მალხაზ ხარბედია
კორინ მენცელოპულოსი სტუდენტი იყო, როცა მამამისმა, ცნობილმა ბიზნესმენმა, ანდრე მენცელოპულოსმა ლეგენდარული Château Margaux შეიძინა (1977 წელს). ანდრე მენცელოპულოსი 1980 წელს გარდაიცვალა და უზარმაზარი მამული მემკვიდრეობით ახალგაზრდა, სრულიად გამოუცდელ კორინზე გადავიდა, ვისაც აქამდე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა ღვინოზე. კორინმა პირველ რიგში ბიზნესმენის შესაშური ალღო გამოიჩინა, რაც შატოს მომავალი აღორძინების საწინდარი გახდა, ეს ალღო კი უზარმაზარი ქონების ჭკვიანურ მართვაში გამოიხატა. მამის გარდაცვალების შემდეგ მას Felix Patin-ის მაღაზიათა ქსელი დარჩა (მარტო პარიზში მაღაზიების რაოდენობა 1600-ს აღწევდა), რომელიც გაყიდა და კომპანია Perrier-ის მსხვილი აქციონერი გახდა. შემდეგ შატოს აქციების ნაწილი “ფიატს” მიჰყიდა, Perrier კი Nestlé-მ შეიძინა საკმაოდ ძვირად, რის შემდეგაც სიტუაცია საბოლოოდ დალაგდა: ანუ, შატოს ფლობს “ფიატის” შვილობილი კომპანია Agnelli, მთელი უძრავი ქონება კორინ მენცელოპულოსს ეკუთვნის და ძირითად აქციონერადაც თვითონ ითვლება.
კორინმა მემკვიდრეობა საკმაოდ მძიმე პერიოდში მიიღო, 1960-70-იანებში ბორდოში საშინელება ხდებოდა, ყოველმხრივ კრიზისული ვითარება იყო. ცუდ ამინდებს ფინანსური პრობლემებიც ერთვოდა, მთავრობა საერთოდ არ იყო დაინტერესებული მეღვინეების ბედით. შატოს მფლობელს, მაესტრო ემილ პეინოსთან ერთად, ყველაფრის ნოლიდან დაწყება მოუწია. ბევრგან ძველი ვაზიც გაჩეხეს, დრენაჟი ჩაუტარდა ნიადაგს, დარგეს სელექციური ჯიშები, ომი გამოუცხარეს ყველანაირ დაავადებას, შეცვალეს სარდაფები, შექმნეს ახალი ტემპერატურული რეჟიმი. ცალკე საკითხი იყო კასრები, რომელსაც Château Margaux-ში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ეს შატო ლამის ერთად-ერთი მეურნეობაა, რომელიც თავად ამზადებს კასრებს, და კიდევ, მათ საკუთარი ელექტროსადგურიც აქვთ.
მენცელოპულოსები ბორდოში ერთად-ერთი მართლმადიდებელი ოჯახია და როცა კარგი მოსავალი მოდის, მადლობას ღმერთს სწირავენ. ვენახებში კი ძირითადად კაბერნე სოვინიონი (75%), მერლო (20%), კაბერნე ფრანი და პტი ვერდო (5%) მოჰყავთ (ადრე მერლო გაცილებით მეტი ჰქონდათ, ახლა კი ჩათვალეს, რომ უნდა შეამცირონ რაოდენობა).
Château Margaux განსაკუთრებული სტილი გამოარჩევს და მისი მთავარი მახასიათებელი ჰარმონიაა, ანუ ძალისა და ელეგანტურობის შეხამება. წარმატებულ წლებში ეს შეხამება მწვერვალს აღწევს, ასეთებად კი ბევრის აზრით, 1928, 1945, 1982, 1986, 1990, 2000 და 2005 წლების მილეზიმებია. კორინი ყველა ამ შეფასებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ 1953 ან 1961 საუკეთესო წლები იყო და რობერტ პარკერს ხშირად ადანაშაულებს ხოლმე (დიდი პატივისცემის მიუხედავად), რომ მარგოსთვის არატიპიურ წლებს “ქაჩავს”. მაგალითად, პარკერს ძალიან მოსწონს 1989 წლის ღვინო, მენცელოპულოსის აზრით კი ეს ღვინო სრული ანტიპოდია იმისა, რასაც მარგო ჰქვია, და უფრო მეტიც, საერთოდ, ბორდოს ღვინოსი. არადა ყველაზე მეტი და ყველაზე ძვირად 1989 წლის ღვინოები იყიდება და საშინელებაა, როცა მის მიხედვით მსჯელობენ შატო მარგოზე. ყველამ კარგად იცის, რომ პარკერს კონცენტრირებული და მუხით გაჯერებული ღვინოები მოსწონს, მარგოსთვის კი ეს არაა მთავარი.
1953 წლის მარგოს მენცელოპულოსი წარმოუდგენელი პოტენციალის ღვინოდ მიიჩნევს, რომლის ბუკეტი ყოველ წელიწადს მდიდრდება, 1961-საზე კი ამბობს, იმ წელს ძალიან მცირე მოსავალი მოსულა და ძალიან ძლიერი ღვინო დამდგარაო (თუმცა აბსოლუტურად არააგრესიული).
ზემოთ პარკერი ვახსენეთ და ბარემ იმასაც დავძენთ, რომ მენცელოპულოსი ყველაზე მეტად მას ემადლიერება შატოს სახელის ამერიკის კონტინენტზე, მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე დამკვიდრებისთვის. 1982 წლიდან მოყოლებული, მან ჰიტებად აქცია ბორდოს ღვინოები, რის შემდეგაც ბორდომ სერიოზული ინვესტიციები მოიზიდა.
Pavillon Rouge კიდევ ერთი ღვინოა, რომელსაც Margaux-ში ასხამენ და არის კიდევ ერთი ბრენდი, რომელსაც პირდაპირ კასრებით ჰყიდიან, შედარებით იაფად, თუმცა, ამგვარი დემოკრატიულობის მიუხედავად Château Margaux-ს მაინც ადანაშაულებენ შოვინიზმში, რადგან ისინი თითქმის არასდროს აგზავნიან თავიანთ ღვინოებს შედარებით დეგუსტაციებზე, არადა, როგორც მენცელოპულოსი ამბობს, ამას თავისი მიზეზები აქვს. როცა დეგუსტაცია ადგილზე იმართება, შატოს მესვეურებმა ზუსტად იციან როგორ მიაწოდონ ექსპერტებს ან მოყვარულებს ღვინო, რა ტემპერატურით (შატოში ყოველწლიურად აწყობენ დეგუსტაციებს, სადაც 1 დღის მანძილზე 300 კაცი სინჯავს ღვინოს). როცა ღვინოს სარღაც შორს აგზავნი, იქ უკვე აღარაა დარწმუნებული, რომ ღვინოს ყველა პირობის დაცვით მიიტანენ დეგუსტაციაზე. ამიტომ ამბობს, ეს შოვინიზმი კი არა, გარკვეული ნორმების დაცვა და დისციპლინის ნიშანიაო. კორინი თავსაც ასეთ დისციპლინაში ამყოფებს, მაგალითად, როცა პარიზშია, ძალიან ხშირად ველოსიპედით სეირნობს, ყოველ დღე ვარჯიშობს და როცა ამის საშუალება ეძლება, თხილამურებითაც სრიალებს. ჰობიც რამდენიმე აქვს, იღებს ფილმებს (ძალიან უყვარს იტალიური კინო), ბევრს კითხულობს და უყვარს ფოტოგრაფირება, როგორც თავად ამბობს, ეს მისი ერთად-ერთი პათოლოგიაა.
© „მარანი“
თქვენი კომენტარი