Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბურგუნდიული ღვინის ფერი - ფოტომოთხრობა

გიორგი ბარისაშვილი

  საფრანგეთში წასვლა ბავშვობიდანვე არ მინდოდა, მაგრამ ამ ორი წლის წინ კინაღამ ბორდოში წავედი. ყოველი შემთხვევისათვის, ჩემთვის თვითმფრინავის ბილეთები უკვე ნაყიდი იყო და იქაური სასტუმროც დაჯავშნილი, მაგრამ მაშინ ბორდო ჩემს უნახავად დარჩა. თუმცა ჩემს მეგობართან ერთად ბოლოს საფრანგეთში მაინც მოვხვდი...

  პარიზიდან, რომლის ვაგზალსაც ჩვენი გორგოლაჭებიანი სამგზავრო ჩემოდნებით სამი-ოთხი წრე დავარტყით, გავემგზავრეთ ქალაქ ანჟეში (Angers), სადაც მეღვინეობის გამოფენების კვირეული იყო გამართული. ერთ-ერთ გამოფენაში ჩვენებურებიც იღებდნენ მონაწილეობას. მე, როგორც წესი, უცხოეთის გამოფენებზე ჩემი ფიალით ჩავდივარ და იმით ვსინჯავ ღვინოს. არც ეს ჯერი ყოფილა გამონაკლისი...

მე და გიორგი წირღვავამ ჩვენი ბიჭები გამოფენის მეორე დღეს მოვინახულეთ მცირედი ხნით და ამ დროში საკმაოდ საინტერესო ღვინოებიც გავსინჯეთ. გამოფენაზე მისვლამდე, დილით სასტუმროში ელის ფეირინგს გადავეყარე, რამაც ძალიან გამახარა და მაშინვე კომპლიმენტებით ავავსე მისი ქართულად ახლადნათარგმნი წიგნის გამო.

გამოფენაზე, სადაც „ნატურალური“ მეღვინეები იყვნენ წარმოდგენილი, განსაკუთრებით ორი ღვინო მომეწონა, შარდონე 2016 და პინო წითელი 2018. შარდონეს ასაკი ჯერ არ ეტყობოდა და ახალგაზრდა იერი ჰქონდა. ფერით ჩამოჰგავდა ახალგაზრდა უდედო მწვანეს, ან ცოტა ხანში შესულ ჩინურს. ყველაზე მეტად ამ ღვინოში ის მომეწონა, რომ იყო გაწონასწორებული და ჰარმონიული. მეგონა, თითქოს ხელში მაღალხარისხიანი აბრეშუმის ნაჭერი მეკავა. ნაკლებად არომატული იყო და მასში უფრო მინერალების ტონები იგრძნობოდა. გემოზე, რატომღაც კრახუნა გამახსენდა და ცოტა მივამგვანე კიდეც. ხოლო მეორე ღვინო გავსინჯე თუ არა მაშინვე ატენის საფერავი დამიდგა თვალწინ. (ვიფიქრე, სამშობლო თუ მომენატრა და ამიტომაა, რომ ყველაფერი ქართულად მეჩვენება მეთქი, მაგრამ სულ რაღაც წინა ღამით ვიყავი ჩამოსული და გამოფენაზე კი ერთი საათის მისული, სადაც გარდა უცხოურებისა, ჩვენების ღვინოებიც დავაჭაშნიკე...) ფერი, გემო, სურნელი, ქართულსა და უცხოურ ღვინოს შორის ამგვარი მსგავსება იშვიათად მიგრძნია. შარდონეც და პინოც ისეთები იყო, რომ ან მაშინ უნდა დაგელია, როცა კარგ ხასიათზე იყავი და ან მაშინ, როცა ცუდზე... ესე იყო თუ ისე იაგოს, რამაზის, ჯონი ოქროსა და ჯონ ვურდემანის ნახვის შემდეგ სასტუმროში დავბრუნდით და ცოტა ხანში მე და გიო უკვე სხვა ქართველებთან - მამუკასთან, მის მეუღლესთან და მათ მეგობარ გიორგისთან ერთად ვუსხედით სუფრას ერთ-ერთ რესტორანში, სადაც საშუალოზე მაღლი ფასების მიუხედავად, საჭმელი არ მომეწონა, თუმცა კი ღვინოები კერძებთან სწორედ იყო შეხამებული. კვების ეს ობიექტი ნახევრად კმაყოფილმა და ნახევრად მშიერმა დავტოვე... მეორე დილით კი ოქრო ჯონიმ და რამაზ ნიკოლაძემ გამოგვიარეს და მანქანით, რომელიც ოქროს ყავდა დაქირავებული, მეორე გამოფენისკენ გავწიეთ ერთ მიყრუებულ სოფელში. ეს ღონისძიება, რომელიც ასევე ნატურალური მეღვინეობის გამოფენას წარმოადგენდა იმართებოდა უზარმაზარ გამოქვაბულში, რომელიც პროსპექტებად იყო დაქსელილი და ალბათ ათასზე მეტ ადამიანს იტევდა.

აქ მთელი საფრანგეთიდან ნახავდით მონაწილეებს: შამპანი, ბორდო, ბურგუნდია, ლუარა, შაბლი, ჟურა, ბოჟოლე... რა გინდა სულო და გულო? შენ ოღონდ სადმე ჩაიტიე და სინჯე რამდენიც გინდა. შევხვდი ფრანგ ცოლქმარს, რომლებსაც გამოფენაზე ჩვენებურ ქვევრში დაყენებული ღვინო ჰქონდათ გამოტანილი.

 ერთი პატარა ფრანგი ბიჭი გავიცანი, ერთი ქვევრი ჰქონდა და იმაში დაყენებული ღვინო გამოეტანა. რომ გაიგო, ქართველი ვიყავი, აღარ მომშორდა, გამასინჯა თავისი ღვინო და მერე ჩამაცივდა, მითხარი როგორიაო... რა თქმა უნდა, შევუქე. მართლაც კარგი იყო, ცოტა ახალგაზრდა, ხანი აკლდა, მაგრამ კარგი იყო!

 ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ფრანგულ ღვინოებში ძალიან ჭარბობს „მუხა“. ეს ყოველი ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა და პირადად მე ამგვარ საგანში პერსპექტივას ვერ ვხედავ. ამგვარ ღვინოს მომავალი ნამდვილად არა აქვს. რამდენიმე საათში არაქათი გამოგვეცალა, მერე იხვის სუპითა და ხამანწკებით მოვღონიერდით და იქვე ახლოს ჩვენს სასტუმრო სახლში წავედით. დილით ადრე უნდა წავსულიყავით ბუგუნდიის დედაქალაქ დიჟონში, სადაც მოგზაურობების მთელი რიგი გველოდა. დაძინებამდე ჯერ კიდევ იყო სამიოდე საათი და ცოტა გავიარეთ, მცირედი მისაყოლებელი ვიყიდეთ და დაწოლის წინ თითო ბოთლი რქაწითელი და მწვანეც დავლიეთ. „დორემის“ ღვინოები იყო და რომ დავაგემოვნე, ცოტა გამიკვირდა, ამხელა გზაზე რისთვის ჩამოვედით-მეთქი?

სასტუმროს მეპატრონემ დილით სადგურში მიგვიყვანა და გამოგვაცილა. საერთოდ ძალიან კარგად დაგვხვდნენ, რისთვისაც ერთი ბოთლი „დორემის“ რქაწითელი ვაჩუქეთ. წავედით დიჟონში, მგზავრობა მგონი სამ საათამდე გაგრძელდა. მე კინდლი მქონდა წაღებული და თუ არ მეძინა დათო ტურაშვილის „იყო და არა იყო რას“ ვკითხულობდი. დიჟონში ცოტა სული მოვითქვით, შევნაყრდით და ადგილობრივი ლუდიც დავაყოლეთ.

იქ არ გავჩერებულვართ და წავედით მეზობელ ქალაქ ბონში (Beanue). პატარა ქალაქია, მაგრამ ღვინის დიდი კულტურის მქონე, სულ ვენახებში ჩაფლული. იმდენად პატარა იყო, რომ ტაქსებსაც კი ვერ შეხვდებოდი კაცი, ყველა ფეხით დადიოდა. პირველად ვნახე ქალაქი, რომელზეც ღვინის კვალი ამგვარად აისახებოდა. საითაც გაიხედავდი, ყველგან ვაზის ჩუქურთმებსა და სიმბოლოებს დაინახავდი. ულამაზესი ღვინის ბარები, ღვინის მაღაზიები, ლამაზად მოხატული ძეხვეულისა და ყველის მაღაზიები, სუვენირები, წიგნები, ანტიკვარების მაღაზიები... რესტორნის მენიუებიც კი ვაზის ჩუქურთმებით იყო შემკული. კი, მაგრამ ჩვენთანაც ხომ შეიძლება ამგვარი რამის გაკეთება? ვაზისა და ღვინის ქვეყანა ვართო გავიძახით და ქუჩებში საარჩევნო პლაკატების მეტს ვერაფერს ნახავს კაცი, რომლებზეც სირაქლემას სახიანი და გამოშტერებული სახის ქალები და კაცები არიან გამოსახული.

თხელი ბიუჯეტის მიუხედავად მოვახერხე და ანტიკვარებში შევიძინე მინის დოქი, რომელიც ძალიან წააგავდა თიხის ქართულ დოქს. ასევე ღვინის ჭიქა, რომელიც ვაზის ფოთოლ-მტევნებით იყო შემკული.

ტურისტული სეზონი არ იყო და უცხოელებს თითქმის არ ვხდებოდით. მეორე მხრივ, ჩინური ვირუსის შიშის სუნი სუსტად, მაგრამ მაინც იგრძნობოდა, რასაც საღამოობით ძველი ქართული მეთოდებით ვებრძოდით შეძლებისდაგვარად. სასტუმრო Belle Epoque-ში, სადაც საუზმე არ უვარგოდათ, სამი ღამით დავბინავდით. აქედან დავდიოდით დეგუსტაციებზე და ასევე სახელგანთქმულ ადგილწარმოშობებში, როგორებიც იყო: რომანე, რომანე კონტი, შევალიე მონრაშე...

შევიარეთ მცირე საწარმოებში და დავაგემოვნეთ იქაური ღვინოები. ბონთან ახლოს ერთი საკმაოდ დიდი საწარმო მოვინახულეთ და მათი ღვინოებიც გავსინჯეთ. ერთი ღვინო მაშინვე ჩამივარდა გულში. ეს იყო შარდონე 2015, „პრემიერ კრუ“. კარგად დაბალანსებული და ჰარმონიული ღვინო იყო ბოთლური დაძველების ხარჯზე. რა თქმა უნდა მუხაც იგრძნობოდა. ანისის სურნელი ჰქონდა და ცოტა გამიხარდა, რადგან, მანამდე ეს უკანასკნელი მხოლოდ ერთი გერმანული ღვინიდან - გევიურცტრამინერიდან მახსოვდა.

დეგუსტაციაზე პირველ რიგში ყველა თავიანთ სავენახე ნიადაგზე გიყვება, თანაც სიამაყით. არაერთხელ შევნიშნე წიგნი სათაურით - ბურგუნდიის სავენახე ნიადაგები და სხვ. ძირეულად იცნობენ საკუთარ ნიადაგებს. დაიწყებენ საუბარს და მაშინვე მათი რეგიონის რუკას გაგიშლიან ცხვირწინ. მერე სიამაყით ყვებიან, თუ სად როგორი ნიადაგია და სად როგორი ღვინო იცის. თითქოს არაფერი შეცვლილა ორასი, სამასი წელიო, ისე ყვებიან ყველაფერს. ჩვენ გაგვიმართლა, რომ საინტერესო გიდი შეგვხვდა, რომელმაც ორი დღე მოგვატარა საკუთარი მანქანით იქაურობა.

ბურგუნდიაში სხვლის პერიოდი იდგა. ამიტომ სადაც წავედით, ყველგან ვაზის ნასხლავის ბოლი იდგა, რასაც პირდაპირ ვენახებშივე წვავდნენ. ცხადია, გამახსენდა კახელი მევენახეები, რომლებიც ასევე ვენახებთანვე წვავენ მწვადს ამავე წალამზე. ამგვარს ვერავინ მოიგონებდა, თუ არა კახელი მადლიანი კაცი... ვენაცვალე ჩემს კახეთსა და კახელებს.

 ამ დეგუსტაციიდან რომ მოვდიოდით, შთაბეჭდილებების წიგნი შევნიშნე გადაშლილი. მაშინვე მივაშურე და დავტოვე ქართული კვალი.

აქვე გამოვიარეთ სოფელი „გიორგი წმინდა“ და წავედით ერთ პატარა სოფელ გამესკენ. გამე ფრანგული ვაზის წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია. ამ ჯიშისაგან ფრანგები ბოჟოლეს ღვინოს აყენებენ და მერე ბოჟოლეს დღესასწაულს აწყობენ. თუმცა ეს ყველაფერი სხვაგანაა, თანაც ამ გამედან შორს...

ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება, საქართველოშიც ერქვას რომელიმე სოფელს ვაზის ჯიშის სახელი მეთქი. ყოველი შემთხვევისთვის, უაზრო სახელებს - ახალსოფელი, ახალუბანი, არაშენდა და სხვ. რომლებიც მგონი ყოველ მეშვიდე სოფლის მომდევნოს ჰქვია, ბევრად ჯობია ვაზის ჯიშის სახელი. არ ვიცი, რამ უნდა აიძულოს კაცი, რომ საკუთარ სოფელს „არაშენდა“ დაარქვას, ან ახალსოფელი, ან ახალუბანი, მაშინ, როდესაც ამგვარი სოფლები უკვე თითქმის ათობითაა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში... ამგვარი ნათლიების ტიტული კახურად უფრო ლამაზად ჟღერს, მაგრამ მკითხველს რა ვუყო?

ჩვენი გიდი, სახელად ფრანსუა, იქაურობას ძალიან კარგად იცნობდა. შევიდოდით თუ არა სოფელში, გვეტყოდა - აქ 400 კაცი და 40 მეღვინე ცხოვრობს, აქ კი 600 კაცი და 50 მეღვინე და სხვ. სოფელი გამე ულამაზესი იყო. პატარა, კოპწია, ვენახებით გარშემორტყმული. ძალიან ლამაზი ორღობეებით ვიარეთ. ეზოს ყორეები კირქვით იყო ნაშენი, რომლებსაც უმეტესად ვაზები ამკობდა. ძველი სოფელი ჩანდა და თან საკმაოდ რელიეფური და ოღრო-ჩოღრო. გავცდით თუ არა გამეს, მალევე მივადექით ერთ ვენახს, სადაც ასევე სხვლა მიდიოდა. ისეთი ლამაზი იყო იქაურობა, რომ ჩვენს გიდს, რომელიც ამავდროულად მძღოლიც იყო, ვთხოვე, მანქანა გაეჩერებინა. ვენახის ნიადაგი იმდენად კირქვიანი იყო, რომ მიწა არ ჩანდა. თითქოს ეს კირქვები საიდანღაც მოიტანეს და დაყარესო...

 მქონდა საშუალება და დავაგემოვნეთ სწორედ ამ ვენახების შარდონე. ძლიერ მინერალური გემო, ინტენსიური შეფერვა, ხალისიანი და დაბალანსებული იყო ხანგრძლივი დაბოლოვებითა და ცხადია, მუხის თანხლებით. ბურგუნდია წითელი პინოს და შარდონეს ადგილია. იშვიათად ალიგოტეც გამოერევა ალაგ-ალაგ, რასაც ისეთივე სერიოზულობით არ უყურებენ, როგორც ხსენებულ ჯიშებს.

 შუადღემ მოატანა და ერთ მცირე საწარმოს მივადექით. ჩავედით სარდაფში და ოთხი ღვინო გავსინჯეთ.

მე ერთი ბოთლი როზე ვიყიდე, გიორგიმ კი ოთხი ბოთლი შარდონე. გასინჯულებიდან ჩემი ფავორიტი იყო შარდონე 2016. ამ ღვინოში ყველაზე მეტად ჰარმონიულობა მომეწონა. ღვინოში, როგორც იტყვიან, ყველაფერი თვის ადგილზე იდგა. არ იყო ზედმეტად გაპრანჭული. როგორც ჩანს, სიძველეში წასულს მჟავიანობა გაეცა და დამრგვალებულიყო. ფერიც შესანიშნავი, თუმცა მაინც კასრის წყალობაც უნდა ყოფილიყო ესეთი ბაჯაღლოსფერი. ისე კი ძალიან საინტერესო და ლამაზი სარდაფი ჰქონდათ.

გამოსვლისას საწარმოს მფლობელის გოგოს, რომელიც გიდობას გვიწევდა მათი მცირე ქარხნის დათვალიერება ვთხოვე. შევედით და პირდაპირ ბეტონის რეზერვუარებს მივადექი, რამაც ცოტა გამაკვირვა. საბჭოეთის პერიოდში რომ გვქონდა, დაახლოებით ისეთები, თუმცა მხოლოდ საფერმენტაციო. ყველაფერი, დანადგარებიც და ჭურჭელიც ზედმიწევნით სუფთად იყო შენახული.

(რკინა ბეტონის რეზერვუარები ორი წლის წინ ბულგარეთშიც ვნახე. სამწუხაროდ ბულგარეთში ღვინის ძალიან დაბალი კულტურაა. აქვთ ვენახები, თან კარგად მოვლილი; აქვთ ღვინის ქარხნები; აყენებენ და სვამენ ღვინოს, მაგრამ მევენახეობა და მეღვინეობა ბულგარელების საქმე ნამდვილად არ არის!).

ბეტონის სადუღრებიდან ამ მცირე საწარმოს მესვეურებს ღვინო კასრებში გადააქვთ და იქ ავარგებენ. მერე ცოტა ფიქრმა წამიღო... აი, რა აკლია ქართულ მეღვინეობას - დაძველება! არადა ამისი კულტურა ნამდვილად იყო ჩვენში. ერთ-ერთ საწარმოში 2014 წლის ღვინო გაგვასინჯეს. მე ცოტა დავიწუნე და მოკრძალებულად შევაპარე კიდეც მეპატრონეს, რომ ღვინოს ჰარმონია აკლია მეთქი. მასში ცალ-ცალკე იგრძნობოდა სიმჟავე და ტანინი, ფერიც ვერ მომივიდა თვალში. მეპატრონეს ცოტა ემცხეთა, მაგრამ მცირედი პაუზის შემდეგ მითხრა, რომ ჯერ ახალგაზრდაა და მაგის ბრალიაო. ექვსი წლის ღვინოს ახალგაზრდად თვლიდა... ჩვენთან ჩვენი ახალშენი მეღვინეები საფერავს გაზაფხულის დასაწყისში უკვე ბოთლში ასხამენ. შვიდთვიანი საფერავის ჩამოსხმა სად გაგონილა? (მეორე მხრივ კაცია და გუნება). ჩვენში კარგად დაძველებული ღვინის გასინჯვა პრობლემაა, ვერ იშოვი კაცი ვერსად. ოღონდ ქარხნების უმეტესობის მიერ ჩამოსხმულს არ ვგულისხმობ. ეგეთი ღვინო „ვედრო ლარია“ დეზერტირებში და ნატახტარი-მისაქციელი-ბულაჩაურის ჩაყოლებაზე რომ ვითომ რესტორნებია, იქაც...

 (ერთიც ვნახოთ, შევედით მისაქციელში ერთ-ერთ ახლადგახსნილ რესტორანში, რომელსაც საინგილოს ერთი ცნობილი ადგილის სახელი ქვია რატომღაც. ღვინო რომ მოგვიტანეს, მიმტანმა სიამაყით გვითხრა - ჩვენ ხარისხზე ვმუშაობთო. ღვინო სადაურია მეთქი ვკითხე, ამა და ამ ქარხნისააო. გაგიხარია: დაჟანგული, ეთილაცეტატი და რამაც ყველაზე მეტად გამახარა, თაგვიც ჰქონდა. მაშინვე წამოვედით და მე იქ მიმსვლელი აღარა ვარ).

მოგვიანებით მივბრუნდით ჩვენს სასტუმროში. იქვე ახლოს ახლადგახსნილი სუპერმარკეტი იყო და შევიარე ყოველი შემთხვევისთვის. ღვინის დახლს რომ ჩავუარე, თვალი ფასებისკენ გამექცა. ერთი ბოთლი ფრანგული ღვინო „როზე“ – 1,3 ევრო ღირდა. ძალიან გამაკვირვა ფასმა და ვიყიდე ერთი ბოთლი, სასტუმროში მივიტანე და გავსინჯეთ მე და გიორგიმ. მინდა გითხრათ, რომ ფასი ადეკვატური იყო, ხოლო ხარისხი, რაც ჩვენი ქარხნების უმეტესობა როზეებს ასხამს და ყიდის, იმათ ყველას სჯობდა...

ბონის ქუჩებში ხეტიალისას ერთ-ერთ ძველ სახლზე ადამიანის მცირე ქანდაკება შევნიშნე. რომ დავაკვირდი, ცალ ხელში ყურძნის მტევანი ეჭირა, მეორეში კი - ვაზის სასხლავი. გავიკითხე ვინაა-მეთქი, წმინდა ვინცენტია, მევენახეთა და მეღვინეთა მფარველიო. ბერი ყოფილა, რომელიც მევენახეობა-მეღვინეობითაც იყო დაკავებული. ერთ-ერთ სარდაფში კიდევ ვნახე მისი ფიგურა, უკვე წიგნითა და მტევნით ხელში და გამიხარდა. უფრო ის გამიხარდა, რომ წიგნი ეჭირა ხელში. ზუსტად ვერ გავარკვიე ვინცენტის მოღვაწეობის პერიოდი და საერთოდ მისი ვინაობა...

როგორც ვთქვი, მთელს ამ პატარა და კოპწია ქალაქში ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებოდით ვაზისა და ღვინის სიმბოლოებს. ეს იყო ნამდვილი ღვინის ქალაქი! ვინატრე ამგვარი რამ ჩვენთანაც. შედიხარ თელავში და რაღაც სამარცხვინო პლაკატია გადაჭიმული გზაზე, ზედ სვეტიცხოველში რომ საირმული ქვევრი დევს, ისაა დაბეჭდილი და რაღაც სლოგანისმაგვარიც წერია.

 ვისაც ფრანგული ღვინის შეცნობა გწადიათ და ამისათვის ცოტა ჯიბეც მოგყვებათ, გირჩევთ, რომ ნახოთ ქალაქი ბონი.

სუვენირების ერთ მაღაზიაში მე და გიომ „ვინცენტის“ მცირე ფიგურები შევიძინეთ. ჩამოვედი თუ არა სახლში ფიგურას მაშინვე მივუჩინე ადგილი მარანში.

სოფელ გამედან რომ ვბრუნდებოდით, ერთ ადგილას დატერასებული ვენახი დავინახე, სადაც მიწის სამუშაოები მიდიოდა და ამის შედეგად კარგად მოსჩანდა ნიადაგის პროფილი. მანქანა გავაჩერეთ და ამ პროფილთან ახლოს მივედი. დაახლოებით მეტრანახევარის ფენა წითელმიწის რომელიღაცა ქვეტიპი იყო, ამასთან საშუალოდ ჩონჩხიანიც. ქვედა ფენაში კი იწყებოდა კირი. მაშინვე მივხვდი, თუ საიდან იყო აქაურ ღვინოში ამდენი მინერალური ტონები.

უცბად ლეჩხუმი გამასხენდა. ამგვარ პროფილებს სწორედ იქ შევხვედრივარ, თუმცა იქ ძირითადად ყომრალებია, მაგრამ ქვედა ფენებში იქაც კირია. ტვიშის ცოლიკოური ძალიან მივამგვანე ბონის შემოგარენში არსებული ადგილწარმოშების ძვირფას ღვინოებს. იმაზეც კი დავფიქრდი, თუ რომელი ღვინო უფრო მაღლა იდგა თავისი ბუნებითა და შინაარსით. ქვეყანა ტვიშის მფლობელი იყოს და ამ ნიადაგებზე მოწეული ყურძნით ყაზახეთში გასაგზავნ „პოლუსლადკის“ აწარმოებდეს, ნამდვილი სიგიჟეა!

ვაზისა და ღვინის სფეროში ჩვენი სიმდიდრე არის ჩვენივე სავენახე ნიადაგების დიდი მრავალფეროვნება, როგორიც სხვაგან არსად არაა, თუ სიმართლე გინდათ. სწორედ ამან განაპირობა ქართულ ვაზის ჯიშთა სიმრავლეცა და სიჭრელეც.

ერთხელ ტვიშში ყოფნისას მირანდა ჩხეტიანს ვთხოვე ძველი, ლეჩხუმური ქვევრები ეჩვენებინა ჩემთვის. მანახა ქვევრები, რომლებიც უკვე ჩამტვრეული იყო, მაგრამ სამაგიეროდ კარგად მოსჩანდა იქაური ნიადაგის მთელი სიმდიდრე...

 ხშირად ამბობენ - ღვინის ხარისხი ვენახში იწყებაო. თავდაპირველად ეს გამონათქვამი მეც ავიტაცე, მაგრამ თანდათანობით გავაცნობიერე, რომ ეს ყველაფერი ასე არაა! რა საოცრად ჰქონდათ შესწავლილი და გაცნობიერებული ვაზისა და ღვინის კულტურა ჩვენს წინაპრებს და როგორი მოწიწებით ეკიდებოდნენ ისინი ამ საგანს. რაც ჩვენ დავკარგეთ და დავივიწყეთ, ესაა საქმისადმი მათებური, მართებული მიდგომა. დიდად სამწუხაროა, მაგრამ სხვა გზა არ არსებობს. შესაბამისად, რისი აღდგენაცაა აუცილებელი, რომ კვლავ მართებულ გზაზე დავდგეთ და ჩვენი საქმეც წინ წავიდეს, იმის მოძებნაა საჭირო. ეს კი ჯერ–ჯერობით ისევ დაკარგულია. ვაჟა ფშაველამ თავის დროზე ბრძანა და თანაც ისე ბრძანა, რომ მისი ნათქვამი ნადვილ ფორმულად იქცა: „ადამიანის ფიქრის ერთი საქებური თვისება - მოვლენათა მიზეზების ძიებააო“ . აი რა უშველის ჩვენს ვაზსა და ღვინოს... თუმცა რა და როგორ დავკარგეთ ჯერ იმისი მიზეზიც არაა გამოკვლეული და როგორ უნდა ვისაუბროთ იმაზე თუ, როგორ გამოვასწოროთ შექმნილი კრიზისი?   

ერთ-ერთ ჟურნალში ქალბატონმა სარა ებოტმა განაცხადა, რომ „საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის ახალი ზელანდიაო“. ღმერთმა დაგვიფაროს, რომე ეს წყევლა როდესმე აუსრულდეს ჩვენს ქვეყანას...

საქმის გამოსწორება კაცმა გულით რომ მოინდომოს და თან ამ ყველაფერს ვინმემ ხელი არ შეუშალოს, სულ რაღაც ათ წელიწადში ბურგუნდიას დავუდგებით გვერდით და იქნება გავასწროთ კიდეც... არასოდეს მიოცნებია ვიყოთ სხვა ქვეყანაზე უკეთესი, არამედ მინდა, რომ ვიყოთ კარგი ქვეყანა, აგრარული ქვეყანა, ვაზის და ღვინის მართლაც სამშობლო... და მინდა, რომ საქართველოს ჰყავდეს „ღვინის მთავრობა“.

დღევანდელ მდგომარეობას ყოველი წლის ბოლოს რუსეთში ექსპორტირებული ღვინის ბოთლების რაოდენობის რიხიანად გამოცხადება არ უშველის. აქ ცოტა სხვაგვარადაა საქმე და შესაბამისად კრიზისიდან გამოსვლას სხვაგვარი ძალისხმევა ესაჭიროება. თუ სიმართლე გნებავთ, რაღაც რევოლუციის მაგვარია საჭირო...

  ამასობაში მიიწურა ჩვენი მოგზაურობის დროც. ალბათ გაჩნდება (ან არც გაჩნდება) კითხვა, თუ რა მომეწონა ჩემს იქ ყოფნის დროს ყველაზე მეტად? გეტყვით, რომ ესაა ძალიან პატარა ქალაქი ბონი (Beanue). პირებს, რომლებიც წარა-მარა გაიძახიან, ამასთან გაუცნობიერებლად, „8000 წლიანი ტრადიცია“ და „საქართველო ვაზისა და ღვინის სამშობლოო“, ამ ქალაქში ძალით ვაცხოვრებდი სამი თვე. მართალია ეს მათთვის შედეგს მაინც არ გამოიღებდა, მაგრამ სულ მცირე ამ სამი თვის განმავლობაში ან ჩვენს ვაზისა და ღვინის კანონში ცვლილებებს შევიტანდი.

ამ რამდენიმე წლის წინ გამოსცეს კილონახევრიანი წიგნი, რომელშიც გარდა იმისა, რომ უამრავი შემთხვევითი და ზოგიც გაურკვეველი ტიპი მეღვინედ იყო გასაღებული, ყველა დროის დიდი ფალსიფიკატორიც იყო შესული. უფლისათვის ძალიან დიდი და გულწრფელი მადლობა რამდენჯერმე მაქვს ნათქვამი და მათ შორის ერთი სწორედ მაშინ იყო, როდესაც ეს წიგნი მაჩუქეს და მას თვალი მსუბუქად გადავავლე. უფლისადმი გადახდილი ჩემი მადლობა იმაში მდგომარეობდა, რომ ავტორმა, რომელიც კარგად მიცნობდა, ამ წიგნში არ შემიტანა... გადავრჩი და მადლობა ღმერთს, რომ იმ წიგნში არ აღმოვჩნდი მათ გვერდით, ვინც სხვადასხვა დროს ქართული ვაზი და ღვინო წაბილწა!

  რასაც ბონში მივხვდი, კიდევ ის იყო, რომ ამ კოპწია ქალაქზე ვაზისა და ღვინის კვალი სპეციალურად კი არა, რაღაც ბუნებრივად, ალალად აისახებოდა.

გათენდა დილა და სასტუმრო „ბელ ეპოქ“ (სადაც საუზმე არ უვარგოდათ) დავტოვეთ. საღამომდე დრო გვქონდა. ძალიან მაინტერესებდა ჩვენებური ჭაჭის ფრანგული კოლეგის დაგემოვნება. ის კი არა, ვიფიქრე ორ ბოთლს გავაყოლებ მეთქი. ჭაჭის დიდი მოყვარული და დამფასებელი ვარ, ამიტომ მარანში ყოველთვის მაქვს ეს კეთილშობილი სასმელი ახალი თუ ძველი, იქაური თუ აქაური, იმისა თუ ამისა, იმფერი თუ ამფერი... სწორედ ბურგუნდიის დედაქალაქ დიჟონიდან იყვნენ ჩემთან ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ამ ხუთიოდე წლის წინ, რომლებმაც ჩემი ჭაჭა დააგემოვნეს, მერე ეჭვით შემომხედეს და მკითხეს - სად იყიდეო? ვერ დავარწმუნე, რომ ჩემი გამოხდილი იყო. ჩვენებური არყის ქვაბი რომ ვანახე და ვუთხარი, აქაა გამოხდილი მეთქი, გაეცინათ და მითხრეს, ამ მხარეში კარგი ხუმრობა გცოდნიათო... მგონი ის მაინც მოვახერხე, დაეჯერებინათ, რომ ეს იყო ქართული სასმელი და არა ფრანგული.

ფრანგულ სასმელს, რომელიც ჭაჭას წააგავს, თუმცა კი სხვა ხასიათისაა, ჰქვია „მაღ“ (marc). ბონიდან გამომგზავრებამდე ერთ პატარა რესტორანში შევედით. გამაკვირვა იქაურმა სიტუაციამ. ბონის ცენტრი ძალიან პატარაა, მანქანები იშვიათად მოძრაობენ და ხალხიც ცოტაა. იმჟამად უცხოელი ტურისტებიდან მგონი ჩვენს მეტი არავინ იყო ამ ქალაქში. ცენტრის შუაში ძალიან პატარა სკვერი იყო („მრგვალ ბაღზე“ პატარა), სადაც პატარებისთვის ორი კარუსელი იდგა. სკვერის გარშემო მაღაზიები და რესტორნები იყო განლაგებული. რესტორანში, სადაც ჩვენ შევედით ძირითადად ადგილობრივი ახალგაზრდები შემოდიოდნენ, დასხდებოდნენ მაგიდასთან და მოითხოვდნენ ყველსა და ღვინოს. ისხდნენ და წრუპავდნენ პინოსა და შარდონეს... სწორედ იმ დილით შევიარეთ ერთ სარდაფში, მანამდე კი იქვე ახლოს მდგარი ღვთისმშობლის ძალიან ლამაზი ტაძარი - „ნოტრდამი“ მოვინახულეთ. სარდაფში თორმეტი ღვინო გავსინჯეთ. როგორც გაირკვა, წელიწადში ოთხ მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებდნენ და ვენახები ბევრ ადგილას ჰქონდათ. ეს სადეგუსტაციო სარდაფიც ერთ-ერთი იყო სხვა ბევრთაგან. აღმაფრთოვანა ერთ-ერთმა წითელმა პინომ. დამჯდარი, დახვეწილი, კარგად გამოკვეთილი მჟავიანობა და ხალისიანი, ხანგრძლივი დაბოლოვება ჰქონდა. მუხა კარგად ეტყობოდა (არ მივესალმები მუხას, მაგრამ რაც არის, არის). სტრუქტურა თხელი ჰქონდა და მუხა ჰარმონიულად ავსებდა. ჩვენებურ ასურეთულ შავს მივამგვანე ხასიათით. ეს უკანასკნელი გაცილებით ძლიერია და ვაჟკაცურიც კი, მაგრამ ამ ორ ღვინოს საერთო საგანი ნამდვილად ჰქონდა... ასურეთულს, კაცმა რომ მოინდომოს, გაცილებით უკეთესად დააყენებდა...

ხოდა ვსხედვართ გვარიანად მოშიებულები ბონის რესტორანში და ველოდებით შეკვეთას. აბა საფრანგეთიდან „ხახვის სუპის“ გარეშე რა წამომიყვანდა? ჰოდა წამში შეკვეთაც მიცემული იყო, მაგრამ რა უნდა მიგვეყოლებინა? აქ ერთმა აზრმა გამიელვა, რამაც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, გაამართლა. Deux Marc si vous le pouvez ვუთხარი მცხეთური აქცენტითა და მოშიებული თვალებით მიმტანს, Marc de Burgonge? მკითხა გაკვირვებულმა, მერე მიტრიალდა და შევნიშნე, რომ გაურკვევლობისაგან გაეღიმა. რომ მოგვიტანა და საჭმელს დახედა, მერე კი გააცნობიერა ყველაფერი. ძალიან შეეხამა ერთმანეთს ჩვენი შეკვეთა. იმდენად, რომ გიომ „ფრანგული ჭაჭა“ გაამეორებინა. „მაღს“ მომწვანო ფერი ჰქონდა, რომელშიც  მცენარეული ტონები ჭარბობდა. ერთხელ, ალბათ 4-5 წლის წინ „ანდერგრაუნდში“ ჭაჭის საღამო ჩავატარე. საინტერესო საღამო იყო, სადაც სხვადასხვა ჭაჭა იყო წარმოდგენილი. ფრანგულ „მაღმა“ სწორედ იმ საღამოზე წარმოდგენილი ბესინის ჭაჭა გამახსენა, რასაც ძალიან კარგი გემო ჰქონდა. სასმელმა ცოტა არ იყოს, შეგვამადიანა და ეხლა უკვე მიმტანს დავეკითხეთ რჩევა. მე, ჩემი სიგრძე-სიგანიდან გამომდინარე, სტეიკი მირჩია, გიორგიმ, რაღაც ხავიწის მსგავსი აირჩია. სტეიკი უზარმაზარი აღმოჩნდა, თან ნახევრად შემწვარი. აი ხავიწი კი ნამდვილად საინტერესო იყო. ასეთი გემრიელი რაღაც ერთხელ ალავერდში გაგვასინჯა მეუფე დავითმა. ისიც კი ვიფიქრე, ის ხომ არა აქვთ გადმოღებული მეთქი, რადგან ასეთი მსგავსება არ მახსოვდა მანამდე.

 დავიძარით ბონიდან დიჟონისკენ. დიჟონიდან კი პირდაპირ ღამის პარიზში ჩავედით. ნომერში დავბინავდით და მერე ცენტრისკენ გავწიეთ. მივედით ტრიუმფალურ თაღამდე და იქიდან ფეხით წამოუყევით ეიფელისკენ.

არქიტექტურა, მარა რა არქიტექტურა. რა გინდა სულო და გულო? ბაროკოები, ქიმერები, პილასტრები, კაპიტელები, პარაპეტები და ვაზის ჩუქურთმები ერთმანეთში ირეოდა და ღამის ნათურებით განათებულ არნახულ სილამაზეს ქმნიდა. ეიფელი ისევ იქ იდგა, სადაც თავიდან ააწყვეს... მოვისურვილეთ ეს ყველაფერი და წამოვედით სასტუმროში.

დილით ადრე გვქონდა ფრენა და მხოლოდ ის მადარდებდა, რომ „ფრანგული ჭაჭა“ არ მომქონდა საქართველოში. არადა ერთ-ერთ მაღაზიაში რომ შევედით, ვიფიქრე, ერთ ბოთლს ვიყიდი მეთქი. მერე ვიფიქრე, რა მენაღვლება, ბარემ სამს ვიყიდი მეთქი და გულის ჯიბეში საგულდაგულოდ ჩაკეცილი 50-ევროიანი შევამზადე. „მაღ“ ცნობილი ადგილწარმოშობისა აღმოჩნდა და ერთი ბოთლი 600 ევრო ღირდა. გადარჩა ჩემი 50 ევროიანი...

მერე კი დავფიქრდი, ვითომ მართლაც ვიყიდე ეს ერთი ბოთლი და საქართველოში ჩავიტანე. მეორე დილით კი მამუკა წიკლაური მომადგა და მეუბნება: გუშინ გუდამაყრიდან ჩამოვედი, პახმელიაზე ვარ, ხაშზე მივდივარ და ძმურად თუ რამე ნორმალური გაქვს ჩამოტანილი, ერთი ბოთლი მომეციო... ამის გაფიქრებაზე კინაღამ იმ მაღაზიაშივე ჩავიკეცე. მე შენ გეტყვი, ძალიან გაიგებდა რასა სვამს...

აიწია ჩვენი აერობუსი ჰაერში.

მოვფრინავდით საქართველოში - ვაზის, ღვინისა და ქვევრების ქვეყანაში. მეორე დილითვე ვეჯექი ჩემს ბუხარს და გონებაში აზრებს ვალაგებდი, თუ რითი დამეწყო: მწვანით, ჭყაპათი თუ წარაფით.

მცხეთა, 2020



ეს ის ვერსია არ არის, რაც მე მახოს მივეცი.... (ქვევრი+Kvevri)....

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული