით აინტერესებთ ასეთი ღვინოების გასინჯვა.
ევროპული ნატურალური ღვინოების დეგუსტაციისას ბარში აქვთ ჭიქის მენიუ, რომელიც ხშირად იცვლება. შეიძლება ერთი კვირა სოვინიონ ბლანი იყოს მენიუში, მეორე კვირას, ჭიქის მენიუში სხვა ღვინოს ხსნიან, იმისთვის, რომ მრავალფეროვნება შესთავაზონ მომხმარებელს და სხვადასხვა ღვინის დაჭაშნიკება შეძლონ.
ღvino underground-ში ნატურალური ღვინის გარდა, საქართველოში წარმოებული მრავალი სახის ყველის, ჩურჩხელას, ნიგვზის, რაჭული ლორის და სხვა ნატურალური პროდუქტის გასინჯვა შეგიძლიათ.
ბარს დიდი სამზარეულო არ აქვს, მაგრამ შეძლებთ დააგემოვნოთ გემრიელი სეზონური ნატურალური პროდუქტებით მომზადებული ღვინოსთან შეხამებული კერძები: სატაცური, სოკო, ეკალა, აივარი ჰუმუსით - შავი პურის ორცხობილით, ბრუსკეტები კიტრით, აშმელოთი და მწვანე აჯიკით, ბადრიჯანი ნადუღით, მწვანე ლობიო კვერცხით და ტყემლით, ბადრიჯანი/წითელი წიწაკა ფარშირებული ხორცით და სხვა. მენიუ ხშირად იცვლება, გააჩნია მოცემულ სეზონზე რა პროდუქტია ხელმისაწვდომი ბაზარზე.
ბარი იხსნება 12 საათზე, სამზარეულო კი 5-დან 11 საათამდე მუშაობს. თუ სტუმრები არიან, გაცილებით გვიანამდეც მუშაობენ. სანამ სამზარეულო გაიხსნება, ღვინოსთან მსუბუქი მისაყოლებლები შეგიძლიათ აირჩიოთ მენიუდან: პური კახური ზეთით, მოხალული თხილი, ნიგოზი, ნუში ლიმნით და დაფნით, ზეთისხილი, ყველის ასორტი, კიტრის და პომიდვრის სალათი კახური ზეთით და სხვა.
სამზარეულოს, ენეკი და ნათია უძღვებიან, რომლებიც თავისი საქმის პროფესიონალები არიან და ღვინოშიც ძალიან კარგად ერკვევიან. სოფლის პროდუქტებს ბაზარში ყიდულობენ, ან ნაცნობებისგან. ცდილობენ სეზონის მიხედვით, რაც ნატურალური პროდუქტი იქნება, ყველაფერი ჰქონდეთ მენიუში.
თბილისის ძველ უბანში, სოლოლაკში, ბევრგან ნახავთ ძველი ქართული აგურით ნაშენ სარდაფებს. სწორედ ასეთია ღvino underground-ის ინტერიერი, რომელიც მცირე სახეცვლილებით განაახლეს. 2 წელია რაც ბარი გაფართოვდა, მეორე ოთახი მიემატა, სადაც მყუდრო გარემოა და სტუმრებსაც ხშირად იქ ურჩევნიათ დასხდნენ და საინტერესო ღვინოებით ისიამოვნონ.
მისამართი: თბილისი, გალაკტიონ ტაბიძის ქ.15
ტელეფონი:+995 599 50 64 27, +995 599 39 35 38
ელფოსტა: welcome@vinounderground.ge
ვებგვერდი: www.vinounderground.ge
ფეისბუკი: ღVino Underground
სამუშაო საათები: 12:00 - 23:00
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო 2017.
თქვენი კომენტარი