Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო ყველასათვის, ყველა ღვინისათვის!

მალხაზ ხარბედია

ზუსტად არ მახსოვს როდის დაიბადა ეს გამოთქმა, ვის წამოცდა პირველად, რა ვითარებაში. მემგონი „ღვინის კლუბის“ ერთ–ერთ შეკრებაზე თუ შეკრებისშემდგომ ნადიმზე ითქვა ეს სიტყვები. მის დახვეწაში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა და საბოლოოდ ბავშვობიდან გამოყოლილი მოწოდების ვარიაცია მივიღეთ, ფიცი, რომელსაც მუშკეტერებიდან ქართული ღვინის მომავლისკენ მივყავდით.

სწორედ ერთიანობის ამ განცდით გაჩნდა „ახალი ღვინის ფესტივალის“ იდეა 2009 წელს. ერთ–ერთ შეხვედრაზე სოლიკო ცაიშვილმა ახსენა სიტყვა „ფესტივალი“, შემდეგ ეს ცნება კიდევ უფრო დავაზუსტეთ და საბოლოოდ „ახალი ღვინის ფესტივალი“ დავარქვით მომავალ დღესასწაულს.

წელს პირველი ფესტივალია ჩვენი მეგობრის, სოლიკო ცაიშვილის გარეშე.

კარგად მახსოვს ფესტივალისთვის მზადების პერიოდი. ვისთან არ ვიყავით იდეებით – სახელმწიფო ორგანიზაციებიდან დაწყებული, არასამთავრობოებით და ბიზნესით დამთავრებული. უმრავლესობას არ სჯეროდა ჩვენი ხედვების და წარმოდგენების, სხვები თანაგრძნობით სავსე თვალებით გვეუბნებოდნენ უარს ან გვპირდებოდნენ, რომ ვიღაცასთან სიტყვას შეგვაწევდნენ. მაშინ, 2010 წლის გაზაფხულზე მხოლოდ ერთი მხარდამჭერი გამოგვიჩნდა, თბილისის მერია, რომელიც დღემდე ჩვენი პარტნიორია (3 წლის შემდეგ ღვინის ეროვნული სააგენტო შემოუერთდა ფესტივალს და ღონისძიების მთავარ მხარდამჭერად იქცა) და სულ რამდენიმე კომპანია იყო მონაწილე, უფრო ზუსტად კი, 17. აქედან 7 დიდი კომპანია იყო, 2 მონასტრის მარანი და 8 მცირე მარანი. გარდა ამისა, 20 ოჯახური მარანიც მოგროვდა (ზოგიერთისგან ღვინო შევიძინეთ კიდეც, რათა მათ ნაცვლად წარგვედგინა კონკრეტული რეგიონი) და პირველად გაჩნდა შესაძლებლობა საქართველოს თითქმის ყველა მხარის ღვინოს გავცნობოდით ერთ ადგილას, შევხვედროდით ღვინის ავტორებს, ადამიანებს, ვინც დეტალურად მოგვიყვებოდნენ თავიანთი ვენახების, მარნებისა და ღვინოების შესახებ.

წელს უკვე 131 ოჯახური მარანი გვყავს და 100–მდე დიდი კომპანია თუ მცირე მარანი. სულ 229 მონაწილეა წლევანდელ „ახალი ღვინის ფესტივალზე“.

ფესტივალის წინა პერიოდში გულშემატკივრები, სტუმრები და ჟურნალისტები ყოველთვის გვეკითხებიან, „რა სიახლე იქნება წელს?“ ორგანიზების თვალსაზრისით სიახლე რა თქმა უნდა ყოველ წელსაა, მაგრამ ჩვენ მაინც ერთ უმნიშვნელოვანეს სიახლეზე ვამახვილებთ ხოლმე ყურადღებას. და ეს სიახლე პირველ რიგში ახალი ღვინოა, ბოლო მოსავლის ღვინო, რომელიც – თუკი ის ნამდვილი ღვინოა –აუცილებლად განსხვავდება წინა წლის ღვინოებისგან. ესაა ახალი სახელები, ახალი ჯიშები, ახალი აზროვნება, ახალი სტუმრები და ახალი მოგონებები. წარმოგიდგენიათ რამხელა სიამოვნებაა, როცა ერთი რომელიმე მარნის 9–ვე წელი გახსოვს, გახსოვს როგორი იყო მისი საფერავი 2010–ში, 2013–ში, 2016–ში. გახსოვს, რომ ვიღაცა 2009 წელს პლასტმასის კასრებში აყენებდა ღვინოს, 2012–ში კი თავისი პირველი ქვევრის ღვინო გაასინჯა ფესტივალის სტუმრებს. სხვამ მომდევნო წელს ერთი ღვინის ნაცვლად 5 ღვინო გამოიტანა. ისეთებიც არიან, ვინც ადგილზე, თავიანთ სოფლებში თუ მუნიციპალიტეტებში უწევენ ორგანიზებას მონაწილეებს და ფესტივალზე თავიანთი ღვინის წარდგენისკენ მოუწოდებენ, აქეზებენ. სწორედ ფესტივალმა გადააწყვეტინა ბევრს, რომ ღვინო პირველად ჩამოესხათ ბოთლში, რათა ერთი ოჯახისა და მარნის ფარგლებს გასცდენოდა და ფართო საზოგადოებასთან შესახვედრად გადაედგა პირველი ნაბიჯები.

ასეთი მაგალითები ბევრია.

ოჯახური მარნების შერჩევისას წელს განსაკუთრებით იგრძნობოდა, რომ ქართულმა ღვინომ იპოვა თავისი თავი. ხარისხი საგრძნობლად გაუმჯობესდა, გაცილებით ნაკლები იყო დაავადებული ღვინოები, შესაბამისად კი ცხადად გამოჩნდა ამათუიმ რეგიონის, ჯიშის, სტილის თავისებურებები. ამის გამო 100–ის ნაცვლად გადავწყვიტეთ, 131 ოჯახური მარანი დაგვეშვა ფესტივალზე, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც გული გვწყდება, რომ ბევრი საკმაოდ მაღალხარისხიანი და გამორჩეული ღვინო ვერ მოხვდა დღესასწაულზე. რაც დრო გადის, მით უფრო მატულობს კონკურენცია და იწევს ქულათა ზღვარი. თუკი რამდენიმე წლის წინ 10–დან 4 ქულაც კი შეიძლებოდა გამსვლელი ყოფილიყო, ახლა 6.9 ქულიანი ღვინოებიც კი ფესტივალის მიღმა დარჩნენ (პირველ რიგში ეს კახეთს ეხება).

12 მაისს მეცხრეჯერ გიწვევთ ახალი ღვინის ფესტივალზე, ზეიმზე, სადაც 9 წლის მანძილზე ასეულობით ახალი მარანი და ახალი ღვინოები გავიცანით. სადაც გავსინჯეთ და შევიყვარეთ ესათუის ჯიში, სტილი, რეგიონი. წლევანდელი ფესტივალიც ბევრ ახალ შეხვედრას და აღმოჩენას გვპირდება, რადგან დღევანდელ საქართველოში სიახლის წყურვილი ყველაზე მეტად სწორედ ღვინის სფეროში ჩანს.

ბოლოს ისევ წარსულს მინდა დავუბრუნდე და კიდევ ერთხელ გავიხსენო 2010 წლის პირველი „ახალი ღვინის ფესტივალი“. მაშინდელი კატალოგი სულ რაღაც 22 გვერდიანი იყო (წლევანდელი 224 გვერდიანია). პატარა წინასიტყვაობასავით დავწერე და იაგოს და სოლიკოსაც ვთხოვე თითო აბზაცი დაეწერათ ფესტივალზე. ახლა, 2018 წლის მაისის მეორე შაბათის მოლოდინში ეს 9 წლისწინანდელი „მიმართვები“ ქართული ღვინის კულტურის ბოლო წლების ისტორიას და შესაძლებლობებს ასახავს.

სოლომონ ცაიშვილი: 8 მაისის ფესტივალი ორ კითხვას ბადებს - რატომ გადაწყვიტა “ღვინის კლუბმა” ამ ღონისძიების მოწყობა და რატომ უნდა მოვიდეს ხალხი ეთნოგრაფიულ მუზეუმში? კითხვა კი ორია, მაგრამ პასუხი საერთო აქვს. ღვინის მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის შეუფასებელი რომ არის,
ეს მრავალისთვის აღიარებული ჭეშმარიტებაა. თუმცა ამავე დროს
ბევრ ადამიანს საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის წარსული და
პერსპექტივა მითი ჰგონია. ზვრები კი გვაქვს, მაგრამ მერე რაო, ჯიშები
კი არსებობს, მაგრამ ვის რად უნდაო. “ღვინის კლუბმა” გადაწყვიტა ამ
ფესტივალის გამართვა ორივე კატეგორიის ღვინის მოყვარულთათვის. ვისაც
გჯერათ, კიდევ ერთხელ დატკბით რაჭული, ლეჩხუმური, გურული, იმერული,
ქართლური და კახური ღვინოების გემო-სურნელით, ხოლო ეჭვიანებმა
იქნებ მცირედი შვება იგრძნოთ და ამ ღამით მაინც უშფოთველად დაიძინოთ,
დამერწმუნეთ ღვინის გემო და სურნელი თუ არ მოგეწონებათ, ზომიერად
მიღებული ნატურალური ალკოჰოლი თავის სიკეთეს უსათუოდ იზამს.
იაგო ბიტარიშვილი: იმედია “ახალი ღვინის ფესტივალი”, რომელიც “ღვინის კლუბის” თითოეული წევრის ენთუზიაზმის ნაყოფია, გახდება საუკეთესო ტრადიციის დასაწყისი და იგი წლიდან-წლამდე უფრო მრავალფეროვან, მასშტაბურ და სახალხო ზეიმის ხასიათს მიიღებს. დღევანდელი დღით, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ საქართველოში მეღვინეობით დაკავებული ყველა სეგმენტისთვის - დიდი საწარმოდან დაწყებული, გლეხით დამთავრებული - მიგვეცა საშუალება მონაწილეობა მიეღოთ ამ ფესტივალში. ,,ღვინის კლუბი” მომავალშიც მზად იქნება თავისი მოკრძალებული წვლილი შეიტანოს ამ მნიშვნელოვან საქმეში.
მალხაზ ხარბედია: როგორც ბოლო წლების გამოცდილებამ გვაჩვენა, თანამედროვე საქართველოში ღვინოსთან დაკავშირებულ ადამიანთა გაერთიანებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. „ღვინის კლუბის“ შექმნის იდეაც აქედან იშვა და „ახალი ღვინის ფესტივალიც“ სწორედ ასეთ კონსოლიდაციას და ერთგვარ ძალების მოსინჯვას ისახავს მიზნად. ამ ფესტივალზე ჩვენ იმედი გვაქვს თავი მოვუყაროთ ყველას, ვისაც ქართული ღვინის ბედი აღელვებს: უბრალოდ ღვინის მოყვარულებს, გათვითცნობიერებულ თუ გამოუცდელ მომხმარებელს, ღვინის ენთუზიასტებს, გლეხებს, 
ადამიანებს, ვინც თავადაც წურავენ ღვინოს, მცირე მარნებს, დიდ კომპანიებს, იმ სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურების წარმომადგენლებს, ვისზეც ბევრადაა დამოკიდებული ქართული ღვინის მომავალი. ვფიქრობ, ეს ფესტივალი, თავისი სადღესასწაულო ხასიათით, კიდევ უფრო შეკრავს და დაახლოვებს ერთმანეთთან ქართული ღვინის ბედით დაინტერესებულ ადამიანებს.

ეს ერთიანობა, თანამოაზრეობა და თანამებრძოლობა დღესაც გრძელდება! გრძელდება ქვეყნის ყველაზე დიდი ღვინის დღესასწაულის ისტორია!

ღვინო ყველასათვის, ყველა ღვინისათვის!

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



თავიდან ღვინის კლუბის დამაარსებლებს დონკიხოტებს ვადარებდი. შემდეგ გადავწყვიტე რომ ისინი ქართული ღვინის რაინდები არიან. წლევანდელი ღვინის ფესტივალის მონაწილეების რაოდენობის შემხედვარე ვფიქრობ, ზემოთ სურათზე აღბეჭდილ ადამიანებს საიდან ჰქონდათ ამდენი ძალა და რწმენა.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.