Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სიცილია - გაღვიძებული ვულკანი

სიცილიას ზოგჯერ "ევროპის ავსტრალიასაც" უწოდებენ. საუკუნეების განმავლობაში იგი მატერიკისგან განზე დგომას ცდილობდა. ტრადიციების ერთგულება, ჩაკეტილობა და კონსერვატიზმი დღემდე სიცილიელთა ძირითად მახასიათებლად რჩება. ავსტრალიისგან განსხვავებით, კუნძული ჯერ კიდევ ადრეული ანტიკურობიდან იყო განთქმული მეღვინეობით. ის დღესაც ერთი უზარმაზარი ვენახია, თუმცა იქაურ ღვინოებს მსოფლიოში ნაკლებად იცნობენ.

ომერტის კანონი (მაფიის დუმილის აღქმა) არაფერ შუაშია: დიდი ხნის განმავლობაში სიცილიელებს ევროპულ ბაზარზე კუპაჟისთვის საჭირო იაფი ნედლეული შეჰქონდათ, ბოთლებში კი პროდუქციის მცირე ნაწილი ისხმებოდა, რომლის კონკურენტულობა არავის აინტერესებდა. ამის მიუხედავად, "სუპერტოსკანურმა რევოლუციამ" საუკუნეების განმავლობაში მთვლემარე ძალები გამოაფხიზლა. სიცილიაში გამოჩნდნენ მასშტაბურად მოაზროვნე მეღვინეები და წარმატებამაც არ დააყოვნა. სამომავლოდ კუნძულელ მწარმოებლებს არა მხოლოდ იტალიის საუკეთესო კომპანიებს შორის  დამკვიდრების შანსი აქვთ, არამედ ახალი სამყაროს ღვინოთათვის კონკურენციის გაწევის პერსპექტივაც.
 
პროგრესი სიცილიურად
 
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში იტალიური მეღვინეობის პროგრესზე ლაპარაკი მომაბეზრებელი გახდა, ფაქტია, სიცილიური წარმოება საკმაოდ წინ წავიდა. თავად განსაჯეთ: 1993 წლამდე ბოთლებში მთლიანი პროდუქციის 2%-ზე ნაკლები ისხმებოდა; გარდა ამისა, კუნძულზე არ იყო არცერთი სოლიდური DOC  და გამოშვებული პროდუქციის 80% კოოპერატივებზე მოდიოდა. უკვე 1998 წელს Gambero Rosso-ს ცნობარში მეღვინეობა Planeta  "წლის მწარმოებლად" არის დასახელებული და ეს მხოლოდ დასაწყისია. 1990-იანების ბოლოს გამოვიდა შემდგომში კლასიკად ქცეული ღვინოები: Mille e Una Notte  -  Donnafugata-ს, Santa Cecilia  -  Planeta-სა და  Schietto -  Spadafora-სგან. ეს პროცესი გრძელდება. მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ მომავალში სიცილიურ ბაზარზე არაერთი საინტერესო ღვინო გამოჩნდება.
 
იტალიური მეღვინეობის აკვანი
 
სიცილიის ვულკანურად აქტიური ზონა ყოველთვის კარგ სამსახურს უწევდა მევენახეებს. მოქმედი ვულკანის, ეტნას ფერდობები ისტორიულად ერთ-ერთი საუკეთესო მეღვინეობის რეგიონია: ბარაქიანი ნიადაგი და გრილი კლიმატი დადებითად მოქმედებს როგორც თეთრ, ისე წითელ ღვინოებზე. ადგილობრივი საწარმოები ოდესღაც არისტოკრატულად მიიჩნეოდა, ბოლო დრომდე კი ეს ოლქი თითქმის ერთადერთი სიცილიური DOC იყო.
კუნძულის გეოგრაფია და კლიმატი – მთაგორიანი გარემო, ცხელი ზაფხული და იშვიათი ნალექი – მშვენიერ პირობებს ქმნიდა ვაზის გაშენებისთვის, ამიტომ სავსებით ლოგიკურია ის ფაქტი, რომ სწორედ სიცილია გახდა იტალიური მეღვინეობის აკვანი. ბერძნული დასახლებები და კოლონიები, რომლებიც ჩვ. წ. აღ-მდე VIII საუკუნეს მიეკუთვნება, ამ ფაქტს დოკუმენტურად ადასტურებს. ანტიკურ დასახლება აკრაგასში ნაპოვნია მაღალგანვითარებული ვენახების ნაკვალევი, რომლებიც ჩვ. წ.აღ-მდე V საუკუნით თარიღდება. ყველაზე ცნობილი იყო ტკბილი და მსუბუქი ღვინო - Mamertine ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. სასმელს აწარმოებდნენ სირაკუზასა და კატანიაშიც. აქაური ღვინო ექსპორტზე გადიოდა: ხმელთაშუა ზღვის სხვადასხვა ტერიტორიაზე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ამფორები წარწერით -  Morgantina და Tauromentium, რაც მათ სიცილიურ წარმომავლობაზე მიუთითებს.
XIV საუკუნიდან არისტოკრატიის მოთხოვნა ხარისხიან ღვინოზე გაიზარდა და ვენახების რიცხვმაც იმატა. ძირითადი რაიონები განლაგებული იყო ჩრდილო-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე. ისინი არა მხოლოდ დიდი ოდენობით ღვინოს აწარმოებდნენ, არამედ თავისუფლად შეეძლოთ მისი გაგზავნა ზღვით მესინაში, საიდანაც აფრიკასა და ლავანტის ქვეყნებში მიდიოდა.
          სიცილიის მიერ ექსპორტირებული ღვინოები, მაგალითად, ვერნაჩა და მუსკატელი, ძირითადად მაგარი და ტკბილი იყო და კარგად იტანდა გემით  მგზავრობას. დოკუმენტებში სხვა სახელწოდების სასმელიც გვხვდება, მაგალითად, Mantonico, იგივე Mantonicato, რომელიც თეთრიც იყო და წითელიც, თეთრი Cuctumini  და ბოლოს, Mamertino, რომელიც ამ სახელს კლასიკურ Mamertinum-თან იყოფს (პლინიუსის ცნობით, მისთვის საჭირო ყურძენი მესინაში მოჰყავდათ).
 
          სიჩუმე ქარიშხლის წინ
 
          სიცილიური მსოფლმხედველობის თავისებურებებს იმასაც უკავშირებენ, რომ შუასაუკუნეების პერიოდი ევროპის ისტორიაში ყველაზე დიდხანს აქ  გაგრძელდა: კონსტიტუცია, რომელმაც ფეოდალიზმი შეცვალა, მხოლოდ 1862 წელს მიიღეს. შუასაუკუნეებრივი წყობის გადმონაშთები – მდიდარი და ღარიბი ფენების თანაარსებობა, ტრადიციების ერთგულება, კლანურობა და ოჯახის კულტი აქ ბოლო დრომდე შენარჩუნდა. არცთუ შორეულ წარსულში სირაკუზასა და პალერმოს შემხედვარე ადვილი იყო იმის წარმოდგენა, რა ხდებოდა აქ ორასი წლის წინათ. XIX საუკუნის ბოლოდან ვითარება არსებითად შეიცვალა: არისტოკრატული ვენახებიდან აქაურობა ღვინის დამზადებისთვის საჭირო იაფი ნედლეულის მსხვილ მიმწოდებლად იქცა. საკუპაჟე ღვინოების საწარმოებლად ვენახების მასობრივი გაშენება 1870-90 წლებში დაიწყო. ამ დროს საფრანგეთში ფილოქსერა მძვინვარებდა. მოგვიანებით ფრანგებმა სიცილიური ნედლეული ალჟირულით ჩაანაცვლეს და კუნძულის მიმართ ინტერესი შესუსტდა.
          აღმავლობა გასული საუკუნის 70-იანებში დაიწყო, თუმცა მაღალი პროდუქტიულობის მიუხედავად, სიცილიელ მეღვინეთა უმეტესობა საკუპაჟე ღვინოთა წარმოებას ვერ გასცდა. 10 წლის წინათ "პრემიუმ" ხარისხის სუფრის ღვინოს რეგიონში სულ რამდენიმე კაცი აყენებდა. ხარისხიანი სასმელის დასამზადებლად აქაურ მეღვინეებს სტიმული არ ჰქონდათ. თვით მარსალაც კი (ღვინო, რომელსაც 100 წლის წინ ადმირალმა ნელსონმა გაუთქვა სახელი) ვერ გახდა ახალი ხარისხიანი სიცილიური ღვინის ფუძემდებელი.
 
 
          ცვლილებათა ნათლიმამები
 
          მომავალი ელიტური ვენახების – Corvo-ს, Cos-ის, Tasca d’Almerita-სა და Planeta-ს მფლობელები თვალს ადევნებდნენ, როგორ უარყოფდა დანარჩენი იტალია ძველ მიდგომებს მეღვინეობაში. მათ სიცილიის განვითარების ახალი პერსპექტივები დასახეს, რომელიც კუპაჟებს აღარ უკავშირდებოდა.
          დასაწყისისთვის გადაწყდა ისეთი მეღვინეების მოწვევა, რომლებიც კარგად ერკვეოდნენ თბილი კლიმატის პირობებში ყურძნის მოყვანის ტექნოლოგიებში.
შემდეგი ნაბიჯი ბუნებრივი პირობების - კლიმატის, ნიადაგისა და რელიეფის მაქსიმალური ათვისება იყო. ასეთმა მცდელობებმა შედეგი გამოიღო და რეგიონში ღვინის მსხვილი მწარმოებლები მიიზიდა, მათ შორის, Zonin, Gruppo Italiano Vini, Santa Margherita და ა.შ. დღესდღეობით კუნძულზე გაცილებით მეტი ვენახი იცვლის პატრონს, ვიდრე იტალიის ნებისმიერ კუთხეში. მწარმოებლები მიწის გაძვირებამდე მამულების გაფართოებას ცდილობენ და ეს გასაკვირი არ არის: სწორი მოვლის პირობებში ადგილობრივი ვენახები შესაძლებლობას იძლევა მიიღონ დიდი რაოდენობით ხარისხიანი პროდუქცია. თუმცა მსგავსი შემთხვევები ჯერჯერობით თითზე ჩამოსათვლელია. ერთადერთი მწარმოებელი, რომელიც სრულად აკმაყოფილებს მეღვინეობა-ბუტიკის სტანდარტს, არის Palari  მესინიდან. აქ სალვატორე ჯერაჩი მეღვინე დონატო ლანატის დახმარებით იშვიათი ადგილობრივი ჯიშებისგან შესანიშნავ წითელ ღვინო - Faro-ს ამზადებს.
 
წითლები და თეთრები: უმცირესობა იწყებს და იგებს
 
 წითელი და თეთრი, ადგილობრივი და უცხოური ჯიშების თანაფარდობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სიცილიური მეღვინეობის პერსპექტივას. ისტორიულად კუნძულის დასავლეთი თეთრ ღვინოთა წარმოების ზონად ითვლებოდა, აღმოსავლეთი - წითლის. ცოტა ადრე კი სიცილია 7 პირობით ზონად იყოფოდა, თითოეულში ღვინის ადგილობრივი დომინანტი სახეობით. ტრადიციულად, აქ თეთრი ჯიშები უფრო ფართოდაა გავრცელებული, ვიდრე წითელი. ამჟამად სიცილია თითო ლიტრ წითელზე სამ ლიტრ თეთრ ღვინოს აწარმოებს, თუმცა ეს შეფარდება შეიძლება მალე შეიცვალოს.
1596 წელს ანდრეა ბაჩი პალერმოს თეთრ ღვინოს აღწერდა, როგორც "დახვეწილი გემოს მქონეს, მსუბუქსა და ტკბილს," დღესდღეობით კი თეთრ ღვინოთა ხარისხი ბევრად ჩამოუვარდება განახლებულ წითლებს. ნაწილობრივ, ეს კლიმატის ბრალია: მშრალი და ცხელი ჰავა, რომელიც იდეალურია წითელი ღვინოებისთვის, ნაკლებად უხდება თეთრებს.  
რაც შეეხება ჯიშებს, სიცილიის წამყვან მეღვინეთა მზერა ამჟამად ნერო დ’ავოლასკენაა მიმართული. მისგან მიღებულ მუქი ფერის ღვინოს ხილის მდიდარი არომატით დიდი შანსი აქვს გახდეს რეგიონის წამყვანი ჯიში, ნებიოლოს ან სანჯოვეზეს სიცილიური ექვივალენტი. ჯერჯერობით ნერო დ"ავოლას მეღვინეთა ექსპერიმენტები არ შეხებია. ამ ეტაპზე კაბერნე სოვინიონს, შირაზსა და მერლოსთან ერთად კუპაჟების სახით უშვებენ, სამომავლოდ კი მისგან ნამდვილი სიცილიური ღვინის დამზადებას აპირებენ.   ადგილობრივი მეღვინეები იმედოვნებენ, რომ სიცილია ახალი სამყაროს კონკურენტებისთვის ღირსეული იტალიური პასუხი იქნება. ამისათვის მას ყველა პირობა აქვს: ბარაქიანი მიწა და ხარისხიანი პროდუქცია დაბალ ფასად. ახლა სიტყვა მწარმოებლებზეა - რამდენად შეძლებენ კონკურენტუნარიანი სასმელის დამზადებას. ღვინოების, რომლებიც თავის ადგილს დაიმკვიდრებს არა მხოლოდ ევროპულ, არამედ მსოფლიო ბაზარზეც. 
 
სიცილია
იტალიის უდიდესი მეღვინეობის რეგიონი (164 500 ჰა ვენახები).
 
წარმოების დასაწყისი
მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი მეღვინეობის რეგიონია - არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს ამ რეგიონში მეღვინეობის არსებობას ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 7 ათასწლეულში. 1880-81 წლები - ფილოქსერას გამო ვენახების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირება, ამას მძლავრი ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა. 1950-60 წლები - ახალი მეღვინეობის კოოპერატივების წარმოშობა. 1960-90-იანი წლები - ღვინის ხარისხის საკანონმდებლო რეგლამენტირება. 1964 - შემოტანილია DOC კატეგორია. 1992 - კატეგორია IGT.
 
დაყოფა
19 DOC ზონა: Alcamo ან Bianco d’Alcamo; Cerasuolo di Vittoria; Contea di
Sclafani; Contessa Entellina; Delia Nivo lelli; Eloro; Etna; Faro; Malvasia delle
Lipari; Marsala; Menfi;Monreale; Moscato di Noto; Moscato di Pantelleria,
или Moscato Passito di Pantelleria, ან Pantelleria;Moscato di Siracusa; Riesi;
Sambuca di Sicilia; Santa Margherita di Belice; Sciacca.
 
7 IGT ზონა: Camarro; Colli Ericini; Fontanarossa di Cerda; Salemi; Salina; Sicilia;
Valle Belice
 
საღვინე ჯიშები
თეთრი: შარდონე, სოვინიონ ბლანი, მიულერ-ტურგაუ, ინზოლია, კატარატო და ა.შ.
წითელი: კაბერნე სოვინიონი, პინო ნუარი, ნერო დ’ავოლა, პერიკონე და ა.შ.
 
ვაჭრობა
ყოველწლიურად აწარმოებენ დაახლოებით მილიარდნახევარ ბოთლს, რომელთა 95%-ზე მეტი - თეთრია. სიცილიურ ღვინოთა 75%-ს კოოპერატივები აწარმოებენ.
 
მოამზადა ნანა კობაიძემ
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული