Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის დღე 2015

თუკი ყველანი ვთანხმდებით, რომ საქართველოში - ღვინის სამშობლოში ღვინის მოხმარების კულტურა უნდა განვითარდეს, ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებელია ადგილობრივი მეღვინეობებისა  და მათი წარმოების ბოთლის ღვინოების პოპულარიზაცია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ღვინოების, მიკროზონებისა და ზვრების, ასევე ადგილობრივი ჯიშების ცნობადობის ამაღლება, ღვინის დაგემოვნების ხელოვნების დაუფლება და მისთ. 

სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ქართული ღვინის დღე, რომელიც პირველად 2014 წელს, შედარებით მოკრძალებულად ჩატარდა და წელს უკვე მეორედ, გაცილებით მასშტაბურად აღინიშნება. ამ დღეს, ერთგვარ, ტრადიციად ყალიბდება ბოთლი ღვინის საჩუქრად მირთმევა მეგობრებისთვის. როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, ამ აქციის პოპულარიზაციის საქმეში წელს ტელევიზიებიც აქტიური თანამონაწილეები იქნებიან. 

გასულ წელს ქართული ღვინის დღე თბილისში, თელავსა და ალავერდის სამონასტრო კომპლექსში აღინიშნებოდა. წელს ღონისძიებების არეალი გაიზრდა და მეღვინეობის, თითქმის, ყველა რეგიონი მოიცვა. თელავი, ამბროლაური, ქუთაისი, რუსთავი და თბილისი ის ქალაქებია, რომლებიც განსაკუთრებით აქტიურად იქნება ამ პროგრამაში დატვირთული.  ღვინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდება, ასევე, ბათუმში, ზუგდიდში, ოზურგეთსა და გორში.  

წელს ქართული ღვინის დღე 4 ოქტომბერს, კვირას აღინიშნება. ღონისძიებები თითქმის მთელი დღის მანძილზე, 11:00-დან 19:00 საათამდე, გაგრძელდება და მასში ჩართული იქნება სხვადასხვა პროფილის სახელმწიფო და კომერციული ორგანიზაციები. 

ქართული ღვინის დღეს ოფიციალურად გახსნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი. ღვინის ეროვნული სააგენტოს შენობაში გაიხსნება ქართული ღვინის ცენტრი და მცირე მუზეუმი, სადაც დაცული იქნება მევენახეობა-მეღვინეობის სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული არტეფაქტები. 

ქართული ღვინის დღე 2015 - თბილისი

11:00 საათზე ვარდების მოედანზე გაიშლება 14 კარავი, სადაც ღვინის მწარმოებელი კომპანიები თავიანთ ღვინოებს სადეგუსტაციოდ წარუდგენენ სტუმრებს. კარვებში შესაძლებელი იქნება ღვინოების შეძენაც. ერთ-ერთ კარავში ჩატარდება ჭაჭის კოქტეილების დეგუსტაცია. ცალკე იქნება წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და საქართველოს ღვინის კლუბი, რომელიც სტუმრებს გამორჩეული მცირე და ოჯახური მარნების ღვინოებს შესთავაზებს.

სტუმრებს დაურიგდებათ  მისალოცი ბარათები, ვაზის ადგილობრივი ჯიშების გამოსახულებით. 11:00-დან 13:00 საათამდე გაიმართება აღლუმი, სადაც მონაწილეობას მიიღებს 525 ახალგაზრდა, რომელთა მაისურებზე გამოსახული იქნება ქართული ვაზის ჯიშები. 

12:00 საათზე ვარდების მოედანზე ჩატარდება კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული გუნდები - სიღნაღი, ბინული, ჩხოროწყუს ფოლკლორული ანსამბლი, ანსამბლი ჰერიო და ახალგაზრდული ბენდი - 19. 

ქართული ღვინის დღე 2015 - კახეთი

ქართული ღვინის დღეს კახეთში, ქ. თელავში ჩატარდება ფესტივალი თელავინო, რომელსაც, ტრადიციულად, კახეთის მეღვინეთა გილდია გაუძღვება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ 500-მდე სხვადასხვა დასახელებისა და ასაკის ღვინო, რომლებიც წარმოებულია მსხვილი მწარმოებლების, ან საოჯახო მარნების მიერ. ცალკე პავილიონში წარმოდგენილი იქნება ყველისა და თაფლის საწარმოების პროდუქცია. საფესტივალო პროგრამა სხვადასხვა სახის ფასდაკლებებს ითვალისწინებს. 

ამბროლაურში, რუსთავსა და ქუთაისში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ორგანიზებით, წარმოდგენილი იქნება კარვები, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დააგემოვნონ ან შეიძინონ ღვინოები. ჩატარდება, სხვადასხვა შინაარსის ღონისძიებები - კონცერტები, აღლუმები, ხალხური რეწვის გამოფენები. 

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია: თბილღვინო, თელიანი ველი, მეღვინეობა ხარება, შუხმან ვაინს ჯორჯია, შუმი, ბესინი, ქიმერიონი, კახური ტრადიციული მეღვინეობა, ასკანელი ძმები, მონასტრის ნობათი, ვინივერია, უსახელაურის ვენახები, შულავერი, შენი ღვინო, კახური ღვინის მარანი, ზვარი, ბატონო. ქართული ღვინის დღეს, თელავინოს ფარგლებში, თელავში, საკუთარ ღვინოებს წარმოადგენს, ასევე, კახეთის მეღვინეთა გილდიის წარმომადგენელი 9 კომპანია. 

ქართული ღვინის დღეს თავიანთ მომხმარებლებს სხვადასხვა აქციებს შესთავაზებენ სასტუმროები და მსხვილი სავაჭრო ბრენდები - მერიოტი, ამბასადორი, ციტრუსი, ვინოტელი, შატო მერე, როიალ ბატონი, ყვარლის ტბა, გუდვილი, სმარტი, კარფური.

ქართული ღვინის დღის ორგანიზატორები არიან - საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია. ღონისძიების პარტნიორია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც უცხოელ ტურისტებს შორის ქართული ღვინის დღესთან დაკავშირებულ ინფორმაციას გაავრცელებს ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში.

 © საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი. 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.