საქართველო საფერავის საერთაშორისო კონკურსისთვის Saperavi World Prize 2017 ემზადება. კონკურსზე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმოებული საფერავის ღვინოები იქნება წარდგენილი. ეს იდეა Hvino News-ს ეკუთვნის.
ინგე ოლსონი, Saperavi World Prize 2017 კონკურსის დამფუძნებელი, თვლის, რომ საქართველოში საფერავი ყველაზე ცნობილი ქართული ვაზის ჯიშია, მაგრამ ბევრ ქვეყანაში ეს არ იციან. საერთაშორისო ბაზრის ასათვისებლად კი საჭიროა ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ ქართული პროდუქტის პოპულარიზაციისთვის. ამერიკელი თუ ახალი ზელანდიელი მეღვინეები, ვინც საფერავის ღვინოს აწარმოებენ, დიდ საქმეს აკეთებენ საქართველოსთვის. ეს კონკურსი ერთ-ერთი მექანიზმია, რომელიც საფერავს უფრო ფართოდ გააცნობს მსოფლიოს. Saperavi World Prize-სთან ერთად ჩატარდება მასტერ-კლასები და სხვა საგანმანათლებლო პროექტები.
Saperavi World Prize 2017-ისთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან საქართველოში გამოგზავნილ საფერავის ნიმუშებს კი ქართველი და უცხოელი საუკეთესო ღვინის ექსპერტები შეაფასებენ: გოგი დაქიშვილი, დარელ ჯოზეფი, ქეთი ჯურხაძე, ლიზა გრანიკი, ვლადიმერ კუბლაშვილი, ბერტოლდ ზაიცი, როდ სმიტი, ლადო უზუნაშვილი.
კონკურსში მონაწილეობას იღებს ავსტრალიის, ამერიკის, ახალი ზელანდიის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, უკრაინისა და სომხეთის ღვინოები. ნიმუშების მიღება ჯერ კიდევ გრძელდება.
ორგანიზატორის აზრით, Saperavi World Prize ასევე ეფექტური სარეკლამო პლატფორმაა არა მხოლოდ მეღვინეობებისთვის, არამედ ყველა კომპანიისთვის, ვისაც სურს საერთაშორისო აღიარების მოპოვება. ქართული ღვინის კომპანიები არ მონაწილეობენ კონკურსში. მათ შეუძლიათ სპონსორობა გაუწიონ კონკურსს. მსოფლიოში არც ისე ბევრი მარანი აწარმოებს საფერავს. საქართველოში კი ასობით მარანი სწორედ საფერავს აყენებს. საქართველოდან წარმოდგენილი ნიმუშები რაოდენობრივად გადააჭარბებდა უცხოელ მონაწილეებს, და მათი გამარჯვების შანსიც ალბათ დაბალი იქნებოდა და უცხოელი მეღვინეები დაკარგავდნენ ინტერესს. საქართველოში არაერთი ეროვნული კონკურსი არსებობს, სადაც ქართული ღვინოებს შორის საუკეთესოს გამოვლენა ხდება.
Saperavi World Prize-ს მსოფლიოს წამყვანი სააგენტოები, როგორიცაა AFP (Agence France Presse), ასევე საქართველოს ტელევიზიები, გაზეთები და ინტერნეტ გამოცემები გააშუქებენ. Hvino News მუდმივად მოგვაწვდის სიახლეებს.
საერთაშორისო მედიის ყურადღებასთან ერთად, მნიშნელოვანია მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების აზრი. მსოფლიოს საუკეთესო სომელიე, ბრიტანელი ჟერარ ბასეტი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი, ასევე ამერიკის, საფრანგეთისა და ჰონგ-კონგის ღვინის ექსპერტები და პროფესიონალები დადებითად აფასებენ კონკურსს.
გამარჯვებულ ღვინოს ოქროს მინიატურული აზარფეშა გადაეცემა. კონკურსის სიახლეებს შეგიძლიათ საიტზე გაეცნოთ.
Saperavi World Prize -ის მხარდამჭერია სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო სავაჭრო პალატა, შემოსავლების სამსახური, საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - ,,საქპატენტი“.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი