თუ თქვენ მოგბეზრდათ ჩვეულებრივი, ბანალური ბარები და რაღაც ახალს, არაორდინარულს ეძებთ, თქვენს ყურადღებას მსოფლიოს 13 ყველაზე ორიგინალურ ბარს მივაპყრობთ.
სინგაპურში შეგიძლიათ ესტუმროთ ბარს The Clinic Bar,რომლის ინტერიერიც სახელწოდებას სავსებით პასუხობს. ბარში თქვენ დაგხვდებათ საავადმყოფოს საწოლები, ეტლები, სტომატოლოგიური სავარძლები. ბარის მენიუს კი ალბათ ექიმები დიდი აღტაცებით არ შეხვდებიან - ბურგერები და ლუდი სულაც არაა საუკეთესო და ჯანსაღი საკვები.
მექსიკაში მდებარე ბარ Alux Caverna Restaurant Lounge-ში მოსახვედრად თქვენ მიწისქვეშა მღვიმეში დაგჭირდებათ ჩასვლა, რომელიც 10 ათასზე მეტი წლისაა. ბარი დიდი პოპულარობით სარგებლობს - მეგობრებთან სასიამოვნო საუბარსა და გემრიელ სასმელს შთამბეჭდავად განათებული სტალაქტიტები და სტალაგმიტები კიდევ უფრო ალამაზებს.
თუკი დალევის პარალელურად მარადისობაზე ფიქრებიც გიზიდავთ, მაშინ უკრაინაში, ქალაქ ტრუსკავეცში გახსნილ ბარ Eternity-ს უნდა ეწვიოთ. ბარი Eternityარც მეტი, არც ნაკლები, კუბოს ფორმისაა და მისი მესვეურები იმედოვნებენ, რომ ეს დაწესებულება მსოფლიოში ყველაზე დიდი კუბოს ტიტულს მოიპოვებს. ბარის სიგრძე 20 მეტრია, სიგანე კი - 6 მეტრი. შიგნიდან ბარი კუბოებითა და გვირგვინებით არის გაწყობილი, ყველა მაგიდაზე ანთია სანთელი, რაც გარემოს კიდევ უფრო ნაღვლიანს ხდის. საინტერესოა აგრეთვე მენიუში შემავალი კერძების სახელწოდებებიც: ,,9 დღე”, ,,40 დღე” და ა.შ.
იამაიკასთან გართობა და ხალისი ასოცირდება, ამიტომ მათ თავში აზრადაც არ მოსვლიათ ბარისთვის კუბოს ფორმის შენობის აგება და ის ბევრად უკეთეს ადგილას - ზღვაში გახსნეს. Floyd's Pelican Bar მთლიანად ხის ტოტებისგანაა აგებული და დასახლება ტრეჟე ბიჩში, ნაპირიდან 500 მეტრში მდებარეობს.
სტოკჰოლმში მდებარე Absolut Ice Bar მთლიანად ყინულისგან არის შექმნილი. ბარში ტემპერატურა -5 გრადუსია და კლიენტებს რომ არ შეცივდეთ, ბეწვის ქურქებს სთავაზობენ.
სამხრეთ აფრიკაში, ლიმპოპოს პროვინციაში ბარი პირდაპირ ხეშია განთავსებული. თუმცა, ხეც არის და ხეც - ბარი Big Baobab,გიგანტურ ბაობაბში მდებარეობს, რომლის ასაკიც 6 ათას წელს აღწევს. ბარში ერთდროულად 15 ადამიანი თავსდება, იქვეა მოწყობილი ღვინის მარანიც.
სასიამოვნოსა და სასარგებლოს შეთავსება ანუ დალევა და თან ჯანმრთელობაზე ზრუნვა შესაძლებელია ისლანდიაში მდებარე Blue Lagoon Spa-ში. სპა პროცედურების ჩატარების პარალელურად თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ სასარგებლო სასმელები და გამამხნევებელი კოქტეილები.
შვეიცარიაში, ქალაქ გრუიერში მდებარე ბარი Museum HR Giger Bar ზედგამოჭრილია ჰელოუინის აღსანიშნავად. ბარი ადამიანის ჩონჩხის და ძვლების ასლებით არის გაფორმებული.
სტოკჰოლმის აეროპორტის ბარი The Jumbo Stay პირდაპირ გაუქმებულ თვითმფრინავშია განთავსებული. ბარი შეუსვენებლივ, 7 დღის განმავლობაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.
ლონდონში მდებარე ბარი Miniscule of Sound ეგზოტიკის მოყვარულებზეა გათვლილი. ბარი 2000 წელს გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა, როგორც ყველაზე პატარა ღამის კლუბი მსოფლიოში. მისი სიგრძე 2,4 მეტრი, სიგანე კი - 1,2 მეტრია და ერთდროულად 14 ადამიანი ეტევა.
ზღვის ჰაერის მოყვარულებს ესპანეთში, ბალეარის კუნძულებზე მდებარე ბარი Cova d'en Xoroi მოეწონებათ. სტუმრებს შეუძლიათ სასმელი კლდის ქიმზე განთავსებულ ვერანდაზე მიირთვან ან მღვიმეში ჩავიდნენ და იქ დატკბნენ სასმელით.
ისრაელის ქალაქ ეილატში მართლაც შეიძლება წყლიდან მშრალად ამოსვლა. საქმე ის გახლავთ, რომ რესტორანი Red Sea Star პირდაპირ ზღვის ფსკერზეა აგებული. რესტორნის კლიენტები გემრიელ საჭმელსა და სასმელთან ერთად წყალქვეშა სამყაროს სილამაზითაც ტკბებიან.
ტოკიოში მდებარე Vampire Cafe შავ-წითელ ფერებშია გადაწყვეტილი, კაფეს დეკორი მთლიანად შეესაბამება ვამპირებისა და უწმინდური სულების თემატიკას.
© ღვინის კლუბი/Weekend
Try https://www.mollom.com
თქვენი კომენტარი