Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

IWSC საქართველოში და კონკურსში მონაწილე გამორჩეული ვაზის ჯიშები

ნოემბერში საქართველოში IWSC-ის საერთაშორისო კონკურსი იმართება, რომელშიც არა მხოლოდ ქართველი მეღვინეები, არამედ სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც იღებენ მონაწილეობას: “ჩვენ მოხარული ვართ, რომ 2024 წლის ღვინის დეგუსტაციას ღვინის სამშობლოში, საქართველოში ვიწყებთ. ამ შემოდგომას ჩვენი საერთაშორისო ექსპერტები საქართველოში გაემგზავრებიან, რათა მსოფლიოს უძველესი რეგიონების ღვინოები შეაფასონ."

მსოფლიო ღვინის რეგიონების მხარდაჭერის მიზნით IWSC საერთაშორისო კონკურსებით მწარმოებლებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, თავიანთი ღვინოები ექსპერტების წინაშე წარმოაჩინო: “სიამოვნებით გაცნობებთ, რომ 2024 წლის დეგუსტაციებს იქ ვიწყებთ, რაც ყველაფრის საწყისია. ქვეყანაში, რომელიც ღვინის სამშობლოდაა ცნობილი” - წერენ გვერდზე. წელს კონკურსში 520 ღვინო და 170-ზე მეტი კომპანია იღებს მონაწილეობას.

კონკურსში ქართული, კლასიკური ღვინის ჯიშების გარდა გამორჩეულ ღვინოებსაც შეხვდებით. მათ შორის არის “მირიანის მარნის” კუნძა. როგორც მირიანი გვესაუბრება, კუნძას წარმოება 2016 წელს დაიწყო: “ეს ჯიში დიდი ბაბუის გაშენებულ ვენახში ვიპოვეთ, რომლის 20-25% კუნძა იყო. თავიდან ცოლიკოურთან ერთად ვაყენებდი, თუმცა მალევე გადავწყვიტე, რომ ეს ჯიში ცალკე დამეკრიფა და დამეწურა.” როგორც მირიანი გვიამბობს, ყველაზე რთული ჯიშის ავთენტურობის დადგენა იყო: “არანაირ ინფორმაციას არ ფლობდა არავინ, ვერაფერი წავიკითხე ინტერნეტში. მევენახე-მეღვინეებთან მტევნითა და ყლორტით დავდიოდი. როდესაც დავაყენე, 2016 წელს, მხოლოდ 90 ბოთლი იყო. გავიტანე კონკურსებსა და ფესტივალებზე, სადაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა და მეც გამიჩნდა ინტერესი, რომ ამ ვენახის გაშენებას მივყოფდი ხელს.” ამის შემდეგ ვაზის გაშენება დაიწყეს, შარშან კი უკვე 2000 ბოთლი დაწურეს და ახლა ღვინო IWSC-ის კონკურსში იღებს მონაწილეობას. 

კუნძას მირიანი “იმერული წესით” აყენებს (ქვევრში ღვინის დაყენება 10%-იანი ჭაჭით) 4 თვის განმავლობაში. ღვინო ღია ქარვისფერია, გემური თვისებებითა და არომატებით მსუბუქია, აქვს ცინცხალი არომატები, იგრძობა ციტრუსი, მწიფე მსხლისა და ატმის ტონები. თვითონ ჯიში, როგორც მირიანი გვიამბობს, იმდენად საინტერესოა, რომ ციცქა-ცოლიკოურის სინთეზსა და კუპაჟს ძალიან წააგავს. ყურძენი უფრო კუმსი და შეკრულია, ციცქასგან განსხვავებით მოკლეა, გადაჭრილი მტევნის ფორმისაა. 

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული ვაზის ჯიშია იყალთოს წითელიც, რომელსაც “ჟუკა სანოს მარანი” აწარმოებს და ამ წლის კონკურსშიც იღებს მონაწილეობას. როგორც თაკო ჟურული გვესაუბრება, იყალთოს წითელი ძველი იშვიათი კახური ყურძნის ჯიშია: “ჩვენი მარანი ამ ჯიშისგან (რქაწითელთან ერთად) დაახლოებით 250-270 ბოთლ ღვინოს აყენებს წელიწადში. ჩვენს ღვინოს ჰქვია "3/47 რქაწითელი-იყალთოს წითელი". რატომ 3/47? იმიტომ რომ ამ ღვინის დასაყენებლად ქვევრში ჩაწურულია 3 ყუთი იყალთოს წითელი და 47 ყუთი რქაწითელი. ეს ჯიში სულ სამი ძირი გვაქვს ძველ ვენახში გაშენებული და სწორედ მისგან დაყენებული ღვინო, 2020 წლის "3/47" მონაწილეობს კონკურსში. ახალი ვენახიც გვაქვს იყალთოს წითლის, წელს მისგან 100 ლიტრამდე დავწურეთ. ძალიან მსუბუქი, სურნელივანი, მხიარული ღვინოა , 3 წლის ღვინოც ინარჩუნებს ახალგაზრდულ სულს. საფერავისგან სრულიად განსხვავებულია თავისი ხასიათით, გემოებით, არომატებით.”

კონკურსში მონაწილეობს “ნანუას” მამუკას საფერე, ერთ-ერთი ძალიან იშვიათი და გამორჩეული ჯიში: “მამუკას საფერე ძირითადად საზანოში და მიმდებარე სოფლებში იყო გაშენებული. ადრე უფრო მეტს ჰქონდა ეს ჯიში, თუმცა 90-იანი წლების შემდეგ, როცა ბევრი გაიჩეხა, ბევრი ვენახი განადგურდა, ესეც მოჰყვა მათ შორის. როცა ღვინის დაყენება დავიწყე, მამუკას საფერეს შესახებ ინფორმაციის მოძიება გადავყწვიტე. ძლივს მივაგენი 1-2 ადამიანს, ვისაც 100 ძირამდე ძირი ჰქონდა გაშენებული, 2019 წელს პირველად დავაყენე მამუკას საფერე, არ მოველოდი, თუმცა ძალიან კარგი გამოვიდა. მოვსინჯე ორივენაირად, ჭაჭაზეც და მის გარეშეც, ორივენაირი ძალიან კარგი გამოვიდა. მძაფრად იგრძნობოდა მარწყვისა და ბალის არომატები, ყველას ძალიან მოსწონდა.  2020-შიც ძალიან კარგი გამოვიდა, ამის შემდეგ მეც გავაშენე ვენახი.

კონკურსზე 2022-ის მოსავლის ღვინო იღებს მონაწილეობას, რომელსაც ალკოჰოლი 14% აქვს, როგორც გია დასძენს, არომატებში ძალიან აშკარად ფიგურირებს მარწყვი, მწიფე კენკრა: “ამ ღვინოში ორი ადგილის მამუკას საფერეა, ერთი ვენახი 60 წლისაა, მეორე ვენახი კი 90 წელს ზევითაა, ძალიან დიდი ინტერესით ველოდები კონკურსის შედეგებს” - აღნიშნავს გია. 

IWSC 2024 Wine Judging in Georgia, 2023 წლის 28-30 ნოემბერს კახეთში გაიმართება, საზეიმო დაჯილდოებას საქართველო 1-ელ დეკემბერს უმასპინძლებს, ხოლო შედეგები 4 დეკემბერს IWSC-ის საიტზე გახდება ცნობილი. 

კონკურსი International Wine & Spirit  Competition (IWSC) 50 წელზე მეტია ტარდება. 1969 წელს დაარსდა, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ  და დღეს მსოფლიოში ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასება-აღიარების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული და პრესტიჟული კონკურსია. საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურად ტარდება ლონდონში, სადაც ათიათასობით ალკოჰოლური სასმელი ისინჯება. კონკურსი ცნობილია თავისი მკაცრი შეფასების სტანდარტებითა და საპატიო ჟიურის გუნდით, მათ შორის, მსოფლიოში ცნობილი ბაიერებით, უფროსი სომელიეებითა და ღვინის მაგისტრებით. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.