Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

‘ვინოლეჯი’ ახალ სეზონს ხსნის

შალვა ხეცურიანის მიერ დაფუძნებული, ღვინის საგანმანათლებლო ცენტრი "ვინოლეჯი" ახალ სეზონს ხსნის. საგანმანათლებლო კურსი ღვინის სამყაროში 7 კვირას მოიცავს და 700 ლარი ღირს. ღვინის სამყაროში შესასვლელად მსურველებს ალექსანდრე დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრის კარიბჭის გადალახვა მოუწევთ, რადგან ამიერიდან "ვინოლეჯმა" ამ ადგილას დაიდო ბინა. როგორც შალვა ხეცურიანი ამბობს, ღვინო ცოცხალი ორგანიზმია და მის მიმართ დამოკიდებულება ახალ განზომილებაში უნდა გადავიდეს.   "ვინოლეჯის" დაარსებაც ამ მოსაზრებამ განაპირობა, ამიტომ ქართული ღვინის ისტორიის დასაგემოვნებლად და შესაგრძნობად მსურველებმა შემდეგი კურსი უნდა მოისმინონ: როგორ გამოვიცნოთ კარგი და ცუდი ღვინო, პროფესიული შეფასება და გარჩევა, ღვინის აღწერა, ამ თემატიკას მოიცავს დეგუსტატორის კურსი. მსმენელები შეისწავლიან ღვინის დაავადებებს, არომატებს და ღვინის მომზადების ტექნოლოგიას. ამ კურსს თან ახლავს ქართული და უცხოური ღვინოების ყოველდღიური დეგუსტაცია. მსმენელები ასევე შეისწავლიან ღვინოსთან ურთიერთობას, სერვირებას, ბოკლებს და სომელიეს ხელოვნებას. კურსის მსვლელობისას განხორციელდება ექსკურსიები ქართული ღვინის წამყვან მწარმოებლებთან.   "ამ კურსით ძირითადად ღვინის კომპანიები, მენეჯერები, ტექნოლოგები და სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის სტუდენტები დაინტერესდებიან. ამ კურსზე მოთხოვნა გარკვეულწილად იმ რეალობამ განაპირობა, რომელიც ადგილობრივ ღვინის ბაზარზე შეიქმნა. ფაქტობრივად, რუსეთში ქართულ ღვინოზე განხორციელებულმა ემბარგომ ამ სფეროში არსებული პრობლემები გააშიშვლა. ამიტომ ამ სექტორში მაღალი დონის პროფესიონალების არსებობა აუცილებელი პირობაა," - ამბობს შალვა ხეცურიანი.   "ვინოლეჯის" გარდა, შალვა ხეცურიანი სამეწარმეო საქმიანობითაცაა დაკავებული.   "ხეცურიანების მარანი" ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან არსებობდა ქუთაისში. დიდი ბაბუის, ანტონ ხეცურიანის საყვარელ საქმიანობას - მეღვინეობას დღეს მისი შთამომავალი შალვა (ბაჩო) ხეცურიანი აგრძელებს. საქართველოში მარანი "ხეცურიანი" აწარმოებს ღვინოს დასავლეთ საქართველოს იშვიათი და უიშვიათესი ჯიშებისაგან, როგორიცაა: უსახელაური, ალექსანდროული, მუჯურეთული, ოცხანური საფერი, ალადასტური, კრახუნა, რაჭული თეთრი და სხვა.   "ყველა ღვინო ცოცხალი ორგანიზმია, ის ცხოვრობს ბოთლში და ვითარდება დროთა განმავლობაში," - ამბობს შალვა და სიამაყით საუბრობს ხუთი წლის წინანდელი მოსავლის უსახელაურსა და ხვანჭკარაზე, ასევე ისეთი აბორიგენული ჯიშებიდან ნაწარმოებ ღვინოებზე, როგორიცაა: ნაგუთნეული, კაჭიჭი, კაპისტონი… ოღონდ ისინი ძალიან ძვირფასია, ამავდროულად ძალიან ცოტაა და არ იყიდება. შალვა ხეცურიანი პირველი ქართველი სომელიე და ამ ახალი პროფესიის ფუძემდებელია ჩვენს ქვეყანაში. 2004 წელს სწორედ მისი ინიციატივით შეიქმნა "სომელიეთა ასოციაცია" და ჩატარდა პირველი საგანმანათლებლო სემინარები სომელიეთა მოსამზადებლად დედაქალაქის ცნობილი სასტუმროებისა და რესტორნებისათვის. საერთოდ, სომელიეს პროფესია პირველად საფრანგეთში გაჩნდა, ნაპოლეონის ეპოქაში. "სომელიე" ნიშნავს ღვინის სპეციალისტს, ექსპერტს, კარგად ერკვევა მსოფლიო ღვინოებში და პასუხისმგებელია ღვინის შეფასებაზე, მის შეფარდებაზე გასტრონომიასთან. სომელიეთა ასოციაცია მსოფლიოში ცნობილი გაერთიანებაა და ის ერთ-ერთი წამყვანი დარგია მეღვინეობაში. მისი წევრები არიან თვით სომელიეები, რომლებიც სასტუმროებსა და რესტორნებში მუშაობენ, ასევე მეღვინეები, ღვინის კომპანიები, ღვინის მენეჯერები, ჩინოვნიკები და ჟურნალისტები. სომელიეთა ასოციაციისადმი ინტერესი საქართველოშიც დღითიდღე იზრდება. ასოციაცია თანამშრომლობს რუსეთის, საფრანგეთის და სხვა ქვეყნების ცნობილ სომელიეებთან, რამდენიმე წევრმა გაიარა კიდეც სტაჟირება უცხოეთში. პირველი ქართველი სომელიე შალვა ხეცურიანი ფიქრობს, რომ სომელიეს პროფესია საქართველოში დამკვიდრებას უთუოდ შეძლებს.

ნინო ნატროშვილი

© “24 საათი”

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული