Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართლის, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის 2023 წლის რთველი

ლევან სეფისკვერაძე

კახეთისთვის 2023 წელი რთული და გამოწვევებით სავსე რომ იყო, ამაზე უკვე ვწერდით. სამწუხაროდ, რთველისწინა და უშუალოდ რთველის პერიოდში არსებული პრობლემები არც ჩვენი ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობით ცნობილ სხვა კუთხეებს გამოლევია. მართალია ქართლში, იმერეთში რაჭასა და ლეჩხუმში ერთად აღებული არ მოდის იმ რაოდენობის ყურძენი, რაც კახეთში მოიწევა და შესაბამისად ზარალის მასშტაბიც სხვადასხვაა, მოხშირებულ წვიმებს და ამის თანმდევ დაავადებებს არც სხვა კუთხის მეღვინეები დაუნდია. ამიტომაც, ყველგან შეხვდებოდით მევენახეებს, რომლებმაც 2023 წელს რთველი უბრალოდ ვერ ჩაატარეს. 

ქართლში რთველი გაიშვიათდა

ქართლელი მევენახეებისთვის 2023 წელი იმდენად არასასურველად დაიწყო და შემდეგ უკვე იმდენად ცუდად განვითარდა, რომ შემოდგომაზე, რთველის დაწყების წინ განსაკუთრებულად პოზიტიური მოლოდინები თითქმის არავის ჰქონია. ამის გამო, ქართლის ზოგიერთ სოფელში დაგეგმილი მოსავლის 40-50%-ის მიღებაც კი დადებითად შეფასდა იმის ფონზე, რომ მთელს რიგ ადგილებში მოსავალი თითქმის ბოლომდე განადგურდა. 

მოსავლის უმეტესი ნაწილი დაკარგეს მცხეთელმა და კასპელმა მევენახე-მეღვინეებმა. მაგალითად, როდესაც კასპის მუნიციალიტეტის სოფელ ახალციხეში მდებარე „თეძამი ვაინს“-ის მფლობელ გიორგი მალაციძეს დავუკავშირდით და მისი რთველის მიმდინარეობით დავინტერესდით, აღმოჩნდა, რომ გიორგის წელს მოსავლის თითქმის 100% გაუფუჭდა და ფაქტობრივად ყურძნის გარეშე დარჩა. შესაბამისად, ამ სოფელში რთველი ფაქტობრივად ვერ შედგა.

ჭრაქს ვერ გადაურჩა, თუმცა მოსავლის 70% დაკრიფა ახალგაზრდა მევენახე ნიკო ბერიაშვილმა, რომლის ვენახებიც ასევე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში მდებარეობს. ამ ამბის მთელი უცნაურობა ისაა, რომ გიორგიც და ნიკოც, პრაქტიკულად ერთნაირ, კონტაქტურ, ე.წ. „ბიო“ პრეპარატებს იყენებდნენ. მევენახეების აზრით ამ შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მოხშირებული ნალექების პარალელურად სწრაფ რეაგირებას და წვიმის დასრულებისთანავე შეწამლვას. ეს გარდა იმისა, რომ რთულად დასაორგანიზებელი და განსახორციელებელია, დიდი ეფექტითაც შეიძლება ვერ გამოირჩეს, რადგან 2023 წლის მაისსა და ივნისში იყო პერიოდები, როდესაც მაგალითად სამი დღე წვიმდა, შემდეგ ერთ დილას გადაიღო, მევენახემ მსწრაფლივ მიასხა ვაზს წამალი, თუმცა იმავე საღამოს ან მეორე დღეს ისევ წვიმა დაიწყო და წამლობამ ყოველგარი ეფექტი და აზრი დაკარგა. ნიკო ბერიაშვილი მოსავლის ხასისხს ნორმალურად აფასებს და იმედი აქვს, რომ გაზაფხულისთვის კარგად დაბალანსებული და დასრულებული ქვევრის ჩინური და გორული მწვანე ექნება.

წვიმიანმა ამინდებმა და ჭრაქმა გორელებიც ძალიან აზარალა. მევენახე-მეღვინე ვანო სტეფანაშვილმა, რომლის ვენახებიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში მდებარეობს, შემოდგომაზე რთველი ვერც კი ჩაატარა, რადგან მოსავალი მთლიანად გაუფუჭდა და თითოოროლა მარცვლის მოსაკრეფად ვენახში აღარ შევიდა.

„საშინელი წელი იყო. მოსავალი მთლიანად გამიფუჭდა და წელს სამწუხაროდ ღვინო არ მექნება. ჩვენთან ზოგადად ბევრი პრობლემაა. მუშის შოვნაც კი ურთულესი საქმეა, თუმცა რაც სეტყვამ და ჭრაქმა დაგვმართა, ამან ბევრი მევენახე გატეხა წელში და ბევრს ათქმევინა უარი საქმიანობის გაგრძელებაზე. არ არის გამორიცხული, მეც მათ შორის აღმოვჩნდე“ - გვითხრა ვანო სტეფანაშვილმა.

უჭირდათ ატენელებსაც მიუხედავად იმისა, რომ ატენში მოსავლის მცირე ნაწილი მაინც მიიღეს (თუკი ამას მოსავალი შეიძლება ეწოდოს). მაგალითად, სოფელ ატენში მდებარე „ნიკა ვაჩეიშვილის მარანში“, წელს დაახლოებით 10 ტონა ყურძნის მოსავალს ელოდნენ და მხოლოდ 200 ლიტრამდე ღვინო დაწურეს.

ნიკა ვაჩეიშვილი: „მაის-ივნისის გაუთავებელმა წვიმებმა ხასხასა ვენახი უცებ მიაჭკნო ჭრაქით. დილა-საღამოს წვიმდა, შუადღეს მზე აცხუნებდა. მოხედვაც ვერ მოვასწარით ისე მიახმო. ასეთი ცუდი წელი არ გვქონია ჩემს მახსოვრობაში. ამდენჯერ ვერც შევწამლიდით ფიზიკურად, არ ვიცი შუაღამეს თუ წამლიდა ვინმე. 200 ლიტრი ძლივს დავწურე. არადა, 5 ტონას კი ველოდი“.

იმერლების საფიქრალი

იმერეთში ეკლექტური წელი იყო. მომატებული ტენიანობის გამო განსაკუთრებით თერჯოლელები სწუხან. თერჯოლის ზედა მხრის სოფლებში რთველი ნაადრევი (სექტემბრის შუაში) ჰქონდათ და არც მოსავლის ხარისხი იყო განსაკთრებულად მაღალი. მოსავლის მნიშვნელოვანი რაოდენობა დაკარგეს ბაღდათელებმაც, თუმცა, იქაც არ იყო ერთგვაროვანი სიტუაცია. მაგალითად, ცოლიკოურმა სოფელ პირველ ობჩაში უფრო „დაიჭირა თავი“, ვიდრე მეორე ობჩაში. დიმელები საშუალოდ ხარისხიან მოსავალზე საუბრობენ. ვანში ჭრაქთან ერთად მათთვის მუდმივი პრობლემა, - ყურძნის სიდამპლეც აქტუალური იყო.

ზომიერად ცივი ზამთრის მერე, სუსხიანი გაზაფხული და წვიმიანი აპრილ-მაისი იმერეთში ცხადია არავისთვის ყოფილა კარგი.

ერთმანეთისგან განსხვავებული სიტუაცია იყო ზესტაფონის სოფლებში. თუკი მეღვინე დათო კაპანაძემ („ტყლაპის მარანი“) ქვედა საზანოში ოცხანური საფერეს და ცოლკოურის მოსავლის თითქმის 90% დაკარგა, სოფელ ცხენთაროში და მიმდებარე სოფლებში შარშანდელ, 2022-ზე კარგ წელზე საუბრობენ. მეღვინე გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ წელს სოკოვანი დაავადებების გამო მოსავლის მხოლოდ 20% დაკარგეს, რაც ასეთი რთული წლის პირობებში დადებით მაჩვენებლად უნდა შეფასდეს.

გიორგი მშვენიერაძე, „მშვენიერაძეების მარანი“: „ ჩვენთვის წლევანდელი წელი შარშანდელს სჯობდა. მართალია, ჭრაქი წელსაც პრობლემად დარჩა, მაგრამ ზიანი გაცილებით ნაკლები იყო. ძირითადად ძელშავის ყურძენი დაგვიზიანა, რომელიც ნაკლებად მედეგია ჭრაქის მიმართ. საბოლოო ჯამში ვიტყოდი, რომ მოსავლის დაახლოებით 20% დავკარგეთ. თუმცა შერჩევითი რთველის პირობებში, მოსავალი ხარისხიანი მივიღეთ, მჟავიანობისა და შაქრიანობის კარგი ბალანსით. წელს ბოლო წლების ერთ-ერთ საუკეთესო ღვინოს ველოდებით, როგორც ცქრიალა (ცოლიკოური, ძელშავი-ციცქა), ისე სუფრის ღვინის (ციცქა-ცოლიკოური, 30%ჭაჭაზე, ჭური) სახით“.

რაჭველებმა მოსავლის ნაწილის გადარჩენა შეძლეს

წელს რაჭაში, მევენახეობის დარგი მკვეთრად დააზარალა ცუდმა კლიმატურმა პირობებმა, რაც გამოწვეული იყო უხვი ნალექით. ძირითად პრობლემას წარმოადგენდა ჭრაქი და ნაცარი. რამოდენიმე სოფელს მოსავალი მცირე სეტყვამაც დაუზიანა. მოსახლეობა წუხდა, რომ არ იმუშავა ზოგიერთმა შესაწამლმა საშუალებამ. ვენახების უმრავლესობა ყვავილობიდან გამოსვლის შემდეგ გაფუჭდა. ძირითადი პრობლემა მაინც დაგვიანებულ წამლობა იყო, რომელიც ამინდის შესაბამისად უნდა დაგეგმილიყო.

მიუხედავად იმისა, რომ კლიმატურმა პრობლემებმა რაჭაში მდინარე რიონის როგორც მარცხენა, ისევე მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ვენახები დააზიანა, რაჭველების ნაწილმა მაინც შეძლეს მოსავლის გადარჩენა და მათი თქმით, საკმაოდ ხარისხიანი ყურძენიც დაწურეს. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ სოფიო სამთელაძე, რომლის მარანი და ვენახები ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვანჭკარაში მდებარეობს. სოფიო მევენახეობა-მეღვინეობას ქმართან, ტარიელ ლომთაძესთან ერთად ეწევა.

სოფიო სამთელაძე, მარანი „ლომთაძის ოჯახის ღვინო“: „ჩვენს ვენახებში  მოსავალი ხარისხიანი ფორმით შევინარჩუნეთ. მაღალ ნესტიანობას, შესაბამისი რაოდენობის შეწამვლით გავართვით თავი. მოგეხსენებათ ჩვენ მხოლოდ „ბიო“ მიმართულების პრეპარატებს ვიყენებთ, ამიტომ წამლობების რაოდენობა გაგვეზარდა. ყველაზე გამძლე ამ პირობებში ალექსანდროულის ჯიშის ყურძენი გამოდგა. წლევანდელი წელი არ გამოირჩეოდა უხვი და ხარისხიანი მოსავლით, მაგრამ მოვლილი და ჯანსაღი ყურძენიც გვქონდა რაჭველ მევენახეებს“.

იმედიანი ლეჩხუმელები

ქართლზე, იმერეთზე და რაჭაზე შედარებით კარგი მდგომარეობა იყო ლეჩხუმში. ლეჩხუმელები ამას თავად იმით ხსნიან, რომ მათი ვენახების დიდი ნაწილი ისეთ ადგილებზე მდებარეობს, სადაც ქარი მუდმივად ქრის და ვენახები ნიავდება, რაც სოკოვანი დავადებების საფრთხეს გარკვეულწილად ანელებს. 2023 წლის აპრილ-მაის-ივნისში მოხშირებული წვიმები არც ლეჩხუმს დაჰკლებია. ადრიან გაზაფხულზე ორბელსა და ცაგერში ადგილი ჰქონდა ნაადრევი ყინვის გამო ვენახის მოყინვის შემთხვევებს, თუმცა ამით გამოწვეული ზარალი 3-5%-ზე მეტი არ ყოფილა.

შედარებით გაუჭირდა რიონის ხეობაში მდებარე ლეჩხუმურ ვენახებს. განსხვავებით ცხენისწყლის ხეობის სოფლებისგან, რიონის ხეობაში (ტვიში, ალპანა, ორხვი, ქორენიში უცხერი და სხვა...) უფრო ბევრია ისეთი ვენახი, რომელთა მფლობელები ვენახის ახლოს არ ცხოვრობენ და ბევრს ცაგერიდან, ქუთაისიდან ან სულაც თბილისიდან უწევს ვენახის მოვლა. ამან გარკველწილად გაართულა ვაზის მოვლა და პირველყოვლისა ჭრაქთან ბრძოლა რადგან მოსავლის გადასარჩენად, დაავადების საფრთხის დროს ხშირ შემთხვევაში მყისიერი რეაგირება და დროული წამლობაა საჭირო. 

დავით ყურაშვილი: „მე და ჩემს მეგობარს პატარა ვენახი გვაქვს ალპანაში. ადრე ის ახერხებდა მოვლას, თუმცა მერე ჯანმრთელობა გაუფუჭდა და ახლა ორივეს თბილისში გვიწევს ცხოვრება. უკვე მესამე წელია წვალებით ვახერხებ ვენახების მოსავლელად ჩასვლას. მუშახელი ლეჩხუმში ძალიან  ჭირს, დავადებებების გაჩენის დროს თუ ადგილზე არ ხარ და წამალი დროულად არ გამოიყენე, მთელი მოსავალი გიფუჭდება და ვართ ასე ბრძოლაში და წვალებაში. წელს მხოლოდ ორჯერ მოვახერხე ვენახის წამლობა. ჭრაქმა მოსავლის ნახევარი გამიფუჭა, მაგრამ რაც დავკრიფე (დაახლოებით 600 კილოგრამი) , შესახედად ცუდი არ იყო. ღვინო როგორი გამოვა - ამას დეკემბერში გეტყვით“.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული