Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნატურალური ევროპა

მალხაზ ხარბედია


30 ივნისს ახლადგახსნილი ღვინის ბარი ღVino Underground-ი (გალაკტიონ ტაბიძის 15) უნიკალურ დეგუსტაციას მასპინძლობდა, ევროპის ნატურალური ღვინოების ჭაშნიკს. გახსოვთ ალბათ, ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში ვსაუბრობდი მაისში, ლონდონში გამართულ ორ უმნიშვნელოვანეს ღვინის ფორუმზე, სადაც მსოფლიოს თითქმის ყველა ის მეღვინე იყო წარმოდგენილი, რომელიც ნატურალურ მეღვინეობას მისდევენ, მათ შორის ქართველებიც. ჩვენი ნატურალისტები ლონდონიდან საკმაოდ დატვირთულები ჩამოვიდნენ, და არამხოლოდ შთაბეჭდილებებით, არამედ ღვინითაც, რომელიც 30 ივნისს წარმოადგინეს ჭაშნიკზე. 12 დასახელების ნატურალურმა ევროპულმა ღვინომ იტალიიდან, საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და ესპანეთიდან მეტნაკლებად ზუსტი სურათი დაგვიხატა ზემოხსენებული ენოფილოსოფიური ტენდენციების შესახებ, ცხადად გვაჩვენა ამ ტიპის ღვინოების ძირითადი ღირსებები და ის ნაკლოვანებები თუ პრობლემები, რომელთა წინაშეც ბევრი ნატურალური მეღვინეობის მიმდევარი დგას.
ამ თემაზე სხვა დროს უფრო დეტალურად ვისაუბრებ, ამჯერად კი დეგუსტაციას დავუბრუნდები და ვიტყვი, რომ თეთრებიდან ყველაზე მეტად მომეწონა ბიოდინამიურ ვენახში მოკრეფილი კორტეზეს ჯიშიდან დაყენებული პიემონტური ღვინო Munta, 2011. სავსე გემოს მქონე ახალი, მომწვანო-ჩალისფერი ღვინო ძირითადად მცენარეული ტონებით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით ბეგქონდარას და თავშავას სურნელებით. კარგი იყო შენენ ბლანიდან დაყენებული ღვინო (ასევე ბიოდინამიური) ლუარას მხარიდან, Chateau Tour Grise, 2010. ამ ღვინოს საინტერესო პირველი სურნელები ჰქონდა და პირველმა ყლუპმაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა, სადაც რახათ-ლუქუმი გამოჩნდა, მაგრამ დაბოლოებაში მხოლოდ ხმელი ბალახეული დარჩა.
ფრიულური პინო გრიჯიო, Quinto Quarto, 2009, ვარდისფერი ღვინო აღმოჩნდა, რადგან ბევრი სხვა პინო გრიჯიოსგან განსხვავებით, 3 თვე ჭაჭაზე გაატარა. სურნელში თავდაპირველად გარეშე ტონი იგრძნობოდა, მაგრამ მოგვიანებით ღვინო გაიხსნა და გამოჩნდა - წითელი მოცხარი, ასკილის ნაყენი, თამბაქო. ეს ღვინო იმით იყო კიდევ განსაკუთრებული, რომ სულ რაღაც 1,5 ჰექტარზეა ვენახი გაშენებული და შესაბამისად ჩამოსხმული ბოთლების რაოდენობა ძალიან შეზღუდულია.
უცნაური ღვინო იყო ტოკაი ფრიულანოს ჯიშიდან დაწურული Radikon, Bianco Jakot, 2006, უკლერტოდ, 3 თვის მანძილზე ჭაჭაზე დავარგების შემდეგ ღვინომ 3 წელი მუხის დიდ ბუტებში გაატარა. სხეული დასხმისთანავე შეეტყო, ქარვისფერი ღვინო იყო, მოვარდისფრო ნოტებით. თავიდან დაავადებული ჩანდა, თუმცა ბოლოს ესეც განიავდა.
ყველაზე საინტერესო წითელ ღვინოების ნაწილში გველოდა და აქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რონული წარმოშობის ჯიშების უზარმაზარ პოტენციალში. მართალია თავად ღვინო არ იყო რონის მხარის, სამაგიეროდ ის 5 ჯიში, რომელიც ლანგედოკურ Domaine Binet&Jacquet, Faugeres, 2010-ში იყო გამოყენებული, არაჩვეულებრივად მთლიანი და გაწონასწორებული, შეიძლება ითქვას, უზადო ღვინის საწინდარი გახდა. სირა, გრენაში, მურვედრი, სენსო და კარინიანიდან დაწურულ ამ ძალიან ძლიერ ღვინოში შავი კენკრა, შინდის მურაბა და მცენარეული სურნელები გამოჩნდა, მაგ. როზმარინი ან ბაღის ყვავილები. ჩემი აზრით ვერც ერთი სხვა, ამ დეგუსტაციაში მონაწილე ღვინო ვერ შეედრებოდა მას ჰარმონიულობაში. ასეთ ღვინოებს ყველაზე გულგრილი მოხმარებლებიც კი ვერ დაივიწყებენ.
საინტერესო იყო ლამანჩური Baranco Oscuro, 2004. ვენახი ზღვის დონიდან 1368 მეტრ სიმაღლეზეა გაშენებული, თავად ღვინოს კი წარმოუდგენლად ბევრი მუხა ჰქონდა, უფრო მეტი, ვიდრე ყველაზე მუხიან კალიფორნიულ კაბერნეებს, თუმცა ამის მიუხედავად, ვერ ვიტყოდი, რომ ეს მუხა ძალიან გამაღიზიანებელი ან უხეში იყო.
ბოლო ორი ნიმუშიც გამორჩეული იყო - Foradori-ს 2009 წლის შესანიშნავი ლომბარდიული წითელი, ნაკლებად ცნობილი ადგილობრივი ჯიშიდან, ტეროლდეგოდან დაყენებული საოცარი სიძლიერის ღვინო და ასევე Casa Caterina-ს ასაკოვანი, 2000 წლის მოსავლის ღვინო, მერლოდან (60%), კაბერნე ფრანიდან (35%) და კაბერნე სოვინიონიდან (5%) დაყენებული. მზეზე დაბრაწული შავქლიავის ჩირისა და ღოღნაშოს მურაბის ძლიერი სურნელებით სავსე ეს გადაძველებული ღვინო თავის ერთ-ერთ ბოლო კონცერტს ატარებდა, რადგან ღვინო აშკარად ასრულებდა თავის ცხოვრებას, თუმცა ძალიან ღირსეულად ასრულებდა, ამაყად და რიხით.
ასეთი, შედარებით სევდიანი დასასრულის მიუხედავად, მაინც ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ დეგუსტაციით, რადგან იშვიათი ღვინოების გასინჯვის გარდა, ჭაშნიკის მიმდინარეობისას ისიც კარგად გამოჩნდა, თუ რამდენად ღირსეული ადგილი შეიძლება დაიკავოს ტრადიციულმა ქართულმა ნატურალურმა ღვინოებმა ევროპის ნატურალური ღვინოების სწრაფად მზარდ გუნდში.


© tabula



მართლაც უნიკალური დეგუსტაცია იყო და კარგია, რომ ეს სტატია დაიწერა. მე კი ბოროტად ვისარგებლე ჩემთვის "უნიკალური" შემთხვევით, როცა ამ დეგუსტაციაზე სტატიის დაწერა არ მევალებოდა და უბრალოდ ღვინოებით ვისიამოვნე :) თუმცა, 28 ივლისს დაგეგმილი დეგუსტაციის შემდეგ აუცილებლად დავწერ Tbilisi Out-ისთვის.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.