Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

შმაგი ავალიშვილი - ხარაგაულელი მეღვინე დიდი გეგმებით

ლევან სეფისკვერაძე

თუკი ვინმე ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ხარაგაული მევენახეობა-მეღვინეობისათვის ნაკლებად საინტერესო მხარეა, ამ მოსაზრებას აუცილებლად შეგიცვლით მეღვინე შმაგი ავალიშვილი, რომელმაც ხარაგაულის მუნიციპალუტეტის სოფელ კიცხში მამაპაპისეული ვენახიც გაამრავალფეროვანა და მარანსაც მშვენიერს აშენებს.

დაახლოებით ორი თვეა, რაც შმაგი და მისი საოჯახო მარანი პროექტ „ღვინის სოფელში“ ჩაერთო და შმაგი პროქტის ფარგლებში დაგეგმილი ლექცია-სემინარების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე გახდა. იგი სერიოზულად უყურებს მისი მარნის ტურისტული კუთხით განვითარების პერსპექტივას და იმედი აქვს, რომ ხარაგაულში (რომელსაც ტურისტულად საინტერესო ადგილები ნამდვილად არ აკლია) სწორედ მისი საოჯახო მარანი გახდება ადგილი, სადაც ქართველი და უცხოელი ვიზიტორები მუდმივად გაჩერდებიან და სახელგანთქმულ იმერულ ღვინოს და არანაკლებ სახელგანთქმულ კერძებს გასინჯავენ.

შმაგი ავალიშვილი, „ავალიშვილის მარანი: „ჩვენი ოჯახი 100 წელზე მეტია რაც ღვინოს აყენებს. ბაბუა მამია ავალიშვილი ცნობილი კაცი იყო სოფელში და რაიონში, რომელიც საკუთარი ვენახებიდან ნატურალურ ღვინოს აყენებდა. განსაკუთრებულად უყვარდა სტუმრის პატივისცემა. ეს ყველაფერი ჩემს ბავშობაში ხდებოდა. შესაბამისად ვაზის, ღვინის, სტუმრის პატივისცემა ჩემში ღრმად არის გამჯდარი. ამ ყველაფრის ერთობლიობამ გადამაწყვეტინა მცირე მარნის კეთილმოწყობა, ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა და სტუმრების გამასპინძლება. 2018 წელს ჩამოვასხით ბოთლებში პირველად ღვინო საფერავი, ციცქა, და ცოლიკოური, რათქმაუნდა ტრადიციული მეთოდით, ველურ საფუვრებზე ქვევრში 6 თვიანი დავარგებით.

- როგორც ერთ-ერთ აქტიურ მონაწილეს რა მოლოდინები გაქვთ პროექტ „ღვინის სოფლიდან?“

- პროექტ ,,ღვინის სოფელში“ ჩართვა ჩვენნაირ მცირე მარანს გვაძლევს დიდ შესაძლებლობებს თუნდაც ტრენინგების მხრივ, სადაც ნატურალური მევენახეობა-მეღვინეობის კუთხით საჭირო ინფორმაცია მივიღოთ და ეს ინფორმაცია სასიკეთოდ ავსახოთ ჩვენს მარნებში. აგრეთვე ცნობადობის ამაღლების კუთხით დიდ სამსახურს გაგვიწევს აღნიშნული პროექტი.

- ხარაგაულზე და სახელდობრ სოფელ კიცხზე რას გვეტყვით? რამდენად საინტერესოა ეს მხარე მევენახეობის თვალსაზრისით?

- ზოგადად ხარაგაულის რაიონი ფართოდ ცნობილი არ არის მევენახეობა- მეღვინეობის კუთხით, თუმცა ჩემს სოფელში, კიცხში კომუნისტების დროს  არსებობდა დიდი მარანი და ვენახიც დიდ ფართობებზე იყო გაშენებული, მაგრამ მოქმედი სისტემიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა საოჯახო მარნების განვითარება და ვაზის უნიკალური ჯიშების შენარჩუნება. ძირითადად ციცქა და ცოლიკაური მოდის კიცხის ტერიტორიაზე, საკმაოდ ნაყოფიერი თიხნარი მიწებია სამხრეთ ფერდობებზე, სადაც მთელი დღე უხვად იღებს მზის სხივებს, შესაბამისად შაქრიანობა წელს 24-25 % იყო. მომავალ წელს უკვე ახალი ჯიშებიდან მივიღებთ პირველ მოსავალს. გავაშენეთ  კრახუნა და ოცხანური საფერე, ასევე ვგეგმავთ რამდენიმე იშვიათი იმერული ჯიშის გაშენებას. ამ საქმეში ლომის წვლილი მამაზე მოდის, დედა მხარს გვიჭერს მწვანე ოპერაციების შესრულების დროს.

- ეგებ თქვენს სამომავლო გეგმებზეც გვითხრათ რამე?

- სამომავლო გეგმები ასეთია: გვინდა ვაწარმოოთ იშვიათი ჯიშების ნატურალური ქვევრის ღვინო, რომელსაც ექნება მაღალი გემოვნური თვისებები. ფაქტობრივად დასრულების ეტაპზეა ტერასა, სადაც სტუმრებს დახვდებათ სადემონსტრაციო მცირე ღია ტიპის მარანი და პირდაპირ ქვევრიდან შეეძლებათ ღვინის დაგემოვნება. აგრეთვე  შევთავაზებთ იმერულ სუფრას და სხვადასხვა ტიპის ,,მასტერკლასებს“,

- ღვინოს ძირითადად ქვევრში აყენებთ?

- ამჟამად გვაქვს 4 ტონის ტევადობის 8 ქვევრი. ეს უნიკალური ქმნილება ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობაა. ასევე კარგი ისტორიაა, თუ როგორ შევთავაზოთ უცხოელ სტუმრებს ქარვისფერი ღვინო. ქვევრი უნიკალურია იმ თვალსაზრისითაც, რომ მას შეუძლია ღვინის ყველა ეტაპზე (ფერმენტაცია, დუღილი, დავარგება) იდეალურად გემსახუროს ისე, რომ მარნის ზედა სივრცე არ დაიკავოს

- წინა წლის მოსავლიდან რომელი ღვინო გაქვთ დარჩენილი?

- ამჟამად მაქვს ქვევრის საფერავი. ეს ჩემი ექსპერიმენტული ღვინოა, რომელიც მაღაზია „8000 მოსავალში“ და „ღვინის ბუტიკში“ იყიდება.

- რას ურჩევთ იმ ადამიანებს, რომლებიც მევენახეობა-მეღვინეობაში ახლა იდგამენ ფეხს?

- დამწყებ მეღვინეებს ვურჩევ, რომ გაიაზრონ რასაც აკეთებენ. ეს იოლი საქმე არაა და ნამდვილად რთულია „ბიო“ ვენახის მოვლა. მთავარი ამ საქმეში პასუხისმგებლობა გამძლეობა და ცოდნის მიღებაა. მოუსმინონ მხოლოდ პროფესიონალებს, ანუ იმ ადამიანებს, ვინც აღიარება მოიპოვა ფაქტობრივად თავგანწირვის ფასად“.

პროექტღვინის სოფელს“„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში უკვე შედგა ორი ტური სამიზნე სამ რეგიონში (იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი) და პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ რეგიონებში არაერთი მარანი მოიარეს, რომლებთანაც მომავალში სხვადასხვა ფორმით უნდა ითანამშრომლონ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული