Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფაქტები სამხრეთ აფრიკული მეღვინეობიდან

მცირე მიმოხილვა

რამდენიმე დღის წინ 20 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აპარტეიდის რეჟიმი დაეცა და პირველი დემოკრატიული, საყოველთაო არჩევნები ჩატარდა. ამ მოვლენამ ძირეულად შეცვალა ქვეყანა და მისდამი მსოფლიოს დამოკიდებულება. ცვლილებები ყველა სფეროს დაეტყო, მათ შორის მეღვინეობასაც. ამ წერილში შევეცდებით მიმოვიხილოთ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეღვინეობა, მისი წარსული, ამჟამინდელი მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები.

სამხრეთ აფრიკაში ღვინო საუკუნეების განმავლობაში იწარმოებოდა, პირველად კი 1659 წელს არის ნახსენები. ის ერთ-ერთი უძველესი ღვინის მწარმოებელია ახალი სამყაროს ქვეყნებიდან. ღვინის ინდუსტრია მჭიდროდ იყო დაკავშირებული კოლონიალიზმთან და აპარტეიდის რეჟიმთან, რაც სოციალურ-პოლიტიკურ გარემოებებზე და უბრალო მუშახელის ცხოვრებაზე დიდ ზეგავლენას ახდენდა. თანამედროვე სამხრეთაფრიკელ მეღვინეებს ძნელად წარმოუდგენიათ, თუ რა პირობებში უხდებოდათ მუშაობა მათ წინამორბედებს 1994 წლამდე. თეთრკანიან ფერმერთა გაერთიანების - KWV-ს - მონოპოლიის დროს, მართალია, დაუშვებელი იყო ჭარბწარმოება, მაგრამ ასევე დაუშვებელი იყო ნებისმიერი ინიციატივა და თვითშემოქმედება. KWV აკონტროლებდა ყველაფერს - ნერგების ყიდვიდან და დარგვიდან დაწყებული, ღვინისა და ღვინომასალების შესასყიდი ფასით დამთავრებული. მაშინ, ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციის პირობებში, სამხრეთაფრიკელ  მეღვინეებს საზღვარგარეთ გამართულ ღვინის გამოფენებსა და დეგუსტაციებში მონაწილეობის მიღება არ შეეძლოთ, მათი ღვინოც მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. შედეგად, მეღვინეებს ძალზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ იმაზე, თუ რა ხდებოდა მსოფლიო ღვინის ბაზარზე და რაზე იყო მოთხოვნა.

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში და განსაკუთრებით კი 2000 წლიდან მოყოლებული, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეღვინეობა დიდ აღმასვლას განიცდის - გაიხსნა ახალი ქარხნები, შეიქმნა მეღვინეობის ახალი რეგიონები, გაშენდა ვენახები, დაინერგა ტექნოლოგიები, დაიწყეს ღვინის ახალი სახეობების ჩამოსხმა, ცალკეული ექსპორტიორები მძლავრ ინსტიტუტად გაერთიანდენ და ა.შ. ამასთან, დიდი ყურადღება ექცევა ეკოლოგიასაც - იმ მწარმოებლებს, რომლებიც ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას უწყობენ ხელს და რაციონალურად იყენებენ ბუნებრივ რესურსებს, სპეციალური სერთიფიკატები გადაეცემათ, ეს კი მომხმარებლის თვალში მათ პროდუქციას პრესტიჟს მატებს. საინტერესოა, რომ ღვინის მწარმოებელი ორი დომინანტი რაიონიდან ერთი, სტელენბოში, ჯერ კიდევ მე-17-ე საუკუნეში გაშენებული მამულებითაა ცნობილი, ხოლო მეორე, სვარტლენდი, მხოლოდ აპარტეიდის დამარცხების შემდეგ აღორძინდა. ეს ნათელი მაგალითია იმისა, რომ ქვეყანაში ძალზე უფრთხილდებიან ტრადიციებს და ძალისხმევას არ იშურებენ დარგის განვითარებისთვის.

2000 წელს ექსპორტზე სამხრეთ აფრიკის ღვინოების 26% გავიდა. ეს მაჩვენებელი 2010 წლისთვის თითქმის ორჯერ გაიზარდა და 48,5%-ს მიაღწია. სამხრეთ აფრიკის ღვინოების ექსპორტი ძირითადად ხორციელდება დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ნიდერლანდებში, ბელგიაში, იაპონიაში, სკანდინავიის ქვეყნებში, რუსეთში, ჩინეთში, აშშ-სა და კანადაში. მაგალითისთვის, კანადაში 2000 წელს ექსპორტზე გავიდა 1,5 მლნ. ლიტრი სამხრეთაფრიკული ღვინო, 2001 წელს კი ეს მაჩვენებელი ხუთჯერ გაიზარდა და 7,5 მლნ ლიტრი შეადგინა.

2000 წლისთვის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მეღვინეობის მეურნეობათა რიცხვი 400 ერთეულსაც კი არ შეადგენდა, 2010 წლისთვის მათი რაოდენობა 573-მდე გაიზარდა, დღეისათვის კი 600-ს აჭარბებს. ღვინის ინდუსტრიაში, გარდა მსხვილი ქარხნებისა და გაერთიანებებისა, მნიშვნელოვანი როლი ენიჭება აგრეთვე მცირე საწარმოებსაც (60 000 ერთეულზე ნაკლები პროდუქციით). მათ მიერ წარმოებული ღვინო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ღვინის საერთო რაოდენობის 46%-ს შეადგენს. უკანასკნელი წლების განმავლობაში ქვეყანა წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს ახალი სამყაროს ქვეყნების (არგენტინა, ავსტრალია, ჩილე, ახალი ზელანდია, სამხრეთ აფრიკა და აშშ) ღვინის ყოველწლიურ კონკურსზე, რომელიც სიდნეიში იმართება.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას, ისევე, როგორც ახალი სამყაროს ქვეყნების უმრავლესობას, დიდი ძალისხმევა დაჭირდა, რომ მსოფლიო ბაზარზე გასულიყო და დამკვიდრებულიყო. აქტივისტები იდეებისა და ტექნოლოგიების მუდმივ ძიებაში იყვნენ, მწარმოებლები კი ექსპერიმენტებს ატარებდნენ ტრადიციული სახეობების - Sauvignon Blanc-ისა და Pinotage-ის (Pinot Noir-ისა და Cinsault-ის ნაზავი) სავაჭრო მარკის დასახელებებთან დაკავშირებით. პინოტაჟმა, რომელიც ყავის არომატით გამოირჩევა, დიდი მოწონება დაიმსახურა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ძალზე პოპულარულიც გახდა. დღესდღეობით ქვეყნის წითელი ყურძნის  წამყვანი ჯიშებია კაბერნე სოვინიონი და შირაზი, თეთრყურძნიანი ჯიშებიდან კი ყველაზე პოპულარულია სოვინიონ ბლანი და შარდონე. შენენ ბლანი, რომელიც სამხრეთ აფრიკაში Steen-ის სახელითაა ცნობილი, კოლონიაში ჯერ კიდევ 1655 წელს შემოიტანეს. ამ ჯიშისგან რბილი, არომატული, კონცენტრირებული და ცოცხალი ღვინო დგება, რომელსაც შენახვის კარგი პოტენციალი აქვს.

უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეღვინეობის დარგი მსოფლიოში ყველაზე დახურულიდან ყველაზე დინამიურად იქცა. გონივრული გათვლებისა და დაუღალავი შრომის წყალობით მათ უკვე დაიმკვდრეს თავი მსოფლიო ბაზარზე და დღესაც წარმატებით აგრძელებენ წინსვლას.

 © ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული