როგორ ფიქრობთ, რა საერთო აქვთ ღვინის ცნობილ კომპანია Robert Mondavi Winery-სა და მზისგან დამცავი სათვალეების მწარმოებელ კომპანია Woodzee-ს?
კალიფორნიას შემთხვევით არ უწოდებენ მზიან შტატს. ცხადია, ამის მიზეზი ციური მნათობია, რომელიც უხვად კვებავს კალიფორნიას მწველი სხივებით. მზე არის იმის გარანტი, რომ ყურძენი დამწიფდეს და მზე არის იმის მიზეზი, რომ ადამიანები მუქშუშიან სათვალეს ყიდულობენ. ცხადია, გასაკვირი არ არის, რომ ეს ორი კომპანია ერთმანეთს კალიფორნიაში გადაეყარა და საერთო პროექტიც შეიმუშავეს: ეს არის მზის სათვალე Robert Mondavi Private Selection X Woodzee Sierra Sunglasses, რომლის ჩარჩოც ღვინის კასრისაგან არის გამოთლილი. ამ კასრებში კი, ვიდრე სათვალის ჩარჩოდ გამოიყენებდნენ, ღვინო Robert Mondavi Private Selection Coastal Crush Red ინახებოდა. ამ საუცხოო სათვალეს Ray-Ban-ის კომპანიის ცნობილი მოდელის Wayfarer-ის ფორმა აქვს.
სათვალე მინის ფერის მიხედივთ შეგიძლიათ შეარჩიოთ. მწარმოებელები ოთხი ფერის მინას გვთავაზობენ: ბრინჯაოსფერი, რუხი, სარკისებრი ცისფერი და სარკისებრი მწვანე. სათვალე, რომელიც კომპანიის საიტზე 1 დეკემბრიდან გაიყიდება, 120 ამერიკული დოლარი ეღირება. ყოველ ჩარჩოს კასრის პატარა გამოსახულება ამშვენებს, რაც მის წარმომავლობას შეგვახსენებს.
საკითხავია, ერთობლივი პროდუქტი ორივე კომპანიისათვის მომგებიანი გამოდგა თუ არა? ერთისთვის მოგება ის არის, რომ გამოყენებულ კასრებს ახალი სიცოცხლე აჩუქეს, მეორემ კი ისეთი რამ შექმნა, რასაც კავშირი აქვს არა მხოლოდ ღვინოსთან, არამედ – მზესთანაც.
თუ ახალი პროდუქტი კარგად გაიყიდება, სავარაუდოდ, Woodzee-ის კოლექციას Chateau Montelena-ისა და Stag's Leap Wine Cellars-ის კასრებითაც მოამარაგებენ. სულ ცოტა ხანში კი შეიძლება კომპანიამ ფილიალი საფრანგეთშიც გახსნას და Petrus-ის, Lafite-ისა და Romanee-Conti-ის კასრებისგან დამზადებული სათვალეები შემოგვთავაზონ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი