Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლავოს ტერასებზე –როგორც სამოთხეში

ავთანდილ გურასაშვილი

შვეიცარიული ყველიც გამიგია და შვეიცარიული შოკოლადიც. შვეიცარიული გასტრონომიიდან კიდევ ბევრი რამ გამიგია და კარგა გემრიელადაც დავნაყრებულვარ. გურმანებიც დიდად აღიარებენ შვეიცარიულ სამზარეულოს, რომელზე მეზობელი ქვეყნების გავლენაც იგრძნობა, ოღონდ ამ ზღაპრულ ქვეყანაში საკუთარი დელიკატესებიც საკმაოდ აქვთ, მაგრამ, როგორც უღვინოდ კოცნას არა აქვს ფასი, ისე კარგ სამზარეულოს არა აქვს გემო.

ჰოდა, იმას მოგახსენებდით, შვეიცარიული ბევრი რამ გამიგია-მეთქი, მაგრამ, მომკალით და, შვეიცარიული ღვინო აღარ გამიგია. არა, როგორ არ მსმენია, დამიჭაშნიკებია კიდეც, მაგრამ შვეიცარიის სადარბაზო ბარათში ღვინოს არ მოიხსენიებენ. არადა, მართალია, დეგუსტატორობაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ არც იქაური ღვინო უნდა იყოს ურიგო. როცა შვეიცარიული ყველაფერი კარგია, ღვინოს რაღა ღმერთი უნდა გასწყრომოდა. არც გასწყრომია. ყოველ შემთხვევაში, შვეიცარიული ღვინის სამი რეგიონიდან ერთ-ერთმა –დასავლეთისამ, რომელზეც დღეს მოგითხრობთ, მის ახლომდებარე ლოზანისა და მთელი მხარის ეკონომიკურ წინსვლაში, გნებავთ კურორტების განვითარებაში, უდიდესი როლი ითამაშა.

შვეიცარიულმა ღვინომ განსაკუთრებით კეთილისმყოფელი გავლენა იქონია მონტრეზე, რომელიც XIX საუკუნეში ევროპის არისტოკრატიის ერთ-ერთი უპირველესი კურორტი სწორედ ღვთაებრივი სასმელის წყალობით გახდა. სწორედ მაშინ, როგორც იქნა, ყურად იღეს ჰიპოკრატეს, პლინიუს უფროსის, გალენისა და ანტიკური სამყაროს სხვა წარმომადგენელთა თუ თანამედროვე მედიკოსთა რჩევა ღვინის სამკურნალო თვისებების თაობაზე. მერე, საფრანგეთისა და იტალიის კურორტებისა არ იყოს, მონტრესაც ევროპის მთელი არისტოკრატია "ღვინის კურსებზე" სამკურნალოდ მიადგა, ღვინო კი იქვე გაშენებული ლავოს ვენახებიდან მოყვანილი ყურძნის ნაჟური გახლდათ. ჩემთვის შვეიცარიაში ნამდვილი აღმოჩენა სწორედ ის ვენახები იყო.

მაშინ, ამ ათი წლის წინათ ჟენევაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებმა, ლოზანიდან ავტომობილით ოცი-ოცდაათი წუთის სავალზე ჩარლი ჩაპლინის სახლ-კარი რომ დაგვათვალიერებინეს, გზად უდიდესი შთაბეჭდილებებით დავიხუნძლე.

ჩარლი ჩაპლინის ვეება მამული მანუარ დე-ბანში, ვევეს ცოტა ზემოთ, სოფელ კორსიეში მდებარეობს.

"მამულს ირგვლივ დიდებული მაღალი ხეები არტყია, შორს კი მთები და ტბა მოჩანს", –ასე ძუნწად აღწერს ჩარლი ჩაპლინი თავის ედემის ბაღივით მამულის შემოგარენს.

ის ტბა, ჩაპლინის მამულიდან რომ მოჩანს, ჟენევის ტბაა და მისი მოსარკული ზედაპირი იმ ოცი-ოცდაათი წუთის სავალზეც ბევრ არქიტექტურულ თუ ისტორიულ ძეგლს ირეკლავს, მათ შორის ლოზანის ერთ-ერთ ბორცვზე აღმართულ საკათედრო ტაძარს, რომელიც მთელ შვეიცარიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოთური ნაგებობაა და მონტრესთან ახლოს, ტბის პირას წამომართულ სახელგანთქმულ შილონის ციხე-სიმაგრესაც; ირეკლავს ულამაზესი მთების პეიზაჟებსაც, მაგრამ ყველაზე მეტად მე მაინც ლავოს ვენახთა მშვენიერებამ გამაკვირვა.

დალოცვილო, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ კაცს ნუთუ ალაზნის ველზე გადაჭიმული ზვრები არ გინახავსო, იკითხავს ალბათ მკითხველი, მაგრამ ჩვენი იმერ-ამერის ვენახებიც მინახავს, ლამის მთელი მოლდავეთისაც, გერმანიისაც და საფრანგეთისაც, მაგრამ ლავოს ვენახები სულ სხვა ყოფილა. მართალია, იქ გამგზავრებამდე სადღაც წავიკითხე, ლავოს ტერასული ვენახები მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ თვალწარმტაც პანორამას წარმოადგენსო, მაგრამ ნანახმა მართლაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ახლაც კი, იმ მოგზაურობიდან ათი წლის მერე შვეიცარიის ხსენებისას პირველი, რაც მახსენდება და თვალწინ წარმომიდგება, დათოვლილი ალპები და მთების ფერდობებზე ტერასებად შეფენილი ვენახებია. მათ აღმაფრთოვანებელ, მართლაც სამოთხისებურ სილამაზეს ჟენევის ტბის ზედაპირი თავისი სანაპიროს გასწვრივ 30 კილომეტრზე ირეკლავს, სულ კი ეს ვენახები 805 ჰექტარზე გადაჭიმულა, რაც ბუნების გულუხვი საჩუქარი და ადამიანთა მთელი თაობების მოუღლელი შრომის ნაყოფია.

ადამიანებს ბუნებრივმა პირობებმა სწორედ აქ უბიძგა ვენახები გაშენება, რომლებსაც დათოვლილი ალპების გადაჯაჭვული მწვერვალები ჩრდილოეთის ცივი ქარებისგან ბასტიონივით იცავენ, ტბის სანაპიროზე კი შედარებით თბილი წყლის გამო თითქმის სუბტროპიკული ჰავაა. ამიტომაც იქ პალმები ხარობს, ხოლო ბორცვებზე თუ მთა-გორაკებზე –ვენახები.

ლავოს რეგიონში მევენახეობას ჯერ კიდევ რომის იმპერიის პერიოდში მიჰყვეს ხელი, დღევანდელი ტერასების მოწყობას კი საფუძველი XI-XII საუკუნეებში ბენედიქტელმა ბერებმა და ცისტერციანელებმა ჩაუყარეს, როცა ეს მიწები მათი საკუთრება იყო. მას მერე ტბის სანაპიროს გაყოლებით, მთების ციცაბო ფერდობედზე საუკუნეების განმავლობაში ეწყობოდა ტერასები, რომლებსაც ქვის მასიური კედლებით ამაგრებდნენ. გლეხებს იმ ტერასებზე ვენახთა რიგებს შორის გზებიც გაჰყავდათ და ამგვარად თითქოს წინასწარ ზრუნავდნენ ტურისტთა მოსალოდნელ მოზღვავებაზეც, რათა სტუმრები მასპინძელთა გარჯის ნაყოფით დამტკბარიყვნენ, დამტკბარიყვნენ გნებავთ პირდაპირი და გნებავთ გადატანითი მნიშვნელობით.

ახლა ამ ვენახთა რიგებში ლურჯ-ყვითელი "ღვინის მატარებლებიც" დადიან და მისი მგზავრი ტურისტები სამოთხისებურ გარემოში ხვდებიან. აქ გატარებული ბუნების დაცვის ღონისძიებანი და მისდამი ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური მხარდაჭერა მისაბაძი მაგალითი გამხდარა. ესაა ლანდშაფტის კულტურული გარდაქმნის, ადამიანისა და გარემოს ურთიერთობის უნიკალური მაგალითი, რაც მაღალხარისხოვანი ღვინის წარმოებისთვის ადგილობრივი რესურსების ოპტიმალური გამოყენებით იყო ნაკარნახევი და ორიენტირებული. ყოველივე ამის გამო ლავოს ტერასული ვენახები 2007 წელს იუნესკოს მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში მოხვდა. ახლა ეს ობიექტი თოთხმეტ დასახლებულ პუნქტს და ბიოლოგიურად კონტროლირებად ექვს მეურნეობას მოიცავს, რომლებიც ლიუტრში, ვილეტში, სენ-საფორნში, ეპეს და კალმინში, დეზალეში და შარტონში განფენილა. აქ დაყენებულ თეთრ და წითელ ღვინოებს, ისე როგორც სხვა ზონებისას, თითქმის მთლიანად თავადვე სვამენ, საექსპორტოდ კი მხოლოდ ორი პროცენტი გადის.

შვეიცარიის ამ ფრანგულენოვანი რეგიონის მცხოვრებნი, რომლებიც კანტონ ვეს ბინადარნი არიან, თავს იწონებენ არა მხოლოდ მთელს ქვეყანაში საუკეთესო ღვინის დაყენების ხელოვნებით, არამედ გამორჩეული, ნატიფი კულინარიული ტრადიციებითა და დელიკატესებით. და რაკი მთელი შვეიცარიისთვის პროდუქტის ხარისხი და მომხმარებლის ნდობა უპირველესია, ამ კანტონში მცხოვრებნიც ერთსაც უფრთხილდებიან, მეორესაც და საერთოდ ტრადიციებსაც, რაც ხარისხის გარანტიაა.

აქაური ვენახების სილამაზით რომ ვტკბებოდი, რამდენიმე ფართობზე ჩემი ყურადღება ვაზის რიგების თავზე გაბმულმა მავთულებმა მიიპყრო. ეს მავთულები ყოველი რიგის დასაწყისში ბოძზე იწყებოდა. ამ ბოძებზე, თუ არ ვცდები, კაპრონისგან ნაქსოვი, დაკეცილი ბადეები ეკიდა.

აღმოჩნდა, რომ ეს ბადეები სეტყვისგან ვაზის დასაცავად ყოფილა გამზადებული, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ელექტროენერგიის წყალობით ღილაკზე თითის ერთი დაჭერით მოქმედებაში მოდის და რამდენიმე წამში ვენახი "ქოლგის" ქვეშ იფარება.

მართალია, ქართველებს მეღვინეობა-მევენახეობაში უძველესი ტრადიციები და უმდიდრესი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, სწავლა სიბერემდეო და სეტყვისგან ვაზის დასაცავად შვეიცარიელთა გამოცდილების გაზიარება არც ჩვენ გვაწყენდა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული