Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მოემზადეთ, ეს ღვინოები თქვენ გელოდებიან!

ლევან სეფისკვერაძე

”ახალი ღვინის ფესტივალი” 11 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში მეოთხედ გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორი ტრადიციულად ღვინის კლუბი გახლავთ და როგორც კლუბის წევრები აცხადებენ, წინასაფესტივალო სამზადისში ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო ეტაპი, ფესტივალზე გასატანი ოჯახური ღვინოების შერჩევაა.

”ახალი ღვინის ფესტივალში” მონაწილეობის მიღება კვლავაც ბევრ მევენახე-მეღვინე გლეხსა და მცირე მარანს უნდა. თუმცა, მათ მიერ წარმოდგენილი ღვინის ნიმუშები ჯერ ღვინის კლუბის მიერ მოწყობილ სპეციალურ შიდა დეგუსტაციებზე ისინჯება და ფესტივალზე მხოლოდ ჯანსაღი და ხარისხიანი ღვინის ნიმუშები დაიშვებიან.

26 აპრილს, ღვინის კლუბის მიერ, რესტორან “აზარფეშაში” მოწყობილ დეგუსტაცია-შერჩევისას, ფესტივალზე გასატანი ღვინის ნიმუშები მხოლოდ დეგუსტაციაში მონაწილეთა შეთანხმებისა და საერთო დასკვნის შემთხვევაში დაიშვებოდა. ბევრმა სადავო ნიმუშმა ცხარე კამათიც გამოიწვია. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დეგუსტაციაში მონაწილეთა აზრი მკვეთრად გაიყო. ასეთ შემთხვეევებში კლუბის წევრები პრობლემას მარტივად – ხმის მიცემის პარიტეტული წესით წყვეტდნენ.

შერჩევა-დეგუსტაციის დროს, რამდენიმე თვალსაჩინო ტენდენცია გამოიკვეთა. პირველ რიგში სამწუხარო ფაქტი უნდა აღინიშნოს... შარშანდელი ბუნებრივი კატასტროფები (წყალდიდობა, სეტყვა, ქარიშხალი და სხვა...) განსაკუთრებით ცუდად შიდა კახეთზე, გამორჩეულად კი თელავის რაიონის მეღვინეობაზე აისახა. ამის გამო წლევანდელ “ახალი ღვინის ფესტივალზე” კახეთიდან შედარებით ცოტა ღვინის ნიმუში იქნება წარმოდგენილი.

სამაგიეროდ, შესამჩნევად მომძლავრდა გარეკახეთის, გამორჩეულად კი ხაშმის “ფლანგი.” ხაშმის საფერავი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართული ღვინოა. თუმცა, გასული სამი ფესტივალის დროს, ხაშმის პოზიციებს ძირითადად მაინც “ჯაყელების” ღვინის მარანი იცავდა და ამაგრებდა. 2013 წლის ”ახალი ღვინის ფესტივალზე” კი, ხაშმიდან რამდენიმე ადგილობრივი გლეხის მიერ დაყენებული საფერავი იქნება წარმოდგენილი. წლევანდელი ხაშმის საფერავების ხარისხითა და პოტენციალით აღფრთოვანება ღვინის კლუბის ბევრმა წევრმა ვერ დამალა. ხაშმის საფერავებისა და იმერული წითელი ღვინის ნიმუშების ხარისხით მოხიბლულმა დეგუსტაციის მონაწილეებმა, 2013 წელი “ქართული წითელი ღვინის წლად” გამოაცხადეს.

ასევე მხოლოდ შექებას იმსახურებენ იმერელი მეღვინეები, რომელთა რიცხვიც, ფესტივალიდან-ფესტივალამდე იზრდება. შერჩევა-დეგუსტაციის დროს, გაისინჯა ოცხანური საფერეს რამდენიმე ისეთი ნიმუში, რომლებიც დიდი შანსია, რომ წლევანდელი ფესტივალის ჰიტებიც კი გახდნენ. იმერეთის მხარე 11 მაისს გასამართ “ახალი ღვინის ფესტივალზე” ძირითადად სამი რაიონით: ზესტაფონით, ბაღდათით და ხარაგაულით იქნება წარმოდგენილი. საინტერესო იყო იმერული თეთრი ღვინის ნიმუშებიც. თუმცა, ოცხანური საფერეს რამდენიმე შესანიშნავმა ნიმუშმა, თითქმის ყველაფერი გადაფარა.

იშვიათი ღვინის მოყვარულებს შეგვიძლია ახლავე მივულოცოთ. წლევანდელ ფესტივალზე რამდენიმე ისეთი ღვინის ნიმუში იქნება წარმოდგენილი, რომელთა გასინჯვას მხოლოდ “ახალი ღვინის ფესტივალზე” თუ შეძლებენ. მაგალითად შეგვიძლია გამოვყოთ, იშვიათი გურული ვაზის ჯიშისგან – საკმიელასგან დაყენებული ღვინო, რომელსაც ღვინის მოყვარულებს გურული მევენახე-მეღვინე, ანდრო ვაშალომიძე წარმოუდგენს.

დასაფასებელია ღვინის კლუბის წევრის, ზაზა გაგუას მონდომებაც, რომელმაც მეგობრებტან ერთად სამეგრელოში, მარტვილის რაიონის სოფელ თარგამეულში მოწეული ყურძნიდან, მშრალი ოჯალეში დააყენა. ოჯალეში (მით უმეტეს მშრალად დაყენებული ოჯალეში) ღვინის მოყვარულებისათვის წესით განსაკუთრებული სიურპრიზი უნდა იყოს და სავარაუდოდ ფესტივალის ბევრი სტუმარი ამ ღვინოს ცხოვრებაში პირველად სწორედ ფესტივალზე დააგემოვნებს.

როდესაც იშვიათ ღვინოებზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა არ უნდა გამოგვრჩეს ლეჩხუმური უსახელოური. ამ ღვინის დაგემოვნება “ახალი ღვინის ფესტივალზე” მეღვინე სერგო არჯევანიძის დახლთან შეგვეძლება. ჩხავერის მოყვარულებმა კი, ოჯახური ღვინის მწარმოებლებთან შეგიძლიათ ლუკა ბიძინეიშვილის აჩარაში დაყენებული ჩხავერი მოიკითხოთ.

დავით ჩიჩუა, მეღვინე, ღვინის ექსპერტი: ”რა თქმა უნდა, შარშანდელთან შედარებით უკეთეს ღვინის ნიმუშებს ველოდებოდი. მეტ-ნაკლებად კარგი ნიმუშები მართლაც გვაქვს, მაგრამ შარშანდელი წელი საკმაოდ პრობლემური იყო. გარდა იმისა, რომ ძალიან ბევრი ვენახი დაისეტყვა, სიცხეების გამო რთველის პერიოდში ყურძენიც საკმაოდ დაზიანდა და ამან თავისი დაღი ღვინოსაც დაასვა. ღვინის ბევრ ნიმუშში იყო ბაქტერიული პრობლემები, უსუფთაო ტონები და ბევრ ნიმუშს აკლდა ჰარმონია და სიმჟავე. წლევანდელი წელი ღვინის მხრივ, მცირე წინგადადგმული ნაბიჯად შეიძლება შეფასდეს.

წითელ ღვინოებში უფრო დამაკმაყოფილებელი ხარისხი გვაქვს. თეთრ ღვინოებში კი შედარებით რთული სიტუაციაა. პრობლემურ ღვინოებზე ასევე ვიტყვი იმას, რომ დაწუნებული ღვინოების უმეტესობა ძირითადად იყო დაძმარებული, რაც გვაფიქრებინებს, რომ დაღვინების დროს იყო პროცესები არასწორად წარმართული. გული დამწყდა, რომ კახეთიდან წარმოდგენილი ნიმუშები სასურველზე ცოტაა. თუმცა ამას რა თქმა უნდა თავისი ახსნაც აქვს და ეს შარშანდელ ბუნებრივ სტიქიებს უნდა დავუკავშიროთ. დღეს გასინჯული ღვინოებიდან ჩემზე ყველაზე კარგი შთაბეჭდილება ზურაბ მღვდლიაშვილის მიერ წარმოდგენილმა კარდანახულმა ხიხვმა, მარნეულში წარმოებულმა რქაწითელმა და იმერელი ამირან ვეფხვაძის ოცხანურმა საფერემ დატოვა.”

სამწუხაროდ, კახეთის მსგავსად, წელს ქართლშიც პრობლემებია. ქართლის ღვინოებისა და ქართლელი მეღვინეებისადმი დეგუსტაცია-შერჩევაში მონაწილეთა პირადი კეთილგანწყობის მიუხედავად, ღვინის კლუბელების იმედი ქართლის ღვინის ბევრმა ნიმუშმა ვერ გაამართლა.Lსადეგუსტაციოდ წარმოდგენილი ჩინურების, გორული მწვანეებისა და ქართლის წითელი ღვინოების დიდი ნაწილი სამწუხაროდ დაავადებული იყო. დაავადებებს შორის განსაკუთრებით მქროლავი და ე.წ. თაგვი ჭარბობდა, რამაც დეგუსტაციაში მონაწილეებს ღვინის ნიმუშების ნაწილის დაბლოკვა გადააწყვეტინა. ღვინის კლუბელები ქართლელ და არამხოლოდ ქართლელ მეღვინეებს ურჩევენ, რომ წელს დაშვებული შეცდომები შემდეგში აუცილებლად გაითვალისწინონ და ღვინის მოვლას მეტი ყურადღება მიაქციონ.

მიუხედავად ქართლ-კახეთის მეღვინეობაში დღეს არსებული პრობლემებისა (რომელიც სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებითაა გამოწვეული), წლევანდელი “ახალი ღვინის” ფესტივალი ქართლისა და კახეთის ღვინის ნიმუშების გარეშე რა თქმა უნდა არ ჩაივლის. გარდა იმისა, რომ ფესტივალის მონაწილე ღვინის დიდ კომპანიებს არაერთი ქართლ-კახური ღვინო ექნებათ წარმოდგენილი, ფესტივალის მონაწილე გლეხებთანაც უპრობლემოდ მოიძიებთ: რქაწითელს, ხიხვს, ქისს, გორულ მწვანეს, ჩინურს, შავკაპიტოს, თავკვერს და სხვა ცნობილ აღმოსავლეთქართულ ღვინოებს.

მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის პრეზიდენტი: “ჩვენმა ორმა შიდა დეგუსტაციამ კარგად აჩვენა, რომ წელს, ისევე როგორც შარშან - საკმაოდ ფართო ნაბიჯებით მიიწევს წინ დასავლეთ საქართველოს და განსაკუთრებით იმერეთის მეღვინეობა. წელს იმერეთში მართლაც საოცარი ოცხანური საფერეები დადგა. თითქმის ყველა ოცხანური საფერე იყო ძალიან კარგი, ხარისხიანი და დასამახსოვრებელი, პირველ რიგში თავისი ჯიშურობით და გამორჩეულობით. როდესაც ოცხანურ საფერეს სინჯავდი, პირველივე ყლუპიდან ხვდებოდი, რომ მართლაც საინტერესო ღვინოსთან გქონდა საქმე. ასევე შეიძლება ითქვას, რომ წელს ზოგადად წითელი ღვინოები შესანიშნავ “ფორმაში არიან.” მაგალითად, გარეკახური საფერავები ბოლო წლების მანძილზე ძალიან აქტიურად მკვიდრდება ჩვენს ფესტივალებზე. განსაკუთრებით კი რა თქმა უნდა ხაშმური საფერავი იგულისხმება.

წელს ყველაზე მეტად რაც მაკლდა, ეს შიდა კახეთის (გურჯაანის, თელავის, და ა.შ.)…ტრადიცული კახური ღვინოები იყო. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს – სტიქიამ შიდა კახეთი ძალიან დააზარლა და ტრადიციულად დაყენებული კახური ქარვისფერი ღვინოები ისე ბევრი არ ყოფილა, როგორც ჩვენ გვსურდა. ოჯახურ მეღვინეებიდან სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ქისი და ერთი ხიხვი გვექნება. ეს ძალიან სამწუხაროა. სამაგიეროდ ფესტივალზე ძალიან კარგი რქაწიტლები, მწვანე კახურები და საფერავები იქნება და არამხოლოდ გარეკახეთიდან...”

“ახალი ღვინის ფესტივალზე” მისული სტუმრების რაოდენობის მატებამ წლიდან-წლამდე შეუქცევადი ხასიათი მიიღო. წელს, უკვე რიგით მეოთხე  ფესტივალის ორგანიზატორები, სტუმრების სარეკორდო რაოდენობას ვარაუდობენ. ღვინის კლუბის წევრების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ 2013 წლის ”ახალი ღვინის ფესტივალზე” მისული სტუმრების რიცხვმა შეიძლება 20 ათას ადამიანსაც კი გადააჭარბოს. ცნობისათვის, გასული წლის ფესტივალს 15 ათასამდე ადამიანი დაესწრო და ეს მასშტაბები ქართულ ღვინოსთან დაკავშირებულ ღონისძიებებს შორის, დღემდე სარეკორდოდ ითვლება.

ფესტივალის როგორც მუდმივი და აქტიური სტუმრები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც “ახალი ღვინის ფესტივალზე” წელს პირველად აპირებენ მისვლას – იმედოვნებენ, რომ წელს განსაკუთრებულად კარგ და დასამახსოვრებელ ღვინოებს დააგემოვნებენ. ღვინის კლუბში მომავალ ფესტივალს დიდი იმედებით ელოდებიან და სჯერათ, რომ ფესტივალის სტუმართა მოლოდინები 2013 წელსაც გამართლდება.

ის ადამიანები, ვინც 11 მაისს, შაბათ დღეს, სხვა ნებისიერ მნიშვნელოვან თუ ნაკლებად მნიშვნელოვან საქმეს ღვინის დაგემოვნებას ამჯობინებენ, ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში ლამაზ, თბილ და დასამახსოვრებელ საღამოს გაატარებენ. სილამაზე ხშირად სწორედ კარგი ღვინით იწყება!  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული