მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში 4 მაისს ბუნებრივი ღვინის სალონი „შერეკილები“ გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას წელს 15 მარანი მიიღებს, რომლებიც მრავალფეროვანი ბუნებრივი ღვინით იქნებიან წარმოდგენილი. აღსანიშნავია ისიც, რომ ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ შეიძინონ და დააგემოვნონ ის ღვინოები, რომლებსაც ქართულ ბაზარზე ვერ შევხვდებით. ფესტივალის მნიშვნელობის შესახებ საუბრობენ როგორც ორგანიზატორი, ასევე მონაწილეებიც.
იაგო ბიტარიშვილი: „ბუნებრივი ღვინის სალონი „შერეკილები“ წელს მესამედ გაიმართება და ძალიან გვიხარია რომ მაისი უკვე ჩამოყალიბდა ქართული ღვინის მთავარ საფესტივალო თვედ და ამაში დიდი წვლილი „ახალი ღვინის ფესტივალს“ მიუძღვის. დღეს საქართველოში არსებული ფესტივალების რაოდენობა მეტყველებს იმ პოზიტიურ განვითარებაზე, რომელსაც ქართულმა ღვინომ მიაღწია ბოლო 10-15 წლის განმავლობაში და სალონი „შერეკილები“ მისი ერთ-ერთი გამოხატულებაა. ბუნებრივი ღვინის სალონი „შერეკილები“ აერთიანებს ერთნაირი ფილოსოფიის მეღვინეებს და ეს ბუნებრივი ღვინის ფილოსოფიაა. სალონის იდეა ამავე დროს მდგომარეობს იმაში, რომ არ ყოფილიყო დედაქალაქში, ერთი მხრივ ეს იდეები რეგიონებშიც პოპულარული გამხდარიყო და მეორე მხრივ, ადგილობრივი ღვინის კულტურაც ამაღლდეს. ამავე დროს, ღონისძიება არ იყოს დიდი და მასშტაბური, რაც უფრო კომფორტულს ხდის მეღვინეებსა და სტუმრებს (ძირითადად ღვინის სფეროში დასაქმებული ადამიანების) შორის კომუნიკაციას. წლევანდელ სალონზე მონაწილეობას მიიღებს 15 ღვინის მარანი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. სტუმრებს საშუალება ექნებათ ისიამოვნონ როგორც ბუნებრივი ღვინით, ასევე ქართული სამზარეულოთი და მუსიკით. ღონისძიება გაიმართება 4 მაისს 12:00-დან 17:00-ამდე მცხეთის რ-ნ სოფ. ჩარდახში“.
მალხაზ ხარბედია: „ეს და მსგავსი ფესტივალები უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ადგილობრივი ღვინის კულტურის განვითარებისთვის. თანაც იგი შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ ქართლში ქართლურის გარდა იმერული, კახური, ლეჩხუმური და სომხური ღვინოებიც გავსინჯოთ. საერთაშორისო სტატუსისკენ ნაბიჯი განსაკუთრებით სასიხარულოა. 2 წლის წინ „შერეკილების“ 5 მონაწილე მარანი ვიყავით, შარშან 10, წელს კი უკვე 15 მონაწილეა. დიდი ფესტივალებისგან განსხვავებით აქ შესაძლებელია ყველა მონაწილის ღვინის გასინჯვა, ვენახებისა და მარნის ამბების გამოკითხვა, მწვანე მდელოზე ნებივრობა და თანამედროვე მუსიკის მოსმენა. ღრმად მწამს, რომ „შერეკილები“-სნაირი ფესტივალები სოფლის მოსახლეობას გამოიყვანს ღინისძიებაზე და მეორე მხრივ ქალაქელებს რეგიონებში გაიყვანს დროის გასატარებლად და თვალსაწიერის გასაფართოებლად. ამასწინათ სალაღობო დევიზიც კი მოვიფიქრე, „ღვინო არ გვინდა, გვაქვს თქვა, ყველას გვეყოფა!““.
ნათია ჩეკურიშვილი: ჩემი მარანია „თეთრი თუთა — White Mullbery”, ძალიან მცირე მწარმოებელი ვარ, ამიტომ მირჩევნია, მსგავს, პატარა აქტივობებში მივიღო მონაწილეობა, სადაც მეც გამიცნობენ და თავადაც დააგემოვნებენ ღვინოებს. თანაც მითხრეს, რომ შენზე „შერეკილი“ ვინ არისო... აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორმატის შეხვედრები, ვინაიდან ფესტივალს ბევრი ადგილობრივი ბაზრის წარმომადგენელი სტუმრობს და უშუალოდ ეცნობა ღვინოსა და მეღვინეს. წლევანდელ ფესტივალზე წარმოდგენილი ვიქნები შემდეგი ღვინოებით: ციცქა-თეთრი ღვინო; ციცქა-ცქრიალა; ციცქა-ცოლიკოური - თეთრი ღვინო.
მარიამ იოსებიძე - ღვინოს კიკეთში, „ტანინის“ მარანში 2014 წლიდან ვაყენებ. შერეკილების ფესტივალზე კი წელს წარმოდგენილი ვიქნები შემდეგი ღვინოებით: თავკვერი ვინონო 2024 და პეტ ნატი — ჩინური-გორული მწვანე 2024.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წლევანდელ ფესტივალზე 15 მარანი მიიღებს მონაწილეობას, მონაწილეთა სია კი ასე გამოიყურება:
1. ნიკოლაძეების მარანი - რამაზ ნიკოლაძე
2. კალამი - მალხაზ ხარბედია
3. ფაფარი ველი - ნუკრი ქურდაძე
4. მარანი ბედიანი - ცოტნე გიორგაძე
5. ბაიას ღვინო - ბაია&გვანცა აბულაძე
6. მირანდას ღვინო - მირანდა ჩხეტიანი
7. ორი მარანი - ბასტიან ვარსკოტი
8. ალაფიანი - მერაბ მირცხულავა
9. ასლანიშვიების მეღვინეობა - ნები
10. ნავენახევი - გიორგი ვირსალაძე
11. თეთრი თუთა - ნათია ჩეკურიშვილი
12. მარანი ლაგაზი - შოთა ლაგაზიძე
13. ღვინის სახლი ალურია - სომხეთი
14. ვინონო - მარიამ იოსებიძე
15. იაგოს ღვინო - იაგო ბიტარიშვილი
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი