ტიმ ატკინი ბრიტანელი ღვინის ოსტატი და ჟურნალისტია. ის ასევე ღვინის რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი და ფოტოგრაფია.
ცოტა ხნის წინ მან მცირე სტატია გამოაქვეყნა, სადაც თავის, შესაძლოა საკამათო, მოსაზრებას აყალიბებს იმის შესახებ თუ რას შეიძლება დაერქვას ნამდვილი ღვინო. როგორც თავად აღნიშნავს, შეფასებას „ნამდვილი ღვინო“ (“real wine”) როგორც კატეგორიას არავინ იყენებს. ამასთან ყველაზე ახლოს შესაძლოა ნატურალური ღვინო იყოს - რადგან რაც ასეთი არ არის, ის თავისთავად არანატურალურია. კიდევ ერთი მსგავსი ტერმინი შეიძლება იყოს ავთენტურობა, რომელიც უფრო ფართო მნიშვნელობისაა და კონკრეტული ხედვიდან არ გამომდინარეობს.
ატკინი კი ნამდვილი ღვინის განსამარტად და შესაფასებლად თავის მოსაზრებას გვთავაზობს. მისი აზრით, ერთ-ერთი მთავარი ასპექტი ღვინის ფასია. ზოგიერთის აზრით, ნამდვილი ღვინო შეიძლება მედიანისა და მოდის გამოანგარიშებით გავიგოთ, იმ საშუალო ფასით, რომელსაც მომხმარებელი იხდის. ატკინის აზრით, ასეთი პროფესიონალები ღვინის ბიზნესითა და ტექნიკით არიან მოხიბლულები. ამგვარი დამოკიდებულება მასობრივი წარმოების მიმართ კეთილგანწყობას ეფუძნება და უშუალოდ ღვინოსთან არაა დაკავშირებული.
განსაზღვრისას არ შეიძლება კულტურული და ისტორიული კონტექსტის უგულებელყოფა. ის, რაც ღვინოს ჩვენს კოლექტიურ გაგებაში განსაზღვრავს, გარკვეული წინაპირობებია. ერთმანეთისგან განსხვავებული ტერუარი და ვაზის ჯიშები, ცხადია, განსხვავებულ გემოს იძლევა, რაც მომხმარებელზე გავლენას ახდენს. ატკინი მრავალფეროვნების გასაცნობად და „ნამდვილი ღვინოების“ აღმოსაჩენად განსაკუთრებით ძვირიანი ღვინოებსაც არ უწევს რეკომენდაციას. თუ ვამბობთ, რომ გარკვეულ ფასზე დაბალი ღვინოები ზოგადად ამ სასმელზე სწორ წარმოდგენას ვერ შექმნის, ასევეა განსაკუთრებით ძვირადღირებულზეც. ატკინის აზრით, გარკვეული ზედა ზღვრის განსაზღვრაც საჭიროა, რაც დამოკიდებულია თუ სად ვაგემოვნებთ ღვინოს. განსაკუთრებით ძვირიანი ღვინოები არა მისი ნამდვილი ბუნების შესაცნობად, არამედ ფასის გასაზრდელად დაყენებულად მიაჩნია.
ატკინი საბოლოოდ აჯამებს, რომ ღვინო არც იმდენად იაფიანი უნდა იყოს, რომ თვითმიზანი მასობრივი წარმოების წარმატება იყოს და არც იმდენად ძვირადღირებული, რომ ფასის გამო თავის მოსაწონებლად იყოს განკუთვნილი. მისი აზრით, ყველაფერი ამ შუალედში უკვე „ნამდვილი ღვინოა“.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი