ყველასთვის კარგადაა ცნობილი, რომ ღვინის დეგუსტაციისას სუნამოს დასხმა არ შეიძლება, რადგან ღვინის გემოსა და არომატზე გავლენას ახდენს. საინტერესოა იგივე ლოგიკა ვრცელდება თუ არა მუსიკაზე - ხმაურიანმა გარემომ შესაძლებელია უფრო რთული გახადოს ღვინის დეტალებზე კონცენტრირება, მაგრამ შეუძლია თუ არა მუსიკას დეგუსტაციისთვის ხელის შეწყობა და შეგრძნებების შეცვლა?
ღვინის დიდოსტატი სუზან ლინი (Susan Lin MW), რომელსაც განათლება ხელოვნების სხვადასხვა დარგშიც აქვს მიღებული, სწორედ ამას იკვლევდა. კვლევის შედეგის მიხედვით, კლასიკურ მუსიკას, მიუხედავად იმისა თუ რამდენად ხართ ამ ჟანრის მოყვარული, შეუძლია ცქრიალა ღვინის დაგემოვნების პროცესის გაუმჯობესება. სუზან ლინი სან-ფრანცისკოში მდებარე საცალო ღვინის ვაჭრობის მაღაზიაში მუშაობს და მას სურდა გაერკვია შეიძლება თუ არა, რომ კლასიკურმა მუსიკამ გავლენა იქონიოს ადამიანის მიერ შამპანურის აღქმაზე. ამგვარი კვლევების მიზანია დაადგინოს თუ რატომ აქვთ მათ ინტუიტიური მიმართება ერთმანეთთან დაუკავშირებელ სტიმულებთან, რომელიც გემოსა და გარემოს ეხება.
ლინმა ოთხი მუსიკა შეარჩია, რომელიც ერთმანეთისგან ტემპით, ბგერის სიმაღლით, ტემბრითა და არტიკულაციით განსხვავდებოდა, მეხუთე კი სრული სიჩუმე იყო (ხუმრობით მივიჩნიოთ, რომ მკვლევარი შეიძლება კეიჯის მუსიკასაც გულისხმობდა). სომელიეებსა და მოწვეულ სტუმრებს, რომლებიც ღვინოს აგემოვნებდნენ, ეძლეოდათ ერთი და იგივე სასმელი, რომელსაც სხვადასხვა მუსიკის დროს ან სიჩუმეში სინჯავდნენ. მათ თითოეულ ჭიქაში სასმლის გემო უნდა შეეფასებინათ. მისი კომპლექსურობის, ხილის არომატების, დაღვინების მეთოდისა თუ სხვა მახასიათებლების მიხედვით. მათ ასევე, უნდა ეთქვათ თუ რამდენად მოსწონდათ გასინჯული სასმელი და მუსიკა, რომელსაც ისმენდნენ. ამაზე დაკვირვებით ლინს მუსიკალურ პარამეტრებსა და აღქმას შორის კავშირის დადგენა შეეძლო.
შედეგები საოცრად ნათელი იყო. სიჩუმესთან შედარებით, მუსიკამ გამოცდილება უფრო ინტენსიური გახადა. აღსანიშნავია, რომ როდესაც "ამაღელვებელი" მუსიკა უფრო მაღალი ტემპით უკრავდა, იგივე ღვინო აღიქმებოდა, როგორც უფრო სუფთა და ცქრიალა. „სიჩუმეში გასინჯვისას შამპანური ნაკლებად მოსწონდათ, არომატებსა და კომპლექსურობას ნაკლებად აღიქვამდნენ“, - ამბობს ლინი. 71-დან 70 მონაწილე მიიჩნევდა, რომ ეს ხუთი სასმელი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა და განწყობაც სხვადასხვანაირი ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მონაწილე სულაც არ იყო კლასიკური მუსიკის მოყვარული.
შემდეგი, რაც ლინს აინტერესებს ისაა, თუ რამდენადაა ღვინის დაგემოვნებაზე მუსიკის გავლენა თავად მის ჟანრზე დამოკიდებული, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანების მუსიკალური გემოვნება ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. იგი თავისი გამოცდილებით ამბობს, რომ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ამათუიმ ჟანრის მუსიკას მის მიერ ღვინის აღქმაზე გავლენა მოუხდენია, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ დაკვირვებაა.
რატომ შეიძლება იყოს ამგვარი კვლევები და მათი შედეგები მნიშვნელოვანი? საქმე ისაა, რომ ამას ღვინის პოპულარიზაციისთვის ხელის შეწყობა შეუძლია - თუ მუსიკის გავლენა ღვინის გასინჯვაზე დადებითად მოქმედებს, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებლების სურვილი - იგივე ბრენდი კიდევ შეიძინოს, გაიზრდება. ამასთანავე, მეღვინეობა პირველი ინდუსტრია არ არის, რომელშიც მუსიკა პროდუქტის იდენტობის განსასაზღვრად და მარკეტინგული მიზნებისთვის წარმატებით გამოიყენება. მუსიკა ბრენდის ნაწარმს მეტ მომხიბვლელობას სძენს და მეტად დასამახსოვრებელს ხდის სასმელს.
ლინის კვლევა ამ კუთხით პირველი არ არის, თუმცა გამორჩეული იმითაა, რომ იგი ცქრიალა ღვინოზე აკეთებს აქცენტს. არსებობს უფრო ადრეული კვლევებიც, რომელიც შედეგებიც აჩვენებს, რომ მუსიკა ღვინოს უფრო მდიდარს ხდის.
ამასთან დაკავშირებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თემაა ღვინის ბგერითი დაძველება. მართალია, ეს უცნაურად ჟღერს, თუმცა არაერთი ღვინის ქარხანა მუსიკას ღვინის კასრში დაძველების პროცესშიც იყენებს. მაგალითად, ჩილელი მეღვინე აურელიო მონტესი, რომლის ღვინის ქარხანაშიც მუსიკა გამუდმებით ისმის. ვიბრაციას შეუძლია კასრში ხესა და სითხეს შორის კონტაქტი უფრო ინტენსიური გახადოს. საქართვლოშიც, რამდენიმე მცირე მარანი თუ დიდი კომპანია იყენებს მეთოდს.
მთავარი, რაც ამ მეთოდსა და ლინის კვლევას განასხვავებს ისაა, რომ ბგერითი დაძველება ეფუძნება მუსიკის ფიზიკურ გავლენას, ლინი კი ფსიქოლოგიურ ეფექტზე აკეთებს აქცენტს. კარგ ღვინოს, რა თქმა უნდა, მუსიკის გარეშეც შეუძლია მომხმარებლის მოხიბვლა, თუმცა ის, რომ მუსიკას შეუძლია შეგრძნებები უფრო ინტენსიური გახადოს, კვლევის ავტორს მნიშვნელოვნად მიაჩნია.
კვლევის დროს გამოყენებული მუსიკალური კომპოზიციები:
Johannes Brahms: Violin Concerto: Movement 3, Allegro giocoso, ma non troppo
Claude Debussy: Danses Sacrée et Profane: Danse Profane
Modest Mussorgsky: Pictures at an Exhibition: Promenade
Camille Saint-Saëns: Carnival of the Animals: XIV – Finale
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი