მთხრ. გულა შარაშიძე, (სოფ. წყაროთა, ხულოს რაიონი).
ყურძენი ცოტაა აქანა. თითო მოსახლეს ექნება სამი ფუთი. არ მეისხამს აქანა. ღვინო არ არის ჩვენთან. "ოტკა" არ არი. ისთე იმუშავებს ყურძენი ცოტას, საჭმელათ ვაშენებთ, დავრგავთ. ყურძენს ძირში ექნება ნაყარი, მოვგლიჯავ ხელით და დავრგავ გამოსულზე - ასე მარტში, მარტი რომ დაილევა. ყურძენს ისე მსუქანი ადგილი უნდა, მჭლე ადგილში არ იზამს. მოვთხრით იმ მიწას ციდა სიმაღლეზე, ნახევარი მეტრი განი უნდა, ჩავფლავთ, სასუქს ჩუუყრით და წავაყრით მიწას (წყალი არ უნდა).
ადესაი ძველათ არ იყო, თეთრი ყურძენი იყო. ადესამ გააფუჭა თეთრი ყურძენი. მერე თეთრმა არ იმუშავა. თეთრ ყურძენს ხოფათურს ვეტყვით. არის კიდო შავი ყურძენი. შავი ყურძენი ჩხავერიცაა. ყველაზე უკეთესია ჩხავერი. ჩხავერი მოჟავეა უფრო და ღვინოც მისი ჯობია. ადესას ხაფათური ჯობია.
ყურძნეს ვჭამთ ან ბეთმეზს გავაკეთეფთ, ხარდალს გავაკეთეფთ, ყურძნათ შევინახავთ.
შესანახავად ხოფათური ჯობია. ბეთმეზათ, ფაფათ ადესაი ჯობია. ჩვენ ვენახს მოვლა აფერი არა აქ, ძველ ყურძენს - ხოფათურს ადესაის სუნი აფუჭებს. ვენახი რომ შეხმება, წააჭრიენ იმ ხმელს და დასხვლას ეძახიენ. ყურძენს გათოვლების პირს მოვკრეფთ, წიფობისთვეში. გიდელში მოვკრეფთ ყურძენს. გიდელს, რომ გეიმსება, ჩამუუშოფთ ძირში თოკით და გავცლით გოდორში, გოდრიდან ჯარაში.
მასალები საქართველოს შინამრეწველობისა და ხელოსნობის ისტორიისათვის, ტომი IV, ნაწილი III თბილისი, მეცნიერება 1989.
თქვენი კომენტარი