ბრიტანული გამოცემა The Guardian აქვეყნებს სტატიას სათაურით Great Georgian wines to lift your Easter feast, სადაც ღვინის კრიტიკოსი დეივიდ უილიამსი მკითხველს ქართულ ღვინოებს სთავაზობს საღდგომოდ. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ აღდგომის სადილისთვის ტრადიციულად ცხვრის ხორცს ამზადებენ, და იქვე ამატებს: „ცხვრის ხორცის გემო განსაკუთრებულად იმ ღვინოებს უხდება, რომლებიც საფერავის ჯიშიდანაა დაყენებული.“
უილიამსი მკითხველს სთავაზობს ცოტა განსხვავებული კუთხით შეხედონ აღდგომის სუფრას და გაიხსენონ საქართველოს უნიკალური კულინარიული ტრადიციები. ის ხაზს უსვამს, რომ ქართული სამზარეულო გამოირჩევა საინტერესო სუნელებით და გემრიელი კერძებით: “ ცხვრის ხორციც ფართოდ გამოიყენება, განსაკუთრებით ისეთ ტრადიციულ კერძში, როგორიცაა ჩაქაფული, სადაც ხორცი მწვანილებთან და ტყემალთან ერთად იშუშება. შედეგი გახლავთ მრავალფენოვანი, ინტენსიური და ცოცხალი გემოები, რომლებიც შესანიშნავად ერწყმის სავსე, მუქი ხილის არომატიან წითელ ღვინოებს, როგორიცაა M&S-ის საფერავი,“ — წერს იგი.
სტატიაში განხილულია რამდენიმე კონკრეტული ღვინო:
• M&S Found Saperavi, Kakheti, Georgia 2022 (£11): გამორჩეული მაგალითია ქართული მეღვინეობის, რომელიც უილიამსის თქმით, მუქი ხილის არომატებით გამოირჩევა და უხდება როგორც ჩაქაფულს, ისე სხვა ცხვრის კერძებს.
• Tbilvino Saperavi 2023: საფერავის ამ ვერსიას ავტორი ადარებს ახალგაზრდა ფრანგ შირაზს: “მუქი ხილი, კენკრა და ანისულის მსუბუქი ელფერი მახსენებს ახალგაზრდული სტილის სამხრეთ ფრანგულ შირაზს. მას ისეთი მჟავიანობა და სტრუქტურა აქვს, რომელიც შესანიშნავად უხდება ცხიმიან კერძებს.“
• Orgo Saperavi: „ღვინო აბრეშუმივით გლუვია, ანისულის და მაყვლის ელფერებით. შესანიშნავი მაგალითია ქართული ტრადიციული ტექნიკისა, რომელიც დღეს მსოფლიოს ბევრ მეღვინეს შთააგონებს.“
სტატია ასევე შეეხო იმ ფაქტს, რომ ქართული ვაზის ჯიშები უკვე მსოფლიო მასშტაბით ვრცელდება. ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია Russell & Suitor ‘Alejandro’ Saperavi 2021, რომელიც დაყენებულია ავსტრალიაში, Murray Darling-ის ცხელ კლიმატში. ღვინო გამოირჩევა სავსე არომატებით და იმავე ბალახოვან-სუნელოვან სტრუქტურით, რაც საფერავს ასე გამორჩეულად აქცევს.
უილიამსი დასძენს: „საფერავისგან — წითელი ვაზის ჯიშისგან, იწარმოება ღვინო, რომელიც ჰგავს ახალდაკრეფილ მაყვლის ჭიქას თავისი ინტენსიური ფერითა და ცოცხალი არომატებით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი