Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ფესტივალზე მეტი დრო და შესაძლებლობა იქნება ახალი მარნებისა და ღვინოების აღმოსაჩენად“ - ინტერვიუ მალხაზ ხარბედიასთან

ესაუბრა ელენე ცინცაძე

ღვინის ფესტივალი ახლოვდება. 22 ოქტომბერს "ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე" გელოდებით ყველას ფესტივალზე, რომელიც რამდენიმე წელიწადია უფრო და უფრო მეტ ახალ მარანს მასპინძლობს და სულ უფრო მეტ მარანს აცნობს ღვინის მოყვარულებს. ამაზე უფრო დაწვრილებით “ღვინის კლუბის” დამფუძნებელი, მალხაზ ხარბედია გვესაუბრა.

- როგორ ჩაეყარა საფუძველი  ღვინის ფესტივალს, რომელიც უკვე რამდენიმე წელია იმართება საქართველოში?

- თავიდან საფესტივალო აქცია დავარქვით, მოკრძალებულად. სახელიც მოვუფიქრეთ, „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“, მაგრამ დრომ გვაჩვენა, რომ კიდევ ერთი ფესტივალი შეემატა ჩვენს აქტივობებს, მონაწილეებიდან და სტუმრებიდან გამომდინარე. პირველი ორი, 2016 და 2017 წლებში #1 ღვინის ქარხანაში გაიმართა, პეტრიაშვილის ქუჩაზე, შემდეგ მთაწმინდაზე, ანდერვილშიც ჩატარდა ფესტივალი. წელს მემგონი მეოთხედ ვატარებთ. მთავარი აზრი ამ ფესტივალისა ის გახლდათ, რომ წარმოგვედგინა ბოლო წლების მანძილზე ასპარეზზე გამოსული მცირე მარნები, მათი საუკეთესო ნაკრები. მარნები, რომლებიც აქამდე „ახალი ღვინის ფესტივალზე“ ოჯახური მარნების ქოლგის ქვეშ იღებდნენ მონაწილეობას, გადიოდნენ კონკურსს და ისე ხვდებოდნენ ფესტივალზე, ამჯერად შეძლებდნენ კონკურსგარეშე, დამოუკიდებლად წარმდგარიყვნენ ღვინის მოყვარულების წინაშე. ანუ ფოკუსი უფრო მიახლოებულია ამ შემთხვევაში, განსხვავებით ძალიან ხალხმრავალი „ახალი ღვინის ფესტივალისა“, სადაც აუარება მონაწილეს შორის უნდა ეძებო შენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი მარანი. საშემოდგომო ფესტივალზე გაცილებით კარგად შეუძლიათ წარმოაჩინონ თავი ახალმა მცირე მარნებმა და ღვინის მოყვარულს 22 ოქტომბერს მეტი დრო და შესაძლებლობა ექნება ახალი მარნებისა და ღვინოების აღმოსაჩენად, საშუალება მიეცემა უკეთ გაიცნოს ესათუის ჯიში, ამათუიმ სტილის ღვინო, მცირე მარანი და ა.შ.

- რამდენად ეხმარება ფესტივალი მეღვინეებს, უკეთ გაიცნონ და გაიყიდოს მათი ღვინოები?

- ამ ტიპის ფესტივალების მთავარი მიზანი პირველ რიგში ცნობადობის ზრდაა, არამხოლოდ მომხმარებელში, არამედ ღვინის მოვაჭრეებშიც - ბარები, რესტორნები, ბუტიკები, ექსპორტიორები. ერთი საფესტივალო დღეც კი სრულიად საკმარისია ხოლმე, რომ დებიუტანტმა მარანმა ადგილი დაიმკვიდროს ბაზარზე, ამიტომაც ქვია ფესტივალს „ახალი მცირე მარნები დიდ ასპარეზზე“.

- არის რომელიმე ღვინის მარანი ან რეგიონი, რომელსაც  ფესტივალზე განსაკუთრებით ელოდებით?

- ჩვენ მესამე წელია USAID-ს ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივის მხარდაჭერით ვახორციელებთ პროექტს „ღვინის სოფელი“. 2020-2021 წლებში იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში დავასრულეთ ეს პროექტი, ახლა კი იგი გურია-სამეგრელოში მიმდინარეობს. ამიტომ, ჩვენთვის ჩვენი პროექტის მონაწილე მარნებისა და მევენახე-მეღვინეების აქტიურობა განსაკუთრებით ძვირფასია.

- რამდენი მარანი იქნება ფესტივალზე? რამდენად დიდი იყო აქტივობა წინა ფესტივალებთან შედარებით მეღვინეების მხრიდან?

- 30-ზე მეტი მონაწილე იქნება საქართველოს მეღვინეობის თითქმის ყველა კუთხიდან. აქტივობა უცვლელია, ძალიან ბევრია მსურველი, თუმცა მცირე მასშტაბში მეტის შესაძლებლობა არა გვაქვს. აქ, როგორც ახალი ღვინის ფესტივალზე, 200-300 მარანი ვერ მიიღებს მონაწილეობას. აქ რჩეულები არიან, თან მარნები, რომლებიც ბოლო წლებში გამოვიდნენ ან ახლა გამოდიან ასპარეზზე. რამდენიმე მარნის ღვინოს პირველად გასინჯავენ სტუმრები. ისინი ახალი ღვინის ფესტივალზეც კი არ ყოფილან წელს.

- თქვენი აზრით, რამდენად კარგად განვითარდა ბუნებრივი ღვინის მიმართულება საქართველოში?

- მემგონი იდეალური პირობები და სიტუაციაა საქართველოში ბუნებრივი ღვინის მიმდინარეობის განსავითარებლად. მთავარია მევენახე-მეღვინე თავისი პრინციპების ერთგული იყოს და ბოლომდე მიყვეს ღვინოს, ვენახიდან - გაყიდვებამდე. ძალზე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადგილობრივი ბაზარი გაჯერდეს ასეთი ღვინოებით და მხოლოდ ექსპორტზე არ მოხვდეს. გაცილებით მეტია გასაკეთებელი ასეთი ღვინოების პოპულარიზაციისთვის, მეტი დეგუსტაცია და საგანმანათლებლო აქცია უნდა ტარდებოდეს, ვენახში გასვლები... კარგი იქნება, თუკი სპეციალური ტურებიც მოეწყობა, სადაც დამწყები მევენახე-მეღვინეები  ადგილზე გაეცნობიან ვენახში და მარანში მუშაობის პრინციპებს.

- რამდენად და რატომაა მნიშვნელოვანი ფესტივალზე ბუნებრივი, ორგანული ღვინის მიმართულება?

- ეს ორი ცნება, ორგანული და ბუნებრივი, ნატურალური, საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა ორივეგან ცდილობენ შექმნან ექსკლუზიური, ნამდვილი, მართალი პროდუქტი, ღვინო, რომელიც ზუსტად გამოხატავს ჯიშს, ადგილს, მეთოდს. ყოველ შემთხვევაში საქართველოში ჯერ-ჯერობით ასეა, უცხოეთში ორგანული ღვინის ცნება ძალზე გაფართოვდა და ხშირად ვერც გაარჩევ კონვენციურისგან. ბუნებრივ მეღვინეობაშ დაუშვებელია კულტურული საფუვრის გამოყენება, სხვადასხვა დანამატი, გოგირდსაც მინიმალური რაოდენობით იყენებენ, ზოგი საერთოდ არ იყენებს. ჩვენს ფესტივალებზე ყველა სტილის ღვინოა წარმოდგენილი, არიან მცირე მარნები, რომლებიც იყენებენ ამ დანამატებს, თუმცა ჩვენი მთავარი ინტერესის საგანი ის მევენახეობა-მეღვინეობებია, რომლებიც ნატურალურ ან ბიო მიმართულებას არჩევენ, ჩვენი ტრენინგებიც მხოლოდ ამ თემებზე იმართება და „ღვინის სოფელიც“ ნატურალური ღვინის პროპაგანდითაა დაკავებული. სხვა საქმეა რომელი მონაწილე როგორ არჩევანს გააკეთებს და ჩვენი პროექტების გამოცდილებიდან გამომდინარე, დიდი უმრავლესობა ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის გზას ირჩევს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული