Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის პორტრეტები. რეზო პეტრიაშვილი

ქეთო ნინიძე

გიორგი ერისთავის ერთ-ერთი პიესაა, „ძუნწი“. ასე მთავრდება - ფული კარაპეტას რჩება, პაპამისის ჟანგიანი ხმალი კი - ქართველ თავადს, არჩილს. დაახლოებით, ასე გროტესკულად წარმოაჩენს პრობლემას ილია ჭავჭავაძე ერთ პუბლიცისტურ წერილში, თუ როგორ წააქეზებდნენ თბილისელ ქართველებს თბილისელი სომხები, ფული, აბა, რა თქვენი საქმეა, თქვენ ხომ ჭეშმარიტი რაინდები ხართო.

ადამიანების „რაინდებად“ და „ბურჟუებად“ ასეთი დაყოფა მე-19 საუკუნეშივე ანაქრონიზმი იყო. მიუხედავად ამისა,  ეს სტერეოტიპი საკმაოდ კარგად მუშაობდა ძალაუფლებადაკარგულ ფეოდალებზე, რომლებმაც ვერ გაიაზრეს ახალი საზოგადოებრივი სტრუქტურა და, ერთგვარად, დამამცირებლადაც კი წარმოიდგენდნენ ფულის მოსაპოვებლად ზრუნვას.

ამ დამოკიდებულებამ, რომელსაც საბჭოთა რეჟიმმაც ნოყიერი ნიადაგი დაახვედრა, ფესვი გაიდგა ნაციონალურ კულტურაში და დღემდე  ხელს უშლის ღირებულებებსა და ეკონომიკურ სარგებელს შორის გამოგონილი ბარიერის დაძლევას.

ოდნავ შორიდან იმიტომ დავიწყე, რომ რაც მეტად საკრალურ, მგრძნობიარე სფეროს ვეხებით, მით ფართო ნაპრალი ჩნდება, ხალხის თვალთახედვით, ღირებულებებსა და სარგებელს შორის.

ასეთი წმინდა ხელობაა ქართველისთვის მეღვინეობა და ამიტომ ეჩოთირება რიგით გლეხს ღვინის გაყიდვა. აღარაფერს ვამბობთ, მარანში ჭიქა ღვინის დეგუსტაციის საფასურის დაწესებაზე, რაც მისთვის ღირსების საკითხია, შეიძლება ითქვას.

დღეს დამოკიდებულებები ოდნავ იცვლება, თუმცა, ჯერ კიდევ, 90-იან წლებში იშვიათად თუ შეხვდებოდიით მეღვინეობის, როგორც მცირე ბიზნესის წარმატებულ მაგალითს.

რეზო პეტრიაშვილი და მისი ძმები, ამ მხრივ, გამონაკლის შემთხვევას ქმნიან. მათ 90-იანი წლებიდანვე შეძლეს სტაბილური, შემოსავლიანი და, ამასთანავე ღირებულებებზე ორიენტირებული ბიზნესის წარმართვა.

ღვინო, როგორც ღირებულება

საინტერესო იქნებოდა, ღირებულებათა კვლევა (value research) ღვინის სფეროში.

მე ვფიქრობ, ქართველი გლეხისთვის ღვინო, თავისთავად, ღირებულებაა. თვითშემეცნების ყველა - ოჯახურ, კულტურულ, ნაციონალურ, რელიგიურ დონეზე ერთნაირად დიდი ფასეულობა.

როცა ვაზთან, ღვინოსთან, ბავშვობიდან გაქვს შეხება, ამ ღირებულებრივი გარემოს ნაწილი ხდები. რეზო პეტრიაშვილის ყველაზე მკაფიო და ძლიერი მოგონება ბავშვობის რთველია, როცა მისი ოჯახი და ახლო ნათესავები ამ დიდ ზეიმში ერთიანდებოდნენ და საყოველთაო სიხარულს ეძლეოდნენ. პაპამისი კარგად მღეროდა, რაც ამ ზეიმს განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა.

ვაზი, რომელიც მათს ეზოშია, დიდი ხნისაა. ძირების სიმსხვილეზეც ეტყობა სიძველე. როგორც რეზო ამბობს, მწვანეს ვენახები პაპამისს ჯერ სარებზე ჰქონდა გაშენებული, რეზომ და მისმა ძმებმა ახლახანს გადაიყვანეს მავთულზე. ეზოში მეორე, რქაწითელის ვენახიცაა, ზუსტად, რეზოს ხნის, მამამისმა დარგო პირველი ვაჟის დაბადებისას.

პეტრიაშვილებისთვის ვენახი და ღვინო შემოსავლის მთავარი წყაროა, თუმცა, ისინი ცდილობენ, სარგებელსა და მომხმარებლობას შორის არსებული ეთიკური ზღვარი დაიცვან. რეზო მიიჩნევს, რომ მევენახემ ვაზი სისტემური ქიმიკატებით არ უნდა დააზიანოს. მართალია, ორგანული მევენახეობა უფრო მეტ შრომასა და ხარჯებს მოითხოვს, დანაკარგიც უფრო დიდია, მაგრამ ეს მისთვის ღირებულების საკითხია.

რამდენიმე წლის წინ ალავერდის მონასტერს სურდა, ადგილობრივი გლეხების გაერთიანება მევენახეობის კოოპერატივში, თუმცა სწორედ ამ პრინციპების გარშემო გაჭირდა შეთანხმება. გლეხების დიდი ნაწილი ორგანულ მევენახეობას მხარს არ უჭერდა.

როგორც რეზო პეტრიაშვილი ამბობს ამ პრობლემამ მის სოფელსა და შემოგარენში უკვე საკმაოდ მწვავედ იჩინა თავი. ფერმერებს ვაზისადმი მომხმარებლური დამოკიდებულება ბუმერანგივით ნეგატიურად დაუბრუნდათ. თუკი ისინი ყურძნის მსხმოიარობაზე იყვნენ ორიენტირებულნი, დღეს ამან ყურძნის დროული მწიფობა გაართულა. ამის გამო ძალიან ბევრი ფერმერი უკვე იშვიათად წამლავს ვენახს სისტემური პრეპარატებით.

ღვინო, როგორც ბიზნესი

ბრენდის - პეტრიაანთ მარანი - უკან რეზო პეტრიაშვილი და მისი ორი ძმა - ლევან და ზაქრო პეტრიაშვილები დგანან.

1995 წელს საქართველოში მიწების პრივატიზაცია დაიწყო. ეს პროცესი ოჯახების სპეციალიზაციასაც ითვალისწინებდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგების მიხედვით. ზოგიერთმა ოჯახმა მესაქონლეობა წამოიწყო, ზოგმა - მემცენარეობა, სხვამ  - ცხვარი გაიჩინა. პეტრიაშვილებმა მევენახეობა არჩიეს და სახელმწიფოსგან 2,5 ჰა ვენახი ერგოთ.

რქაწითელისა და მწვანეს ვენახი საკმაოდ ძველი, დაახლოებით, 40 წლისა დახვდათ. ეს მიწა, თავის დროზე, ზემო ხოდაშენის საბჭოთა მეურნეობის მფლობელობაში იყო. ნაკვეთი მათი სახლიდან 5 კმ დაშორებით მდებარეობდა, რის გამოც მუდმივად ძარცვავდნენ. ამიტომ 2000-იანი წლების დასაწყისში მათ ეს ნაკვეთი გაყიდეს და სანაცვლოდ 5 ჰა ახალი ვენახები შეიძინეს, შედარებით, სახლთან ახლოს.

1995-2010 წლებში რეზო და მისი ძმები მოსავლის ნაწილს ყურძნად აბარენდნენ GWS-ის ქარხანას, ნაწილს კი - ღვინოდ აყენებდნენ. ღვინოს თავადაც მოიხმარდნენ და, პირადი კონტაქტების წყალობით, 4 ტონამდე ჩამოსასხმელ ღვინოს ყიდდნენ კიდეც სტაბილურ კლიენტებზე. დამეთანხმებით, 90-იანი წლების საქართველოში ეს ხუმრობა საქმე როდი იყო.

2011 წელს პეტრიაშვილებმა თავიანთ ეზოში მარნის შენება დაიწყეს და ამ წლის მოსავლის ღვინო 2012 წელს პირველად ჩამოასხეს ბოთლში. 2012-შივე დაიწყეს ტურისტული ჯგუფების მიღება თავიანთ ახალ მარანში.

დღეს პეტრიაანთ მარანი, დაახლოებით, 4 000 ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს, საიდანაც 3000-3500 მწვანე და რქაწითელია, 1000  კი - საფერავი.

მათი ღვინო წელს პირველად იყო  წარმოდგენილი საერთასორისო გამოფენაზე (Raw London), გარდა ამისა, 2015 წლის გაზაფხულზე რეზო პეტრიაშვილი კიევში ღვინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მაღაზიაში, Good Wine, ქართული ღვინის მასშტაბურ ფესტივალზეც წარმოადგენდა საკუთარ პროდუქციას. მას შემდეგ მისი ღვინოები პირველად, სწორედ, უკრაინაში გავიდა ექსპორტზე. წელს ახალი მოსავლის ღვინოებზე უკრაინიდან მოთხოვნა გაორმაგდა. გამოჩნდნენ პოლონელი ბაიერებიც.  

პეტრიაანთ ვენახები კახეთის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ადგილებშია გაშენებული, ნიადაგის სტრუქტურაში მონაცვლეობს თიხა, შავი მიწა და ქვიშა. ამ ნიადაგსა და მიკროკლიმატში ყველაზე კარგი, მწვანე დგება, არამხოლოდ რეზოს ვენახებში, არამედ - ზოგადად, ამ მიდამოებში. ახმეტა იმთავითვე განთქმული იყო თავისი მწვანეებით.

დაახლოებით, 6 ჰა მიწა ჯერ გაუშენებელია. რეზოს სურვილია, ახალი ვენახი, შედარებით იშვიათი ქართული ჯიშების - ქისის, ხიხვისა და მცირე რაოდენობით საფერავის იყოს. თუმცა, ბაზარზე წითელი ღვინის მიმართ დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე, შესაძლოა, არჩევანი საფერავზე შეჩერდეს.

ბიზნესის განვითარებისთვის რეზო პეტრიაშვილმა 23 %-იანი საბანკო კრედიტით ისარგებლა. 23 % ძალიან დიდი დანაკარგია მცირე ბიზნესისთვის, მით უმეტეს, მარნისთვის, რომელიც ორგანულ მევენახეობას მისდევს და, იმთავითვე, საკმაოდ დიდი რისკების წინაშე დგას.

ცხადია, დავინტერესდით, რატომ არ ისარგებლა რეზომ სახელმწიფოს იაფი აგროკრედიტებით, თუმცა, აღმოჩნდა, რომ პროგრამა მათ შეუსაბამოდ დიდი, 30 000 ლარის ოდენობის, კრედიტით სარგებლობის პაკეტს სთავაზობდა. ეს თანხა პეტრიაშვილების მეღვინეობის განვითარებისთვის საჭირო ხარჯებს გაცილებით აღემატებოდა. გარდა ამისა, მათი წლიური ბრუნვა ვერ აკმაყოფილებდა პროგრამის მიერ წაყენებულ პირობებს.

განათლებით ეკონომისტი რეზო პეტრიაშვილი ვენახში, ყველაზე ცოტა, კვირის ხუთ დღეს მაინც ატარებს. გასხვლასა და სხვა საპასუხისმგებლო სამუშაოებს სხვას ვერ ანდობს, თუმცა, მწვანე ოპერაციებსა და რთველში დამხმარეებსაც მოიშველიებს.

ჩემი აზრით, ის ერთ-ერთი იშვიათი და საინტერესო მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება მევენახემ, მეღვინემ, საკუთარი რესურსებით, სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების სპეციალური ხელშეწყობის გარეშე, აამუშაოს ღირებულებებზე ორიენტირებული მდგრადი ბიზნესი. 

©  საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



ჩემს კომპიუტერში რეზოს სურათი დაეკიდა და თქვენთანაც?


Magrebi xart.carmatebebi bichebo.me ki namdvilad momenatra tqbentan kofna...da petriaant ojaxi mtlianad....


Kidev carmatebebi

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული