Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საფრთხე - ვადაგასული შხამ-ქიმიკატები

რეზო გეთიაშვილი

იყო თუ არა პესტიციდები ქართულ ღვინოებში

საქართველოში 3 000 ტონამდე ვადაგასული პესტიციდია. საბჭოთა სოფლის მეურნეობიდან მიღებულ ამ მემკვიდრეობას ექსპერტები დაავადებულ თაობებთან, მძიმე სოციალურ ფონთან და ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი დარგების მუდმივ კრიზისთან აიგივებენ. ამ კონტექსტში ყველაზე მტკივნეული მევენახეობა-მეღვინეობაა. რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის აკრძალვის "ოფიციალური მიზეზი" სწორედ პესტიციდები იყო.

პროდუქტი, რასაც ჩვენ ვჭამთ, შეიცავს პესტიციდებს. ეს თეორიულად, თორემ ციფრებით ამის დამადასტურებელი მასალა არ არსებობს. ეს ციფრები არსებობს უკრაინაში, ბელორუსიაში, რუსეთში. უფრო მეტიც, რუსეთის ბაზარზე პესტიციდების შემცველი პროდუქტის გამოტანა აკრძალული არ არის. რუსეთის კანონით, პესტიციდები ბავშვთა კვებაშიც კი დაშვებულია. ამიტომ, ამა თუ იმ პროდუქტის აკრძალვა მასში პესტიციდების აღმოჩენის მოტივით, იურიდიულადაც გაუმართლებელია.

გიორგი ბარისაშვილი, მევენახეობა-მეღვინეობის ექსპერტი: "მნიშვნელოვანი უზუსტობა იმ პესტიციდების ჩამონათვალშიც გაიპარა, რომელიც თითქოს ქართულ ღვინოში აღმოაჩინეს. ჩვენს ღვინოებში ალდრინის აღმოჩენა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ეს ნივთიერება საქართველოში არ გამოიყენებოდა".

ნებისმიერ შემთხვევაში, ინტერესს იწვევს პესტიციდების შემცველობის დინამიკა ყურძენსა და ღვინოში და მისი გავლენა საბოლოო პროდუქტის კვებით ღირებულებაზე.

ღვინის დამზადება, როგორც მრავალსაფეხურიანი პროცესი, მოიცავს წვენის დამზადების ტექნოლოგიას (პასტერიზაციის გარეშე). შემდეგ ხდება მისი დუღილი, რომელიც მრავალმხრივი ბიოქიმიური პროცესებით ხასიათდება. თუმცა, დუღილის დროს პესტიციდების რაოდენობა არ მცირდება. არსებობს სარწმუნო მონაცემები, რომლის თანახმადაც დალექვის შემდეგ თითქმის ყველა გამოყენებული პესტიციდი უცვლელად გადადის ღვინოში იმ რაოდენობით, რაც იყო ყურძენში.

გიორგი ბარისაშვილი: "ღვინისგან განსხვავებით, პასტერიზებულ ყურძნის წვენში პესტიციდების შემცველობა გაცილებით დაბალია. ანუ, დუღილის პროცესი, ერთეული გამონაკლისების გარდა, პესტიციდების დაშლას არ იწვევს, თანამედროვე სტანდარტების ღვინის დაყენების ტექნოლოგია კი პასტერიზაციას ცალსახად გამორიცხავს. ღვინის ხელოვნური გაცხელების დროს პროდუქტი ყველა ღირსებას კარგავს და მისი კვებითი ღირებულებაც დაბალია".

თერმულად ძირითადად ის ღვინოები მუშავდება, რომელიც ბაზრის იაფფასიანი სეგმენტისთვისაა განკუთვნილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულ ღვინოს რუსეთის ბაზარზე სწორედ ასეთი სეგმენტი ეკავა, მაშინ მასში პესტიციდების აღმოჩენა კიდევ უფრო საეჭვო გახდება.

FAO-ს მონაცემების თანახმად, სპირტიანი სასმელები პესტიციდებისგან არც დისტილაციის დროს არ თავისუფლდება. თუმცა, არაყს ყურძენში არსებული დამაბინძურებლების მხოლოდ 2-6% გასდევს.

პესტიციდების შემცველობა ასევე დიდ გავლენას ახდენს ლუდის, ჩაის, მცენარეული და ცხოველური ცხიმების, ცხოველური წარმოშობის პროდუქციის კვებით ღირებულებასა თუ უვნებლობის ხარისხზე. საკვებში პესტიციდების ნარჩენების კონტროლი საჭიროებს ქვეყანაში გარკვეული სისტემის არსებობას, რომლის გარეშე მონიტორინგი ვერ განხორციელდება, რაც არ უნდა თანამედროვე ლაბორატორიული ქსელი ჩამოყალიბდეს. უნდა დადგინდეს როგორია ფონური მონაცემები გარემოში, სად, რატომ და რა რაოდენობით გამოიყენეს ესა თუ ის პეტიციდი და რომელ პროდუქტში რა ქიმიური ნივთიერება უნდა ვეძებოთ.

აკრძალული ნივთიერებები თელავის ბაზარზე

მაშინ, როცა დიელდრინისა და დდტ-ს (იგივე დუსტი) გამოყენებაზე მთელ მსოფლიოში მკაცრი კონტროლია დაწესებული, თელავის ნებისმიერ საბითუმო მაღაზიასა თუ ვეტ-აფთიაქში ირანული წარმოების დუსტს 30-50 თეთრად იყიდით.

დდტ - დიქლორ-დიფენილ-ტრიქლოროეთანი პირველი თანამედროვე პესტიციდია. ის მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიგონეს და თავდაპირველად მალარიის, ტიფისა და სხვა დაავადებების გავრცელების შესაჩერებლად გამოიყენებოდა. მოგვიანებით დუსტი სოფლის მეურნეობაში, მავნე მწერების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენეს. 1962 წელს ამერიკელი მეცნიერების კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დდტ და მისი დაშლის პროდუქტი მაღალი ტოქსიკურობით გამოირჩევა და სიმსივნეს იწვევს. მის ჩასანაცვლებლად დიელდრინი გამოიგონეს, თუმცა 70-იან წლებში ისიც აიკრძალა.

დდტ-ს გაყიდვის ფაქტების შესახებ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის თელავის სამმართველო ინფორებული არ არის. თუმცა, რომც იყოს, არც ამ და არც რომელიმე სხვა უწყებას სამართლებრივი უფლება არ გააჩნია, რომ აკრძალული შხამ-ქიმიკატების გაყიდვაზე კონტროლი დააწესოს.

ალაზნის თევზი საკვებად უვარგისია

საკვები პროდუქტის უვნებლობის ერთ-ერთი მთავარი მაჩვენებელი მასში პესტიციდების დასაშვები დონეა. თუნდაც ეკოლოგიური მეურნეობის პირობებში მოყვანილ პროდუქტში შეიძლება ისეთი ქიმიური ნივთიერებები აღმოჩნდეს, რომლის ხმარება რამდენიმე ათეული წლის წინ აიკრძალა, მაგრამ დარჩა წყალში, ნიადაგში და მდგრადობა შეინარჩუნა.

საბჭოთა პერიოდში ქლორის შემცველი ორგანული ნივთიერებები (როგორიცაა დდტ, დდე, დიელდრინი და სხვა) სასოფლო-სამეურნეო მიზნებით ფართოდ გამოიყენებოდა. საქართველოში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ერთ ჰექტარ მიწის ნაკვეთზე საშუალოდ 30 კილოგრამ პესტიციდს ყრიდნენ. მდინარე ალაზნის აუზში მალარიის წინააღმდეგ საბრძოლველად თვითმფრინავების მეშვეობით ხდებოდა ჭალებისა და დაჭაობებული ადგილების დამუშავება. პესტიციდების დიდი ნაწილი გამოუყენებელი დარჩა და ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა.

სახეობათა კონსერვაციის ცენტრ "ნაკრესის" ინფორმაციით, მდინარე ალაზნის გარკვეული უბნები დაბინძურებულია ძლიერი ტოქსიკური ნივთიერებებით, რომლებიც თევზებში გროვდება და სერიოზულს საფრთხეს უქმნის მომხმარებლების ჯანმრთელობას.

"მდინარე ალაზნიდან წყლის, ლექისა და თევზის სინჯებს გასული წლის ივნისიდან დეკემბრამდე ვიღებდით. მსოფლიო დონის ლაბორატორიებში ჩატარებული ანალიზების მიხედვით, თელავის, ყვარლის, გურჯაანისა და ბაკურციხის მიმდებარე ტერიტორიებთან მდინარე ალაზანში დაჭერილ თევზში ტოქსიკური ნივთიერებების ადამიანისათვის საშიში კონცენტრაციაა. შეიძლება ითქვას, რომ აქ დაჭერილი თევზი საკვებად უვარგისია", - აცხადებს "ნაკრესის" თანამშრომელი გიორგი გორგაძე.

სოფლის მეურნეობაში სასუქებისა და შხამქიმიკატების ჭარბი გამოყენების შედეგად წყლის დაბინძურების ხარისხის ზრდას საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს.

ანომალიები ყვარელში

კახეთის ტერიტორიაზე საგანგაშო ფაქტები ჰოლანდიურმა ორგანიზაცია "Miliukontakt International”-მაც დააფიქსირა, რომელმაც ყოფილი შხამქიმიკატების საწყობის ინვენტარიზაცია ჩაატარა. გარემოსდაცვითი პარამეტრების საფუძველზე დადგინდა, რომ კახეთში არსებული საწყობების უმრავლესობა მაღალი გარემოსდაცვითი რისკის მქონე ობიექტებია. საწყობებიდან, უმეტეს შემთხვევაში, კედლების ნაშთებია დარჩენილი და ვადაგასული პესტიციდები შეუფუთავად, ღია ცის ქვეშ ყრია. ასეთ საწყობებში ხორბლის შენახვის ფაქტიც დაფიქსირდა, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მაღალ პოტენციურ რისკს წარმოადგენს.

"ყვარელში გაოცება გამოიწვია ერთ-ერთი ოჯახის ძროხამ, რომელსაც პესტიციდების გამო ცური არაბუნებრივად ჰქონდა განვითარებული. მსგავსი ფაქტების გამეორება არ უნდა დავუშვათ", - აცხადებს პროექტის მიმდინარეობაზე კახეთის კორდინატორი ზიტა იმანოვა.

ქვეყანაში არსებული ტოქსიკური ნარჩენები პირდაპირ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე, ხელს უშლის ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე დამკვიდრებას და საქართველოსთვის პრიორიტეტული ისეთი დარგების განვითარებას, როგორიც სოფლის მეურნეობა და ტურიზმია. ახლო მომავალში ვადაგასული პესტიციდების შეგროვება, შესაბამისი წესით შეფუთვა და სპეციალურ საწყობში განთავსდება დაიწყება. საწყობი საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში შენდება.

როგორ ვიწამლებით პესტიციდებით

პესტიციდების გამოყენების შედეგად ბინძურდება ნიადაგი, წყალი, ჰაერი, საკვები კულტურები, პარაზიტებთან ერთად ხდება სასარგებლო სახეობების გადაშენება, მცირდება მცენარის კვებითი ღირებულება და რაც მთავარია, სერიოზული საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ევროპაში ბავშვთა სიკვდილიანობის ყოველ მესამე შემთხვევას ეკოლოგიური ფაქტორი განაპირობებს.

მსგავსი დასკვნების გასაკეთებლად საქართველოში შესაბამისი საინფორმაციო ბაზა არ არსებობს. თუმცა, ოფიციალური სტატისტიკით (2003 წ.), მაღალი და საგანგაშოა ისეთი ინდიკატორული მაჩვენებელი, როგორიც თანდაყოლილი ანომალიების სიხშირეა. გაზრდილია ერთ წლამდე ბავშვთა სიკვდილიანობის დონეც, რაც ევროკავშირის მაჩვენებელს თითქმის ხუთჯერ აღემატება.

ეპიდემიოლოგიური კვლევებით გამოვლენილია ის პათოლოგიები, რაც პესტიციდებით დაბინძურებულ გარემოში მცხოვრებლებს უჩნდებათ: იმუნური და რეპროდუქციული ფუნქციების მოშლა, ალერგიები, ონკოდაავადებები, ბავშვებში - რკინადეფიციტური ანემია, ტუბერკულოზი, სასუნთქი გზების პათოლოგიები, ვირუსული ინფექციები, თანდაყოლილი ანომალიები. პესტიციდების უარყოფითი მოქმედება ორგანიზმზე შეიძლება არ გამოვლინდეს მაშინვე ინტოქსიკაციის სახით და მძიმე შედეგი მოგვიანებით მივიღოთ.

ქლორშემცველ ორგანულ პესტიციდებს, რომლებიც საბჭოთა სოფლის მეურნეობაში აქტიურად გამოიყენებოდა, 4 საერთო თვისება გააჩნია: მაღალტოქსიკურობა, დაშლის მიმართ მდგრადობა, აორთქლებისა და შორ მანძილზე გავრცელების უნარი (ჰაერით, წყლით და მიგრირებადი სახეობებით) და ცხიმოვან ქსოვილებში დაგროვება.

შესაბამისად, ისინი გავრცელებულია მთელ პლანეტაზე, მათ შორის, არქტიკაში, ანტარქტიდაზე თუ წყნარი ოკეანის შორეულ კუნძულებზე. ცხიმოვან ქსოვილებში დაგროვების უნარის გამო მათი კონცენტრაცია ნორმებს ხშირად რამდენიმე ათასჯერ აღემატება და კვების ჯაჭვში რაც უფრო მაღლა იმყოფება ცოცხალი ორგანიზმი (თევზები, მტაცებელი ფრინველები, ძუძუმწოვრები, ადამიანი), მით უფრო დიდია ამ ნივთიერებების ზემოქმედების რისკი.

პროდუქტებში პესტიციდების ნარჩენი რაოდენობის შემცირების პირველი მეთოდი პროდუქტის მექანიკური დამუშავება - გარეცხვა და გარსის მოცილებაა. ნარჩენი რაოდენობა მცირდება პროდუქტის თერმული დამუშავებისას (შეწვა, მოხარშვა, გამოცხობა, დაკონსერვება, მურაბებისა და ხილფაფების გაკეთება). ხმელი ხილის (ჩირის) დამზადების შემთხვევაში, პირიქით, შეიძლება პესტიციდეს კონცენტრირებაც კი მოხდეს და საბოლოო პროდუქტში ნარჩენი რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

© „მარანი“



gamarjobat! alpaki, solinuri da skorpioni vikide xexilis shesacamlad da mainteresebs es kvela ertad ixsnebaa ckalshii? cinascar didi madloba


გამარჯობათ,მაინტერესებს რა სავალდებულო მონაცემები უნდა ჰქონდეს დართული ხეხილის შესაწამლ ნივთიერებებს (შხამ-ქიმიკატებს) ეტიკეტზე.თუ შეიძლება ნიმუში გამომიგზავნეთ მეილზე.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული