Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო, ისევ ომი - მალხაზ ხარბედიას ბლოგი

რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა პოლიტიკური, ეკონომიკური და სხვა პრობლემების მიუხედავად აქამდე არნახული სოლიდარობის გრძნობა გააჩინა მთელს მსოფლიოში. ერთი თვეა სოციალურ ქსელებსა და მედია საშუალებებში უკრაინის მხარდაჭერის ტალღა არ ნელდება. საერთო სოლიდარობაში მონაწილეობის მიღება ერთიანი თავისუფალი მომავლის წინაპირობად იქცა. საკუთარ პოზიციას აყალიბებენ, ავრცელებენ და იცავენ ყველაზე განაპირებული ადამიანებიც კი.

ბოლო დროს სხვაზე ვერაფერზე ვლაპარაკობთ, თავს უფლებას ვერ ვაძლევთ ამ დანაშაულის მიღმა, რასაც რუსეთის ხელისუფლება ჩადის, ჩვენს პრობლემებზეც ვისაუბროთ. მეც, ყველაზე მეტად, ომის დაწყებიდან მოყოლებული, ჩვენი მოქალაქეების მიერ გამოთქმული ფსევდო-სოლიდარული განცხადებები მტკენდა გულს: „ეს ჩვენ 2008-ში გამოვიარეთ“, „ჩვენ პირველები ვიყავით“, „ჩვენ არაფერი გვემუქრება“, „ჩვენი თავი აღარ ექნებათ...“ მოკლედ სულ ჩვენ, ჩვენ, ჩვენ მოისმოდა ყველა მხრიდან. ვერ გავცდით ამ „ჩვენს“. სანამ მძიმე დაბომბვები არ დაიწყო, ვერა და ვერ გავაცნობიერეთ, რომ ცოტა ხნით მაინც უნდა დავშორებოდით ამ „ორღობის პოლიტიკას“ და უფრო ფართოდ დაგვენახა მოვლენები. ხშირ შემთხვევაში გმირული ნარცისიზმი თვითგვემამ და ყველაზე ბუნებრივმა გრძნობამ, სირცხვილმა შეცვალა. სტრესი, ისტერია, არაადეკვატური შეფასებები, სიმწრის ხუმრობები, ლანძღვა-გინება, ომის ჯოჯოხეთში გარკვევის დაუოკებელი სურვილი, უცნაური ანალიზები, სხვადასხვა გეგმისა თუ ჩანაფიქრის გამოაშკარავების მცდელობები, გათვლები, მოლოდინები. დღეს ესაა ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა შიგადაშიგ ომით გამოწვეულ სხვა პრობლემებსაც გავიხსენებთ ხოლმე და მათზეც გადაგვაქვს ყურადღება.

იყო შაქრის და ფქვილის მცირე ისტერია, რუსეთიდან გამოქცეულების ტალღა, თვალი გადავავლეთ სხვა მოსალოდნელ საფრთხეებსაც, ცხადია დადგა ღვინის კრიზისის დროც. უცხოური პრესა უკვე ალაპარაკდა ქართული ღვინის გაყიდვების მოსალოდნელ ვარდნაზე. ჩვენთვის აქამდე უხერხული იყო ამაზე საუბარი, მით უმეტეს, რომ რუსეთის მიერ ომის დაწყებამდე რუსეთზე ქართული ღვინის გაყიდვების 57% მოდიოდა. უკრაინასთან (12%) და ბელარუსთან (4%-ზე მეტი) ერთად, რომელიც რუსეთის მოკავშირეა და უშუალოდ მონაწილეობს კონფლიქტში, ქართული ღვინის გაყიდვები ამ სამ ქვეყანაში 70%-ს (!!!) ამეტებს.

ცხადია სიტუაცია კატასტროფული ჩანს, ეკონომიკის თვალსაზრისითაც და რაც მთავარია ეთიკის, ღირსების მხრივაც. ქართველი მეღვინეების უმრავლესობას (57%-ს) ოკუპანტ ქვეყანაში ურჩევნია გაყიდოს ღვინო. და რაც მთავარია, არიან ისეთი კომპანიებიც, რომლებიც ლამის მხოლოდ ამ ქვეყანაში ყიდიან ღვინოს.

რუსეთის აგრესია ყოველთვის გვიღვიძებს ეროვნულ იდენტობას. პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული დამოუკიდებლობის შეგრძნებას. ამ დროს ვპოულობთ თავს, გვახსენდება ისტორია, რუსული ჩაგვრის 220 წელი. თუმცა ეს დიდხანს არ გრძელდება ხოლმე, თვითცნობიერება ისევ სადღაც ილექება, იჩრდილება და მალევე ვდუნდებით. ღვინო, უფრო ზუსტად, ქართული ღვინის ექსპორტი, ამის საუკეთესო მაგალითია. 2006 წლის რუსული ემბარგოს შემდეგ სრული ექვსი წელი ვეცადეთ, ვიწვალეთ, ცნობიერებაც კი შეიცვალა გარკვეულწილად, მაგრამ უცებ ისევ ძველ ორბიტაზე დავბრუნდით.

რა ხდებოდა იმ წლებში?! 2005 წელს 57 380 190 ბოთლი, სარეკორდო რაოდენობის ღვინო გავიდა საქართველოდან. ემბარგოს შემდეგ კი, 2006-ში ეს ციფრი 19 524 005-მდე დაეცა, 2007-ში კი 11 108 157-მდე. სიტუაცია უიმედო იყო, მითუმეტეს, რომ შემდეგ წელს რუსეთი დაგვესხა თავს (ამის მიუხედავად, 2008-ში სიმბოლური მატება მაინცაა ექსპორტში, 12 192 475). რთულია მომდევნო, 2009 წელიც (10 968 161). 2010-დან საერთაშორისო თანამეგობრობის და ქართველი მეღვინეების გადაწყვეტილებითა და მონდომებით მნიშვნელოვანი ძვრები ხდება და 2012 წლის ბოლოსთვის გაყიდვები 23 341 395 ბოთლს აღწევს. საექსპორტო ასპარეზზე აქტიურად გამოდიან მცირე მარნებიც.

2006-2012 წლებში უცხოელი პარტნიორებიდან ყველაზე ძლიერი მხარდაჭერა გვაქვს უკრაინისგან, პოლონეთისგან, ჩინეთისგან, აქვეა ბელარუსიც და ბალტიისპირეთის ქვეყნებიც. გერმანიის, აშშ-ს, იაპონიის ბაზრები თავის მასშტაბებთან შედარებით მცირეა, მაგრამ სტაბილურად მზარდია. მხარში გვიდგას აზერბაიჯანიც, სომხეთიც. დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, საფრანგეთი, ჩეხეთი სტაბილურად ჰყიდის ქართულ ღვინოს, თუმცა შედარებით მცირე რაოდენობით.

და უცებ, 2013 წელს ჩამოჰკრა ზარმა და დაიწყო! არც კი გვაცალეს წინსვლა და საკუთარი ძალისხმევით წარმატების მიღწევა. ქართული ღვინო რუსულ ბაზარს დაუბრუნდა.

2013 წელს ერთ პროექტში ვმონაწილეობდი და „ღვინის კლუბის“ სხვა ვიზიტების გარდა ამ პროექტის ფარგლებშიც მომიწია ბევრ მარანში თუ ღვინის კომპანიაში მისვლა. ზოგან საოცრებები ხდებოდა, ხალხს თვალები უბრწყინავდა, რუსული ბაზრის შესაძლებლობებს დანატრებულ ხალხს, ე.წ. ღვინის ბობოლებს და მათ ქვეშევრდომებს. ჩემი თვალით ვნახე 7-10 წლის წინ  უზარმაზარ ცისტერნებში დაკონსერვებული ღვინოები (ე.ი. ღვინო, რომელსაც ემბარგომდეც კი ვერ ყიდდნენ), რაღაცა პასტერიზებული სითხეები, რომლის გატანის იმედიც ჰქონდათ მათ. გინახავთ თქვენ მოხარშული ოცხანური საფერე 20 ტონიან ცისტერნებში? მე მინახავს! ან სად დაკრიფეს ამდენი ოცხანური საფერე... არადა ამ დროს ადგილობრივ ბაზარზე პირველი ოცხანურები ჩნდებიან, 100-200 ბოთლი, 500 ბოთლი, 900 ბოთლი.

მალე ექსპორტის შედეგიც „დაიდო“: 2013 - 46,747,785 ბოთლი, 2014 – 59,067,335 გაყიდული ბოთლი და აქედან 37,615,052 (!!!) რუსეთში.

ცხადია აზრი არა აქვს კითხვების დასმას თუ რატომ ვერ შეიკავა თავი ქართული მეღვინეობის რაოდენობაზე ორიენტირებულმა უმრავლესობამ? ან როგორ დავუშვით ძველი, საბჭოთა გაგების მოთამაშეების შემოსევა თუ დაბრუნება? თან როდის? რომელ წელს? რუსეთის მორიგი აგრესიის წელს. 2014-ში, გაზაფხულზე, რუსები უკრაინაში შეიჭრნენ, ოკუპირებულია უკრაინის მიწები და მათ შორის უმრავლესობა მეღვინეობის რეგიონებია.

ცხადია ამ წელს უკრაინაში ქართული ღვინო ისე აღარ იყიდება. 2013-ის 11,766,993-დან 2014-ში 7,684,913-ზე ჩამოვედით. სხვათა შორის, ამ წელს ქართულ ღვინოს რუსეთში უფრო ძლიერი ვარდნა ჰქონდა, 2014-ის 37,615,052-ის ნაცვლად 2015-ში 18,308,177 ბოთლი ღვინო გავიდა ოკუპანტ ქვეყანაში.

ამ ციფრებით მემგონი კარგად ჩანს ქართული ღვინის ექსპორტის შესაძლებლობები, ტემპები, კრიზისში შესვლის და გამოსვლის რიტმი და ხანგრძლივობა, ის, რომ ჩამოქცევა წამიერად ხდება, სულ რაღაც ერთ თვეში, სიტუაციის გამოსწორებას კი წლები სჭირდება, ისიც საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარებით. ერთი სიტყვით, პრეცედენტი უკვე არსებობს, თანაც არაერთი და კარგად შეგვიძლია გავიაზროთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარები. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წლევანდელი ომის შედეგად მასშტაბი გაცილებით დიდი იქნება და გამოსავალი სასწაფოდ უნდა ვეძებოთ.

რა უნდა გავაკეთოთ?

ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ორიგინალური იდეებისგან და შემდეგი ბლოგისთვის შემოვინახავ მათ, როგორც დამხმარე იარაღს. ყურადღებას გავამახვილებ მხოლოდ დროზე მისაღებ გადაწყვეტილებებზე და შორ პერსპექტივაში განსახორციელებელ გეგმებზე. აქ მხოლოდ ჩემი აზრები არაა თავმოყრილი, არამედ ჩემი კოლეგებისაც, სპეციალისტების, მევენახე-მეღვინეების, დიდი და მცირე კომპანიების წარმომადგენელთა მოსაზრებებიც.

1. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება და ეს პირველ რიგში ქმედებებსა და ციფრებში უნდა გამოჩნდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ დავკარგავთ ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერას.

ახლანდელი განწყობა დიდ კომპანიებში არც ისე სახარბიელოა და 2013 წლის მდგომარეობისგან დიდად არ განსხვავდება. საბედნიეროდ არსებობენ გამონაკლისები, არაერთი წარმატებული დიდი კომპანია დღეს უარს ამბობს რუსეთში ღვინის შეტანაზე, თუმცა ე.წ. „დანებებული“ კომპანიების რიცხვი გაცილებით მეტია.

საჭიროა ყველა კომპანიის ერთხმად მიღებული გადაწყვეტილება, თუნდაც დროებით შეწყვიტონ ვაჭრობა რუსეთთან. რუსეთში გაყიდვების ამ %-ის შენარჩუნებაზე ან მის გაზრდაზე ზრუნვა დამღუპველი აღმოჩნდება ქართული მეღვინეობისთვის, მითუმეტეს, რომ ამ პროცენტში ყოველთვის გადაზიდული რაოდენობა აისახება და არა ანაზღაურებული, რაც კიდევ უფრო სამარცხვინო და დამამცირებელ სურათს მოგვცემს.

ცალსახაა, რომ საქართველომ არ უნდა ისარგებლოს ამ ომით. ეს ჩვენს სახელმწიფოებრიობასაც უქმნის უდიდეს საფრთხეს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ რეკომენდაციებიც უნდა გასცეს ამასთან დაკავშირებით და დააზღვიოს „თავგანწირული“ კომპანიები მომავალი საფრთხისგან.

მსგავს სიტუაციაში საბაზრო ეკონომიკის, თავისუფალი ბაზრის და ა.შ. პრინციპები მეორე პლანზე გადადის. უფრო სწორად, აქტუალობას კარგავს.

2. აუცილებლადაა მოსაფიქრებელი შიდა ბაზრის გააქტიურების სხვადასხვა ღონისძიება და ეს არ გულისხმობს მხოლოდ მარკეტინგულ სვლებს, ფესტივალებს, პოპულარიზაციას, სატელევიზიო თუ სხვა მედია ხერხებს, არამედ საგანმანათლებლო პროგრამებსაც და რაც მთავარია, რთველთან დაკავშირებულ სხვადასხვა ქირურგიულ ოპერაციას (უხარისხო ყურძნის სუბსიდირების გაუქმება და ა.შ.), რომელიც მალევე გამოიღებს შედეგს. რთვლამდე ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე თვე და წელს მაინც იქნებ თავიდან ავიცილოთ ეს პრობლემა. მესმის, რომ მთლიანად უცხოურ ბაზარზე ორიენტირებული ქართული ღვინის კომპანიების უმრავლესობა სკეპტიკურად და ხშირ შემთხვევაში ირონიულადაც უყურებს ამ თემას, მაგრამ არიან კომპანიები, ვინაც გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს შიდა ბაზარზე, დიდი კომპანიების გარდა ვიცით მცირე მარნებიც, რომლებიც უმეტესად ადგილობრივ ბაზარზე მუშაობენ, ამიტომ მათი გამოცდილება აუცილებლად გასაზიარებელია და რაც მთავარია, წასახალისებელია. შეუძლებელია საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო (ეს ტიტული აქტიურად დამკვიდრდა ბოლო წლებში მთელს მსოფლიოში) ქართული ღვინისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულის სამშობლოც იყოს.

3. საჭიროა ალტერნატიულ ბაზრებზე მუშაობის კიდევ უფრო გააქტიურება. განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში. თუმცა ეს უშუალოდაა დამოკიდებული პირველ პუნქტზე, სანქციებში მონაწილეობაზე და დასავლელი პარტნიორების მიერ ჩვენს ნდობაზე. გარდა ამისა, ქართული ღვინო უკვე ყველა სამიზნე ბაზარზეა წარმოდგენილი, თუმცა კიდევ უფრო მეტი ძალიხმევაა საჭირო  - ახალი, ძლიერი საიმიჯო კამპანიები, ახალი სააგენტოები, უცხოური მედია პუბლიკაციები და გადაცემები ორიგინალური და არა ყელში ამოსული თემატიკით (საქართველოს ფარგლებს გარეთ ღვინისმცოდნეები გაცილებით უკეთ იცნობენ ჩვენს ღვინოს, ვიდრე წარმოგვიდგენია), დიდ და მცირე, პრესტიჟულ ქსელებში ადგილის მოპოვება, რათა უზარმაზარ ღვინის ქაოსში კიარ ჩავიძიროთ, არამედ მხოლოდ ხარისხიანი და ავთენტური ღვინო მოხვდეს თაროებზე, რომელიც ხაზგასმით ქართული იქნება, ყველანაირი საბჭოთა სიმბოლიკისგან დაცლილი. არაა ამისთვის აუცილებელი რაღაცა ცენტრალიზებული სისტემის შექმნა. ამაზე ასიციაციებმა და თავად კომპანიებმაც შეიძლება იზრუნონ ექსპორტიორებთან ერთად, მითუმეტეს გვაქვს წარმატებული მაგალითები, როცა კეთილსინდისიერ პარტნიორებთან თამაშრომლობისას (ეს ეხება ნატურალური ღვინის მწარმობლებსაც, სხვა მცირე მარნებსაც და დიდ კომპანიებსაც) ქვეყნის იმიჯი და ქართული ღვინო, როგორც კულტურული ფასეულობა, წინა პლანზე გამოდის. ტენდერები და ჩიხში შესული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები ცალკე საუბრის თემაა. ასევე ცალკე საუბრის თემაა გარკვეულწილად ამოუხსნელი და ნისლით მოცული ჩინეთის ბაზარიც.

4. შექმნილი სიტუციიდან გამოსვლაზე უნდა ზრუნავდნენ არამხოლოდ მთავრობა და მსხვილი კომპანიები, არამედ ყველა, ვინც ღვინოსთან მეტნაკლებადაა დაკავშირებული - ღვინის ექსპერტები, ეკონომისტები, ისტორიკოსები, ქართველი და უცხოელი სპეციალისტები, დაინტერესებული მოქალაქები. უდიდესია ამ თვალსაზრისით მედიის და სოციალური ქსელის როლიც. ამ ეტაპზე მხოლოდ დიდი კომპანიების აქტიურობას ვხედავთ, რადგან ის 75%, რაც რუსეთზე, უკრაინაზე და ბელარუსზე მოდის, პირველ რიგში მათთვისაა საგანგაშო, თუმცა რა თქმა უნდა, ეს პრობლემა ყველას შეგვეხება. მცირე მარნებთან საბედნიეროდ რუსეთი ნაკლებად ან საერთოდ არაა დაკავშირებული, სწორედ ამიტომ, მათი გამოცდილება განსაკუთრებით ძვირფასია, პირველ რიგში თანამოაზრე და მათი ფასეულობების მქონე დამწყები მევენახე-მეღვინეებისთვის.

დიდი ყურადღება უნდა მიექცეს გრძელვადიან გათვლებს და აქ ყველაზე აქტუალურ, მეხუთე პუნქტს მივადექით.

5. განათლება. ცხადია ამისთვის არ კმარა მხოლოდ ადგილობრივი რესურსი, აუცილებლად უნდა ჩამოვიყვანოთ უცხოელი სპეციალისტებიც. ესენი არ უნდა იყვნენ მსხვილი ქიმიური და სხვა კომპანიების წარმომადგენლები, რომლებსაც ისედაც ბევრი ქომაგი ჰყავს ქართული სარეკლამო სასოფლო-სამეურნეო ტელეარხების სახით, მხოლოდ ამ პროდუქციის რეკლამირებით რომ არიან დაკავებულნი. ესენი უნდა იყვნენ დიდი გამოცდილების მქონე დამოუკიდებელი ექსპერტები. შესაძლოა გრძელვადიანი კონტრაქტებიც მეცნიერებთან, ინსტიტუტებთან. დასანერგია დუალური სწავლების მეთოდები საქართველოს ღვინის ყველა რეგიონში, ყველა მუნიციპალიტეტში. ურთირთშეთანხმების საფუძველზე კომპანიებში და მცირე მარნებში ყოველწლიურად უნდა იგზავნებოდნენ პრაქტიკული განათლების მიღების მსურველი ახალგაზდები. შესაძლებელია ეს საკითხი ადგილობრივი ხელისუფლებების მონაწილეობითაც მოგვარდეს, ერთგვარი შიდა აგრო-ტურიზმის ან გაცვლითი პროგრამების სახით (იმერელი ახალგაზრდები კახეთში და პირიქით, გურულები და  მეგრელები - ქართლში, ქართლელები - იმერეთში და ა.შ.). მეტი მხარდაჭერა სჭირდება საქართველოში უკვე არსებულ საგანმანათლებლო ცენტრებს და ინსტიტუტებს, როგორც სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ისე ასოციაციებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში. მათაც საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდათ ამ მიმართულებით.

დღესდღეობით, ომის პირობებში, ალბათ ესაა ქართული ღვინის სექტორის პირველი რიგის პრობლემები. მათზე საუბარი გასულ კვირას დავიწყეთ Vinoge.com-ზე და ალბათ კიდევ დიდხანს მოგვიწევს ამ ამბებში გარკვევა. შემოგთავაზებთ არაერთ ინტერვიუს, კვლევას და ბლოგს, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ღვინის გაყიდვა არაა დღეს მთავარი, მთავარი ისაა, რითაც დავიწყე ბლოგი და რაზეც არაერთხელ დაფიქრდა ამ დღეების მანძილზე ბევრი ჩვენგანი. მთავარია სოლიდარობა, მშვიდობა და თავისუფლება. და რაც მთავარია, გამარჯვება. ახლა გადამწყვეტი დღეებია და ამ გადაწყვეტილებებში ჩვენც უნდა მივიღოთ მონაწილეობა, სოლიდარობის, მხარში დგომის გარეშე კი ეს წარმოუდგენელია. სწორედ ამიტომ, წერილს დიდი გერმანელი მხატვრის, კეტე კოლვიცის ნახატით დავასრულებ, რომელსაც სახელად „სოლიდარობა“ ჰქვია. წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანები საწნახელში დგანან და ყურძენს წურავენ მომავლის ღვინისთვის.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.