Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“QR კოდებით ღვინის შეფასება და მომხმარებლის უკუკავშირი უმარტივესია” - ინტერვიუ Retain-ის დამფუძნებელ ლევან ჯაბუასთან

ღვინის შეფასება QR კოდებით Retain-ის კონცეფციაა, რომლის მეშვეობითაც მეღვინესა და მომხმარებელს უშუალო კავშირი ღვინოზე დატანილი კოდის საშუალებით აქვთ. ევროკავშირის ახალმა რეგულაციებმა, რომ ღვინოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ალერგენები და შემადგენლობა მითითებული, Retain-ს ახალი იდეა მიაწოდა და ახლა ამ მოთხოვნაზე მორგებულ QR კოდებს აღმოაჩენთ ღვინოებზე. ამ იდეის საფუძველზე, ზუსტ კონცეფციასა და ისტორიაზე Retain-ის დამფუნებელი, ლევან ჯაბუა გვესაუბრა. 

Retain-ის იდეაზე მოგვიყევით, რა არის კონცეფციის მიზანი?

- წარმოიდგინეთ, რომ ღვინო ძალიან მოგეწონათ ან პირიქით, ზადი შენიშნეთ მასში. ღვინოებზე კი ეტიკეტთან ერთად ლამაზ QR კოდებს შენიშნავთ, რომლის დასკანერებითაც მაშინვე შეფასების გვერდზე გადაგიყვანთ ლინკი და თქვენი სასურველი კომენტარის დაწერასაც ძალიან მარტივად შეძლებთ.

ამას უკვე 13 თვეა ვაკეთებთ და დღეს ჩვენი სისტემა უკვე 2500-მდე ფილიალშია. იმის გამო, რომ პირველივე დღიდანვე გვჯერა უკუკავშირის იდეისა, იგივე პრინციპზე ვიფიქრეთ, ოღონდ ღვინის შემთხვევაში. მეღვინეების ურთიერთობა კლიენტთან მაშინ მთავრდება, როცა მომხმარებელი ღვინოს შეიძენს. წარმოვიდგინეთ, რომ ძალიან მაგარი იქნებოდა, მეღვინეს უშუალოდ მოესმინა მომხმარებლისგან უკუკავშირი ღვინის შეძენისა და დაჭაშნიკების შემდეგ. 

- როდის და როგორ დაიწყო QR კოდების დატანის იდეა უშუალოდ პროდუქტზე, ღვინოზე?

- სატესტოდ წინა ზაფხულში რამდენიმე ღვინოს დავაკარით QR კოდები, თუმცა მაშინ მეღვინეებთან ისე ახლოს არ ვმუშაობდით. 2023 წლის დეკემბრიდან კი ახალი შეზღუდვა შემოიღო ევროკავშირმა. თუ ღვინოზე არ არის დატანილი ინფორმაცია კვებითი ალერგენების, შემადგენლობისა და ღირებულების შესახებ, ევროკავშირში ღვინის შეტანა აკრძალულია. ჩვენ ევროკავშირის ეს მოთხოვნა და ჩვენი ფორმა ერთმანეთთან დავაკავშირეთ და გავაერთიანეთ, მეღვინეებს კი უკვე ეს გაერთიანებული ვერსია შევთავაზეთ. 

ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება, სისტემა როგორ მუშაობს?

- ჩვენ უკუკავშირის ძალიან მარტივი სისტემა გვაქვს, რომლითაც მომხმარებელს შეუძლია კომპანიის პირდაპირ სათაო ოფისს მიაწვდინოს ხმა და თავისი შეფასება გაუზიაროს. ესე იგი, შეფასების გაკეთების შესაძლებლობასთან ერთად, თუ მომხმარებელი დაასკანერებს კოდს, შეუძლია ნახოს, თუ რა ტიპის ღვინოა, რა ალერგენებს შეიცავს და ა.შ. სისტემაში რომც არ შევიდეს ღვინის მწარმოებელი, შეტყობინების სახით whatsapp-ზე მიუვა მომხმარებლის კომენტარი. ეს იყო საწყისი კონცეფცია.

Retain-ის შექმნა როდის გადაწყვიტეთ?

- თავდაპირველად ბანკში მომსახურებისას, როცა უკუკავშირი ვერ გავუზიარეთ ვერავის, აქედან დაიწყო ამ იდეაზე ფიქრი. უშუალოდ ღვინოს რაც შეეხება, “ღვინის კლუბიდან” და პირველი გზამკვლევიდან (2012) მქონდა მეღვინეებთან შეხება. სულ მინდოდა, რომ რაღაც კავშირი მქონოდა ღვინოსთან. ამიტომ, როგორც კი წამოვიდა ამ უკუკავშირის იდეა, პირველივე დღიდანვე მჯეროდა, რომ მომხმარებლისა და მეღვინის ერთმანეთთან დაკავშირება ძალიან კარგი გამოვიდოდა. მოვიფიქრეთ ყველაზე მარტივი იდეა, როგორ დაგვეკავშირებინა ერთმანეთთან, მაგალითად, კანადელი მომხმარებელი და ქართველი მეღვინე ისე, რომ არ ყოფილიყო საჭირო არაფრის გადმოწერა, არც რეგისტრაცია, არც შუამავლები. 

- მეღვინეების გამოცდილება როგორია, რამდენად ეფექტურია მათთვის ეს კონცეფცია?

-ევროკავშირის მოთხოვნა რომ შემოვიდა, ბევრი მეღვინე დაიბნა, რადგან რაღაც ახალი სურათი შეიქმნა, რაც არავინ არ იცოდა. ჩვენ რომ ეს ამბავი შევამჩნიეთ, შევთავაზეთ ეს კონცეფცია და ამით კიდევ უფრო გაიზარდა ინტერესი. ჩვენი ისტორიის ნაწილი ის არის,  რომ სურვილი გვაქვს ქართული მეღვინებისთვის რაღაც სასარგებლოს კეთებისა. კონცეფცია ასეთია: მეღვინეებისგან გვჭირდება მხოლოდ ღვინოების ჩამონათვალი, რის შემდეგაც ანგარიშს, სისტემას, ლინკებსა და ყველაფერს ჩვენ ვაგენერირებთ, ამის შემდეგ კი გამზადებულ QR კოდებს ვაწვდით, თავად სვამენ ეტიკეტში და სულ ეს არის. მეღვინეებთან ურთიერთობაში ჩვენი მიზანი ქართული ღვინის წინსვლაში რაღაც სარგებლის მოტანაა და არა რამე სხვა. მეღვინეებს ძალიან მოსწონთ უკუკავშირის იდეა. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, რომ მომხმარებელს ღვინო მოსწონებია, კიდევ სდომებია შეძენა, მაგრამ უკუკავშირის უქონლობის გამო ეს ვერ მოუხერხებია, შესაბამისად, მეღვინეებს ძალიან კარგად ესმით ეს კონცეფცია. რაც ევროკავშირის მოთხოვნის შემდეგ შესაბამისი სისტემა შევამატეთ ჩვენს უკუკავშირის იდეას, მოთხოვნაც გაიზარდა. 

გამოხმაურებაზე ეს სამი ნაწილია, რაც მგონია, რომ კარგი აქვს ჩვენს კონცეფტს. ეს არის უკუკავშირის იდეა,მეორე ის, რომ ევროკავშირის მოთხოვნას ძალიან ესადაგება და მესამე - ჩვენი QR კოდები უვადოა, შესაბამისად, ეს კოდი არასოდეს არ გაითიშება. ერთი QR კოდით კი მომხმარებელი ყოველთვის შეძლებს გაუზიაროს თავისი მოსაზრება მეღვინეს.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.