ბრიტანელი ღვინის კრიტიკოსი, ენდრიუ ჯეფორდი, რომელიც 2024 წელს ორჯერ ესწრებოდა საქართველოში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსებს – ივლისში “საფერავის საერთაშორისო კონკურსს” და დეკემბერში “ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსს” – თავის სტატიაში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ქართული ღვინის პროგრესის ორ უმნიშვნელოვანეს ასპექტზე. აღნიშნული სტატია ქვეყნდება მსოფლიოს ღვინის ინდუსტრიის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან გამოცემა Decanter-ში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ღვინის მიმართ მზარდ საერთაშორისო ინტერესს.
მისი შეფასებით, ეს განვითარება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გლობალური ღვინის სამყაროსთვისაც გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს.
ქართული ვაზის უნიკალური გენეტიკური მემკვიდრეობა
ჯეფორდის თქმით, საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მიღწევა ბოლო ათწლეულის განმავლობაში მისი ადგილობრივი ვაზის ჯიშების მეტად გაცნობა და ერთგვარი გააქტიურებაა: “2013 წელს, პირველი ვიზიტისას, ეს ჯიშები ძირითადად მხოლოდ სამეცნიერო კვლევების საგანი იყო, ხოლო დღეს ამ ჯიშების ღვინის წარმოება დინამიურად ვითარდება. წლების განმავლობაში დომინანტური რჩებოდა საფერავი და რქაწითელი, თუმცა ახლა წამყვანი მეღვინეები სულ უფრო მეტად იყენებენ სხვადასხვა რეგიონში გავრცელებულ სხვა უნიკალურ ჯიშებს, რაც ძალიან კარგი პროგრესია.
ქართული ვაზის გამოკვლევაში დიდი წვლილი შეაქვთ დავით მაღრაძესა და დავით ჩიჩუას. როგორც ჩიჩუა აღნიშნავს, „ყოველ ქართულ რეგიონს აქვს მინიმუმ ხუთი ადგილობრივი ვაზის ჯიში, რომელიც უკვე გაშენებულია და აქტიურად გამოიყენება.“
2024 წლის დეკემბრის ვიზიტისას, ჯეფორდმა დააჭაშნიკა იმერეთისა და გურიის ისტორიული ჯიშებისგან მიკროვინიფიცირებული ღვინოები და მათი მრავალფეროვნება საოცრად შთამბეჭდავად შეაფასა. განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია თეთრმა, არომატულმა საკმიელამ, ნაზმა, ღია წითელმა ჯანმა, ცოცხალმა და ენერგიულმა არგვეთულმა საფერემ და მუქმა, ხავერდოვანი სტრუქტურის მქონე სხილათუბანმა. ჯეფორდის აზრით, ამ გენეტიკურ რესურსს საქართველოსთვის არა მხოლოდ შიდა ღვინის ინდუსტრიის განმტკიცება შეუძლია, არამედ მას შეუძლია გლობალურ დონეზეც მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კლასიკური ვაზის ჯიშები კლიმატური ცვლილებების წინაშე დგანან.
ქვევრის ღვინოების ხარისხის ნამდვილი რევოლუცია
ჯეფორდი განსაკუთრებულად აღნიშნავს, რომ საქართველოს მეორე მნიშვნელოვანი მიღწევა ბოლო წლებში ქვევრის ღვინის ხარისხის გაუმჯობესებაა: “126 ნიმუშიდან, რომელიც ჩემმს ჯგუფმა გავსინჯეთ, 12 ღვინო იმდენად მაღალ დონეზე იყო შესრულებული, რომ ოქროს მედლის დონის უნდა ყოფილიყო. მათგან 11 ქარვისფერი თეთრი ღვინო იყო, ხოლო ერთი – წითელი.
მისი შეფასებით, თანამედროვე ქვევრის ღვინოები სრულიად აკმაყოფილებენ მსოფლიო მაღალი კლასის ღვინის მოთხოვნებს, როგორიცაა არომატული სირთულე, სტრუქტურული ბალანსი, ტექსტურის მრავალფეროვნება და ელეგანტურობა. მიუხედავად იმისა, რომ ქარვისფერი ღვინოების მიმართ ჯერ კიდევ არსებობს სიფრთხილე საერთაშორისო ბაზრებზე, ჯეფორდი დარწმუნებულია, რომ მომავალში ისინი გლობალური ღვინის კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდება. საუკუნის ბოლოს კი, საქართველო არა მხოლოდ მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების ღვინის ბარათებში იქნება წარმოდგენილი, არამედ მისი ქვევრის ღვინოები განსაკუთრებული განაწილებით გაიყიდება.
აღსანიშნავია, რომ ჯეფორდმა დაასახელა 12 საუკეთესო ღვინის მწარმოებელი, რომლებმაც განსაკუთრებული შთაბეჭდილების ქვეშ მოაქცია:
Akhmeteli
Anapea Village
Lagvani
Bakhtrioni (ორი ღვინით),
Damarchine Estate
Danieli
Khareba/Monastery,
Mukuzani Wine Cellar,
Teliani Valley Glekhuri,
39 Qvevri და Tsinandali Estate.
ჯეფორდის აღფრთოვანებას თან ახლავს შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური ვითარების გამო. მისი შეფასებით, ოქტომბრის არჩევნების მანიპულაცია და შემდგომი მოვლენები – ოპოზიციის წინააღმდეგ ძალადობრივი რეპრესიები – საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავლს. მისი აზრით, რუსეთის გავლენის გაძლიერება სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს როგორც ზოგადად საქართველოსთვის, ისე ღვინის სექტორისთვის. იმპორტისა და ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით ბოლო წლებში მიღწეული წარმატებები შესაძლოა კვლავ რუსეთის კონტროლქვეშ მოექცეს, რაც შეაფერხებს ქართული ღვინის ინდუსტრიის დამოუკიდებელ განვითარებას.
ჯეფორდი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით ღვინის სფეროში, მხარი დაუჭიროს საქართველოს მეღვინეებს, თუნდაც ეს მხოლოდ იმას ნიშნავდეს, რომ საერთაშორისო მომხმარებლებმა დრო და დრო გასინჯონ ქართული ღვინოები და გააღრმავონ ინტერესი ჩვენი კულტურის მიმართ.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი