Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„საეჭვოდ კარგი წელი“ ქართლში

ლევან სეფისკვერაძე

„საეჭვოდ კარგი წელია“ - ჯერ კიდევ ივნისში მითხრა მეგობარმა ქართლელმა მევენახემ და სწორედაც რომ დაეჭვებით ახედა ცას, საიდანაც შარშან სეტყვის გარდა გამუდმებული წვიმებიც დაატყდა თავს და სხვა ქართლელი მევენახე-მეღვინეთა მსგავსად, მოსავლის თითქმის 90% სწორედ მეტეოროლოგური პირობების გამო დაკარგა.

2024 წელი კახეთის მსგავსად ქართლშიც დადებიად უნდა შეფასდეს. ამ კუთხისთვის დამახასაითებელი პრობლემებიდან უმთავრესი გვალვაა, რაც არამხოლოდ მოსავალს, ხშირ შემთხვევაში თავად ვენახებსაც აზიანებს და წელს გვალვით „სახეგანთქმულ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებშიც კი ამბობენ, რომ როგორც ყურძნის, ასევე სხვა ხილისა და ბოსტნეულის ძალიან კარგი მოსავალი ჰქონდათ და რთველის დროს დაკრეფილი ყურძნის შაქრიანობის შემცველობა 23%-ზე დაბალი თითქმის არსად ყოფილა.

 

მცხეთის „ორბუნებოვანება“

როგორც იცით, ქალაქი მცხეთა და მცხეთის მიმდებარე სოფლები ისტორიულად ყოველთვის ქართლს ეკუთვნოდნენ, თუმცა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ეპოქიდან მოყოლებული, რეგიონული დაყოფით მცხეთა აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი კუთხეების, მთიულეთის, გუდამაყრის, ხევის ხევსურეთის, ფშავის და თიანეთის რეგიონული ცენტრი გახდა და მოსავლის საერთო მაჩვენებლებში მცხეთის სოფლებში მოწეული ყურძენი ოფიციალურად ქართლში არ ითვლება. ამას გარდა, ბოლო წლებში ვენახების გაშენება დუშეთისს მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლებშიც დაიწყეს და შესაძლებელია არც ისე შორსაა დრო, როდესაც მცხეთა-მთანეთის რთველზე ცალკე მიმოხილვის მომზადება გახდება საჭირო.

კოტე შენგელია, „კოტეს მარანი“: „სულ სამი წელია, რაც მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაოზაში ვიყიდე მიწა, ჰექტრის მესამედ ტერიტორიაზე ჩავყარე ჩინური და გორული მწვანე დ ახლა მარანსაც ვაშენებ. წელს გადასარევი წელი გვქონდა და პირველი მოსავალიც შესანიშნავი მივიღეთ. შარშან ისეთ დღეში ჩააგდო ჭრაქმა ჩვენი ახალშენი, მე და ჩემი ცოლი იმასაც კი ვფიქრობდით, ამ საქმისთვის საერთოდ დაგვენებებინა თავი, მაგრამ წელს ყველაფერი მშვენივრად იყო და ახლა ერთი სული მაქვს როდის გავსინჯავ ჩემი პირველი მოსავლის შედეგებს. მიხარია, რომ მოსავლით ჩვენს გარშემოც ყველა კმაყოფილია“.

ლევან ნაცვლიშვილი: „მე ჭოპორტში მაქვს პატარა ვენახი და ღვინოს მხოლოდ ოჯახისთვის ვწურავ. სამწუხაროდ, ვერ დავიკვეხნი კარგი მოსავალით. როგორ ჩანს წამლობები დავაგვიანე ან წამლის ხარისხი არ იყო შესაბამისი და მოსავლის დიდი ნაწილი გამიფუჭდა. სხვათაშორის ჩემს მეზობლებს კარგი მოსავალი ჰქონდათ და სამწუხაროა, რომ მე ასეთი ცუდი რამ დამემართა“.

 

კასპი შარშან და წელს

კასპის მუნიციპალიტეტი შარშან განსაკუთრებულად დაზარალდა. ჩვენთან საუბარში მევენახეები ამბობდნენ, რომ რთველი უბრალოდ ვერ ჩაატარეს და ზოგმა გადარჩენილი მოსავლის 10-15%-ის გამო აღარც კი მოინდომა ვენახში შესვლა და სრულად დაზიანებული ყურძნის დაკრეფა.

წელს ოკამში, სამთავისში, ქვემოჭალაში და მევენახეობა-მეღვინებით სახელგანთქმულ კასპის სხვა სოფლებში ზამთარი დიდთოვლიანობით არ გამორჩეოდა, თუმცა ნალექები მაინც საკმარისზე მეტიც კი მოვიდა და გაზაფხულზეც ნაადრევი ყინვები არ ყოფილა.  რთველი კასპში სექტემბრის შუა რიცხვებში ჩატარდა.

მამუკა კიკვაძე, „სამთავისის მარანი“: „2024 წელი იყო კარგი, ყველაზე კარგი რაც მქონია საერთოდ. ცოტა ჭრაქმა კი დამატყო ხელი ბოლოსკენ, მაგრამ რაც მივიღე, იყო საუკეთესო ყურძენი. განსაკუთრებით ჩინური და გორული მწვანე იყო ძალიან კარგი. ბუზასაც არაუშავდა. დაბალანსებული გემოებით, ძალიან გემრიელი ყურძენი იყო. რაც ყველაზე მთავარია, საბატონე ჩინური მივიღე ბლომად - 1,2 ტონა“.

 

გორის, ქარელის და ხაშურის ამბები

2024 წლით კმაყოფილები არიან გორელებიც. ბუნებრივია, ყველა მეღვინე ერთ აზრზე ვერ იქნება და მათი მოსაზრებები და შეფასებებიც განსხვავებულია. ზოგი მათგანი რატომღაც დარწმუნებულია, რომ წლევანდელი მოსავლის ღვინოებიც ტრადიციულად ხარისხიანი და მაღალი დონის იქნება და ჩვენს შეკითხვაზე – რა აძლევთ ასეთი ხმამაღალი განცხადებების გაკეთების საშუალებას? – ამბობენ, რომ ვაზზე მთელი წლის მანძილზე მათი დაკვირვება, ყურძნის ხარისხი და შემდგომში ღვინის სწორად დაყენება მათ არწმუნებთ, რომ დაღვინების კუთხით დიდი პრობლემები არ უნდა ჰქონდეთ.

გორელებს ნაკლებად მცხუნვარე და ზომიერად გრილი ზაფხული ჰქონდათ. მანამდე კი ზამთარში, გორის ზოგიერთ სოფელში ასე მონატრებული დიდთოვლობა იყო და მეღვინეების ერთი ნაწილი კარგი მოსავლის მიზეზადაც სწორედ მიწის ზამთარში საკმარისად დატენიანებას მიიჩნევს

ნიკა ვაჩეიშვილი, „ნიკა ვაჩეიშვილის მარანი:“: „2024 წელი ატენელებისთვის და გორელებისვის ხვავრიელი გამოდგა, განსაკუთრებით უმოსავლო შარშანდელი სეზონის მერე. ზომიერმა ამინდებმა - მზიანი და წვიმიანი ამინდების თანაფარდობამ ააბიბინა ვენახები, ყვავილობისას მშვიდმა დარმა ვენახს შეანარჩუნებინა მტევნის სიმსხვილე, სიუხვე. შესაბამისად რთველიც მოსავლიანი გამოვიდა. თუმცა, სიუხვის პარალელურად, წვიმიანმა ამინდებმა ოდნავ შეაფერხა ყურძნის შაქრიანობის დაგროვების პროცესი, ოქტომბრის თვის ბოლოს პროგნოზირებადმა წვიმებმა კი დაგვაჩაქარებინა რთველი და ყურძენი სექტებრის შუა რიცხვებში დაიკრიფა.

ამავე მიზეზით თუ ადრე 22-24 ფარგლებში ადიოდა ქართლის ჩინურის (ატენური) შაქრიანობა, წელს 19-20, მაქსიმუმ 21 ფარგლებს ვერ ასცდა. ამიტომაც ღვინის გემო-ხასიათზე წინასწარ ვერაფერს ვიტყვი, ყურძნის სიუხვე და მაღალი ხარისხი იმედს იძლევა, რომ ღვინო კარგი, თუმცა თავისებურებებით გამორჩეული დადგება“.

კარგი ინფორმაციები გვაქვს ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებიდან. ყურძნისა და ზოგადად ხილის მოსავალი ამ მუნიციპალიტეტებში წელს ჩინებული იყო, რასაც ხელი ზომიერად გრილმა ზაფხულმა და ნაკლებად ნალექიანმა მაისი-ივნისმა შეუწყო.

სამწუხაროდ, ქართლის ეს ორი მხარე არ ითვლება მთავარ საღვინე ადგილებად, თუმცა ბოლო წლებში როგორც ქარელში, ასევე ხაშურში ადგილობრივი გლეხების ნაწილმა გადაწყვიტა მევენახეობა-მეღვინეობისთვის სერიოზულად მოეკიდათ ხელი და მათი მცდელობები რა შედეგს გამოიღებს, ამას სულ მალე ვნახავთ.

 

ქვემო ქართლი ღვინის რუკაზე ბრუნდება

ქვემო ქართლში წლევანდელი წელი მაღალი მოსავლიანობით იყო გამორჩეული, რაც ვაზისადმი მევენახის გაწეული შრომისა და ოპტიმალური კლიმატური პირობების შედეგია. რაც შეეხება ყურძენსა და მისგან მიღებულ ღვინოს – მევენახეების თქმით იგი მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. ეს მისი სიტკბოს დამსახურებაა, რაც იგრძნობოდა კიდეც მისი დუღილისა და დალექვა-დაწდომის პროცესში.

თუმცა, ქვემო ქართლში არსებული ვენახების სიმცირე ზოგადად ქართლის ღვინის საერთო სურათზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. სასიხარულოა, რომ ქვემო ქართლში ბოლო წლებში ბევრი ახალი ვენახი და მარანი შენდება და ეს კუთხე თანდათან იბრუნებს თავის ადგილს არამხოლოდ ქართლის, არამედ მთლიანად ქართული ღვინის რუკაზე.

თინათინ მოსიაშვილი, „მამისეული მარნის" დამფუძნებელი: „წელს, მოსავლიანი წელი გვქონდა. კარგი ყურძენი მივიღეთ. წინა წლებში თუ უმეტესად ოქტომბერში ვკრეფდით ყურძენს, წელს რთველი სექტემბრის ბოლოს გვქონდა. ჩვენს ვენახში ძირითადად რქაწითელია. ჩვენივე, ბოლნისის მიკროზონაში, მეზობლებლისგან ვყიდულობთ თავკვერს. დღეისათვის „მამისეული" აწარმოებს სამ ღვინოს: რქაწითელს, თავკვერსა და თავკვერის როზეს. ვფიქრობთ, წელს კარგი ღვინო დადგება. წინა წლის ღვინოები უკვე ბოთლებში გვაქვს და მალე ბაზარზე გავიტანთ“.

მიუხედავად იმისა, რომ ახლად დაწურული ღვინოების დიდი ნაწილი მარნებში ჯერ ისევ დუღს, ახლა სწორედ ის პერიოდია, როდესაც მეღვინეებს უკვე შეუძლიათ წლევანდელ ღვინოსთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების გამოთქმა და პრობლემებზე საუბარი. თუმცა სამწუხაროდ, მეღვინეების ნაწილი რატომღაც გაურბის მოსავლის ხარისხზე საუბარს. ამ ადამიანებს ხშირად არ უყვართ ღვინის ხარისხზე საუბარი, სანამ უშუალოდ არ დარწმუნდებიან მასში.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული