ბოლო 50 წლის მანძილზე არც ერთ მეღვინეს არ ჰქონია მსოფლიო მეღვინეობაში ისეთი დიდი გავლენა, როგორც ანჯელო გაიას - ასე აფასებს პოპულარული ჟურნალი Wine Spectator გაიას მოღვაწეობას.
იტალიელი მეღვინე ანჯელო გაია მეღვინეთა ოჯახიდანაა, თუმცა მან ოჯახის ტრადიციებს საკმაოდ გადაუხვია და მეღვინეობის საკუთარი გზა აირჩია. გაიამ ჯერ პიემონტის ღვინოებს გაუთქვა სახელი და შემდეგ კი ტოსკანაში გადაინაცვლა. მან მსოფლიო დააჯერა იმაში, რომ იტალიური ღვინოები თამამად შეიძლება გვერდში ამოვუყენოთ თვით ბორდოს საუკეთესო ღვინოებს.
მაშინ ხუთი წლისა იყო. მშობლებთან ერთად მაგიდასთან იჯდა. მამამისი ღვინოს გემოს უსინჯავდა. თვითონაც მოითხოვა საკუთარი ბოკალი. თხოვნა შეუსრულეს და რამდენიმე წვეთი ღვინოც ჩაუსხეს. მან ზუსტად გაიმეორა მამამისის ქცევა: ჯერ დააკვირდა სასმელს, ბოკალი შეანჯღრია, ღვინო დაყნოსა და მხოლოდ შემდეგ დალია. მას მერე მაგიდაზე ყოველთვის იდო მისთვის განკუთვნილი ბოკალი, სადაც სულ რამდენიმე წვეთი ღვინო ესხა ხოლმე. წყალში არასოდეს უზავებდნენ. მამა ამბობდა, რომ გემოვნების განვითარებისთვის ასე იყო საჭირო.
ღვინოს ახლაც ყოველდღე სვამს, ოღონდ საჭმელთან ერთად, ძირითადად მშრალ წითელ და თეთრ ღვინოებს მიირთმევს, იშვიათად - ცქრიალა და დესერტის ღვინოებსაც. ამბობს, რომ იტალიაში ღვინო წამლად ითვლება. "მამაჩემი ბევრ ღვინოს სვამდა და 94 წლის ასაკში გარდაიცვალა, პაპაც სვამდა, ზოგჯერ თვრებოდა კიდეც - მან 95 წლამდე იცოცხლა. დიდხანს იცოცხლა დიდმა პაპამაც - 92 წლამდე. არა მგონია, მათ ხანგრძლივი სიცოცხლე მარტო მემკვიდრეობით ერგოთ, ჩემი აზრით, ღვინოც ეხმარებოდა".
გთავაზობთ რამდენიმე წლის წინ ჩაწერილ ინტერვიუს ანჯელო გაიასთან, რომელიც, ვფიქრობთ, მკითხველისთვის დღესაც საინტერესო იქნება.
- რევოლუცია იტალიურ მეღვინეობაში ტოსკანაში დაიწყო. რას გვეტყვით ამის შესახებ?
- მართალია, ყველაფერი ტოსკანაში დაიწყო, რადგან სწორედ იქ იწარმოება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იტალიური ღვინო კიანტი. ადრე ამ ღვინოს შავი ჯიშებისგან ამზადებდნენ და სწრაფად რომ დაღვინებულიყო, 40% ტრებიანოს უმატებდნენ. ტოსკანურ მეღვინეობაში ფართოდ გამოიყენება ეს ე.წ. "ბორდოს კრიტერიუმი" - სხვადასხვა ჯიშების შერევა. თუმცა ერთმანეთთან ყოველთვის წითელ და თეთრ ჯიშებს ურევდნენ. რევოლუციის შემდეგ სწორედ ამაზე თქვეს უარი.
კიანტი, ბარბარესკო, ბაროლო და ბარბერა - აი, სულ ეს იყო ჩვენი ღვინოები, რომლებიც საუკუნეების მანძილზე არსებობდა. მეღვინეობა ახლად იფურჩქნებოდა. კიანტი ისეთივე შეუცვლელ პროდუქტად ითვლებოდა, როგორც პური და თან უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე ხორცი ან სხვა საკვები. XIX საუკუნის ბოლოსთვის ღვინის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში დაახლოებით 180 ლიტრს აღწევდა. აქედან გამომდინარე, თუ არ ჩავთვლით ბავშვებს, ავადმყოფებს და ქალებს, 1 მამაკაცზე დღეში 4-5 ლიტრი ღვინო მოდიოდა. 1960-70-იან წლებში ღვინო ძალიან იაფი ღირდა და მოსახლეობაც სასმელს საცხოვრებელი ადგილის სიახლოვეს ყიდულობდა.
- მაშ რა არ უწყობდა ხელს მეწარმეებს?
- 70-იან წლებში ბაზარზე სიტუაცია შეიცვალა, გაჩნდა ექსპორტზე მოთხოვნილება. პირველად ამას პიერო ანტინორი მიხვდა, შემდეგ სხვებიც. მაგრამ საზღვარგარეთ ღვინო არ იყო ყოველდღიური მოხმარების პროდუქტი, მხოლოდ შეძლებული ადამიანების ეგზოტიკურ სასმელად ითვლებოდა. ამიტომ აუცილებელი გახდა ბაზარზე უფრო მაღალი ხარისხის ღვინოები წარმოედგინათ. სწორედ მაშინ დაიწყო ცვლილებები, რომელიც "ტოსკანური რევოლუციის" სახელითაა ცნობილი. კიანტი შეიცვალა: შემადგენლობიდან ამოიღეს თეთრი ყურძენი, სამაგიეროდ გაზარდეს სანჯოვეზეს რაოდენობა და ისეთი ჯიშების გამოყენება დაიწყეს, როგორიც არის, მაგალითად, კაბერნე სოვინიონი. ასე გაჩნდა ახალი კონკურენტუნარიანი ღვინო. ცვლილებები ხდებოდა პიემონტის მეღვინეობაშიც, მაგრამ ეს ცვლილებები არ იყო ისეთი ეფექტიანი, როგორიც - ტოსკანაში.
1961 წელს, როცა ფირმაში მუშაობა დავიწყე, ტოსკანაში 130 ღვინის ჩამომსხმელი კომპანია არსებობდა. ეს იყო ფირმები საკუთარი მაღაზიებით. კომერსანტები ყიდულობდნენ ყურძენს გლეხებისგან, აწარმოებდნენ ღვინოს და თვითონვე ყიდდნენ. ახლა კი იტალიურ ბაზარზე ღვინის 850 მწარმოებელია. პიემონტისგან განსხვავებით, სადაც კაპიტალი სხვა რეგიონებიდან არ იდება, ტოსკანაში ადგილობრივი მეღვინეთა რიცხვი მხოლოდ 30%-ს შეადგენს, დანარჩენი 70% მოსულები არიან. არც მე მაქვს ტოსკანური ფესვები, მეც, ასე ვთქვათ, მეკობრე-დამპყრობელი ვარ.
- ფესვებს რაც შეეხება, თქვენი ბებია ხომ საფრანგეთში სწავლობდა?
- ისედაც ყველაფერი გცოდნიათ. ის ადგილი, სადაც ბებია დაიბადა, იტალიის უკიდურეს საზღვართან 1100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. სწავლობდა საფრანგეთში, შამბერიში. 1905 წელს, 25 წლის ასაკში, დატოვა მთიანი მხარე, სადაც არც ღვინო იცოდნენ და არც ვენახები და პაპაჩემს გაჰყვა ცოლად. ბებია საოცარი პიროვნება იყო. ის აბსოლუტურად სხვა გარემოში აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ მეურნეობის არაფერი გაეგებოდა, სწორედ მან შეიტანა ოჯახში ღვინის ხარისხის გაგება.
- ამან ხომ არ იქონია თქვენზე გავლენა, როცა იტალიაში ფრანგული ტექნოლოგიის ელემენტების დანერგვა დაიწყეთ?
- არა მგონია ეს ბებიას დამსახურება იყოს, ის 1961 წელს გარდაიცვალა, როცა ფირმაში მუშაობა ახალი დაწყებული მქონდა. ისედაც იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს. ის ბალესკოში ცხოვრობდა, მე კი - ალბაში. ასე რომ, ვერ ვიტყვი, ფრანგული ტექნოლოგიების მიმართ ინტერესი ბებიამ გამიღვიძა-მეთქი. თანაც მაშინ სხვა დრო იყო. ჩემს წინაპრებს აზრად არ მოუვიდოდათ საფრანგეთში წასვლა და იქაური ღვინის გასინჯვა. მათ თავისი სიამაყე ჰქონდათ და ამ სიამაყით ინახავდნენ საკუთარ მემკვიდრეობას. აი, ბუნებაზე დაკვირვების უნარი კი მათგან გამომყვა.
- პირადად თქვენ დიდი დამსახურება მიგიძღვით მეღვინეობის რევოლუციაში...
- ცოტა მეუხერხულება ამაზე საუბარი, მაგრამ როგორც ამბობენ, გარკვეული წვლილი მეც შევიტანე. როგორ? ვცადე, ბარბარესკოს ტრადიცია უფრო საყოველთაო, "სიცოცხლისუნარიანი" გამეხადა. ამისათვის ღვინოს შედარებით მცირე ხნით ვაჩერებდით, დავიწყე ახლადამოყრილი ვაზის რქის მოჭრა და კასრების გამოყენება. მოკლედ, რამდენიმე ახალი ნაბიჯი გადავდგი, რომლებმაც შემდგომ რევოლუციამდე მიგვიყვანა. პირველმა გავახარე ამ ზონაში კაბერნე სოვინიონი და შარდონე. ამ ჯიშების დარგვით მსურდა მეჩვენებინა, რომ ჩვენი ტერუარი უბადლოა და უცხო ჯიშებიდანაც მშვენიერი ღვინოს მოცემა შეუძლია. ჩემს ღვინოებს ჰქონდა უფრო მსუბუქი გემო, რაც არაიტალიური ღვინოებისთვის არის დამახასიათებელი. ამიტომაც გაამართლეს. როგორც ვვარაუდობდი, ამის შემდეგ ხალხი მეტი ინტერესით მოეკიდა ჩვენს ტრადიციულ ღვინოებს.
- თქვენი აზრით, რა არის მთავარი ფრანგულ ტექნოლოგიაში?
- პირველ რიგში, კასრების გამოყენება. ეს საკმაოდ თამამი ნაბიჯია. პიემონტში მათი გამოყენება მხოლოდ 1969 წელს დაიწყეს. ტექნოლოგიებს რაც შეეხება, მე მათ მაინცდამაინც ფრანგულს ვერ ვუწოდებ, რადგან ისინი უნივერსალურია. უბრალოდ, საფრანგეთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც უდავოდ საუცხოო და ძვირფასი ღვინოების წარმოება დაიწყო და პირველმა გამოიყენა მეთოდები, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა რეგიონებში გავრცელდა. მაგალითად, ექსკლუზიური ღვინის შესაქმნელად ნიადაგი უნაყოფო უნდა იყოს და თვითონ ვაზიც - არამწარმოებლური. კიდევ საჭიროა მოსავლის რაოდენობის შემცირება. ამასთან ერთად, უნდა ვეცადოთ, არ დავაბინძუროთ შემოგარენი. პირველი მთავარი ნაბიჯი მაღალი ხარისხის ყურძნის მოყვანაა, დანარჩენს მოევლება.
- ცნობილია, რომ მოსავლის შემცირების პრაქტიკა იტალიაში პიემონტში დაიწყო და მხოლოდ შემდეგ გავრცელდა ტოსკანაში.
- პიემონტს, ტოსკანასთან შედარებით, უფრო დიდი კულტურა აქვს. ტყუილად არ უწოდებდნენ ღვინის სამეფოს. სწორედ იქ დაიწყო იტალიური მეღვინეობის მთელი ისტორია. ტოსკანას მეურნეობები დიდ ფართობებზე, 600-700 ჰექტარზეა გაშენებული, პიემონტში კი პატარ-პატარა ვენახებია. მათ გლეხები მთელი გულით უვლიან და ყურძნის მიმართაც სხვა დამოკიდებულება აქვთ.
- ცნობილია, რომ ახალი წარმოების პირველი მერცხალი Tignanello გახლდათ და ამ ღვინოს კარგა ხანს კონკურენტი არ ჰყავდა. თქვენი აზრით, რა იყო ამის მიზეზი?
- ეს უმჯობესია ტოსკანელებს ჰკითხოთ, რადგან Tignanello მათი ღვინოა. ალბათ სკეპტიციზმის ბრალია, რადგან ფიქრობდნენ, რომ ტრებიანო მასთან ვერ მოვიდოდა; ან არ სჯეროდათ, რომ კასრებში შენახული ღვინო ხარისხით უკეთესი აღმოჩნდებოდა.
- 60-70-იან წლებში იტალიაში ბევრი მეღვინე იბრძოდა ღვინის კანონმდებლობის შესაცვლელად. საბოლოოდ მიიღეს გორიას კანონი. რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს კანონი?
- ეს კანონი 1992 წლის თებერვალში გამოვიდა და მას დღემდე ვერ იტანენ მსხვილი მეწარმეები. ამ კანონით დამკვიდრდა DOC კრიტერიუმები, რომლის საფუძველია კონტროლი ნიადაგსა და კლიმატზე. მაგრამ ხომ შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ 150 დასახლებულ პუნქტს ერთნაირი თვისებები ახასიათებს. ტოსკანასთვის, სადაც ყველაზე მეტი მსხვილი საწარმოა, ყველაზე შესაფერისი იყო მანამდე არსებული კანონი, რომელიც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება კანონს DOC-ის შესახებ.
- 1963 წლის კანონი გაქვთ მხედველობაში?
- დიახ, 1963 წელს მიღებული 930-ე კანონის თანახმად DOCG სტანდარტის ღვინოები უმაღლესი კატეგორიისა გახლდათ, მას მოსდევდა DOC კატეგორია, შემდეგ კი - ჩვეულებრივი სუფრის ღვინოები. ტოსკანელი მეწარმეები ძირითადად სუფრის ღვინოებს გვთავაზობდნენ, რომლებიც საგრძნობლად სჯობდა უფრო მაღლა მდგომ DOC-ის ღვინოებს. ასე გაჩნდა გაუგებრობა. კანონი იტალიური ღვინოების ტრადიციული მემკვიდრეობის დაცვისკენ იყო მიმართული. სხვა გზა არ იყო, სუფრის ღვინოები DOC კატეგორიაში უნდა შეეყვანათ. მაგრამ ყურძნის საერთაშორისო ჯიშებისათვის არ იყო გათვალისწინებული არანაირი DOC კატეგორია, Tignanello და სხვა ღვინოები ჩვეულებრივ სუფრის ღვინოებად ითვლებოდნენ. ამიტომ 164-ე კანონმა (გორიას კანონი, რომელიც 30 წლის შემდეგ მიიღეს), სუფრის ღვინოები DOC კატეგორიის ღვინოებად გამოაცხადა. ეს იყო კანონის მთავარი მიზანი. მაგრამ ცვლილებები ყველა ღვინოს როდი შეეხო. ამ კატეგორიაში შევიდა მაგალითად, Sassicaia, მაგრამ Tignanello-მ, რომელიც ადრე სუფრის ღვინოდ ითვლებოდა მიიღო IGT სტატუსი. DOC კატეგორიაში იგი ვერ მოხვდა. ვერ ვიტყვი, რომ ახალ კანონს წარმატება საერთოდ არ ჰქონია, მაგრამ ბოლომდე სრულყოფილი არ არის და წინააღმდეგობებიც აქვს.
- თქვენ პირადად ოდესმე ხელს გიშლიდათ კანონები?
- არა, ჩვენ ყოველთვის "ვმეგობრობდით" DOC-ის კრიტერიუმებთან. მე უნდა მეწარმოებინა სუფრის ღვინოების მხოლოდ ფრანგული ვარიანტები - შარდონე, დორმაზი, კაბერნე - 930-ე კანონის მიხედვით. თითქოს ეს სამართლიანიც არის. მაგრამ კაბერნე სოვინიონისგან და შარდონესგან დამზადებული ჩემი სუფრის ღვინოები მხოლოდ 1992 შევიდნენ DOC კატეგორიაში.
- რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ეს ჯიშები და არა მაგალითად მერლო?
- იმიტომ, რომ შარდონე და კაბერნე სოვინიონი უფრო ცნობილია გემოთი. მე იმ მომხმარებლის გულის მოგება მსურდა, რომელიც ამრეზით უყურებდა Barbaresco-ს, თუმცაღა მისი გემო არც კი იცოდა. მე ვასინჯებდი საუცხოო შარდონესა და კაბერნეს, შემდეგ კი ჩვენს ძირითად ღვინოს ვთავაზობდი. შარდონე და კაბერნე იმისთვის მჭირდებოდა, რომ ბარბარესკოსთვის კარი გამეხსნა, რადგან 60-70-იან წლებში ჩვენი და საერთაშორისო ღვინოები გემოთი ძალიან განსხვავდებოდა. დღესდღეობით კი ეს განსხვავება აღარ არსებობს.
- სოვინიონ ბლანიც მოგყავთ, არა?
- დიახ, ის ჩვენი წარმოების 3%-ს შეადგენს. ეს ჯიში ძალიან მაინტერესებს. მინდოდა გამეზარდა კიდეც მისი მოხმარება, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკმარისია ჩვენი მიზნებისთვის. ეს უფრო ეგზოტიკური ჯიშია, ვიდრე შარდონე, რომელიც ყველგანაა გავრცელებული. შარდონეს პოპულარობა არ მაშინებს. უფრო შემაშფოთებელი ისაა, რომ ფართოდ გავრცელდა ბანალური შარდონე და არა ის, რაც კალიფორნიასა და ავსტრალიაში მზადდება. აი, ეს ჭეშმარიტად ორიგინალური ღვინოა და ხარისხის ყველანაირ სტანდარტს აკმაყოფილებს. იქაური შარდონე იმდენად ასახავს ადგილობრივ თავისებურებებს, რომ სხვა ღვინოში ვერ აგერევა.
- ზოგიერთები ფიქრობენ, რომ სოვინიონ ბლანისგან არ გამოდის ძვირფასი ელიტური ღვინოები. ამ აზრს ეთანხმებით?
- ბოლომდე ვერ დავეთანხმები. გავიხსენოთ სოვინიონ ბლანისგან დამზადებული Chateau Haut-Brion. თუმცა ასეთი მაგალითები ბევრი არაა.
- რას ფიქრობთ ჟურნალებში გამოქვეყნებულ სასმელების რეიტინგზე?
- ეს ამერიკელების მეთოდია. ოცი წლის წინ ღვინის ჟურნალისტიკის კანონმდებლები ინგლისელები იყვნენ, პირველ რიგში - საერთაშორისო ენის გამო, კიდევ იმიტომ, რომ ინგლისელები ერთ-ერთი იმ ერთაგანია, ვინც ბორდო და კლარეტი შექმნა. ბევრმა ინგლისელმა ჟურნალისტმა კარგად იცოდა ბორდოს ტერიტორია, მისი ისტორია, ასხვავებდნენ ბურგუნდიულ ღვინოებს - მოკლედ, საოცარი ცოდნა ჰქონდათ. მაგრამ ამ ჟურნალისტებს ურთიერთობა ჰქონდათ საზოგადოების მხოლოდ ელიტარულ ფენასთან, რომელიც სასმელებში კარგად ერკვევა. მათი ლექსიკა დახვეწილი, მაგრამ ზედმეტად რთული და პრეტენზიული გახლდათ და ბევრისთვის გაუგებარი იყო. და აი, ამერიკელებმა მკითხველთა და მომხმარებელთა წრის გაფართოება გადაწყვიტეს. ლექსიკა იგივე დარჩა, მაგრამ მას ციფრებიც დაემატა. ჟურნალებში ციფრები უფრო მეტს გვეუბნება, ვიდრე კომენტარები, რომელიც ამ ციფრებს თან ახლავს. ციფრები დიდი უბედურებაა, მაგრამ სამწუხაროდ, გარდაუვალი. მათ უამრავი მყიდველი მოიზიდეს. სწორედ ამიტომ ჟურნალი Wine Spectator 400 ათასიანი ტირაჟით გამოდის.
- ვთქვათ, რობერტ პარკერმა თავი დაანება ღვინოების შეფასებას, ამით ღვინის სამყაროში რამე შეიცვლება?
- დღესდღეობით ღვინის ორი ბაზარი არსებობს. ერთში ის ღვინოები შედიან, რომელთაც 40 წლის წინათაც ვსვამდით. არც თუ ისე დიდი ხანია, რაც ღვინის ახალი ბაზარი გაჩნდა. მას ერთგვარი პირამიდის სახე აქვს, სადაც ღვინოები ხარისხის, რაოდენობის და ფასის მიხედვით არის დალაგებული. ამ პირამიდაში შესულია ცნობილი ევროპული და ამერიკული ღვინოები. სუფრის ღვინოებთან ერთად აქ იხილავთ ღვინოების სულ სხვა კატეგორიასაც - ელიტურ, ანუ როგორც ამერიკელები უწოდებენ, პრემიუმ ღვინოებს. ამერიკელები ამ კატეგორიას ფასების მიხედვით ასხვავებენ - popular premium, premium proper, super premium, ultra premium. ბევრი ფირმა თუ საწარმო პარკერის რეიტინგებიდან სარგებელს ნახულობს, რადგან თუ პარკერმა ან სხვა ცნობილმა ჟურნალისტმა ღვინოს მაღალი ქულა მისცა, სასმელი უკვე სანდო ხდება. ამ პირამიდაში პოზიცია რომ შეინარჩუნო, ძლიერი სადისტრიბუტორო ქსელი უნდა გქონდეს. თუ შენი პროდუქცია ღვინის რუკაზე მოხვდა, უფასო რეკლამა გამოგივა. ღვინო კლიენტებს უცებ მიიზიდავს. არსებობენ ე.წ. სატელიტებიც - ის ღვინოები, რომლებიც პირამიდაში არ შედის. აქ შედის ამერიკაში წარმოებული საკულტო ღვინოები, ანუ როგორც ეძახიან, ე.წ. გარაჟის ღვინოები. ეს იშვიათი დასახელებებია, რომლებისთვისაც ჟურნალისტის აზრი აუცილებელია. თუ პარკერი და სხვა ჟურნალისტები მათი შეფასებას შეწყვეტენ, სატელიტები ჩაქრებიან, თუმცა პირამიდა პირამიდად დარჩება.
- ელიტური ღვინოების ბევრი მწარმოებელი მხოლოდ ექსკლუზიურ სახეობებს უშვებს, უარს ამბობს მასობრივ ღვინოებზე.
- როგორ ფიქრობთ, Antinori ელიტური ღვინოა?
- რა თქმა უნდა.
- მაგრამ ის ამზადებს Santa-Christina-საც, ძალიან იაფფასიან ღვინოს. გამოდის, რომ ისეთები, როგორიც Antinori-ა, ამზადებენ ელიტური ღვინის სამ-ოთხ სახეობას, ხოლო დანარჩენს - იაფფასიანს. ჩემი ღვინოები 30 დოლარზე იაფი არ ღირს, ხოლო Antinori-ს ღვინოების 80% ამ ღირებულებაზე ნაკლებია. ისინი უშვებენ 20 მილიონ ბოთლს, ხოლო მე - 360 ათასს.
- თქვენი აზრით, რას ნიშნავს ღვინის ელიტურობა?
- ღვინო ელიტურია, თუ უნიკალური ხარისხი აქვს. ესაა ღვინო, რომელსაც თავისი ხასიათი და თავისებურებები აქვს, რომლის ამოცნობაც შესაძლებელია. და კიდევ... ასეთი ღვინო არ უნდა იწარმოებოდეს ძალიან დიდი რაოდენობით.
- ფინანსური შესაძლებლობის გარდა, მოეთხოვება თუ არა ელიტური ღვინის მომხმარებელს რაიმე განსაკუთრებული თვისებები, მაგალითად, დახვეწილი გემოვნება? თუ საკმარისია ფინანსები და ნებისმიერი ადამიანი შეაფასებს ელიტური ღვინის ღირსებებს?
- რა თქმა უნდა, ხშირად ასეთ ღვინოებს მხოლოდ იმიტომ სვამენ, რომ ჯიბე სქელი აქვთ. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ნელ-ნელა ჩნდება ღვინის მომხმარებელთა ახალი თაობა. 40-45 წლის კაცს მე ახალ თაობად მივიჩნევ. ისინი სვამენ ნაკლებ ღვინოს, მაგრამ არჩევანის დიდი საშუალება აქვთ. შეუძლიათ აირჩიონ ნებისმიერი ღირებულების ღვინო ნებისმიერი ქვეყნიდან. ეს ღვინოები სოციალურ ფუნქციასაც იძენენ. მხედველობაში მაქვს ის, რომ არც ერთი ჭკუათმყოფელი მარტო არ დალევს ძვირფას ღვინოს, შეეცდება, ვინმეს დაანახოს, რომ ერთ ბოთლ ღვინოში 3-4 ათასი დოლარი გადაიხადა. ის მიდის რესტორანში მეგობრებთან ერთად, უკვეთავს მხოლოდ რამდენიმე დასახელების კერძს და ძვირფას ღვინოს აყოლებს. ეს ძვირფასი ღვინის ბოთლი თავისთავად უკვე კულტურის მატარებელია, ტერუარის ენით საუბრობს და მოგვითხრობს იმ ადგილის კულტურაზე, სადაც დაამზადეს. ელიტური ღვინო - ეს კულტურის დესპანია.
- გარდა ღვინის წარმოებისა, თქვენი კომპანია ითვლება იტალიაში ელიტური ღვინოების ერთ-ერთ მსხვილ დისტრიბუტორად...
- დიახ, იტალიაში მაქვს ფირმა "გაია დისტრიბუციონე", რომელიც 1977 წელს დაარსდა. პირდაპირი ფუნქციის გარდა, დისტრიბუციულ ფირმას ერთი პრაქტიკული დანიშნულებაც აქვს. მე ენოლოგი ვარ და ზედმეტი ცოდნა არ მაწყენდა. თუ მივალ კოლეგასთან და ვეცდები მისი წარმოების საიდუმლოებები გავიგო, ის კარგად არ მიმიღებს. ხოლო თუ მას მყიდველის სახით მოვევლინები, მაშინ კეთილგანწყობილად დამიხვდება და საიდუმლოებებსაც გამიზიარებს.
- რომელ მეწარმეებს მიიჩნევთ თქვენს კონკურენტებად იტალიაში?
- შესაძლოა, არც თუ ისე თავმდაბალი ვარ, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ისინი ან ძალიან ცოტანი არიან, ან პირიქით, ძალიან ბევრნი. პიემონტში დიდ პატივს ვცემ ისეთ მეწარმეებს, როგორებიც არიან Aldo Conterno, Bruno Giacosa, Prunotto. ბევრი მუშაობს კარგად. პიემონტში უფრო შეიძლება კონკურენტებზე საუბარი, ვიდრე ტოსკანაში, რადგან ტოსკანაში ჯერ ახლა ვიწყებ და კონკურენციის სხვებს უნდა ეშინოდეთ.
მოამზადა ანა სუხიშვილმა
© „მარანი“
თქვენი კომენტარი