- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?
- როგორ დაიწყო ეს ყველაფერი: რამდენიმე წლის წინ ერთ ოჯახში ქმარი, ცოლი და პატარა შვილი ტკბილი ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ქმარი-ექიმი პროფესიით მუშაობდა ანგიოქირურგიაში, ცოლი კი სამოქალაქო სექტორში და პატარაც იზრდებოდა თბილად და ტკბილად. რაც აღსანიშნავია, იმ დროს ისე არ უყვარდათ სოფელი, როგორც უნდა ჰყვარებოდათ. ერთ მშვენიერ, ზუსტადაც, რომ მშვენიერ დღეს, ქმართან მივიდა თანასოფლელი და სთხოვა მიეყიდა მიწა, რომელიც მის მომიჯნავედ იყო. მიწის არსებობა ბუნდოვნად ახსოვდა ექიმს. დაინტერესდა, გაიკითხა და აღმოაჩინა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც მას მემკვიდრეობით ერგო, მდებარეობდა ფაფრის მინდვრების მიკროზონაში, სადაც საუკეთესო ხარისხის საფერავი იზრდება. ამ სიახლის გაგების შემდეგ, ქმარმა და ცოლმა დაუყოვნებლივ გადაწყვიტეს დაემუშავებინათ 15 წლის დაუმუშავებელი მიწა და დაერგოთ საფერავის ნერგები, მოეარათ მხოლოდ ბიოლოგიური შესაწამლი ხსნარებით და საკუთარი ნატურალური ღვინო ჰქონოდათ თავისი ოჯახისთვის და სტუმრისთვის. ჩანაფიქრი რამდენიმე თვეში სისრულეში მოიყვანეს. თავიდან, როცა ვაზი პატარა იყო, ქმარი უდიდესი ხალისით მუშაობდა, დილით ადრიანად მიდიოდა ვაზის შესაწამლად, თვითონ ამზადებდა შაბიამნის ნაზავს, საკუთარი ზურგით წამლავდა და შემდეგ სამსახურში მიდიოდა პაციენტებთან. ყოველკვირეულად ნახულობდა ცოლ-ქმარი ვენახს და ისევე უყვარდათ, როგორც საკუთარი შვილი. იმავე წელს პაპისეულ მეორე ნაკვეთში რქაწითელი და ხიხვი გააშენეს. ცოტა რომ მოიზარდა ორივე ვენახი, სანდო ადამიანს ჩააბარეს საპატრონოდ, რომელიც დღესაც სულს და გულს არ იშურვებს. სარეველებისთვის პესტიციდებით შეწამვლის ნაცვლად ცხენშებმული გუთნით ხნავდნენ ვენახს. ვაზის მოტრფიალე ადამიანები მიჰყავდათ ვენახის გასაფურჩნად და მოსავლელად. თვითონაც ისევ ჩართულები იყვნენ ყველა პროცესში. მესამე წელს მიღებული პირველი მოსავალი, ჯერ კიდევ ახალი გამოსხმული ნაყოფი, მთლიანად გააცალეს ვენახებს, რადგანაც ვაზის ფესვს მეტი ენერგია ჰქონოდა და უფრო ღრმად ჩასულიყო მიწის სიღრმეში მინერალების შესათვისებლად. მეოთხე წელს კი რთველი უდიდესი სიხარულით და ზეიმით აღნიშნეს და ნაფერები საფერავი ქვევრში ჩაწურეს. ერთი კვირის შემდეგ რქაწითელიც ჩაწურეს მეორე ქვევრში. აი, სწორედ ეს ნალოლიავები ღვინოა ჩვენი ექიმის ნატურალური ღვინო "ექიმის ბიო-მარნიდან".
- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
- ფაფრის მინდვრების მიკროზონაში გაშენებული გვაქვს საფერავი, რქაწითელი და ხიხვი. ვაპირებთ კიდევ გავაშენოთ ძველი ქართული ჯიში ჟღია.
- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
- ვაწარმოებთ ქვევრის ნატურალურ საფერავს და რქაწითელს, წელს ასევე გვექნება ხიხვიც.
- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
- საქართველოში ჩვენი ღვინოები იყიდება თბილისში „ნინო მერის" ღვინის მაღაზიაში და ბათუმში მაღაზიას „ღვინის ნოტებში“.
- გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?
-დიახ, უცხოურ ბაზარზე ჩვენი ღვინო გადის. ჩვენი ქვევრის ნატურალური საფერავი იყიდება იაპონიის ბაზარზე, ბიო და ნატურალური ღვინოების მაღაზიაში.
- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
- საწყის ეტაპზე მრავალი სირთულე შემხვდა, რადგანაც არ ვარ პროფესიონალი მეღვინე, მრავალი კითხვა მქონდა მევენახეობის და მეღვინეობის სფეროში. მრავალი მუშაობა და სწავლა დამჭირდა, რომ გავმკლავებოდი პრობლემებს და დამეყენებინა იმ ხარისხის ღვინო, რა შედეგზეც ეხლა გავედი. სირთულე ტრენინგების ნაკლებობა იყო, რაც პანდემიით იყო გამოწვეული.
- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
- სახელმწიფოს მხრიდან საოჯახო მარნების განვითარების ხელშეწყობა როგორც გრანტებით, ასევე სხვადასხვა სახის ტრენინგებით, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის.
- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?
- არ დაკარგონ ენთუზიაზმი, დააყენონ პრემიუმ ხარისხის ღვინო და წარმატება თავისით მოვა. ასე მოხდა ჩემს შემთვევაშიც, როცა იაპონელმა ექსპორტიორმა და სომლიემ ერთ-ერთ გამოფენაზე დააგემოვნა ჩემი ღვინო და შემომთავაზა იაპონიაში ექსპორტი.
მარნის მისამართი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩუმლაყი, ქუჩა 7, სახლი 27.
ტელეფონი: +995 599888801
ელფოსტა: rawwinegeorgia@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი:Doctor's Bio-cellar ექიმის ბიო-მარანი
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი