Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საცობის კაპიტნები

ავთანდილ გურასაშვილი

კაცი, რომელიც მზეს, მუსიკას და ღვინოს ეთაყვანება, საიმირ სტრატი გახლავთ, მაგრამ იგი არც ასტრონომია, არც მუსიკოსი, არც მეღვინე და არც ღვინის დიდი მსმელი. უბრალოდ, ეს კაცი მხატვარია, თუმცა უბრალოდ მხატვარი კი არა, სახელგანთქმული ალბანელი მხატვარი გახლავთ. დიდი ბრიტანეთის თანამედროვე მოზაიკის ასოციაციის წევრია და მისი ნამუშევრები გინესის რეკორდების წიგნშიც დამკვიდრებულა. მისი ერთ-ერთი ქმნილება გახლავთ "მზესთან და ზღვასთან მოცეკვავე, გიტარაზე დამკვრელი, ვაზის რტოს გვირგვინოსანი რომეო".

42 წლის საიმირ სტრატიმ მზის, მუსიკის, ვაზისა და ღვინისადმი დამოკიდებულება გადმოგვცა თავის ერთ გიგანტური ზომის ნამუშევარში, რომელიც ორსართულიანი სახლის სიმაღლეზე თითქმის 13 მეტრამდე გადაჭიმულა.

ამ მეტად მასშტაბური და ორიგინალური "ტილოს" შექმნამდე მხატვარი შინ ყველას უკრძალავდა გამოყენებული ღვინის ბოთლების საცობთა გადაყრას. იგივეს სთხოვდა ნაცნობ-მეგობრებსაც, მაგრამ საცობთა საჭირო რაოდენობას ვერც უახლოვდებოდა, დრო კი მიდიოდა. ბოლოს ისევ ერთი ესპანელი ღვინის ჩამომსხმელისაგან მოუწია სხვადასხვა სიგრძის, დიამეტრისა თუ შეფერილობის კორპის საცობის ყიდვა. თავისი მოზაიკური პანოც იმ 300 ათასი კორპის საცობით მოხატა. მოხატა და ეს ნამუშევარი გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც კორპის საცობით შესრულებული უდიდესი მოზაიკა, თუმცა საიმირ სტრატის ეს პანო მისი ნამუშევრებიდან არც პირველი იყო და არც ბოლო, რომელმაც ასეთი პატივი დაიმსახურა.

"მზესთან და ზღვასთან მოცეკვავე, გიტარაზე დამკვრელი, ვაზის რტოს გვირგვინოსანი რომეო" მხატვრის ნამუშევრებიდან მესამეა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში აღინუსხა, პირველი კი 2006 წელს შესრულებული ლეონარდო და ვინჩის ავტოპორტრეტი გახლდათ. იგი მსოფლიოში... ლურსმნით მოხატულ უდიდეს მოზაიკურ პანოდ აღიარეს. ამას მოჰყვა 8 კვადრატულ მეტრზე 40 დღეში გამოსახული ცხენი, რომელსაც "დაუოკებელი სული" ეწოდა და იგი ესპანელი არქიტექტორის ანტონიო გაუდის ხსოვნას მიეძღვნა, ამისთვის კი მხატვარმა 1 მილიონ 500 ათასი (!!) კბილის ჯაგრისი გამოიყენა.

ყველაფერი სწორედ კბილის ჯაგრისით დაიწყო...

- მაშინ ბარსელონის ქუჩებში მეგობართან ერთად დავსეირნობდი და იქაური არქიტექტურული შედევრების ხილვით ვტკბებოდი, –იხსენებს საიმირ სტრატი. –ასე მივადექით დაუმთავრებელ ტაძარს "ლა საგრადა ფამილიას". მისი დათვალიერების მერე შევეცადე მეგობრისთვის ამეხსნა, თუ რას ჰგავდა დაუმთავრებელი ტაძარი. ჯიბეში იმ დღეს ნაყიდი კბილის ჯაგრისიანი კოლოფი მედო. მეგობრისთვის ნათქვამი თვალნათლივ რომ მეჩვენებინა, ამოვიღე ის ჯაგრისები და მათი დახმარებით მინიატურული ტაძრის მაკეტი შევქმენი. აი, ასე დაიბადა იდეა, რომ მოზაიკური პანოების შესაქმნელად ნებისმიერი მასალა გამომეყენებინა. ჩემი მოზაიკური პანოების მოსახატად გამომიყენებია ფაიფურიც, ყავის მარცვალიც, ხრახნიანი ლურსმანიც...

სხვადასხვა ზომის 300.000 ხრახნიანი ლურსმნის გამოყენებით ბანკნოტზე გამოსახული ჰომეროსი სულ ბოლო, მეხუთე ნამუშევარია, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში შევიდა.

საიმირის ქმნილებანი იქნებ ვინმეს ახირებად ან ბანალური და ნაკლებად პროფესიონალური მოეჩვენოს, მაგრამ ხელოვნებათმცოდნენი სულ სხვა აზრისანი არიან, მათ შორის ყველაზე მომთხოვნი, მნიშვნელოვანი და სახელოვანი სამხატვრო გალერეათა წარმომადგენლები, რომლებიც ალბანელი მხატვრის მოზაიკური "ტილოების" გამოფენას ცდილობენ.

ხელოვნებათმცოდნენი ამბობენ, რომ საიმირს აქვს არა მხოლოდ ბრწყინვალე მხატვრული გემოვნება, არამედ საოცარი ფანტაზიის უნარი, აგრეთვე წარმოუდგენელი მოთმინება და ნებისყოფა. ის სამუშაო, რომელსაც სტრატი ასრულებს, დიდ დროს და შეუპოვრობას მოითხოვს. აბა, წარმოიდგინეთ, კაცს როგორ უნდა უყვარდეს თავისი საქმე, რომ დღეში 13-საათიანი, თავდადებული მუშაობით სხვადასხვა ზომისა და შეფერილობის ლურსმანს, ბოთლის საცობს ან სხვა რამ საგანს თავისი ადგილი მიუჩინოს და ამგვარად შექმნას არასტანდარტული და მეტად მასშტაბური მოზაიკური შედევრი. ამიტომ საიმირ სტრატისთვის ალალია ყველა ის ჯილდო, რომელიც მას მიუღია.

- მე პრინციპულად არ ვიყენებ მოზაიკური ხელოვნების არცერთ თანამედროვე ტექნიკას, –ამბობს საიმირ სტრატი. –მე მხოლოდ წყობის იმ კლასიკურ მეთოდს მივმართავ, როგორსაც ძველი რომაელები, რომლებიც თავიანთ შედევრებს ქმნიდნენ. მე ხელოვნების ნებისმიერ სფეროში მხოლოდ ძველი ტრადიციების აღორძინებისა და შენარჩუნების მომხრე ვარ.

მართლაც, ეს ალბანელი მხატვარი ანტიკური ხანის რომაელ ოსტატთა ხელოვნებას ახალ სულს ბერავს და მის დამთვალიერებელს აღაფრთოვანებს, მაგრამ დავუბრუნდეთ 2008 წელს შესრულებულ "მზესთან და ზღვასთან მოცეკვავე, გიტარაზე დამკვრელ, ვაზის რტოს გვირგვინოსან რომეოს", რომელიც "მარნის" მკითხველისთვის ერთიორად უფრო საინტერესოა.

ეს ნამუშევარი, როგორც მისი ავტორი ამბობს, ეძღვნება ხმელთაშუა ზღვას, სადაც მზის, მუსიკისა და ღვინის სული მეფობს. 92 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული ამ ნახატის შესაქმნელად სტრატი პაპანაქება სიცხეში, მცხუნვარე მზის ქვეშ 27 დღე მუშაობდა, ახლა კი ვაზის რტოს გვირგვინოსანი ჭაბუკი ალბანეთის დედაქალაქის ერთ-ერთ უდიდეს "შერატონ ტირანა ოტელ ანდ ტაუერშია" ექსპონირებული.

ამ მოზაიკის თითოეული ბოთლის საცობი, ისე როგორც სხვა ნამუშევრებში გამოყენებული ლურსმანი, ჯაგრისი ან სხვა რამ, მის ავტორს ციფრულ კამერებში პიკსელების ბადეს აგონებს. სტრატის თქმით, ერთი პიკსელი ერთი საცობია. ამ საცობთა სიგრძის, შეფერილობის, დახრის თუ მიმართულების მონაცვლეობით მიიღება სამგანზომილებიანი, მოცულობითი გამოსახულება, სადაც შუქი და ჩრდილი ნათლად გამოიკვეთება, ეს კი მეტად შთამბეჭდავ შედეგს იძლევა.

საიმირ სტრატი, როცა თავის ვაზის რტოს გვირგვინოსან ჭაბუკს აგვირგვინებდა, იქვე შეკრებილ, აღტაცებულ და ცნობისმოყვარე ალბანელებს თუ უცხოელ ტურისტებს მოუწოდებდა, დალიეთ ღვინო, საცობი კიდევ ბლომად მჭირდებაო.

ეტყობა, ამ კაცს კიდევ რაღაც ჩაუფიქრებია და ჩვენს გაკვირვებას მომავალშიც აპირებს, მანამდე კი თავისი ერთ-ერთი ნამუშევრის შესაქმნელად ფუნჯებსაც მიმართა, ოღონდ, ცხადია, ისინი მოსახატ საშუალებად კი არა, სამოზაიკე მასალად გამოიყენა. 2009 წელს ასე დაიბადა... მოძრავი მოზაიკა, რომელიც ვეება სატვირთო ავტომობილის ერთ მხარეზეა ექსპონირებული მასზე კი 250.000 ფუნჯის გამოყენებით შესრულებულ მაიკლ ჯეკსონის პორტრეტს მთელი ალბანეთი ხედავს.

აი, აქ კი გვახსენდება კიდევ ერთი ხელოვანი, რომელიც თავის უცნაურ შემოქმედებაში ბოთლის საცობსაც იყენებს და ავტომობილსაც. ეს გახლავთ ჟან ელფტმანი, რომელმაც თავისი ძველი "ჩეროკი" კორპის საცობით შემოსა. ამისთვის მას 10.000 საცობის გამოყენება დასჭირდა, მაგრამ ამასაც არ დასჯერდა და თავისი კაბაც კორპის საცობებით დაამშვენა. ამგვარად შემოსილი ეს ორი ქმნილება ახლა ყველას აოცებს თავისი ორიგინალური, მხატვრული გადაწყვეტით. ყოველივე ამასთან ერთიც და მეორეც ნაირგვარი ღვინის სურნელსა და არომატს აფრქვევს.

ამიტომაც ამ ქალბატონისთვის საცობთა დედოფალი შეურქმევიათ, მით უმეტეს, რომ მანამდე მას თავისი სახლიც ამ მასალით შეუმოსია.

ამგვარ გატაცებებს თავისებურად აფასებს ცნობილი სცენარისტი და პროდიუსერი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონის ასევე ყოფილი თანაშემწე ჯონ პოლაკი, რომელსაც აგრეთვე ღვინის ბოთლის საცობის საღერღელი აშლია. ამ კაცმა კორპის საცობები მთელი 30 წლის განმავლობაში აგროვა, ბოლოს, 2002 წელს 60 ათასი საცობით 7-მეტრიანი და 1600-კილოგრამიანი ნავი დაამზადა და პორტუგალიის მდინარე დორუზე დაეშვა. 20 დღის მერე ფინიშსაც მშვიდობით მიაღწია, სადაც მას ადგილობრივი ხელისუფლების და უამრავი პრესის წარმომადგენელი ელოდა, იქ კი თავის წამოწყებას... უაზრო ღონისძიება უწოდა.

დღევანდელ სამყაროში, რომელიც რაციონალიზმითაა შეპყრობილი, საცობის ტივით მოგზაურობის იდეა "ჩვენი ნატურის იმ მხარეს ირეკლავს, რომელსაც ბავშვური თამაშის გაგრძელება სურს"-ო, –თქვა ბილ კლინტონის ყოფილმა სპიჩრაიტერმა.

ასე იყო თუ ისე, დორუზე 265-კილომეტრიანი დაშვების მერე ჯონ პოლაკს "საცობის კაპიტანი" უწოდეს.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.