22 - 30 მარტს, პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, უმსხვილეს სავაჭრო ცენტრში ქართული ღვინის დეგუსტაციები იმართება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინოები. ღონისძიების ორგანიზატორი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია „Malinova“ გახლავთ.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო სადეგუსტაციო სტენდები. როგორც კომპანია „Malinova“-ს წარმომადგენლები აცხადებენ, ორი ქართულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გააფორმეს ახალმა იმპორტიორებმა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ მიმართული სხვადასხვა აქტივობა პოლონეთში მთელი წლის მანძილზე ჩატარდება, რადგან ეს ქვეყანა ქართული ღვინის საექსპორტო ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. პოლონეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში შედის და 2017 წლის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 2 676 440 ღვინო, რაც 15 %-ით აღემატება 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო 2018 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით ექსპორტირებულია 441 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც 41 % აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი