Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მსოფლიო ტენდენციები და რობინსონის პროგნოზები

წელს გამართულ გამოფენაზე London International Wine Fair ცნობილ ბრიტანელ ღვინის სპეციალისტს, ჯენსის რობინსონს სთხოვეს მოემზადებინა მოხსენება მეღვინეობაში არსებულ მსოფლიო ტრენდებზე, რომლებიც, მისი აზრით, ამ მომენტისთვის იკვეთება ან უახლოეს მომავალში განვითარდება. მოხსენების თეზისები რობინსონმა საკუთარ საიტზე გამოაქვეყნა...

აი, რას წერს ჯენსის რობინსონი:

"შესანიშნავია, რომ დღეს ღვინის სფეროში ამდენი ტრენდი არსებობს, რაც მსოფლიოში ადამიანთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებით აიხსნება. ჩემს მიერ გამოთქმული პროგნოზები ჯერ მხოლოდ ჩანასახშია და რაიმე სახის სტატისტიკურ მონაცემებში არ ასახულა.

მთავარი ტენდენცია ღვინის ხარისხის (და არა რაოდენობის) გაუმჯობესებისკენ სწრაფვაა. ამან   მეღვინეობის ინდუსტრიალიზაციისადმი დამოკიდებულებაც შეცვალა: სამეცნიერო მიღწევები და მაღალეფექტური წარმოება აღტაცებას აღარ იწვევს. მეღვინეები გაცილებით მეტ პატივს სცემენ ბუნებრიობას, ჯანსაღ გარემოს და ყველაფერ ნატურალურს.

ხანგრძლივი კარიერის მანძილზე "ღვინის ქანქარის" რყევების მთელ სერიას მოვესწარი, როდესაც გარკვეული ტენდენციები რაღაც ზღვარს აღწევდა და უკუმიმართულებით იწყებდა მოძრაობას. მაგალითად, 1976 წელს, როცა ღვინის შესახებ დავიწყე წერა, სხვადასხვა სახეობის თეთრი ღვინის ეპოქა იდგა. მერე მოდაში შარდონე შემოვიდა.

ღვინის სიმაგრის მასობრივი შემცირება

- ავსტრალიელ მეღვინეებს ეს უკიდურესობამდე მიჰყავთ, ხანდახან გემოს ხარჯზე.

- მუსკატის ჯიშებიდან დაყენებული ღვინოების პოპულარობის ფენომენი.

- ინფორმირებულობა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.

- ზოგიერთ რეგიონში მეღვინეები ყურძნის მაქსიმალურად დასამწიფებლად ექსპერიმენტებს მიმართავდნენ, რაც სასმელში ალკოჰოლის მაღალ შემცველობას განაპირობებდა. მოგვიანებით ეს ტენდენცია უარყვეს. ასე მოხდა Wachau-ს ავსტრიულ რაიონში, რონის სამხრეთით, ბურგუნდიაში, ლანგედოკსა და კალიფორნიაში (აქ წინააღმდეგობა ყველაზე დიდხანს გაგრძელდა, მაგრამ ახლა სწორედ ამ მიმართულებით ჩაისახა ტრენდი, რამაც აშშ-ს მთელ მეღვინეობაზე უნდა მოახდინოს გავლენა).

- დაბალალკოჰოლურ ღვინოთა ფენომენი (არცთუ დიდი ხნის წინ Tesco-ში გამართულ დეგუსტაციაზე მაგიდა სავსე იყო ალკოჰოლის დაბალი შემცველობის მქონე პროდუქტით).

გრილი კლიმატის ახალი მევენახეობის რეგიონების გაჩენა

- კალიფორნია - Santa Rita Hills, Sonoma Coast

- ჩილე

- არგენტინა: პატაგონია და მაღლარი ვენახები ანდების წინამთიანეთში

- სამხრეთ აფრიკა:  Elim, Elgin, მაღალმთიანი რაიონები

- ავსტრალია: Victoria-ს რაიონი და მაღლობზე განლაგებული ვენახები, კუნძული ტასმანია

- ახალი ზელანდია: Waitaki, West Canterbury

- ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთის ატლანტიკური რეგიონი

- სკანდინავია, ბენილუქსის ქვეყნები, ბრიტანეთი, პოლონეთი

ღვინის მჟავიანობა და მსუბუქსხეულიანობა შიშს აღარ იწვევს

- გერმანულ ღვინოთა რეაბილიტაცია.

- რისლინგის პოპულარობა აშშ-ში.

- ნატურალურ ღვინოთა ფენომენი.

- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბოჟოლეში!

- ლუარა ბრუნდება?

- არ გამიკვირდება სასწორის გადახრა წითელიდან თეთრი ღვინოებისკენ; უკვე აშკარაა ინტერესი ვარდისფერი სასმელების მიმართ.

ტენდენციები ჯიშურ სფეროში

რამხელა კონტრასტია 1990-იანების შემდეგ, როდესაც გადაცემათა სერია ВВС Jancis Robinson's Wine Course დაიბადა. მაშინ ვწუხდი, რომ შარდონემ, კაბერნემ და მერლომ მსოფლიო დაიპყრო. არცთუ დიდი ხნის წინათ ეს ჯიშები ყველას აინტერესებდა. ახლახან სუპერმარკეტების ქსელ Tesco-სა და Waitrose-ში გამართულ ღვინის დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 40 ჯიშის ყურძნისგან დამზადებული სასმელი, რომელთა შესახებ 15 წლის წინ არავინ არაფერი იცოდა:  Albarino, Aglianico, Arneis, Arrufiac, Assyrtiko, Bobal, Bourboulenc, Cinsault, Clairette, Falanghina, Fiano, Furmint, Graciano, Greco, Grenache Blanc и Gris, Grillo, Gros Manseng, Loureiro, Macabeu/Viura, Marsanne, Mavrodaphne, Moristel (რომ არაფერი ვთქვათ Monastrell/Mourvèdre-ზე), Torrontes, Touriga Nacional, Verdejo, Vermentino, Negrette, Nerello, Nero di Troia, Petit Courbu, Petit Manseng, Picpoul, Roussanne, Sagrantino, Sauvignon Gris, Tannat, Teroldego. აღარაფერს ვამბობ Malbec-ის, Carmenère-ს, Carignan-ის, Tempranillo-ს, Viognier-ის, Grüner Veltliner-ისა და Pinot Gris/Grigio-ს შესახებ. 20 წლის წინ თითოეული მათგანი ძალზე სუსტად იყო წარმოდგენილი. ბევრი ახალი ჯიში სპეციალურად ადგილობრივი პირობებისთვის გამოიყვანეს. მაგალითად,  წითელი frontenac, marquette და st croix; თეთრი  la crescent, traminette და brianna.

თვალშისაცემია ადგილობრივ და უცხოურ ჯიშთა მიმართ ინტერესის მკვეთრი ზრდა. მნიშვნელოვანია, რა გახდა ამის მიზეზი – მომხმარებლის მოთხოვნა თუ მეღვინეთა ცნობისმოყვარეობა? უფრო ცინიკური პასუხიც მაქვს - უბრალოდ, ტაქტიკური სვლაა, რათა ჩემნაირი ღვინის კრიტიკოსები სიახლით გააკვირვონ.

დღეს ღვინის წარმოებაში კომერციული მიზნით თითქმის 1400 ჯიშის ვაზს იყენებენ (წიგნში Vines, Grapes & Wines, რომელიც 1986 წელსაა გამოცემული, მხოლოდ რამდენიმე ასეული მოიხსენიება).

ტენდენციები ვაზის მოშენებაში

- ქიმიკატების გამოყენების მნიშვნელოვნად შემცირება. დიდი ინტერესი ორგანული და ბიოდინამიკური მევენახეობის მიმართ.

- ტრაქტორების ჩანაცვლება ცხენებით, პოიაკშიც კი (მაგალითად, შატო Pontet Canet ან Latour).

- სულ უფრო მეტი მეღვინე აქცევს ყურადღებას თავის საქმიანობაში მთვარის ფაზებს.

- მტკნარი წყლის მარაგის მკვეთრად შემცირების გამო ირიგაციის ნაკლებად გამოყენების ტენდენცია; მეტი დაფასება "მშრალ" ვენახებს, რომელთაც მინიმალური მორწყვა ესაჭიროება. ეს ჯერჯერობით ახალ სამყაროზე ვრცელდება, მაგრამ კლიმატის ცვლილებასთან ერთად ირიგაციის პრობლემა ძველი სამყაროს წინაშეც დადგება.

- წვეთოვანი ირიგაცია მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად.

ტენდენციები მეღვინეობაში

- ღვინის დამზადების "ნატურალური" მეთოდების გამოყენება. ეს განსაკუთრებით შესამჩნევია ბურგუნდიაში, თუმცა მხოლოდ ნატურალურობა საკმარისი არ არის. ღვინო, პირველ რიგში, ხარისხიანი უნდა იყოს.

- თვალშისაცემია პატარა მუხის კასრების უარყოფის ტენდენცია. მუხას - აკაციით, წაბლითა და სხვა ხეებით ანაცვლებენ. სულ უფრო ხშირია ცემენტის ჭურჭლის გამოყენების შემთხვევები, რომელთაც ორიგინალური ფორმა აქვთ, მაგალითად, კვერცხის ან ბუდას ქანდაკების, როგორც Cheval Blanc-შია.

ზოგადეკოლოგიური სურათი

- იზრდება ინტერესი ალტერნატიული ბოთლების მიმართ. თვალშისაცემია სქელი და მძიმე ბოთლებიდან თხელ და მსუბუქ ჭურჭელზე გადასვლის ტენდენცია.

- ღვინის დამზადების და განსაკუთრებით, შენახვის პროცესში ენერგიის დაზოგვის აუცილებლობა, რასაც კარგად იცავენ მეღვინეები ნაპადან. სამწუხაროდ, ესპანელებსა და ბორდოელებზე იმავეს ვერ ვიტყვი.

- მიჩნდება კითხვა, რამდენი ენერგია უნდა დაიხარჯოს "ნატურალურ" ღვინოთა უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე, რომლებიც ძალზე მგრძნობიარენი არიან მსგავსი გადაადგილებების მიმართ?

შრომა ვენახში

- ოპტიკურ-დამხარისხებელი მანქანების წარმატებამ ბორდოში შესაძლოა შეცვალოს ადგილობრივთა დამოკიდებულება მექანიზაციასთან. სულ უფრო მეტი პროცესი გახდება მექანიზებული, თუ მნიშვნელოვნად არ გაიზრდება ვენახსა და ღვინის საწარმოში მომუშავეთა ანაზღაურება, რაც კვალიფიციურ მუშახელს მოიზიდავს. მაშინაც ეჭვი მეპარება, ვინმემ თავის შვილს ყურძნის მკრეფავის კარიერისკენ უბიძგოს. აი, როგორია დღეს ამ სფეროში დასაქმებულთა ანაზღაურება: ჩილე – საათში 2,5 დოლარი; ორეგონის შტატი – საათში 10 დოლარი, ავსტრალია - საათში 20 დოლარზე მეტი; საფრანგეთი - საათში 9 ევრო, თუმცა ფაქტობრივად დამქირავებელი 16 ევროს იხდის. 7 ევრო სხვადასხვა გადასახადსა და სოციალურ პროგრამაზე მიდის.

- მუდმივი რყევები ღვინის გადაჭარბებით წარმოებასა და მის დეფიციტს შორის წელიწადისა და ქვეყნის გათვალისწინებით.

- გაჩნდა არაერთი ბრენდი, რომელთა წარმოშობაზეც დუმილს ამჯობინებენ.

- ღვინომასალების ბაზარი ძალზე მოქნილი გახდა, სწრაფად რეაგირებს ვითარებაზე.

დახვეწილი ღვინოები

- იმის მიუხედავად, რომ ხარისხიანი ღვინოები შედარებით გაიაფდა, მათი ნაწილი ძვირდება. ეს შეეხება grands crus, first growths ღვინოებს და ცალკეულ იშვიათ ბრენდებს.

- ხარისხიანი ღვინო სულ უფრო ხშირად ხდება ინვესტიციის ინსტრუმენტი. სულ უფრო მეტი ღვინის საინვესტიციო ფონდი ჩნდება.

- რასაკვირველია, მეტის თქმა შემეძლო გაყალბების ტალღაზე ძვირადღირებულ ღვინოთა სამყაროში, პროვენანსის მნიშვნელობაზე, სწორ ტრანსპორტირებასა და ბევრ სხვა საკითხზე, რაც პრემიალურ ღვინოთა ბიზნესს უკავშირდება, თუმცა ერთს დაზუსტებით გეტყვით: ნატიფ ღვინოებთან მიმართებაში ცოტა გულუბრყვილო და იდეალისტი ვარ, ამიტომ ნუ ელით ჩემგან რეკომენდაციებს ღვინოში ინვესტიციებთან დაკავშირებით. ისინი ამისთვის ნამდვილად არ იქმნება!!!

მოამზადა ნანა კობაიძემ

 © ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული