Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

g.Vino - საქართველოს ღვინის ბარების და მაღაზიების მეგზური (1)

არის თბილისში ერთი პატარა ღვინის ბარი ერეკლეს ქუჩაზე, g.Vino, რომელიც უკვე მესამე წელია ბევრი ღვინის მოყვარულისთვის გამორჩეული ადგილია - იშვიათი ქართული ღვინოებით, გემრიელი კერძებით, ინტერიერის დახვეწილი დიზაინით, მომღიმარი მასპინძლებითა და მყუდრო ატმოსფეროთი. ვინც ჯერ არ ყოფილხართ, ალბათ საუცხოო გამოცდილება გელოდებათ.  

ღვინის ბარის შექმნის იდეა g.Vino-ს დამფუძნებლებს მამუკა მაისურაძეს და ლიდა ვარდანიას ევროპაში მოგზაურობისას გაუჩნდათ, სადაც საღამოობით სავსეა ხალხით ასეთი ადგილები, შეგიძლია შეხვიდე ჭიქა ღვინოზე და არ არის აუცილებელი პირველი, მეორე, მესამე კერძები მიირთვა. ან სულაც შუადღესაც მოგინდეს რამდენიმე ყლუპი ღვინო მოსვა და სასიამოვნოდ გაატარო დრო მეგობართან ერთად. მოსწონდათ ღვინის სმის ეს ევროპული კულტურა, უშუალო და მეგობრული გარემო, სადაც მეტი კომუნიკაციაა სტუმრებსა და მასპინძლებს შორის, ვიდრე ეს ტრადიციულ რესტორნებშია.

პირველი ასეთი ტიპის ღვინის ბარი, რომელიც თბილისში გაიხსნა, ცოტა განსხვავებული კონცეფციით, ღVino underground-ი იყო, შემდეგ კი g.Vino გაჩნდა. მსგავსი ღვინის ბარების, როგორც ენო-გასტრონომიული მიკრო სივრცეების არსებობა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც ღვინის სამომხმარებლო კულტურის, ისე მცირე მარნების განვითარებაში.

ღვინის კლუბთან საუბარში, ლიდამ აღნიშნა: „ასეთი ადგილების არსებობა მნიშვნელოვანია მცირე მეღვინეების მხარდაჭერისთვისაც, რადგან გაყიდვის ადგილს როცა უქმნი, მას აქვს მოტივაცია და შესაძლებლობა, რომ განვითარდეს, ღვინო ჩამოასხას და ა.შ. ასეც მოხდა. ორწელიწადნახევარია რაც ბაზარზე ვართ და დღე არ გავა, რომ თავისი ღვინო არ შემოიტანოს მეღვინემ, ზოგს ვიღებთ, ზოგს ვერა. და ეს კარგიც კი არის, რადგან კონკურენცია შეიქმნა მათ შორის და მეტს ფიქრობენ ხარისხზე“.

g.Vino-ში საქართველოს სხვადასხვა კუთხის მცირე მარნების ღვინოების მრავალფეროვანი არჩევანია. იშვიათ ღვინოებსაც ნახავთ, რომლებიც მხოლოდ აქ ან თბილისში თითზე ჩამოსათვლელ ადგილებში შეიძლება დააგემოვნოთ. ბარის სტუმრები უფრო ხშირად ითხოვენ ქარვისფერ ღვინოებს. ლიდერობს ასევე რქაწითელი და საფერავი. ბოლო დროს ძალიან პოპულარულია ქისი და იმერული ჯიშები: ციცქა, ცოლიკოური და კრახუნა.

ღვინოსთან ერთად დასაგემოვნებლად კი ბარი გვთავაზობს ქართულ სამზარეულოს, ძირითადად ტაპასის სტილში. თავიდან მენიუს შედგენაზე ბევრი იმუშავეს, რომ ასეთი განახლებული ფორმით, დახვეწილი, მცირე ულუფებით შეეთავაზებინათ სტუმრებისთვის. თანაც ბარის მესვეურებმა სამზარეულოში დაასაქმეს ადამიანები, რომლებიც პროფესიით არ იყვნენ მზარეულები, მაგრამ სახლში გემრიელ კერძებს ამზადებდნენ. ახლაც g.Vino–ს სამზარეულოს ორი მზარეული უძღვება, რომლებიც მანამდე მიმტანებად მუშაობდნენ ბარში და თავად გამოთქვეს სურვილი სამზარეულოში ეცადათ თავი. სწორედ მათგან მოდის ბევრი საინტერესო იდეა და სიახლე. სწავლობენ, ეძებენ ახალ გემოებს, ვითარდებიან. g.Vino –ს დამფუძნებლების თავისუფალი მიდგომა ასეთია და თვლიან, რომ "ყველა ნორმალური ბარი იქნება თუ რესტორანი, ასეთი  დინამიკით უნდა ვითარდებოდეს".

ბოლო მენიუ თავიდან ბოლომდე მზარეულების მიერაა განახლებული. აქ შეძლებთ გასინჯოთ ზოგი მივიწყებული კერძის g.Vino–სეული ვერსია, მაგალითად, „გამომშრალი ყველის წვნიანი იმერულად, მჭადთან ერთად“, „ოსური ხაჭაპურიტო კომბოსტოთი და ყველით“, „ტუში (მოხარშული და გამომცხვარი საქონლის სუკი ბოსტნეულთან) თაშმიჯაბთან ერთად“, „მეგრული დაფა: წითელი ელარჯი, დახვეული სულგუნი პიტნის აჯიკით, ბატკნის ნეკნები აჯიკით“, „აჭარული ბურმა (რულეტივით დახვეული ბაქლავა)“ და სხვა.

ასევე ბევრი საინტერესო კერძის რეცეპტი შეიქმნა სპეციალურად მეღვინეებთან შეხვედრის საღამოებისთვის, რომლებიც დეგუსტაციაზე წარდგენილ ღვინოებს შეეხამებოდა.

სტუმრების შესახებაც ვკითხეთ ლიდას და მამუკას, გვაინტერესებდა ქართველი და უცხოელი მომხმარებლების შეფასებები და დამოკიდებულება განსხვავდებოდა თუ არა.

g.Vino-ს დამფუძნებლები თავიდან ფიქრობდნენ, რომ ნაცნობი კონცეფციის გამო ახლადგახსნილი ბარი უფრო მეტ უცხოელ სტუმარს მიიზიდავდა. მაგრამ მოლოდინი იმისა, რომ ადგილობრივი მომხმარებლის წილიც გაიზრდებოდა, გამართლდა. ქართველი ღვინის მოყვარულებიც ხშირად სტუმრობენ ღვინის ბარს. Tripadvisor–ზეც დადებითი შეფასებები აქვს g.Vino-ს. ბევრგან წაიკითხავთ ადგილობრივი თუ უცხოელი სტუმრების კმაყოფილებას საუცხოო ქართული ღვინოებით, გემრიელი კერძებით, მომღიმარი მასპინძლებითა და მეგობრული ატმოსფეროთი.

ლიდა: „ჩვენი მომხმარებელი ეროვნების მიხედვით აღარ განსხვავდება, თუ არ მოსწონს, არ მოსწონს უცხოელსაც და ქართველსაც. თანამშრომლები ხშირად ამბობდნენ, ქართველები უფრო მომთხოვნები  და პრეტენზიულები არიან, არის ასეთი კატეგორიაც, თუმცა, ხშირად ისეც ხდება, რომ შემოდიან ბევრი პრეტენზიით, მაგრამ მიდიან ძალიან კმაყოფილები. ბევრად მეტი ბედნიერება და სიამოვნებაა, როდესაც პრეტენზიით შემოდის ადამიანი და კმაყოფილი მიდის. ქართველ სტუმარი თითქოს მზადყოფნაშია, რომ ცუდი სერვისი უნდა დახვდეს და ამისთვის მზადაა თავის პრეტენზიებით. მაგრამ როცა ვაჩვენებთ რომ ვცდილობთ, შეიძლება რაღაც დაგვიგვიანდეს, რაღაც დღეს ისეთი არ იყოს, ან ღვინო გავხსნათ და რაღაც ისე არ იყოს, ყოველ შემთხვევაში, ჩენი თანამშრომელები ცდილობენ, სტუმარი კმაყოფილი წავიდეს და ამას რომ ხედავენ, ეს პრეტენზიები ქრება და ლოიალობაც იზრდება. ამ მხრივ, კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართველები ცოტა მეტად პრეტენზიულები არიან, განსაკუთრებით სტუმარი თუ მოჰყავთ, თავის გამოჩენის თვალსაზრისით, ისინიც უფრო მეტად ღელავენ ხოლმე. ეს იყო, მაგრამ რაღაცნაირად თანაბრდება, თან მუდმივი სტუმრები რომ გვყავს, იგივე ქართველებიც, უკვე იციან სად მიდიან, რა მოლოდინი აქვთ და ეს უკვე შეიცვალა".

მამუკა: „აქ ვინც შემოდის, ის სტილი მოსწონს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. და აქ უკვე განსხვავება ევროპელსა და ქართველ მომხმარებელს შორის, ნამდვილად არ არის.  ორივეს ერთნაირად მოსწონს გამოცდილება, რასაც იძენს, საჭმელიც შეხამებულია ღვინოსთან. ერთი მხრივ ქართველები შემოდიან სიამაყით, რომ კარგი ადგილია, ღვინო შეიძლება უფრო კარგი იყოს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და შეიძლება ქართველებიც დავსხდეთ და ღვინის სმისგან მივიღოთ სიამოვნება. უცხოელებისთვის საინტერესო ის არის, რომ ქართულ ღვინოებს სინჯავენ, სულ სხვა ტექნოლოგიაა, ქართული სამზარეულოც აინტერესებთ.

ზოგადად ტენდენცია არის, ახალგაზრდა თაობაც გვსტუმრობს, არა თინეიჯერები, რა თქმა უნდა. უფრო ხშირად 25 წლის და ზევით ასაკის მომხმარებელი სტუმრობს ბარს, რომელსაც ურჩევნია მოვიდეს ღვინის ბარში, ივახშმოს ან დაბადების დღე აღნიშნოს, ვიდრე წავიდეს რესტორანში, სადაც ისეთი ხმაურია, შეუძლებელია ურთიერთობა. თუ შევადარებთ საფრანგეთს, იტალიას, იქ ღვინის მოხმარება თავიდანვე კულტურაშია, სადილზეც მიირთმევენ და სტუდენტებიც ამჯობინებენ ერთი ჭიქა ღვინო დალიონ, ვიდრე ლუდი ან არაყი. აქ უხარისხო ლუდს ვგულისხმობ, თორემ ლუდს რომ კარგ ხარისხს აკეთებდნენ, რა პრობლემაა. სამწუხაროა, რომ ადამიანის გემოვნება ყალიბდება სოსისებზე და ლუდზე, როცა შეიძლება სულ სხვანაირად განვითარდეს. "

g.Vino-ს დამფუძნებლები იშვიათ ღვინოებთან ცდილობენ მოიძიონ საუკეთესო ყველი, ძეხვი, ზეთი, ისევე როგორც სხვა ნატურალური პროდუქტი. ლიდამ და მამუკამ აღნიშნეს, რომ ძალზე რთულია იდენტიფიცირება გაუკეთო ასეთ პროდუქტს და მერე  უკვე პრობლემაა მიწოდება. ამ სირთულეების გამო, ყველის წარმოებაზეც კი დაფიქრებულან. საბედნიეროდ ჰყავთ რამდენიმე პარტნიორი, რომლებთანაც წარმატებით თანამშრომლობენ.

ლიდამ აღნიშნა: "საქართველოს ბაზარზე, იმისთვის რომ მზარეულს ჰქონდეს კარგი შედეგი, პროდუქტიც კარგი უნდა იყოს ყოველთვის. თუ კარგი პროდუქტი არ მოგვიტანეს, იმ დღეს არ ვამზადებთ კერძს. ნებისმიერი სხვა რამ, რაც ჩვენ ხელთ არის, მოგვარებადია".

რაც შეეხება გარემოს, აქ ინტერიერის და ექსტერიერის ყველა დეტალი, მასალა, ფაქტურა, ისეა გააზრებული და მოწოდებული, რომ სტუმარს ქართულ სივრცეში აგრძნობინოს თავი - ხით მოპირკეთებული კედლები, ქართული ფარდაგებით მორთული სკამები, სანათებად გადაქცეული პაწაწინა ქვევრები, ხელით მოხატული ულამაზესი თიხის ჭურჭელი, ქართული ორნამენტების ფრაგმენტებით შემკული მოჭიქული კიბეები და კედლები. სულ მალე კი ახალი სივრცე შეემატება ბარს, სრულიად განსხვავებულ სტილში.

 

g.Vino

მისამართი: თბილისი, ერეკლე მეორის ქუჩა 6.

ტელეფონი:+995 598 932121, +995 322 932121

ელფოსტა: gvinotbilisi@gmail.com

ფეისბუკი: https://www.facebook.com/g.vinotbilisi/

სამუშაო საათები: 13:00 - 01:00

© ფოტოები: g.Vino

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული