Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გაბაასება ღვინისა და ელექტრონული მუსიკისა

ქეთო ნინიძე

ყოველთვის არსებობენ ნორმატიული დამოკიდებულებების ადამიანები, ვინც კულტურის სხვადასხვა შრეებს „კლასიკურად“ და „სუბკულტურად“ ყოფენ, არა ისტორიზმის პრინციპით, არამედ - სივრცულად.  ასეთი ადამიანებისთვის ღვინო, ტრადიციულად, ფოლკლორთან, ე.წ. კლასიკურ მუსიკასთან, ან ჯაზთანაა გაიგივებული, გააჩნია, რა ასპექტით.

თუმცა, თანამედროვე სააზროვნო სივრცეში ისეთი ცნებები, როგორებიცაა - „დახვეწილი გემოვნება“, „კლასიკური ხელოვნება“, „მაღალი პოეზია“ და სხვ. აქტუალურობას აღარ ინარჩუნებს და დიდი ხანია, მეოცე საუკუნის დასაწყისიდანვე, ეს სააზროვნო ფორმულები ექსპერიმენტმა, ინტერპრეტაციამ, გაცილებით უფრო დემოკრატიულმა მიდგომებმა ჩაანაცვლა. ამიტომ, დღევანდელ მსოფლიოში, როცა ღვინის მუსიკასთან (ან, თუნდაც, კერძთან) შეწყვილებაზე მიდგება საქმე, უკვე საკმაოდ ჩვეულებრივია ღვინისა და ელექტრონული მუსიკის, ორი სხვადასხვა - ბუნებრივი და ურბანული - განზომილების დაკავშირების მცდელობა. 

სულ ახლახანს, 19 თებრვალს, ბარსელონაში Hunger Culture-მ (ჩვენებურად, ალბათ - „კულტურა გვშია“ :)  მოაწყო ამ ტიპის ღონისძიება - WEMT (Wine and Electronic Music Tasting) - კლუბში „33/45“,  რაც კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი იყო, მიმართული იმ სტერეოტიპის დასანგრევად, რომ, თითქოს, კლუბური გარემო არ შეიძლება იყოს მაღალი ხარისხის ღვინის დაგემოვნების სივრცე.  

ისე მოხდა, რომ თბილისი დღეს თავს არ გვამახსოვრებს ღვინისა და მუსიკის მრავალფეროვანი და საინტერესო   ღონისძიებებით. ნატურალური ღვინით აქ, უმეტესად, უცხოელი ტურისტები ინტერესდებიან. აქაური ახალგაზრდები, როგორც წესი, თრობას აღწევენ კოქტეილებით, ან სხვა მაღალალკოჰოლური სასმელებით, მშობელთა თაობა კი - ძირითადად,  საეჭვო წარმოშობის ღვინის სახელწოდების სითხეს ეძალება, თანაც, საკმაოდ დიდი რაოდენობით.  

ამიტომ განსაკუთრებით გახარებს,  როცა სოციალურ ქსელში ეცნობი ამბავს,  რომ „ქართული ნატურალური ღვინის უებარი სიმთვრალით და გემოთი შთაგონებულმა ხალხმა გადაწყვიტა შეახვედროს ერთმანეთს ეს ორი კარგი რამ: ელექტრონული მუსიკა და ბიოლოგიურად სუფთა ღვინო” კარგად იკითხება, არა? „უებარი სიმთვრალითა და გემოთი შთაგონებულმა ხალხმა“ - ცისფერყანწელების გულწრფელი და ბავშვური პათოსის ელფერი დაჰკრავს. 

მე თუ მკითხავთ, თბილისი თუ რაიმე იდეის ქალაქია, ეს იდეაა, სწორედ, კონტრასტულ ელემენტთა, უცნაურ ხდომილებათა თანაარსებობა, რაც განსაკუთრებულ ხიბლს სძენს თბილისის ისტორიას, მის არქიტექტურას, ადამიანებს, თავიანთი ხასიათებით და სოციოკულტურული ჰაბიტუსებით. ამიტომ ძალიან მაინტერესებს, როგორ შეხვდება ელექტრონული მუსიკის რითმებისა და ხმების ურბანული ტალღები  ნატურალური ღვინოების მღვრიე და ინტენსიურ ნაკადებს. და მიუხედავად იმისა, რომ ეკლექტიკა დღეს სულაც არ არის ცუდი სიტყვა, ღვინოსა და ელექტრონულ მუსიკას თანხვედრის მნიშვნელოვანი მომენტებიც ექნებათ  - ახალი ხმების, არომატებისა და შეგრძნებების ძიების, ექსპერიმენტებისადმი გახსნილობის, თრობისა და მედიტაციურობის თვალსაზრისით. პირადად, ჩემში ეს შეხვედრა დიდ ინტერესს აღძრავს. და მინდა, რომ მსგავსი თრობები სხვაც მრავალი იყოს ჩვენს ყოველდღიურობაში. 

„ღვინო მტკვარზე“ - ღონისძიების შესახებ იხილეთ მოცემულ ბმულზე

© საქართველოს ღვინის კლუბი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული