Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბუნებრივი ღვინის წარმოშობა: ინტერვიუ კამილ ლაპიერთან და ჟან ფუაიართან

ბუნებრივი ღვინის წარმოშობაში 1970-იანი წლების მეღვინეთა ისეთი ჯგუფები, როგორიც, მაგალითად, Gang of Four იყო, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ისინი ომის შემდეგი პერიოდის ქიმიური მრეწველობისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ, რითაც სახელიც გაითქვეს და დღემდე ძალიან მნიშვნელოვან, აქტუალურ მიმდინარეობას დაუდეს სათავე.

კერმიტ ლინჩი ამ ამბის მოყოლისას ყურადღებას ისეთ მეღვინეებზე ამახვილებს, როგორებიც  ჟულ შოვე თუ მარსელ ლაპიერი იყვნენ.

ლაპიერი მეღვინეობას საფრანგეთის რეგიონ ბოჟოლეში 1970-იან წლებში მისდევდა. დროთა განმავლობაში, მან გააცნობიერა, რომ ღვინის დაყენების ინტერვენციული სტილი, რომელსაც თავადაც იყენებდა, მის ღირებულებებსა და ღვინის გემოს სრულად ეწინააღმდეგებოდა. 1980 წლისთვის ის  სამ თანამოაზრე ახალგაზრდა მეღვინესთან, გაი ბრეტონთან, ჟან-პოლ ტევენესთან და ჟან ფოლართან გაერთიანდა. სწორედ მათ ჩამოაყალიბეს ე.წ. Gang of Four. მათ რეგიონში ნატურალური ღვინის დაყენება წამოიწყეს.  შემდეგ კიდევ ერთი წევრი ჟოზეფ შამონარი შეემატათ.

გთავაზობთ ინტერვიუს კამილ ლაპიერსა და ჟან ფუაიართან, რომლებიც რეგიონში ნატურალური ღვინის ტრადიციას აგრძელებენ.

- თქვენს ოჯახს მეღვინეობის რამდენად ხანგრძლივი ტრადიცია აქვს?

- ღვინოს მამაჩემი, ბაბუაჩემი, დიდი ბაბუა და დიდი ბაბუის მამა აყენებდნენ.

- როგორ შეიცვალა ღვინოები დროთა განმავლობაში?

- ღვინო კამილის მამის დროს შეიცვალა... ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ჩვენს რეგიონში ნატურალური ღვინის დაყენება წამოიწყო, 1978 წელს. ამან ვენახთან სხვანაირად მუშაობის საშუალება მისცა, გადაწყვიტეს მეღვინეობის სუფთა სახეს დაჰბრუნებოდნენ. სწორედ პიერმა მიგვაბრუნა ამისკენ, რაშიც მე 1985 წლიდან ჩავერთე.

ამ დროისთვის ქიმიური ნივთიერებებთან წვდომა ადვილი იყო, ენოლოგიური ხედვაც სწორედ ასეთი იყო. მაგრამ, ჩვენ ამისგან შორს ყოფნა გვინდოდა. ამით ჩვენი წინაპრების ტრადიციებს დავუბრუნდით, ორგანულ პრაქტიკას, უფრო ანალიტიკური მეთოდით, სიცივისა და ტემპერატურის კონტროლით.

- გამოდის, თქვენ არამხოლოდ წარსულს მიუბრუნდით, არამედ მომავლისკენ სწრაფვაც განაგრძეთ, ტექნოლოგიის დახმარებით.

- დიახ, რა თქმა უნდა. 1970-იან წლებში ბევრი მეღვინე აერთიანებდა ამგვარ ხედვას და იმ ახალ ტექნოლოგიას, რაც ბაზარზე ჩნდებოდა. ეს მარტივი გზა იყო, რათა გვესწავლა როგორ დაგვეყენებინა ნატურალური ღვინო და ასევე ბაქტერიებისა თუ ტემპერატურის შესახებ გვცოდნოდა.

- როდესაც ეს გადაწყვეტილება მიიღეთ - აღარ გამოგეყენებინათ პესტიციდები და ბუნებრივი მეთოდით გემუშავათ, თქვენს გარშემო იყვნენ ადამიანები, ვინც პრობლემას გიქმნიდათ?

- ეს ჩვენს წინა თაობას უფრო შეეხო. სხვა მეღვინეები დაგვცინოდნენ, თუმცა მალევე შეიცვალა დამოკიდებულება. ხედავდნენ, რომ ჩვენ მეტ ღვინოს, უფრო ძვირად და გაცილებით მარტივად ვყიდდით.

იმ პერიოდში კარგ რესტორნებშიც კი ცუდი ღვინო იყიდებოდა, რაც არ მოგვწონდა. ერთ-ერთი მიზეზი, რომ სხვანაირი ღვინის დაყენება დაგვეწყო, ესეც იყო.

- ამ ცვლილებების პერიოდში, თქვენ თავად გქონდათ ეჭვები? თუ არჩევანში დარწმუნებულები იყავით?

- დასაწყისში ბოლომდე დარწმუნებულები არ ვიყავით. წინა თაობების გამოცდილება დაკარგული იყო, თუმცა გვქონდა ტექნოლოგია. ერთად მუშაობა გვეხმარებოდა, ეს ჩვენთვისაც სწავლის პერიოდი იყო.

- რას იტყვით Gang of Four და Gang of Five შესახებ, რამ გახადა ისინი გავლენიანი?

- წინასწარ ეს არ ვიცოდით, უბრალოდ მეგობრების ჯგუფი იყო. ლაპიერმა იგრძნო, რომ რაღაც ახალ თავგადასავალს ვიწყებდით. მაშინ ასეთი ბაზარი არ არსებობდა, რთული იყო გაგება საით მიდიოდი. მომხმარებელიც ცოტა იყო, მეღვინეობის ამ სტილის შესახებ არავინ იცოდა.

- ახლა კი თქვენი ღვინოები ძალიან მოთხოვნადია. ზოგჯერ ახლა მათი პოვნა მაღაზიებსა და რესტორნებში, მოთხოვნის გამო, ძალიან ძნელია. ფიქრობთ, რომ ყველა ის რისკი, რაც თქვენ გაწიეთ, გამართლდა?

- იმ დროს საკუთარ თავს ამ ტიპის კითხვებს არ ვუსვამდით. მაგრამ ვხვდებოდით, რომ სხვები ამგვარად უყურებდნენ ჩვენს მიმდინარეობას.

ბევრს, ვინც ჩვენს რეგიონში ღვინოს აღარ სვამდა, მისი დაჭაშნიკება დავაწყებინეთ. ვერ ვიხსენებ ისეთ ერთ ადამიანსაც კი, ვინც ინდუსტრიულ ღვინოებზე იყო შეყვარებული და ნატურალური ღვინის გასინჯვის შემდეგ, აზრი არ შეუცვლია.

- რას იტყვით ბუნებრივ ღვინოზე? ამ ტერმინს, როგორც ჩანს, არც თუ ისე მკაფიო განმარტება აქვს. რას ნიშნავს თქვენთვის ნატურალური ღვინო?

კამილ ლაპიერი: - ჩემთვის ნატურალური ღვინის ერთი რეალური განმარტება არ არსებობს. ეს არის ღვინის რაც შეიძლება ბუნებრივი გზით დაყენება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მეღვინე არაფერს აკეთებს, უბრალოდ ზედმეტად არ ერევა ღვინოში. მან იცის, თავისი ღვინისთვის რა არის კარგი და რა ცუდი, ეს რელიგიური ექსტრემიზმი არაა.

ნატურალური ღვინის რაიმე კონკრეტულ განმარტებას ხშირად იყენებენ, რაც მომხმარებელს აბნევს.

ჟან ფუაიარი: - ეს არ არის ადვილი… მთავარი მაინც საწყისი საკითხია - მეღვინეობიდან ქიმიკატების განდევნა. ასევე, მევენახეობის ტრადიციული სტილი მნიშვნელოვანია. ასევე, საფუვრები და სხვა თანამედროვე ნივთიერებები.

- რას იტყვით გოგირდის გამოყენებაზე?

- იდეალურ შემთხვევაში, ღვინო გოგირდის გარეშე მზადდება. მაგრამ, ღვინო ცოცხალი მატერიაა, რომელშიც მიკრობებიც ჩნდება. მით უმეტეს, თუ ჩვენ წარმოების პროცესში ტემპერატურის სრულყოფილი კონტროლი არ გვაქვს. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია გოგირდის გამოყენება. მთავარია მისი დოზირება, ზედმეტი რომ არ აღმოჩნდეს. ვფიქრობ, ეს ფილტრაციაზე უკეთესია და მეც ასე ვიქცევი.

- რომელია თქვენთვის საყვარელი ღვინო ან ღვინის რეგიონი?

კამილ ლაპიერი: - რთული კითხვაა. არა, არ მაქვს... ახალი სამყაროს ღვინის შესახებ ბევრი რამ არ ვიცი. ვცდილობ, ბევრი ევროპული ღვინო გავსინჯო. ძალიან მიყვარს იტალიის, ესპანეთის ღვინოები. ცხადია, ფრანგულიც. ზოგადად ღვინო მიყვარს და ალბათ ხასიათზეა დამოკიდებული, რომელი ღვინო უფრო გსიამოვნებს.  

ჟან ფუაიარი: ჩემთვის მთავარია ღვინის ხარისხი და მისი სისუფთავე. ასევე, როგორ ეხამება რაიმე კერძს.

- მას შემდეგ, რაც ცნობილები გახდით, ხვდებით მეღვინეებს, რომლებიც თქვენს მეთოდებს მიჰყვებიან?

- მე ვფიქრობ, რომ ღვინოს ამ მეთოდით თითქმის ყველგან აყენებენ, ისეთი სირთულეების მქონე რეგიონშიც კი, როგორიც ტურენია. მათი ღვინოები უფრო ძვირადღირებულიცაა, თანაც ღვინოში ნაკლები ძალისხმევის ჩადება სჭირდებათ.

 © ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.