Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის დადებითი და უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე - გიორგი ვოლსკის ბლოგი

ღვინო, ეს უნიკალური სასმელი, მსოფლიო რელიგიების დიდ უმრავლესობაში მთავარ რიტუალურ როლს ასრულებს. ის ათასწლეულების განმავლობაში განიხილებოდა როგორც სიცოცხლის და ჯანმრთელობის "ელექსირიც". ღვინო გამოიყენებოდა სადღესასწაულო სასმელად, ყოველდღიურ სასმელად, თუ სამკურნალოდ.

რომის იმპერიაში ღვინის მოხმარებას უკვე ისეთი სისტემატიური ხასიათი ჰქონდა, რომ რომაელები ვენახებს აშენებდნენ თავიანთი გარნიზონების მახლობლად, რომ ღვინის ტრანსპორტირების დროც და მასთან დაკავშირებული სირთულეებიც შეემცირებინათ. ასევე ცნობილია, რომ ღვინოს ამ პერიოდში უმეტესწილად წყალთან გაზავებულს სვამდნენ. არსებობს მოსაზრებები, რომ ეს ორი მიზეზით იყო განპირობებული: პირველი იყო ღვინის ანტისეპტიკური თვისებები, კერძოდ მოიაზრებოდა, რომ ღვინოს შეეძლო დაბინძურებული, სასმელად გამოუსადეგარი წყალი ექცია სასმელ წყალად. მეორე მიზეზი იყო ის, რომ წყალში გაზავებული ღვინო კლავდა წყურვილის გრძნობას, თუმცა არ იწვევდა ისეთ სიმთვრალეს, როგორც სუფთა ღვინის დალევის შემთხვევაში. ეს მეთოდი ხშირად ქეიფის დროსაც კი გამოიყენებოდა, რადგან ხანგრძლივად შეეძლოთ ედღესასწაულად, მიერთვათ დიდი რაოდენობით სითხე, თუმცა არ დამთვრალიყვნენ.

ღვინის ჯანსაღმა თვისებებმა ჩვენს დრომდეც კი მოაღწია და მიუხედავად მედიცინის მნიშვნელოვანი განვითარებისა, ის მაინც ხშირად გამოიყენება არატრადიციული მედიცინის მიმდევრებში. ამ მეთოდებს ჰყავს საკმაოდ ბევრი პრაქტიკოსი, ბევრი ექიმიც ემხრობა და ხშირად მოგვისმენია, რომ ექიმმა დაუნიშნა პაციენტს, რომ დაელია დღეში ერთი ჭიქა ხაშმის საფერავი სამკურნალოდ. ეს მეთოდები გარკვეულ სამედიცინო პერსონალში ზოგჯერ ღიმილსაც იწვევს, თუმცა ამ ყველაფერს აქვს მეცნიერული დასაბუთებებიც.

თუ როგორ მოქმედებს ღვინო ადამიანის ჯანმრთელობაზე, ამის შესახებ უამრავი მეცნიერული კვლევა არსებობს და ასეთი სახის კვლევები მუდმივად მიმდინარეობს. მაგალითად რამდენიმე წლის წინ დადგინდა, რომ წითელ ღვინოში შემავალი პოლიფენოლები ამცირებენ პირის ღრუში არსებული იმ პათოგენების რაოდენობას, რომლებიც იწვევენ პირის ღრუს დაავადებებს (Antimicrobial activity of red wine and oenological extracts against periodontal pathogens in a validated oral biofilm model - PMC (nih.gov)).

ღვინის ჯანმრთელობის სარგებელთან დაკავშირებული ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი და ცნობილი კვლევა ცნობილია "ფრანგული პარადოქსის" სახელით.

"ფრანგული პარადოქსი" არის ეპიდემიოლოგიური დაკვირვება, სადაც აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებს სხვა ქვეყნებთან შედარებით, კვებით რაციონში ნაჯერი ცხიმების რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებდა სხვა ქვეყნების დიეტოლოგიურ მონაცემებს, ფრანგებში გულ-სისხლძარღვთა დაავადებებების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა იმ ქვეყნების დაავადებების რაოდენობას, სადაც ნაკლებ ნაჯერ ცხიმს მოიხმარდნენ. ცნობილია, რომ ნაჯერი ცხიმების მოხმარება სისხლში ზრდის ქოლესტერინის დონეს, რაც საბოლოოდ იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, თუმცა საფრანგეთში ეს პარადოქსულად საპირისპირო სურათს უჩვენებდა. ეს ფენომენი პირველად გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში აღმოაჩინეს, რასაც უამრავი დამატებითი ვერსია და დამატებითი კვლევა მოყვა. საბოლოოდ დადგინდა, რომ ამ პარადოქსის გამომწვევი არის ის ფაქტი, რომ ფრანგები ხშირად მოიხმარენ წითელ ღვინოს და სწორედ წითელ ღვინოში შემავალი პოლიფენოლების წყალობით ხდება პირველ რიგში ქოლესტერინის დონის დარეგულირება, შემდეგ კი სისხლძარღვების დაცვა დაზიანებისგან.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ ასეთი სახის კვლევებში აქცენტი კეთდება მხოლოდ წითელ ღვინოზე, როგორც პოლიფენოლების შემცველ სასმელზე და არა თეთრ ღვინოზე. ამისი გამომწვევი მთავარი მიზეზი არის ის, რომ წითელი ღვინო მიიღება დაწურული ყურძნის წვენის ჭაჭაზე დაყოვნებით, გარკვეული დროის განმავლობაში, რომელიც ძირითადად მერყეობს 3 დღიდან 20 დღემდე. ამ პერიოდის განმავლობაში, სწორედ ყურძნის კანიდან გადადის პოლიფენოლები ღვინოში. იმის გათვალისწინებით, რომ ე.წ. "ევროპული სტილის" თეთრი ღვინოები ტექნოლოგიურად მიიღება ყურძნის პირდაპირი დაწნეხვით და ამ გამოწურული წვენის, ჭაჭაზე კონტაქტის გარეშე დადუღებით, ასეთი სახის ღვინოებში ფენოლური ნაერთები მნიშვნელოვნად მცირე რაოდენობით გვხვდება წითელ ღვინოებთან შედარებით. თუმცა, ქართული, ქარვისფერი ღვინოების შემთხვევაში, როდესაც ყურძნის წვენის და შემდეგ უკვე ფერმენტირებული ღვინის დაყოვნება ჭაჭაზე და ხშირ შემთხვევაში კლერტზეც კი მიმდინარეობს თვეების განმავლობაში, ასეთი სახის ღვინოებში, კერძოდ ქარვისფერ ღვინოებში, პოლიფენოლების რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს წითელ ღვინოში არსებულ რაოდენობებს, შესაბამისად შეგვიძლია გამოვთქვათ ვარაუდი, რომ ქარვისფერი ღვინოები უფრო სასარგებლო უნდა იყოს წითელ ღვინოებთან შედარებით და საინტერესო იქნებოდა სამედიცინო სახის კვლევებში წითელ ღვინოებთან ერთად ჩართული ყოფილიყო ქარვისფერი, ხანგრძლივი მაცერაციის ღვინოებიც.

კიდევ ერთი მახასიათებელი, რაც ღვინოს, კერძოდ წითელ და ქარვისფერ ღვინოებს გააჩნიათ არის ანტიოქსიდანტების ჭარბი შემცველობა. ანტიოქსიდანტები არის ნივთიერებები, რომლებიც იერთებენ თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც თავის მხრივ ასოცირებულები არიან კიბოს გამომწვევ ელემენტებად. შესაბამისად ანტიოქსიდანტები მიჩნეულია, როგორც სიმსივნური უჯრედების წარმოქმნის შემაფერხებელ ნივთიერებებად.

დასასრულისთვის მინდა აღვნიშნო, რომ ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარება დადასტურებულად იწვევს ძალიან მძიმე დაავადებებს. დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) მიერ რეკომენდირებული დოზები შეადგენს კვირაში არაუმეტეს 14 ერთეულს. შესაბამისად რეგულარული/ყოველდღიური მოხმარების შემთხვევაში, ადამიანს (მამაკაცი იქნება თუ ქალი) დღეში შეუძლია მიირთვას დაახლოებით 150 მლ საშუალო სიძლიერის (13% ალკოჰოლის შემცველი) ღვინო. NHS-ის კვლევების მიხედვით, ამ რაოდენობის მოხმარება ითვლება უსაფრთხოდ, ამ რაოდენობაზე მეტის მოხმარებამ კი შეიძლება მკვეთრად გაზარდოს ძალიან ბევრი, საკმაოდ მძიმე დაავადებების განვითარების რისკი, მათ შორის სიმსივნეების, ღვიძლის დაავადებების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და ა.შ.

ამ სტატიაში მოცემული ფაქტები ამოკრებილია სხვადასხვა კვლევებიდან. ისინი არ წარმოადგენს ავტორის კვლევებს ან დასაბუთებებს, არამედ აქვს მხოლოდ საინფორმაციო ხასიათი. აღნიშნული კვლევების დიდი უმრავლესობა, ჯერ კიდევ გადის სხვადასხვა კლინიკურ თუ ლაბორატორიულ კვლევებს და შესაბამისად საბოლოო დასკვნები არ არის გამოქვეყნებული. "ფრანგული პარადოქსის" შემთხვევაშიც კი, არსებობს ათეულობით სხვადასხვა ვერსია და მოსაზრება ამ პარადოქსის შესაძლო ილუზიასთან დაკავშირებით. შესაბამისად, თუ გაქვთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე სახის პრობლემები, აუცილებლად მიმართეთ ექიმს და ნუ გამოიყენებთ ამ სტატიას როგორც ინფორმაციის დადასტურებულ წყაროს. აღნიშნული ინფორმაციები შესაძლოა შეიცვალოს ახალი კვლევების გამოქვეყნების შემდგომ და ავტორი და საიტი არ იღებენ პასუხისმგებლობას ამ კვლევების გამოქვეყნების შემდეგ სტატიაში მათ განახლებაზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული