გამოქვეყნებულია: 14 ივნისი, 2010 - 14:55
ბოლო დროს ლამის მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმდინარე ქართული ღვინის პიარ-აქციების ფონზე საინტერესოა ღვინის მსოფლიო ბაზარზე არსებული სიტუაციის და ტენდენციების განხილვა. ბაზრის, რომელიც საკმაოდ გადატვირთული გახლავთ და რომელზეც დამკვიდრებას სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს.
უმსხვილესი მწარმოებლები
ღვინის მწარმოებელ ათი უმსხვილესი ქვეყანა საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, აშშ, არგენტინა, ავსტრალია, გერმანია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, პორტუგალია და ჩილე გახლავთ. წამყვანი ექსპორტიორები იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ავსტრალია და ჩილე, იმპორტიორები კი დიდი ბრიტანეთი, აშშ, გერმანია, იაპონია და ნიდერლანდები არიან.\
გასული წლის მონაცემებით, მსოფლიოს უმსხვილესი ღვინის მწარმოებელი კომპანია ამერიკული Constelation Brands არის, რომელმაც ხუთი მილიონ ჰექტოლიტრამდე ღვინო ჩამოასხა. მას ცოტათი ჩამორჩნენ ასევე ამერიკული კომპანიები E&J Gallo და The Wine Group და ფრანგული Castel Freres. მათ შემდეგ უნდა მოვიხსენიოთ ფრანგული Grand Chais de France, ბრიტანული Allied Domecq, რომელიც თავის ბიზნესს ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში, არგენტინასა და ესპანეთში აწარმოებს, და ავსტრალიური Southcorp.
სამომხმარებლო ბაზრის შესწავლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სულ გასულ წელს მსოფლიოში წარმოებულ იქნა 300 ჰექტოლიტრამდე ღვინო, ხოლო ღვინის მსოფლიო ბაზარზე საქონელთბრუნვამ 107 მილიარდი დოლარი შეადგინა. ექსპერტთა აზრით, წელს ბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება და დაახლოებით 113 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
ანალიტიკოსთა აზრით, ღვინის მსოფლიო ბაზრის ზრდას ახალი ბაზრების, განსაკუთრებით ჩინურის და ზოგადად აზიურის, გაფართოება განაპირობებს. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა აქვს ლუდის ბაზარზე მომხმარებელთა ქცევის მოდელის შეცვლას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ავსტრალიასა და სკანდინავიის ქვეყნებზე უნდა ითქვას. ამასთან, სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება წითელ ღვინოს, როგორც ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტს. უკანასკნელ წლებში მისმა წარმოებამ 12 პროცენტით მოიმატა.
დანარჩენი მსოფლიო ევროპის წინააღმდეგ
აღსანიშნავია, რომ ღვინის მსოფლიო ბაზარზე ფრანგი, იტალიელი და ესპანელი მწარმოებლების წილმა მათი ამერიკელი, ავსტრალიელი, არგენტინელი, ჩილელი და სამხრეთ აფრიკელი კონკურენტების ხარჯზე იკლო. ამის ძირითადი მიზეზი განსხვავებულ მიდგომაშია: თუ ევროპელებისათვის მეღვინეობა მთელი რეგიონების ცხოვრების სტილი, უძველესი ტრადიციებისადმი თაყვანისცემაა, ბებერი კონტინენტის ყოფილი კოლონიებისათვის მეღვინეობა მხოლოდ ბიზნესია და უმთავრეს მნიშვნელობას წარმოების ეფექტურობას და მარკეტინგს ანიჭებენ.
ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ ევროპული და არაევროპული ბაზრის სტრუქტურა პრინციპულად განსხვავებულია. ექსპერტთა მონაცემებით, ღვინის ხუთი უმსხვილესი მწარმოებელი ბაზრის მხოლოდ 8 პროცენტს აკონტროლებს. და ეს მაშინ, როცა ამდენივე უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიას ბაზრის 27 პროცენტი აქვს ათვისებული. ამის მთავარი მიზეზი ევროპულ კომპანიათა დაქსაქსულობაა. მარტო საფრანგეთში 250 ათასამდე ღვინის მწარმოებელი კომპანიაა, ავსტრალიაში კი ბაზრის 75 პროცენტს ოთხი მსხვილი კომპანია: Southcorp, BRL Hardy, Orlando Wyndham და Be-ring Blass აკონტროლებს. როგორც წესი, ევროპელთაგან განსხვავებით, ოკეანისგაღმელი კომპანიები შერწყმათა საშუალებით გიგანტი კორპორაციების შექმნისაკენ ისწრაფვიან.
ყველაზე მსხვილი ღვინის ბაზარი ამერიკულია, მის 77 პროცენტს ადგილობრივი წარმოების სასმელი შეადგენს, დანარჩენს კი იმპორტული. ამერიკაში ღვინის უმსხვილესი მიმწოდებლები არიან: იტალია, ავსტრალია, საფრანგეთი, ჩილე და ესპანეთი. თავის მხრივ, აშშ თავისი ღვინის იაპონიაში, დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, ბელგიასა და კანადაში ექსპორტს აწარმოებს.
იტალიის, საფრანგეთის, ესპანეთის და პორტუგალიის ტრადიციულ ღვინის ბაზრებზე მოხმარებული სასმელის რაოდენობა თანდათანობით კლებულობს. საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყნებში ახალგაზრდები ღვინოს ისე რეგულარულად არ ეწაფებიან, როგორც მათი წინაპრები. ამის ერთ-ერთი მიზეზი ანტინიკოტინური და ანტიალკოჰოლური კამპანია, თამბაქოს ნაწარმისა და სპირტიანი სასმელების რეკლამის აკრძალვა და გამკაცრება გახლავთ. დღეს მხოლოდ ფრანგთა 37 პროცენტი იმაჭრიანებს ყელს რეგულარულად, მაშინ, როცა 1980 წელს ეს მაჩვენებელი 67 პროცენტს აღწევდა.
მცირდება ექსპორტი მეღვინეობის ტრადიციული ქვეყნებიდან. საფრანგეთის ღვინის და მაგარი სასმელების ასოციაციის ინფორმაციით, შარშან ფრანგული ღვინის ექსპორტმა 7 პროცენტით მოიკლო. იტალიელ ფერმერთა კავშირის ცნობით კი, ამ ქვეყნიდან ღვინის ექსპორტი 5,5 პროცენტით შემცირდა. სამაგიეროდ, ჩილური ღვინის ექსპორტი მთელი 13 პროცენტით, ამერიკულის 29-ით, ავსტრალიურის კი 11 პროცენტით გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბაზარზე სულ უფრო იზრდება ძვირფასი ღვინის სექტორი. ევროპაში ეს ტენდენცია განსაკუთრებით ნათლად სკანდინავიის ქვეყნებში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში ვლინდება. თუ ევროპელი მეღვინეებისათვის ძვირფასი ღვინო ტრადიციული პროდუქტია, ოკეანისგაღმელი მწარმოებლებისათვის იგი ბიზნესის ახალი მიმართულება გახლავთ, რომლის საშუალებითაც ისინი შემოსავლის გაზრდას ცდილობენ. ბოლო დროს ამერიკელმა, არგენტინელმა, ჩილელმა და ავსტრალიელმა მეღვინეებმა სულ უფრო
გაზარდეს Premium-ის სეგმენტის პროდუქტის წარმოება, თანაც, ამისათვის ხშირად განთქმულ ევროპულ ბრენდებს იყენებენ და მათ უფრო იაფად აწარმებენ, ვიდრე ბებერ კონტინენტზე.
ცხადია, ევროპელ მეღვინეებს ეს არ მოსწონთ, მაგრამ ცნობილი ყურძნის ჯიშის დასახელებებში მოხსენიების მიმართ ვერაფერს გააწყობენ, რადგან ოკეანისგაღმელები აცხადებენ, რომ აღნიშნული ჯიშები სხვაგანაც იზრდება. სამაგიეროდ, ევროპელებმა გარკვეულწილად მიაღწიეს უცხოური წარმოების ღვინოების დასახელებაში „გეოგრაფიული ინდიკატორების“, როგორებიცაა „შამპანური“, „პორტო“, „ჰერესი“ და ა.შ. გამოყენების შეზღუდვას. თუმცა, ოკეანისგაღმელებმა სხვა სახელები მოიფიქრეს, მაგალითად, „ნახევრადჩევულებრივი“, თანაც, ბევრი არ ეპუება და აცხადებს, რომ ნებისმიერი დასახელების გამოყენების უფლება აქვთ.
სიტუაციის გამოსასწორებლად ევროპელ ღვინისმწარმოებლებში ფართოდ გავრცელდა ტერმინი «კომერციული ღვინო». ისინი ცდილობენ ახალი ტექნოლოგიების დანერგვით შედარებით იაფი, „მასობრივი“ სასმელის გამოშვებას მიაღწიონ. ამასთან, იძულებული არიან ბევრი „ტაბუ“ გააუქმონ. მაგალითად, თვით ფრანგული „ბორდოს“ მწარმოებლები უკვე გვირჩევენ ხორცთან და თევზთან ნებისმიერი მარკის ღვინოს შევექცეთ და არა განსაკუთრებულს.
ზემოთ ჩამოთვლილი ათი წამყვანი ღვინისმწარმოებელი ქვეყნის გარდა სულ უფრო და უფრო აფართოებენ თავიანთ წარმოებას ამ თვალსაზრისით შედარებით წვრილი ქვეყნები. ესენი გახლავთ: ევროპაში: ალბანეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი, საბერძნეთი, უკრაინა, რუსეთი; აზიაში: ჩინეთი და ინდოეთი; ამერიკაში:
მექსიკა და ბრაზილია; ისინი ძირითადად ახალი ტექნოლოგიების ათვისებით და ამერიკელთა და ავსტრალიელთა გამოცდილების გაზიარებით, იაფი, „მასობრივი“ ღვინოს წარმოებას ცდილობენ. ცხადია, მათ ნაწარმს ბევრგან ჯერჯერობით გარკვეული ეჭვით უყურებენ, მაგრამ როცა ერთი ბოთლი ღვინო 1,5 დოლარი ღირს, მყიდველი მაინც ჰყავს. თანაც, სულ უფრო ხშირად გორდება პიარ-კამპანია, რომ იაფი ღვინო ძვირფასზე არანაკლებ ხარისხიანი და მარგებელია.
იაფი რუსული ბაზარი
ქართულ ღვინოზე რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების და ჩვენებურ მეღვინეთა მიზნად რუსეთის ბაზარზე დაბრუნების გახდომის შემდეგ, განსაკუთრებით საინტერესოა, ამ ქვეყნის ბაზარზე არსებული სიტუაცია.
თავად რუსეთს ელიტარული ღვინის წარმოების საშუალება არ აქვს, ამიტომ, აქცენტს „მასობრივ ღვინოზე“ აკეთებს. საერთოდ, რუსული ბაზრის 80 პროცენტი იაფასიან ღვინოს აქვს დაპყრობილი, რომელიც ერთი ბოთლი 3-4 დოლარი ღირს. ჯერ ერთი, რუსი მომხმარებლის შემოსავალი საკმაოდ დაბალია და ამასთან, მისი
ფსიქოლოგია დასავლელისას მთელი 20-30 წლით ჩამორჩება. ამიტომაცაა, რომ რუსეთში იმპორტირებული ღვინის მხოლოდ 15-20 პროცენტია „ელიტარული“. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთში ძვირფასი ღვინოების იმპორტი ბოლო დროს თანდათანობით, უმეტესწილად დიდი ქალაქების ხარჯზე იზრდება.
რუსულ ბაზარზე იმპორტირებული ღვინის დიდი ნაწილს ამერიკული, არგენტინული, ავსტრალიური და ესპანური იაფასიანი ღვინოები შეადგენს. გარდა ამისა, თანდათანობით მატულობს ალბანური, ბერძნული, უნგრული, რუმინული და ბულგარული ღვინის იმპორტი. აღსანიშნავია, რომ ქართული და მოლდოვური ღვინოების მოკვეთის შემდეგ, რუსულ ბაზარზე განთავისუფლებული ამ ნიშის ათვისებით განსაკუთრებით რუმინელები და ბულგარელები დაინტერესდნენ.
მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ
© business.presa.ge
თემა:
თქვენი კომენტარი