Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ტურიზმის მნიშვნელობა საქართველოსთვის - ინტერვიუ თამუნა კურტანიძესთან

ღვინის ტურიზმი მთელ მსოფლიოში უფრო და უფრო ვითარდება, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოშიც თვალნათლივ ჩანს ამ მიმართულებით წინსვლა. ბევრ მარანს უკეთდება რესტავრაცია, მეღვინეები საოჯახო-სასტუმროებს სთავაზობენ სტუმარს, განხორციელებული პროექტების გარდა ამ სფეროს სამომავლო პერსპექტივაც დიდი აქვს.

თამუნა კურტანიძე ჯორჯიან თრეველ გრუპის შემომყვანი ტურიზმის განყოფილების უფროსია, შეგახსენებთ, რომ 2-3 ივლისს ის გაუძღვება ტრენინგს ღვინის ტურიზმის შესახებ, რომელიც „ღვინის კლუბის“ ორგანიზებით გაიმართება.

როგორ მოხვედით ამ სფერომდე?

- 2007 წლიდან ვმუშაობ ტურიზმის სფეროში. ჩემი ტურიზმში დასაქმება დაემთხვა სწორედ ქართული ღვინისადმი მსოფლიოში მზარდი ინტერესის გაჩენას. ღვინო ქართული კულტურის ნაწილია და ნებისმიერი სახის ტურში მას თავისი უცვლელი ადგილი აქვს, მაგრამ ქართული ღვინის ხარისხის გაუმჯობესებამ, მცირე მარნებისა და ნატურალური ღვინის წარმოების გაფართოებამ საქართველოში და ამის პარალელურად მთელ მსოფლიოში, გაზრდილმა ინტერესმა ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის მიმართულებით, ნატურალური მეღვინეობის პოპულარიზაციამ და ქართული ღვინის პოპულარობის ზრდამ შექმნა ხელსაყრელი ნიადაგი საქართველოში ღვინის ტურიზმი დამოუკიდებელ ტურისტულ პროდუქტად ჩამოყალიბებულიყო. მე და ჩემმა კომპანიამ ამ ტენდენციას უბრალოდ ფეხი ავუწყეთ. ჩემი ოჯახის წევრები ღვინის მწარმოებლები არიან და ამან საშუალება მომცა ამ საქმიანობისთვის სხვა კუთხითაც შემეხედა.

რა არის ის ძირითადი კითხვები, რითაც სტუმრები ინტერესდებიან?

- სტუმარს გააჩნია. ზოგისთვის ქართული ღვინის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია ახალია, მაგრამ თუ კი ადამიანი კონკრეტულად ღვინის ტურზე მოდის, მაშინ მისთვის უკვე ბევრი რამ არის ცნობილი ქართული ღვინის შესახებ და უფრო კონკრეტული შეკითხვები აქვთ ღვინის ტექნოლოგიის, ტრადიციის და ჯიშების შესახებ. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ტურისტი კონკრეტული მწარმოებლის გამო ირჩევს სამოგზაუროდ საქართველოს.

რამდენად არის საქართველო ღვინის ტურიზმის თვალსაზრისით განვითარებული?

- ღვინის ტურიზმი საერთოდაც არ არის ძალიან დიდი ხნის მიმართულება, მაგრამ საქართველოში ამერიკისა და ევროპის ქვეყნებთან შედარებით მაინც გვიან დაიწყო ამ დარგის განვითარება. შესაბამისად, გარკვეული ჩამორჩენა ტრადიციული ღვინის ტურიზმის ქვეყნებთან შედარებით მაინც გვაქვს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლებში გაზრდილმა მოთხოვნილებამ მნიშვნელოვნად დააჩქარა ღვინის ტურიზმის განვითარება. სულ უფრო მეტი მწარმოებელი ფიქრობს, შექმნას ტურისტული პროდუქტი და არ შემოიფარგლოს მხოლოდ ღვინის წარმოებით. თუმცა, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის ამ მიმართულებით გასაკეთებელი. მარნების ტურისტულ ობიექტებად ჩამოყალიბებას უნდა მოსდევდეს მთლიანად თემის დაინტერესება ტურისტული საქმიანობითა და ამით სარგებლის მიღებით, რაც ჯერ-ჯერობით სუსტადაა გამოხატული. ასევე არის ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, როგორც თვითონ ტურისტული ობიექტების შიგნით, ასევე მის ირგვლივაც.

როგორ ფიქრობთრა არის საჭირო საქართველოში ღვინის ტურიზმის განსავითარებლად და რა შეიძლება გააკეთოს მთავრობამ და კერძო სექტორმა ამისთვის?

- ეს კომპლექსური სამუშაოა და ამ ამაში კერძო სექტორისა და მთავრობის ჩართულობა ერთნაირად მნიშვნელოვანია. ერთის მხრივ, კერძო სექტორი მუდმივად უნდა ცდილობდეს პროდუქტის განვითარებას, დახვეწას და გამრავალფეროვნებას, ტრადიციული და ინოვაციური მიდგომების გამოყენებასა და ბაზრების დივერსიფიკაციას. მთავრობის როლი კი მდგომარეობს კერძო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაში, ხოლო ამას გარდა, მთავრობა პასუხისმგებელია მიმდებარე ინფრასტრუქტურის გამართულობაზე, მიმდებარე გარემოს მიმზიდველობაზე, ასევე ქვეყნის ღვინის ტურიზმის კუთხით სწორ პოზიციონირებასა და პოტენციური ახალი ბაზრების მოზიდვაზე.

რა ტიპის ღვინოებია პოპულარული უცხოელი სტუმრებისთვის საქართველოში?

- ღვინის პოპულარობა ინდივიდუალურ გემოვნებაზეა დამოკიდებული და ყველა ღვინოს ჰყავს თავისი მომხმარებელი, მაგრამ მიუხედავად სტუმრის საბოლოო არჩევანისა, საქართველოში ჩამოსული სტუმრისთვის მნიშვნელოვანია ქართული ტრადიციული ღვინოების დაგემოვნება. ვგულისხმობ როგორც ტრადიციულ ჯიშებს, ასევე ტრადიციულ ტექნოლოგიას.

რა როლი აქვს საქართველოში ღვინის ტურიზმს?

- ჩემი აზრით ერთ-ერთი წამყვანი. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ მხოლოდ უშუალოდ ღვინისა და გასტრონომიული ტურიზმის როლს საქართველოში და საერთოდ მსოფლიო ტურიზმში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, როგორც უკვე აღვნიშნე, იმის გათვალისწინებაც, რომ ღვინო ქართული იდენტობისა და კულტურის ნაწილია და იგი იშვიათი გამონაკლისის გარდა, საქართველოში ჩამოსული ყველა სტუმრისთვის საქართველოს ერთგვარი სავიზიტო ბარათია. ღვინო და ღვინის ტურიზმი არის ის ერთ-ერთი თემა, რომელმაც შეიძლება გაზარდოს ტურისტული ნაკადი საქართველოში.

რამდენად მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია მასპინძელსა და სტუმარს შორის და რამდენად აქვთ გათავისებული ეს ქართველ მეღვინეებს?

- კომუნიკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ღვინის ხარისხთან ერთად, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ ტურიზმზე, რაც პირველ რიგში სწორ კომუნიკაციაზე დამყარებული საქმიანობაა. სწორ კომუნიკაციაში არ ვგულისხმობ მხოლოდ გამართულ ენასა და კარგ მანერებს, საუბარია სწორი მესიჯის სწორი დოზით მიწოდებაზე. სამწუხაროდ ეს საკითხი ყოველთვის მოწესრიგებული არ არის და ხშირად ქართული ტრადიციების უკეთ წარმოჩენის მიზნით დამახინჯებულად ხდება გარკვეული ინფორმაციის მიწოდება, რაც საბოლოო ჯამში უარყოფითად აისახება როგორც კონკრეტულ ბიზნესზე, ასევე მთლიანად ქვეყნის ტურისტულ იმიჯზე.

როგორ ფიქრობთ, რა შეცვალა შარშანდელმა პროექტმა, “ღვინის სოფელმაქართული ღვინის პოპულარიზაციაში

- ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ შევეცადეთ დამწყები მეღვინეებისთვის, რომლებსაც ასევე ღვინის ტურიზმშიც სურთ სცადონ ბედი, მაქსიმალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა ტურის დაგეგმვის, სწორი კომუნიკაციისა და თავიანთი შეთავაზების სწორ ადრესატამდე მიწოდების შესახებ. პროექტში მონაწილე მარნები გავაცანით ტუროპერატორებს, რამაც, ჩემი აზრით, ხელი შეუწყო რაჭა-ლეჩხუმის და იმერეთის გააქტიურებას საქართველოს ღვინის ტურიზმის რუკაზე. ტურისტული ნაკადების ზრდასთან ერთად, რა თქმა უნდა, უფრო მეტად დავინახავთ პროექტის შედეგებს.

როგორ ხედავთ თქვენი საქმიანობის სამომავლო განვითარებას და რა გეგმები გაქვთ?

- სამომავლოდ ვგეგმავთ ჩვენი ტურისტული პროდუქტი მეტად მრავალფეროვანი გავხადოთ, რის საშუალებასაც გვაძლევს ახალი მარნებისა და მწარმოებლების გაჩენა. ასევე გეგმაში გვაქვს ახალი ბაზრების მოძიება, ვინც დაინტერესებული იქნება ღვინის ტურიზმით და მათ აუცილებლად შევთავაზებთ ჩვენს პროდუქტს. ასევე, ვაგრძელებთ ჩვეულ ხაზს და საქართველოში ჩამოსულ ნებისმიერ სტუმარს ვაცნობთ ქართულ ღვინოს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული