Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინური - ქართლის ისტორია

ლევან სეფისკვერაძე

ალბათ ორიგინალურები არ ვიქნებით თუ ვიტყვით, რომ საქართველოს ვაზის აბორიგენული ჯიშები სწორედ იმ კუთხეების ტრადიციებსა და ისტორიას იმეორებს, სადაც ისინი ოდითგანვე ხარობდნენ. ამის ერთ-ერთი დადასტურებაა, ქართლის ცნობილი ვაზის ჯიში – ჩინური. ეს ჯიში ერთ-ერთი იშვიათი ქართული ვაზოს აბორიგენული ჯიშია, რომელიც მე-19 საუკუნეში საქართველოში შემოჭრილ სოკოვან დაავადებებს განსაკუთრებულად მაგრად დაუდგა და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, დღეს ჩინურს ქართლში ხშირად საკუთარ საძირეზე და არა ე.წ. ამერიკულ მწარეზე აშენებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ჭრაქმა, ნაცარმა, ფილოქსერამ და სხვა დაავადებებმა დაახლოებით 150 წლის წინ, ქართლში ჩინურის ვენახები საგრძნობლად შეამცირა, ამ ჯიშს მაინც აღმოაჩნდა დიდი რეკრეაციის უნარი და მრავლისმნახველი და მრავალი მტრის გამძლე ქართლის მსგავსად, ამ ჯიშმა ყველაზე კარგად გადაიტანა დაავადებები, რომლებმაც არაერთი ქართული ვაზის ჯიში მიიყვანა გაქრობის პირას.

ჩინური შიდა ქართლის აბსოლუტურად ყველა რაიონშია გავრცელებული. თუმცა, ისტორიულად ცნობილია, რომ ჩინურის ვენახებს განსაკუთრებულად დიდ ფართობებზე მაინც გორელი და კასპელი გლეხები აშენებენ. ჩინურისაგან ტრადიციულად თეთრ, მსუბუქ სუფრის ღვინოებს ამზადებდნენ და როგორც ჩვენთან საუბარში კასპელი მევენახე, ნუგზარ გორელიშვილი ამბობს, ათწლეულების წინ ჩინურის ყურძენი თბილისში ხილად გასაყიდადაც ჩამოჰქონდათ. იყო დრო, როდესაც ჩვენი ქვეყნის დედაქალაქის მოსახლეობა, ეწ. სუფრის ყურძნად ძირითადად სწორედ ჩინურს მოიხმარდა. თბილისში ასევე ძალიან პოპულარული იყო ე.წ. “ატენური ღვინო”, რომელსაც როგორც წესი ქართლის ორი ჯიშის – გორული მწვანისა და ჩინურის შერევით ამზადებდნენ.

ნუგზარ გორელიშვილი, მევენახე: ”დღეს თბილისში ჩინური რა არის - ალბათ ათიდან 2-3 ადამიანს თუ ეცოდინება. არადა ჩემს ბავშვობაში, მთელი თბილისი სულ ჩინურის ღვინოს სვამდა და ყურძნადაც ჩინური მიჰქონდათ სუფრაზე. ბოლო პერიოდში ჩინური ქართლში ძალიან შემცირდა და ეს ალბათ ამის გამო მოხდა, რომ ქართლელ გლეხებს თბილისში გასაყიდად ჩამოსატანი ღვინო და ყურძენი აღარ რჩებათ და რა მოსავალიც მოსდით, თვითონაც ძლივს ყოფნით წლიდან-წლამდე. რაღა შორს წავიდე, ჩემს ვენახში სულ 600 კილომდე ჩინური მომდის. ადრე ორ ტონამდე ვკრეფდით, მაგრამ ვაზი დაბერდა, რომელსაც განახლება სჭირდება, მე კი ამის არც თავი მაქვს და არც შესაძლებლობა. სამწუხაროდ ვაჟიშვილიც არ მყავს, ვისაც ამ საქმეს მივაბარებდი...”.   

ქართლში, მდინარე ტანას ხეობაში გავრცელებულია ვაზის ჯიში, სახელწოდებით ყვითელი ჩინურა, რომელიც ქართლის ვაზის ჯიშებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უცნობი ჯიშია და მისი მტევნის შეფერილობა ჩინურის მტევნისაგან მკვეთრად განსხვავდება ყვითელი შეფერილობით. ყვითელი ჩინურასაგან ღვინოს როგორც წესი არ ამზადებენ და იგი სასუფრე ყურძნის ჯიშადაა მიჩნეული. მიუხედავად ამ ჯიშის მცირემოსავლიანობისა (ყვითელი ჩინურა ერთ ვაზის ძირზე ხშირად მხოლოდ 2-3 მტევანს ისხამს), საკმაოდ დიდი ზომისაა და ვიზუალურად ძალიან ლამაზია.

დასახელება “ჩინური” გარკვეულ წრეებში დღემდე კამათს იწვევს და სამწუხაროდ ჩვენს დროშიც არიან ადამიანები, რომლებსაც ჩინური ჩინეთიდან შემოტანილი ჯიში ჰგონიათ. ქართლელი გლეხების ნაწილი ჩინურს ჩინებულსაც ეძახის და ზოგიერთი ამპელოგრაფი ფიქრობს, რომ ჩინურის სახელწოდება სწორედ ჩინებულებას – ანუ ჯიშის განსაკუთრებულად ხარისხიანობას უკავშირდება.

თუმცა, ალბათ უფრო მეტად ყურადსაღებია ივანე ჯავახიშვილის მოსაზრება, რომელსაც ქართველი ამპელოგრაფი, მაქსიმე რამიშვილიც იზიარებს. ჯავახიშვილმა ქართლში გავრცელებული ენობრივი ფორმების კვლევით დაასკვნა, რომ ჩინურის სახელწოდება ამ ჯიშის ყურძნის შეფერილობას უნდა უკავშირდებოდეს. ჩინურის მარცვლები ძალიან წააგავს ზეთისხილის ფოთლის ფერს, რომელსაც ქართლში “ჩინს” ეძახიან. შესაბამისად, საკმაოდ მისაღებად უნდა მივიჩნიოთ ვარაუდი, რომ ჩინურის სახელწოდება მტევნის “ჩინისებრი” შეფერილობიდან ჩამოყალიბდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ კასპის რაონში ჩინურს “კასპურს თეთრსა” და “კასპურასაც” ეძახიან, თუმცა ვაზის ამ სახელწოდებას კასპის მტკვრისპირეთის თითოოროლა სოფელში თუ გაიგებთ. ასე რომ, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ჩინურის აბორიგენულობაზე და ქართულობაზე პირველ რიგში მისი სახელწოდება მეტყველებს.

ოთარ შარაშენიძე, კომპანია “ხოხბის ცრემლების” გაყიდვების მენეჯერი: “ჩინური ერთ-ერთი საუკეთესო ჯიშია (სახელიც თავისთავად მეტყველებს). გამოირჩევა სასიამოვნო არომატულობით და მისგან დგება მოოქროსფრო, ქარვისფერი (ან ღია ჩალის ფერი) ღვინო. ჩინური არ არის ძალიან პრეტენზიული ღვინო კერძებთან შეხამებაში.

ჩვენი კომპანია წელიწადში დაახლოებით 8000 ბოთლ (6000 ლიტრი) ჩინურს აწარმოებს. რაოდენობა რასაკვირველია მოსავალზეა დამოკიდებული. ვენახები მდებარეობს ქართლში, სოფელ მუხრანში. ვენახის მოვლისას გამოიყენება მხოლოდ ბიო-პრეპარატები. ღვინო არის გაუფილტრავი და ყენდება ქვევრში. წელს (2012 წლის მოსავალი) პირველად დავაყენეთ ჩინური ჭაჭის გარეშე. მანამდე ყოველთვის ვაყეთებდით ჭაჭასთან კონტაქტით.

ისევე როგორც სხვა კომპანიების, ჩვენი კომპანიის ღვინოების ნაწილი ექსპორტზე მიდის და ნაწილი საქართველოშივე იყიდება. საქართველოში ჩვენი ჩინურის ფასი მერყეობს 35-40 ლარის ფარგლებში. რესტორნებში ცხადია უფრო ძვირადაც ყიდიან. ძირითადად იყიდება ღვინის მაღაზიებში და რამოდენიმე რესტორანში”.

შიდა ქართლის გარდა, ჩინური მცირე ფართობებზე ასევე გავრცელებულია ქვემო ქართლში, მესხეთში და გარეკახეთში. 1953 წლის ვენახების საერთო აღწერის შედეგების მიხედვით, იმ პერიოდისათვის მთელს საქართველოში ჩინური დაახლოებით 726 ჰექტარზე იყო გაშენებული. შემდგომ ათწლეულებში ამგვარი ფართომასშტაბიანი სტატისტიკური კვლევა სამწუხაროდ არ წარმოებულა და დღეს ძალიან რთულია იმის დადგენა, ამჟამად რა ფართობებს იკავებს ვაზის ეს უნიკალური და უდავოდ უძველესი ჯიში.

როდესაც ჩინურის ხარისხზე და განსაკუთრებულობაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, არ უნდა გამოგვრჩეს ამ ჯიშის მაღალმოსავლიანობაც. ჩინურის ერთ რქაზე უმეტეს შემთხვევაში ორი, იშვიათად კი სამი მტევანი იზრდება და საერთო გაანგარიშებით, საუკეთესო მოსავლის შემთხვევაში, ერთ ჰექტარზე 8- 13 ტონამდე ყურძენი შეიძლება დაიკრიფოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართლში ჩინური ძირითადად დაბლარად არის გაშენებული. მაღლარად კი უმეტესად საცხოვრებელი სახლების ეზოებში გვხვდება.

ჩინურისგან დაყენებულ მშრალ ღვინოს ღვინის ექსპერტები ახასიათებენ როგორც ნაზ, სხეულიან და შინაარსიან ღვინოს. ჩინურის ღვინო ფერზე ღია ჩალისფერია და სუფთა, რბილი გემოთი ხასიათდება. ჩინურისაგან დაყენებულ ცქრიალა ღვინოს კი ღვინის ექსპერტები ხალისიანი მჟავიანობისა და სასიამოვნო სირბილის ღვინოდ ახასიათებენ.

ჩინურისაგან, გარდა იმისა, რომ ხარისხიანი მშრალი თეთრი ღვინო დგება, ამ ჯიშს ქართველი მეღვინეები ასევე წარმატებით იყენებენ საკუპაჟედ და ცქრიალა ღვინოების დასამზადებლად. ჩინურისაგან დამზადებული ცქრიალა ღვინოები დღეს რამდენიმე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის სორტიმენტში გვხვდება. თუმცა, ქვევრის ტრადიციული მეთოდით ჩინურს სულ რამდენიმე ღვინის მცირე მარანი აყენებს. ერთ-ერთი ასეთი მარანი გახლავთ ქართლში, სოფელ ჩარდახში მოღვაწე მეღვინის - იაგო ბიტარიშვილის მარანი. ეს მცირე საწარმო ჩინურის ღვინოს ევროპასა და ამერიკაში ყიდის.

იაგო ბიტარიშვილი, მეღვინე: ”ჩემი კომპანია, ”იაგოს ღვინო", ამ ეტაპზე დაახლოებით 2000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. ღვინის დასაყენებლად გამოიყენება მხოლოდ ტრადიციული მეთოდები. ერთი ტექნოლოგიის შემთხვევაში ყურძენი იწურება ფეხით საწნახელში და შემდეგ გადადის დასადუღებლად ქვევრებში. მეორე ტექნოლოგიის შემთხვევაში ყურძენი იწურება ჭაჭასთან ერთად ქვევრებში და ყოვნდება ჭაჭაზე 6 თვის განმავლობაში. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მთავარი ყურადღება მაინც ეთმობა ვენახს, სადაც არ გამოიყენება ქიმიური სასუქები და შხამქიმიკატები. ვენახის მოვლა ხდება ეკოლოგიური მეთოდების გამოყენებით. 2006 წელს დავიწყე პირველი ექსპორტი ევროპაში და ეს ქვეყანა იყო იტალია, სადაც მას შემდეგ ყოველწლიურად იგზავნება ჩემი ღვინო. მოგვიანებით კი საექსპორტო ქვეყნებს შეემატნენ ინგლისი, საფრანგეთი, ჰოლანდია და აშშ.

საბჭოთა პერიოდიდან საზოგადოება ჩინურს იცნობდა, როგორც მსუბუქ ეროპული ტიპის ღვინოს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ასეც არის, მაგრამ ამავე დროს ამ ჯიშს ტრადიციული წესით ჭაჭასთან ერთად დავარგების პოტენციალიც გააჩნია. ვინაიდან ჩემს ღვინოზე მოთხოვნილება დიდია, ვენახების ფართობების გაზრდას ვაპირებ. წელს უკვე ნაწილობრივ გავზარდე ვენახის რაოდენობა და მომავალშიც მაქვს ამის სურვილი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი მცირე მარანი არასოდეს არ გადაიქცევა დიდ ქარხანად”.

ქართლში, კერძოდ კი ფრონეს ხეობაში, არსებობდა ერთი ნაკლებად ცნობილი ხალხური სიმღერა, რომლის ტექსტშიც ასეთ სიტყვებს ვხვდებით: “ქვევრში ჩინური მისხია – კაათა მაქვ ცხოვრებაი”. ამ სიტყვებიდანაც ჩანს, რომ ქართლში, თუკი გლეხს ჩინურის ღვინო ჰქონდა, მას შეიძლება თავი მთელი წლის მანძილზე დამშვიდებულად ეგრძნო. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ქართლელი გლეხის ბედნიერებისა და კმაყოფილების საზომი ჩინურის ღვინის ქონა-არქონა იყო.

© ღვინის კლუბი/Weekend



პირველ ყოვლისა მადლობა ლევანს საინტერესო წერილისთვის. ჩინური მართლაც უძვირფასესი ღვინოა. წერილის ბოლოში ნათქვამ, ფრონეს ხეობაში ნაკლებად ცნობილ ხალხურ სიმღერას გამოვეხმაურები: ჩინურის ქონა, მართლა სასიხარულოა ქართლელი კაცისათვის! მხოლოდ ჩემს ურბნისში კი არა საზოგადოდ ქართლში სუფრასთან ჩინურს რომ მიიტან, არ მგონია სტუმარს დალევამდეც თვალები სიამოვნებისაგან არ აუჟუჟუნდეს! :) ჩინურის განსაკუთრებით კარგ არომატს გორულ მწვანესთან ბუკეტში ვიღებთ. ისე, უდიდესი მოწიწებით ივანე ჯავახიშვილს ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ სახელწოდება ჩინური - ჩინებულიდან მოდის. და ბოლოს წარმატება მინდა ვუსურვო ყველა მეღვინეს, მათ შორის იაგო ბიტარიშვილს - როგორი წარმატებებით უწარმოებია ეს ჩვენი ჩინებული ღვინო! გაგვიმარჯოს ქართველებო!


რა რაოდენობით უნდა შეერიოს გორული მწვანე ჩინურთან რომ საუკეთესო ღვინო მივიღოთ თბილიში ვაპირებ ხეივანზე გაშვებას


მთელ მცხეთის რაიონში(შიდა ქართლია) ეს ვაზი აქვთ გლეხებს და ამ მადლიან ღვინოს აყენებენ.


მცხეთის რაიონი(ე.წ. მუნიციპალიტეტი) შიდა ქართლი არ არის!


Sadac martla egred codebuli cinuri dgeba chveneburad sachino lamiskana da okami da muxrania qsnis xeobis perdobi tavisi tavkveris damtvervit danarcheni tqven arkviet


yvelaze meti raodenobis chinuri da goruli mwvane modis goris raionshi, kerdzod sofel qveshshi,daaxlovebit 100 heqtarzea gashenebuli venaxebi... yvela venaxshia gashenebuli chinuris, giruli mwvanes, da tavkveris jishis yurdzeni.... tavkverze calke iqneba gaaketot statia, radgan ara mgonia tavkveris analogi gvino romelime kutxeshi arsebobdes, igive aromatit, tvisebebit.... rac sheexeba dayenevis wess da goruli mwvane ra raodenobit unda sheerios.....30℅ naklebi ar unda iyos goruli mwvane.... 50-50 nakveti gashenebuli dziritadad ....


მცხეთა შიდა ქართლია, ისევე, როგოც სვანეთი სვანეთია და არა სამეგრელო-ზემო სვანეთი.


გუშინ მივირთვი რქაწითელისა და ჩინურის ნაზავი. გაოცებული ვარ.მე ვიტყოდი ბრწყინვალე იყო.კარგა ხანია მზგავსი გემრიელი არაფერი დამილევია.საოცრებაა ციცქა-ცოლიკაური, ცოლიკაური-კრახუნა, ცოლიკაური-რქაწითელი /ეს კუპაჟი ნაკლებად გამოიყენება.მომიწია მეგრული ცოლიკაურის და კახური რქაწითელის დაგემოვება,ნამდვილად კარგი გამოვიდა/


გეთანხმები, ჩვენ ვაყენებთ ღვინოს მცხეთის რაიონ სოფელ ძეგვში ჩინურის და რქაწითელის შერევით და იდეალური დგება.


ლამისყანაში (შიდა ქართლი, ქსნის ხეობა, კასპის რაიონი)მოდის ჩინებული ჩინური, უმაგრესი ღვინო იწურება


თქვენ ისე ამბობთ ატენს ბუმბული უბრტყვნია :დ რაც არუნდა ვინც არუნდა თქვას ატენურს რო ვერ შეედრება ვერც მცხეთის ვერც მუხრანის და ვერც ქვეშის ღვინო არუნდა დიდი მსჯელობა. მთავარი რაოდენობა კიარა მთავარია ხარისხი ატენურ ჩინურს და ხიდისთაურ თავკვერს ვერცერთ ტერიტორიაზე მოყვანილი ჩინური და თავკვერი ვერ შეედრება.


ვინ ამოწმებს რომელ სოფელში მოდის საუკეთესო თავკვერი? ან ჩინური? წეროვნის მევენახეობის მეურნეობაში 1500 ფექტარზე იყო ჩინური გაშენებული და როგორ ფიქრობთ კომუნისტებმა არ იცოდნენ სად აშენებდნენ??? მცხეთა შიდა ქართლია გეოგრაფიულად და არა მცხეტა მთიანეთი და რა ვიცი კიდევ რა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული