Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნათია მახარაშვილის ოქტომბრის 5 რჩეული ღვინო

კიდევ ერთხელ გამარჯობა მეგობრებო, გადავწყვიტე თქვენთის ოქტომბრის თვის 5 რჩეული ღვინო გამეზიარებინა. წერა მაშინ დავიწყეროცა კახეთში მივდიოდი და ფიქრებში ვიყავი გართული, ტკბილად მახსენდებოდა სწორედ  ეს ღვინოები და მათთან დაკავშირებული მოგონებები. რა თქმა უნდა, ღვინო ერთი დიდი ემოცია და ისტორიაა. სანამ წერას დავიწყებდი, თითქოს მინდოდა, რომ თემატურად სტრუქტურულად ძლიერ ღვინოებზე მომეყოლა თქვენთვის, მაინც შემოდგომაა, მაგრამ ოქტომბრის თვემ ამის საშუალება არ მომცა, საკმაოდ ცვალებადი იყო, ხან ძალიან ციოდა, ხან მეგონა, რომ ისევ ზაფხული მოვიდა, ღვინოებიც შესაბამისად ავარჩიე. 

ჩინური, სევსამორა, 2019

მეღვინეობა სევსამორა, რომელიც საგურამოში მდებარეობს, დღეს საკმაოდ საინტერესო ღვინოებით გვაწონებს თავს, მაგრამ არ შემიძლია მათი ასორტიმენტიდან კლასიკურად დაყენებულ ჩინურზე არ ვისაუბრო. ჩემი და ჩინურის, როგორც ყურძნის ჯიშის მეგობრობის ისტორია არც ისე დიდია, თითქოს ყოველთვის მეგონა, რომ „საჩემო“ ყურძენი არ იყო. კონკრეტული ნიმუშიც ძალიან სპონტანურად ჩავსვი ჩემს ერთ-ერთ დეგუსტაციაზე, სადაც ყველასთან ერთად ჩემთვისაც ახალი ღვინოები უნდა გაგვესინჯა. უბედნიერესი ვიყავი იმ მომენტში, სიმართლე გითხრათ,არ მეგონა ჩინურს ამხელა პოტენციალი თუ ქონდა. უშუალოდ ღვინოზე რომ ვისაუბროთ, ძალიან დაახვეწილია, ნაზი, ელეგანტური. ფერზე ღია ჩალისფერია, ჩამოსხმისთანავე რომ მოგაწონებს თავს, ეგეთი. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ არომატები კლასიკური ღვინისთვის მძაფრად იყო წარმოჩენილი. არომატზე კარგად არის გამოხატული მწვანე ვაშლის, პიტნის, ყვავილებისა და სველი ქვის სურნელი, რაც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი არომატია თეთრ კლასიკურ ღვინოში. საკმაოდ მინერალურია, მსუბუქად მისართმევი, ზაფხულის ცხელ დღეს რომ გაგვილამაზებს, მაგრამ ამასთანავე შემოდგომის ცხელ დღესაც რომ დასამახსოვრებელს გახდის. გემოზე საოცრად დაბალანსებული მჟავიანობა გხვდება, საკმაოდ გრძელი დაბოლოებით. არომატები გემოზეც მეორდება, მინერალურობა ალბათ ყველაზე დომინანტურია, არ ვიცი, ალბათ პიტნის არომატი ასე მძაფრად არც ერთ ღვინოში არ შემხვედრია. ვიტყოდი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ჩინურის ნიმუშია. 


ოცხანური საფერე, ავიდო, 2019

მცირე საოჯახო მეღვინეობა ავიდო, რომელიც იმერეთში, სოფელ ზეინდარში მდებარეობს, დღეს საკმაოდ საინტერესო ღვინით არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე. საკუთარ ვენახებში გაშენებული აქვთ ოცხანური საფერე, ცოლიკოური და კაპისტონი და დღესდღეობით აწარმოებენ ნატურალურ ღვინოებს. მისი ასორტიმენტიდან ალბათ ყველაზე მეტად ოცხანურ საფერეს გამოვარჩევდი, 2019 წლის მოსავალს, რადგან ყველაზე განსხვავებულია, რაც აქამდე გამისინჯავს. ალკოჰოლი 15 პროცენტი აქვს, რაც გვიანი რთველით არის გამოწვეული, ცოტა შემიგვიანდაო, თვითონ ზვიადი ასე ამბობს, თითქმის გამომშრალი იყო უკვე ყურძენიო. ქვევრში ჩაწურა და 100% ჭაჭაზე დაადუღა ბუნებრივ საფუარზე. კანთან ერთად ღვინო დაახლოებით სულ რაღაც 7-8 დღე იყო, მაგრამ საკმაოდ ძლიერი სტრუქტურა გააჩნია. არის გაუფილტრავი და  მცირხნიანი დეკანტაცია უხდება. არომატები საკმაოდ ინტენსიური აქვს, დომინანტია სანელებლების და წითელი და რამოდენიმე შავი ხილის არომატები. გამოვარჩევდი ტკბილი შინდის, მოცხარის და მაყვალის არომატებს. გემოს რაც შეეხება, ხაზგასასმელია სასიამოვნო მჟავიანობა, რომელიც ძალიან გაჯერებული და დაბალანსებულია. ხავერდოვანი ტანინები და ხანგრძლივი დაბოლოება დაუვიწყარს ხდის ამ ღვინის დაგემოვნებას. გემოზე მეორდება არომატები და თუკი ყნოსვისას უფრო ჩამტკბარია ეს არომატები, გემოზე ცინცხალი მჟავიანობის გამო უფრო საინტერესოდ ერთიანდება. ხაზგასასმელია საოცარი შეფერილობაც, დასხმისას რომ გვეუბნება ოცხანური ვარ, ოცხანურიო. 

თავკვერი, არაგვისპირის მარანი, 2021

არაგვისპირის მარანი მცირე საოჯახო მეღვინეობაა, რომელთა მარანიც დუშეთში მდებარეობს და დღესდღეობით ისინი არა მხოლოდ საინტერესო ღვინით არიან ბაზარზე წარმოდგენილები, არამედ ჩართულები არიან კულინარიაშიც. განსაკუთრებით დასამახსოვრებელი თავკვერი აქვთ, რომელიც ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტიპური თავკვერია რაც გამისინჯავს. მათ შესახებ ჩემი მეგობრისგან გავიგე, რომელიც დიდი ემოციებით მიყვებოდა თუ როგორი საინტერესო ღვინო გასინჯა ერთ-ერთ ფესტივალზე და სწორედ მაშინ გადავწყვიტე მათი ღვინოების დაგემოვნება. 
ჩემი ოქტომბრის თვის ხუთეულში მოყვანილი ღვინოებიდან ყველაზე „ახალგაზრდა" ღვინოა. ალბათ ახალგაზრდა ღვინის გამოყენება მისი დახასიათების დროსაც შეგვიძლია გამოვიყენოთ. კლასიკური ტექნოლოგიითაა დაყენებული, ძალიან ცინცხალია, თითქოს ენერგიულიაო. ტკბილი კენკროვანი ხილის არომატები ყველაზე დომინანტურია, რომელსაც ჩემთვის საყვარელი ყვავილოვანი არომატები ალამაზებენ. თავკვერზე ფიქრს რომ ვიწყებ, სწორედ ყვავილოვანი არომატები მახსენდება, რაც კარგადაა წარმოდგენილი ამ ღვინოში. ულამაზესი ალუბლისფერი შეფერილობა აქვს ღვინოს, ჟოლოს, მარწყვის და გოჯიბერის არომატი. ძალიან არა, მაგრამ იგრძნობა ალუბლის არომატიც. გემო საკმაოდ დახვეწილი აქვს, რბილი, არაშემაწუხებელი ტანინები და დაბალანსებული მჟავიანობა. 

რქაწითელი, ვარდიაშვილის მარანი, 2020

ვარდიაშვილების საოჯახო მეღვინეობა, რომელის კახეთში, სოფელ ვაზისუბანში მდებარეობს, დღეს საკმაოდ საინტერესო ღვინოებს აწარმოებს. მათი ასორტიმენტიდან პირველი ღვინო, რომელიც დავაგემოვნე, იყო რქაწითელი, საკმაოდ საინტერესო ღვინო. ალბათ ისეთი ადამიანებს მოეწონებათ ეს ღვინო, რომლებსაც შედარებით რბილი ქვევის ღვინის დაგემოვნება სურთ. არ შემიძლია არ ავღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ახლახანს კონკრეტულმა ნიმუშმა ერთ-ერთ კონკურსზე ოქროს მედალი მოიგო, რაც ძალიან დიდი სტიმულია მეღვინეობისთვის. ღვინის დახასიათების დროს არ შემიძლია არ ავღნიშნო ულამაზესი შეფერილობა, შედარებით ღია ქარვისფერია, ოქროსფერი ელფერი დაკრავს. საშუალო ინტენსივობის არომატები აქვს, რომელთა შორის გამოვარჩევდი გამომშრალი ხურმის, ნესვის ჩირის, ლეღვის მურაბის და მსუბუქი თაფლის არომატებს. მცირეხნიანი დეკანტაციის შემდეგ ღვინო უფრო იხსნება და შედარებით ტკბილი არომატების ნაცვლად ვხვდებით ხმელი ბალახის არომატებს
გემოზე საკმაოდ საინტერესოა. რბილი ტანინებით გვაწონებს თავს. გემოზე საკმაოდ დომინანტურია ხურმის და ლეღვის ჩირის და გამომშრალი ბალახის არომატები. რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო, არის სასიამოვნო მჟავიანობა, რაც ღვინოს უფრო დახვეწილს ხდის. 

საფერავი, ჩელთი, 2017

ჩელთი არის მეღვინეობა, რომელმაც თავი წითელი ღვინოებით შემაყვარა. მათი მეღვინეობა სოფელ შილდაში მდებარეობს და დღესდღეობით ქათულ ბაზარზე ერთ-ერთი საინტერესო ასორტიმენტით არიან წარმოდგენილები. კონკრეტული ღვინო ერთ საკმაოდ საინტერესო საღამოს დავაგემოვნე და სწორედ მაშინ გამოვუტყდი ჩემ თავს, რომ ერთ-ერთი გამორჩეული  ღვინო იყო, რაც ოქტომბრის თვეში გავსინჯე. რაც ყველაზე მეტად მომწონს ამ ღვინოში არის ის, რომ ძალიან ექსპრესიულია. ქვევრში არის დაყენებული და შემდგომ მუხაში დავარგებული 12 თვემდე. ისეთი ღვინოა, სუსხიან და ცივ საღამოს რომ გაგვილამაზებს. ძალიან უხდება ფონად ცოცხალი ჯაზი. მცირეხნიანი დეკანტაციის შემდეგ არომატზე საკმაოდ მძაფრია, გარდა ხილის არომატებისა, როგორებიცაა ქლიავი, შავი მოცხარი, ალუბალი, ვხვდებით მუხაში დავარგების დროს შეძენილ არომატებსაც - შოკოლადი, სანელებლები და ტყავი. 

გემოზე მიუხედავად ინტენსიურობისა მაინც ძალიან დახვეწილია, ინტენსიური ტანინები სახასიათოა მსგავსი ღვინისთვის. საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოება აქვს და დაძველების საკმაოდ დიდი პოტენციალიც. 

პუბლიკაციის პარტნიორია ღვინის მაღაზია-ბარი 8000 მოსავალი

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული