Home
ქართული | English
აპრილი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

"შეიძლება აქედან დაიწყოს შენი ღვინის ამბავი" - მცირე მარნები ახალი ღვინის ფესტივალზე

„ახალი ღვინის ფესტივალი“ მცირე მარნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ხოლმე. დღეს ჩვენი მონაწილეების მოსაზრებებს გაგიზიარებთ, რომლებიც უკვე წლებია ფესტივალში იღებენ მონაწილეობას. „ახალი ღვინის ფესტივალი“ მცირე მარნებისთვის არა მხოლოდ ქართული ღვინის პრეზენტაციის სცენაა, არამედ პირადი და პროფესიული განვითარების სივრცეც. ეს არის ადგილი, სადაც მეღვინეები იკრიბებიან, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, უსმენენ სტუმრებს. მეტად თვალსაჩინო ხდება მათთვის სად არიან ახლა და მომავალში საით უნდა წავიდნენ. მცირე მარნებისთვის ფესტივალი ხშირად გარდამტეხ მომენტად იქცევა ხოლმე –აქ იწყება თანამშრომლობები და ურთიერთობები.

სადეგუსტაციო ნიმუშების მიღება გრძელდება 11 აპრილის ჩათვლით. „ღვინის კლუბი“ მცირე მარნების ღვინოებს მოუთმენლად ველით.

ჯაყელების ღვინო ის იშვიათი მარანია ჩვენი ფესტივალი ისტორიაში, რომელიც დაარსების წლიდან მონაწილეობს: „ახალი ღვინის ფესტივალზე“ დაარსების თარიღიდან, 2010 წლიდან ვსტუმრობ, არც ერთი ფესტივალი არ გამომიტოვებია. ძალიან, განსაკუთრებით შთამბეჭდავი ფესტივალია და ყოველთვის კარგი იყო, განსხვავებული.“ახალი ღვინის ფესტივალი“ დღესასწაულია ჩვენი მარნისთვის. თავიდან უფრო გაცნობითი ხასიათის იყო, მოდიან ადამიანები, არა მხოლოდ ღვინის მცოდნეები და ექსპერტები, არამედ ოჯახები, ბავშვები. ეს ყველაფერი - ხალხი, მეღვინეები, გარემო, სტუმრები - ფესტივალს დღესასწაულად აქცევს. რადგან აქ ხდება ურთიერთობა, აზრების გაცვლა-გამოცვლა, საუბარი. ძალიან ამაღლებული განწყობაა ამ ფესტივალზე ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. სახლში ძალიან დაღლილები, თუმცა სასიამოვნოდ დაქანცულები მივდივართ ხოლმე. კავშირები, კონტაქტები იმავე დღეს თითქოს არ ჩანს ხოლმე, მაგრამ დროთა განმავლობაში ამას ნამდვილად ვამჩნევ. 2010-ში პირველად რომ გაიხსნა ფესტივალი, არავინ არაფერი არ იცოდა საქართველოს შესახებ. მას შემდეგ უამრავმა ადამიანმა გაიგო, მართლა მოდიოდნენ მყიდველები, იმპორტიორები უცხოეთიდან და ძალიან ბევრს გაუჩნდა ინტერესი. მერე და მერე კი ცნობადობაც გაიზარდა. „ახალი ღვინის ფესტივალის“ შემდეგ ხშირად მოდის შეკვეთები მაღაზიებიდან, რესტორნებდან. მთლიანობაში, ალბათ ერთი სიტყვით დავახასიათებდი ამ ფესტივალს, როგორც დღესასწაულს“.

ვესაუბრეთ „ჭურ ჩინებულსაც“, როგორც გრიგოლი გვიამბობს, ფესტივალი კიდევ უფრო ღრმა მნიშვნელობას ატარებს — ესაა კულტურის, მეხსიერებისა და მოტივაციის სივრცე მეღვინეებისთვის: „ახალი ღვინის ფესტივალი პირველ რიგში ჩვენთვის, ქართველებისთვის, და არა მხოლოდ ქართველებისთვის, არის ჩვენი დიდი კულტურის გაზიარება მათთვის, ვინც არ იცნობს ქართულ ღვინოს. გარდა ამისა, ამ სიმდიდრისა და მრავალფეროვნების კიდევ ერთხელ წარმოჩენის ადგილია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამან მისცა მოტივაცია ძალიან ბევრს, რომ თუ მანამდე არ აწარმოებდა ან არ ფიქრობდა ღვინის დაყენებაზე, ვგულისხმობ საოჯახო მარნებს, შემდეგ სურვილი გაუჩნდათ, რომ წარედგინათ, მეტი ეშრომათ, გაეზიარებინათ სხვებისთვის, მოესმინათ კრიტიკა, ქება თუ უბრალოდ სხვა მოსაზრება, უფრო დაეხვეწათ პროდუქტი და წინ წასულიყვნენ. ვფიქრობ, ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ესაა.

„ახალი ღვინის ფესტივალის“ გამოცდილება ბევრისთვის იქცა პროფესიულ გზაზე გადამწყვეტ ნაბიჯად. ფესტივალის მთავარი ძალა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანებს აერთიანებს –  მათ, ვინც ღვინოს ქმნის და მათ, ვინც ღვინოს ეძებს: „სტუმარს ძალიან დიდი აღმოჩენა ელოდებათ ყოველ ფესტივალზე. რა პატარა ქვეყანაა და რამდენი სახეობის ღვინოს, რამდენი დასახელების ვაზის ჯიშს შეხვდებით, ყველა განსხვავებულია, არც ერთი ჰგავს ერთმანეთს და ძალიან მდიდარია თითოეული მათგანი. ახალ მარნებს, რომლებიც ფესტივალზე პირველად წარმოადგენენ ღვინოს, ვურჩევდი არ გამოტოვონ ეს ფესტივალი, ხშირად მიიღონ მონაწილეობა, ეს განაპირობებს მათ პროფესიულ ზრდას, შეიძლება სწორედ აქედან დაიწყოს მათი ღვინის ამბავი. ძალიან დიდ გამოცდილებას შეიძენენ და ძალიან დიდი ისტორია იქნება მათთვის სამომავლოდ.“

„ახალი ღვინის ფესტივალი“ წლების განმავლობაში იქცა იმ სივრცედ, სადაც მცირე  მარნებს არა მხოლოდ ღვინის, არამედ საკუთარი თავის წარმოჩენის შანსი ეძლევათ. და სწორედ აქ, ამ ურთიერთობებში, იწყება ახალი ისტორია.

10 მაისს „ახალი ღვინის ფესტივალი 2025“ მთაწმინდის პარკში გაიმართება. ფესტივალის სპონსორია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ღვინის კლუბი.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული