Home
ქართული | English
ივნისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საოჯახო მარანი ითაბანი • Itabani Wine & Cheese — მცირე მარნების ანთოლოგია (133)

- გვიამბეთ თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ, რომ მეღვინე გამხდარიყავით?

ოჯახში ტრადიციულად გვქონდა ვენახი და ვაყენებდით ღვინოს. რთველი ყოველთვის იყო დიდი ოჯახური შეკრების, ერთად შრომისა და მხიარულების მიზეზი. ამდენად, ვენახი, რთველი და ღვინო ჩვენთვის ოჯახურ გარემოსთან ასოცირდება.

ჩვენი ოჯახური მარნის ფილოსოფია არის ნატურალური ღვინის წარმოება, რომელსაც პირველ რიგში ჩვენ დავლევთ და ვისიამოვნებთ და მერე, რა თქმა უნდა, ჩვენი სტუმრები და კლიენტები ისიამოვნებენ.

ოჯახი ძალიან სტუმართმოყვარეა, პაპის, მამის და ახლა უკვე ჩვენს თაობას, გვიყვარს როცა ჩვენთან ვმასპინძლობთ მეგობრებს, ნათესავებს და ვუზიარებთ ჩვენს ღვინოს და სუფრას. ასევე,  ჩვენს სოფელში ჯერ პაპა იყო, ახლა კი მამა გამორჩეული თამადა და ამდენად, კარგი ღვინო ჩვენი ოჯახისთვის პრესტიჟის საკითხია - ქართული სუფრისთვის ხომ კარგი თამადა და ღვინო გადამწყვეტია. ამიტომ ღვინოსთან ერთად მასპინძლობა ჩვენი მარნის განუყოფელი ნაწილია - ჩვენ ვიღებთ სტუმრებს და ვუტარებთ დეგუსტაციებს, ვუზიარებთ ჩვენს ისტორიას და ვაცნობთ ჩვენი ოჯახის და თუშების თემის კულტურას და ტრადიციებს.

ალვანი თუშებით დასახლებული სოფელია, რომელსაც ლამაზი ისტორია აქვს, თუ როგორ დასახლდა ეს მთის ხალხი ალაზნის ველზე, და როგორ ინახავს იმ უნიკალურ თუშურ კულტურას და ტრადიციებს რაც ამ ულამაზესი კუთხის ხალხს აქვს. კოჭლამაზაშვილები წარმოშობით ქიზიყიდან ვართ, ჩვენი შტო კი ერთი საუკუნეა დასახლდა თუშებში. ამდენად, გვაქვს კახური ფესვები და თუშური იდენტობა, რომლითაც ასე ვამაყობთ. როგორც თუშები არიან კავკასიონს ხურჯინივით გადაკიდებულები, როცა ერთი ფეხი თუშეთში აქვთ და მეორე კახეთში (ალვანში), ასეთი შერწყმაა ჩვენი მეურნეობაშიც - ქვევრის ღვინოსა (კახეთი) და გუდის ყველს (თუშეთი) შორის. 

მოგეხსენებათ კახეთის სავიზიტო ბარათი ქვევრის ღვინოა (უკვე მთელი საქართველოსიც), ხოლო თუშეთი ცნობილია თავისი უნიკალური გუდის ყველით. სწორედ ეს ორი მთავარი პროდუქტია ჩვენი მარნის სავიზიტო ბარათიც - ქვევრის ღვინო და თუშური გუდის ყველი, რომელიც ერთმანეთს ძალიან უხდება. ამიტომ ჩვენი მარნის სლოგანია „ითაბანი - იქ სადაც კახური ტრადიციული ქვევრის ღვინო და თუშური გუდის ყველი საუკეთესოდ არის შეხამებული ერთმანეთს”. სწორედ ამიტომ გასულ წელს დავაფუძნეთ  „თუშური გუდის ყველის ფესტივალი“, რომელსაც ყოველწლიურად ოქტომბრის თვეში გავმართავთ და პოპულარიზაციას გავუწევთ თუშეთში დამზადებულ ნამდვილ გუდის ყველს და მასთან ერთად ჩვენს ღვინოებს შევუხამებთ. ეს ფესტივალი ჩვენთვის „სოციალური პასუხისმგებლობაც“ არის, იმ თემის მიმართ, რომელსაც წარმოვადგენთ, გვინდა რომ თუშებს რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანოთ.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და თქვენთვის რომელი ჯიშია განსაკუთრებით საინტერესო?

რქაწითელი არის ჯიში, რომელიც ჩვენთვის უფრო ორგანულია, მისი დაყენების და ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე მისი მოხმარების კულტურა გვქონდა ოჯახში. თუმცა, ამჟამად რქაწითელთან ერთად ვაწარმოებთ ქისს და საფერავს, რამდენადაც ვთვლით, რომ ჩვენი ტერუარისთვის ეს ღვინოებიც განსაკუთრებულია. ვფიქრობთ, ხიხვი და კახური მწვანეც საინტერესოა და მომავალში დავამატებთ.

- რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

გამოწვევები ყველა ეტაპზეა, მთავარია მათი სწორად მართვა ვისწავლოთ. დაწყებული მარნის მშენებლობით, როცა სამშენებლო გეგმა და არქიტექტურული ნახაზი გაქვს, თუმცა რეალობაში ბევრ გამოწვევას აწყდები და გიწევს ცვლილება. მერე მოდის ღვინის დაყენება ქვევრებში და ღვინის ჩამოსხმა ბოთლებში - ამას უკვე კომერციალიზაცია ჰქვია და მოითხოვს ბევრ თანამედროვე ცოდნას, რაც არ გვქონდა და რომლის სწავლაც გვიწევს ნაბიჯ-ნაბიჯ, ზოგი საკუთარი გამოცდილებით, ზოგი სხვისი გამოცდილების გაზიარებით.

- როგორია ღვინის დაყენების თქვენეული ტექნოლოგია და პროცესი?

ჩვენი მარნის ფილოსოფია ნატურალური ღვინის დაყენებაა, რაც გულისხმობს ორგანული ყურძნის მოყვანას და შემდგომ ღვინის დაყენებისას მინიმალურ ჩარევას ბუნებრივ პროცესებში. ღვინოს ვაყენებთ მხოლოდ ქვევრში, ტრადიციული კახური მეთოდით, ჭაჭაზე.

- როგორია თქვენი და თქვენი მარნის სამომავლო გეგმები და რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

მესამე წელია რაც ღვინო მცირე რაოდენობით ბოთლებში ჩამოვასხით და აქამდე ჩვენი ღვინის შეძენა ადგილზე მარანში და ფესტივალებზე შეიძლებოდა. წელს უკვე გამოვჩნდებით რამდენიმე ღვინის მაღაზიაში და ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრებზე, სადაც იმედი გვაქვს, რომ მომდევნო წლებში შევალთ.  

დამწყებ მევენახე-მეღვინეებს ვურჩევდი, რომ კარგად შეისწავლონ ამ სფეროს ყველა დეტალი, გაიარონ კონსულტაციები დარგის სპეციალისტებთან, დაესწრონ სხვადასხვა ტრენინგებს და პრაქტიკაში როცა დაიწყებენ, აწარმოონ დაკვირვება, გააკეთონ ჩანაწერები და მიმართონ ექსპერიმენტებს, რათა მათი მარნისთვის დამახასიათებელი ღვინოები მიიღონ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული