Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

წერილი "ღვინის კლუბს"

სამარცხვინოა, რომ უნიკალური ჯიშების სამშობლო ლამის წალეკა უცხოურმა დაბალხარისხიანმა ჰიბრიდებმა

გაზეთ "მარანის" რედაქტორს, "ღვინის კლუბის" პრეზიდენტს, მალხაზ ხარბედიას        
 
ბატონო მალხაზ, მადლობას მოგახსენებთ გაზეთ "მარანი"-ს 25 ივნისის ნომერში გამოქვეყნებული ფრიად საჭირო წერილისათვის "გურია ადესის გარეშე". ბოლოსდაბოლოს დადგა დრო, რომ გურიაში, მევენახეობის ამ უძველეს მხარეში აღსდგეს ისტორიული სამართლიანობა და ისეთივე მაღალხარისხოვანი საღვინე და სუფრის ყურძენი იწარმოებოდეს, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ საუკუნეების მანძილზე. სამარცხვინოა, რომ ჩხავერის, ჯანის, სხილათუბნის, საკმიელას, კამურის და სხვა უნიკალური ჯიშების სამშობლო დღეს ლამის წალეკა უცხოურმა დაბალხარისხიანმა ჰიბრიდებმა.
თემა მართლაც აქტუალური, მისი წამოწევა კი დროული და ფრიად საშური საქმეა. ამასთან პუბლიკაციაში გვხვდება მცირე უზუსტობანი (ძირითადად არასამეურნეო ხასიათის), რომლის შესახებაც მინდა გაცნობოთ: იზაბელა საქართველოში საძირეს სახით არ შემოსულა. ეს ბუნებრივი ჰიბრიდი, რომელიც კალიფორნიის ტყეში იპოვა ვინმე იზაბელა გიფსმა, ევროპაში შემოვიდა 1820 წელს, ხოლო მოგვიანებით საქართველოშიც. მაშინ იგი გავრცელდა, როგორც სოკოვანი დაავადებებისადმი მედეგი კულტურა (ჭრაქით მცირედ ზიანდება, ნაცარი პრაქტიკულად არ უჩნდება), ხოლო საძირედ იმ მარტივი მიზეზის გამო არ გამოდგებოდა, რომ თავად ზიანდება ფილოქსერით, სამკურნალო პრეპარატების აღმოჩენის შემდეგ მან ევროპაში დაკარგა თავისი ფუნქცია და ჩანაცვლებული იქნა ადგილობრივი ჯიშებით, ხოლო დასავლეთ საქართველოში (განსაკუთრებით გურიაში) ეს არ მოხდა და სწორედ ამის მძიმე შედეგს ვიმკით ჩვენ დღეს.
სხვათა შორის, იგი დღესაც საკმაოდაა გავრცელებული კრასნოდარის მხარეში (რუსეთი) ყირიმში (უკრაინა), ლენქორანში (აზერბაიჯანი) და სხვ. ყველას ღმერთმა მოახმაროთ თუ მათ ასე უნდათ, მაგრამ ჩვენ რაც მალე მოვიშორებთ, მით უკეთესი, მითუმეტეს, რომ ზემოაღნიშნული ქვეყნები არ გამოირჩევიან აბორიგენული ვაზის ჯიშების სიმრავლით, ჩვენთან კი სულ სხვა მდგომარეობაა.
რაც შეეხება გურიაში გავრცელებულ სხვა ჰიბრიდებს, ნოე იგივე ნოვე ან ნოველა გურული ვარიაციებია და მისი ნამდვილი სახელწოდებაა ნოა - ამერიკული პირდაპირმწარმოებელი ჰიბრიდი, ძალიან მდარე ხარისხის ვაზი, როგორც საღვინედ, ისე სასუფრედაც, თუმცა უხმოსავლიანი და დაავადებებისადმი საკმაოდ მედეგი.
ასევე პირდაპირმწარმოებელი ჰიბრიდია ჭეიშვილი, რომელიც იზაბელასთან და ნოასთან შედარებით უკეთესი ხარისხით გამოირჩევა და მისგან ასე თუ ისე საშუალო ღირსების ორდინალური ღვინო დგება. აღსანიშნავია, რომ ჭეიშვილის დონის ჰიბრიდები საქართველოს სხვა და სხვა რეგიონებშიც გვხვდება ქიწნურას, დირბულას, ჯიბრიდას (ან გიბრიდას), ფრანგულას, სებელის და სხვათა სახელწოდებით. ყველა ესენი გამოყვანილია ცნობილი სელექციონერების - კუდერკის და ზეიბელის მიერ.
პუბლიკაციაში საუბარია ბაღდადელი მევენახის, ჩვენი მეგობარი გიგლა ბორჩხაძის ჩხავერზე და ნაკაშიძის ჯანზე. ჩხავერი - ჩხავერად, მაგრამ ჩვენი აზრით, ნაკაშიძის ჯანი თავისი ღირსებით არ იმსახურებს ამდენ ყურადღებას. ჯერ ერთი, იგი, მართალია, უხმოსავლიანი ჯიშია, მაგრამ საშუალო ღირსების ყუნძენს იძლევა და მისგან დაწურული ღვინოც ორდინალური მოხმარებისაა. გარდა ამისა, იგი წარმოშობით ფრანგული ჯიშის - არამონის ერთ-ერთი ვარიაციაა და გურიაში ერეკლე ნაკაშიძემ შემოიტანა მეცხრამეტე საუკუნეში, ე.ი. არ არის ადგილობრივი წარმოშობის.
ასეთი მაგალითები საქართველოს სხვა რეგიონებშიც გვხვდება. მაგალითად ნაკაშიძის ჯანის ანალოგია რაჭაში გავრცელებული წულუკიძის თეთრა, რომელიც სინამდვილეში იტალიური ალბიოლია და იგი ვინმე წულუკიძემ შემოიტანა. ასევე ლეჩხუმში გავრცელებული ორბელური ოჯალეში ფრანგული მერლოა და ა.შ.
სულ სხვაა ნამდვილი გურული ჯანი, რომელიც მართლაც უნიკალურია და სრულად აკმაყოფილებს როგორც საღვინე, ისე სუფრის ყურძნის მოთხოვნებს. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მისი ბადალი საქართველოში (და არა მარტო) სულ რამდენიმეა. მეტად სასიამოვნოა, რომ ჩვენ მივაგენით მას, დღეს იგი ჩვენი კოლექციის მშვენებაა. განზრახული გვაქვს მისი გამრავლება და გავრცელება მოსახლეობაში - რა თქმა უნდა სხვა რჩეულ ჯიშებთან ერთად.
დასასრულ, კიდევ ერთხელ გმადლობთ გურული ვაზის გადარჩენის მცდელობისათვის, ასევე ჩვენი მცირედი ღვაწლის წარმოჩენისათვის ამ საქმეში და გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი ერთობლივი თანამშრომლობით გურიაში ისევ აღორძინდება ეს უძველესი ტრადიციული დარგი.
 
პატივისცემით: ანდრო ვაშალომიძე, ასოციაცია "გურული ვაზის" გამგეობის თავმჯდომარე
ოზურგეთი, შემოქმედი, 28 ივნისი, 2010 წელი.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
 
 


გავიცნოთ აი კაცი


კარგად ვიცნობთ, გვეწვევა ცოტა ხანში,. შენი მარანიც ვანახოთ თუ გინდა :))



ანდრო ვაშალომიძის ეს გამოხმაურება სტატიაზე "გურია ადესის გარეშე" ახლა წავიკითხე. 12 წლის მერე გურიაში ისეთი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს ადესის ჩანაცვლება ტრადიციული აბორიგენული ვაზის ჯიშებით, რომ მალე ადესა შეიძლება გახდეს დასაცავი :) ყველას ვეუბნებოდი, ნუ მოჭრით ამ ვაზს, კაი ფელამუში კეთდება მისგან, წვენები და კომპოტენი. ვინ გიგდებს ყურს! აღარ უნდათ! კაია ეს, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში. გურულებმა გაიგეს კაი ღვინის გემო და ადესა/მადესა აღარ აინტერესებთ :)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.