Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე - გელოდებით ხვალ, 19 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში

ოქტომბრის მესამე შაბათს, ხვალ, 19 ოქტომბერს, ტრადიციულად ჩვენი ფესტივალი იმართება. "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2024" უკვე რამდენიმე წელია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება. 

ფესტივალს ელოდებიან როგორც ღვინის მოყვარულები, ასევე მეღვინეები და ღვინის მცოდნეები. “სულავას მარნიდან” სოსო სულავა როგორც გვიამბობს, ყველაფერი მცირე და პატარიდან იწყება, მეღვინეობაც სწორედ ესაა, ესაა დასაწყისი უფრო უკეთესისა და განსაკუთრებულის: “მე ტრადიციულ მეღვინეობას მივსდევ და მინდა ვთქვა, რომ დიდი სიამოვნებაა, როცა შენს ნაშრომსა და ნაწვალებს სხვები შეფასებას აძლევე. უარყოფითი შეფასება კი უფრო საინტერესოც კია, რადგან  შემდეგში მიზეზს აუცილებლად ვითვალისწინებთ ხოლმე. ყველა ღვინო მეღვინისა და მეღვინის ხასიათს, ბუნებას გადმოსხემს, ცუდ კაცს კარგი ღვინო არ დაუდგება! როცა ქართულ ღვინოსა და ტენდენციებზე ვსაუბრობთ, მე ასე მგონია, რომ ტანინიანი ღვინოების ბუმმა ჩაიარადა და უფრო მსუბუქ ღვინოებზეა მოთხოვნა, თუმცა ფესტივალი კარგი სწორედ იმითაა, რომ ყველა ტიპის ღვინის აღმოჩენას შეძლებთ”.

ინტერესი ყველას განსხვავებული ექნება, ზოგისთვის კონვენციური წარმოების ღვინო უფრო მისაღებია, ზოგს კი ბიოდინამიური მეღვინეობა ურჩევნია. მცირე მარნების ფესტივალზეც ყველაზე საინტერესო სწორედ ისაა, რომ ღვინის მოყვარულები ძალიან ბევრი ჯიშისა და სახეობის ღვინის დაჭაშნიკებას შეძლებენ. ჩვენი ერთ-ერთი მონაწილეა მარანი “შილდური”, რომელთაც ღვინის წარმოება სულ ახლახანს, 2022 წელს დაიწყეს: “მცირე მარნების ფესტივალზე ყველაზე საინტერესო იმის ნახვა იქნება, თუ როგორც ვითარდება მცირე მარნების ღვინის წარმოება, გამოცდილების ერთმანეთთან გაზიარება და ასევე, მნიშვნელოვანია ცნობადობის ამაღლება სწორედ ამ კუთხით. გირჩევთ, დააგემოვნოთ და შეიყვაროთ ბუნებრივი ღვინოები.” მარანი “შილდურის” ბიო ორგანული მეთოდით მოყვანილი ყურძნისაგან დამზადებული საფერავი ხასიათდება სასიამოვნო სურნელით, ყვავილების არომატით და ქვევრის ღვინისთვის დამახასიათებელი ტანინებით: “ფესტივალზე წარვადგენთ ქისსაც, მაღალხარისხოვანი საღვინე ჯიშს, ყურძენი მოყვანილია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში. ღვინო დამზადებულია ტრადიციული კახური წესით, რომელიც მაღალი ღირსებისაა - ხასიათდება მუქი ჩალისფერი, კარგად გამოხატული ხილის სასიამოვნო არომატით, სრული ხავერდოვანი გემოთი.”

ღონისძიება გაიმართება მთაწმინდის პარკში,  კლუბ "ანდერვილში" 12:00 - 19:00-მდე, სადაც დამწყები თუ გამოცდილი მარნები თავიანთ ღვინოებს წარმოადგენენ. ფესტივალზე გასულ წელს 34 მარანი იყო, წელს კი მთაწმინდის პარკში 47 მცირე მარანს შეხვდებით. "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე 2024" მწარმოებლების გარდა ქართველ და უცხოელ ღვინის პროფესიონალებს, ღვინის მწერლებს, ღვინის ბარ-რესტორნების წარმომადგენლებსა და მოყვარულებს უმასპინძლებს. 

ფესტივალზე 13:00-14:30 საათამდე სიმფონიური კვარტეტი დაუკრავს და ღვინოსთან ერთად ისიამოვნებთ კლასიკური მუსიკით. ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა.

ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას კი უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინოების შესახებ, რომლებსაც გავსინჯავთ და მოგვეწონება. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული