Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გერმანია – ღვინის დღიურები – წერილი მესამე

მალხაზ ხარბედია

გერმანია – ღვინის დღიურები წერილი პირველი

გერმანია – ღვინის დღიურები წერილი მეორე

ნოემბრის მეორე ნახევარში „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროგრამის, "კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში" ინიციატივით გაიმართა სასწავლო ტური, რომელშიც ათზე მეტი ადამიანი ვმონაწილეობდით და რომელიც გერმანიის ღვინის რეგიონებში ვიზიტსა და სამუშაო და ენოგასტრონომიული ხასიათის შეხვედრებს გულისხმობდა. სასწავლო ტური ძირითადად ორ თემაზე იყო მიმართული - ღვინო და ტურიზმი, და ამ ვიზიტის ფარგლებში არაერთი გერმანული ინსტიტუციის ხელმძღვანელსა და წარმომადგენელს შევხვდით, სახელმწიფო, არასამთავრობო და  კერძო ორგანიზაციებს, სადაც ძალზე ნაყოფიერი საუბრები გვქონდა, თუმცა გარდა ამისა, მოვინახულეთ 10–მდე ღვინის მარანი და გავსინჯეთ ათეულობით ღვინო, სხვადასხვა მიმართულებისა და განსხვავებული ფილოსოფიით დაყენებული, ყოველ საღამოს კი ჩვენი მთავარი მასპინძლის, ღვინის ექსპერტისა და ენთუზიასტის, მარტინ დარტინგის თაოსნობით ღვინისა და კერძის შეხამების დაუვიწყარი დღესასწაულები ეწყობოდა, ვახშმები, სადაც ადგილობრივი ღვინო და გასტრონომია ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ წყვილებად წარმოგვიდგებოდა ხოლმე.

ჩემი ეს ჩანაწერები სწორედ ამ დღეებს ეძღვნება, მოვლენებს, განხილულ პრობლემებს, ღვინოებს, კერძებს, ერთი სიტყვით, ყველაფერს, რამაც ერთმანეთს დააკავშირა შემეცნება და ჰედონიზმი, ცოდნა და სიამოვნება.

26 ნოემბერს რაინლანდის ენოტურიზმის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კერას, ბად კროიცნახს ვესტუმრეთ. ამ პატარა ქალაქში (დაახლოებით ჩვენი გორისხელაა) გერმანიის სასტუმროებისა და რესტორნების გაერთიანების (DEHOGA) რეგიონალური ოფისია განთავსებული, ორგანიზაციის, რომელიც მთელი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მასშტაბით აერთიანებს მომსახურების სფეროში დასაქმებულ ადამიანებს და სადაც სასტუმროები და რესტორნები, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავს პოულობენ.

ეს გაერთიანება სექტორის ინტერესების წარმომადგენელია ფედერალური რესპუბლიკის, ფედერალური მიწების და ლოკალურ დონეზე, მისი წევრობა ნებაყოფილობითია, თუმცა თითქმის ყველა, ვინც კი აქტიურადაა ჩართული სარესტორნო და სასტუმროს ბიზნესში, DEHOGA–ს წევრია, რაც საკმაოდ დიდ ეფექტს იძლევა დარგისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ გერმანიაში სწორედ DEHOGA–აა ის ორგანიზაცია, რომელიც კლასიფიკაციას ახდენს და ვარსკვლავებს ანიჭებს სასტუმროებსა და რესტორნებს.

შეხვედრაზე DEHOGA–ს რაინლანდ–ფპალცის ფედერალური მიწის გაერთიანების ხელმძღვანელმა, გერეონ ჰაუმანმა და ამ გაერთიანების საგანმანათლებლო აკადემიის წარმომადგენელმა სონია მონსმა გაერთიანების ამოცანებზე და მიზნებზე ისაუბრეს და ამ საუბრისას აშკარა გახდა, რომ საქართველოშიც მხოლოდ მსგავსი ერთიანობით და თანამშრომლობით თუ გახდება შესაძლებელი ღვინის ტურიზმის დახვეწა და განვითარება. სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი გარკვეული თვალსაზრისით დანაწევრებული ბიზნეს–სექტორია, ამიტომაც მით უფრო მნიშვნელოვანია ინტერესების აგრეგაცია, ერთ მთლიანობად ჩამოყალიბება, რაც საშუალებას მისცემს დარგში დასაქმებულ ადამიანებს შეთანხმდნენ საერთო ღირებულებებზე, მოაგვარონ კვალიფიციური მუშახელის, დასაქმების, განათლების და სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები.

რამდენიმე საინტერესო ციფრი: 1). გერმანიის ტურიზმის ბიზნესში 2,9 მილიონი სამუშაო ადგილია, აქედან 1,8 მილიონი ადამიანი სწორედ სასტუმროებისა და რესტორნების ბიზნესშია დასაქმებული. 2). რაინლანდ–პფალცის ფედერალურ მიწაზე ამ მიმართულების 16 000 საწარმოა, 11–12 000 მუდმივმოქმედი, აქედან 4500 კი DEHOGA –შია გაერთიანებული. 3). რაინლანდ პფალცის ფედერალურ მიწაზე ტურიზმის ბიზნესის წლიური ბრუნვა 7,6 მილიარდ ევროს შეადგენს.

სხვათა შორის, როგორც გაირკვა, სექტორში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი, ყველაზე აქტუალური თემებია – ბიზნესის მემკვიდრეობა და მომავალი თაობა, ის ენერგია, რომელმაც უნდა განსაზღვროს დარგის მომავალი ბედი. გერმანიაში ხშირად შეხვდებით სიტუაციას, როდესაც ასაკოვანი მევენახე–მეღვინე ან ოჯახური სასტუმროს მფლობელი მემკვიდრეს ეძებს და ცდილობს მრავალწლიანი ტრადიციის მქონე საქმე კიდევ უფრო მდგრადი, მომგებიანი და საინტერესო გახადოს. საქართველოში, ცხადია აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა, აქ ჯერ ღვინის ტურიზმის ტრადიცია უნდა შეიქმნას, ჩამოყალიბდეს ან განვითარდეს ინსტიტუტები, რომლებიც სექტორში არსებული პოტენციალის გაერთიანებისთვის იზრუნებენ და ნათელი გახდეს ის ფასეულობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ დარგის სრულფასოვან ფუნქციონირებას.  

სწორედ ამ პრობლემების გათვალისწინებით, რომელზეც ზემოთ ვთქვი (ბიზნესის მემკვიდრეობითობა, მომავალი თაობა და ა.შ.), DEHOGA–მ ახალი ინიციატივა შემოიტანა, რომლის ფარგლებშიც 80 ესპანელი ახალგაზრდა ჩაიყვანეს გერმანიაში და მათ საშუალება მისცეს სექტორში პროფესიული განათლება მიეღოთ, სწავლის შემდეგ დასაქმების პერსპექტივით. ესპანელების გარდა ხორვატი ახალგაზრდებიც ჩაერთნენ ამ პროცესებში და არ არის გამორიცხული, რომ ახლო მომავალში საქართველოსთანაც განხორციელდეს ასეთი გაცვლითი პროგრამა.

სხვათა შორის, გერეონ ჰაუმანმა თავისი კოლეგების, რაინლანდის ტურიზმის ბიზნესში დასაქმებული ადამიანების დევიზი გაგვაცნო. მოგეხსენებათ ამ რეგიონში არც მაღალი მთის კურორტებია და არც ზღვა, შესაბამისად, დევიზი დაახლოებით ასე ჟღერს: აქ ვერც ზღვის ტალღების ხმას გაიგონებთ და ვერც ციცაბო ფერდობებზე ითხილამურებთ, სამაგიეროდ ჩვენთან ხარისხი წყვეტს ყველაფერს, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სტუმარ–მასპინძლობით და ჩვენი ტალღები და თოვლიანი მთებიც ეგ არისო. მემგონი ქართველებმაც უნდა გაითვალისწინონ ეს მიდგომა, განსაკუთრებით კი კახეთის, ქართლის და იმერეთის რეგიონებმა. 

შეხვედრის შემდეგ ქალაქში გავისეირნეთ, ხოლო სადილზე, რესტორან Mühlentor–ში იხვის ყველაზე გემრიელი შაშხი მელოდა, რაც კი აქამდე მქონდა გასინჯული – შებოლილი იხვის სიფრიფანა ვარდისფერი ფურცლები, რომელსაც თხელ თეთრ ზოლად დაუყვებოდა ქონი. ამას დაამატეთ ზომიერი სიმძაფრის სოუსი და ხრაშუნა მინდვრის სალათი. მოკლედ, ამ კერძმა ისე გამიტაცა, რომ ღორის სტეიკმა, ლიმნითა და კარტოფილით, ვეღარაფრით გამაკვირვა. სხვათა შორის, ამ დღეს პირველად დავლიე ლუდი. წარმოიდგინეთ, 3 დღე გერმანიაში იყო და ლუდი არ გასინჯო, თუმცა ეს ჩვეულებრივი ამბავია პფალცისთვის, მოზელისთვის და სხვ. მსგავსი ღვინის რეგიონებისთვის.

ლუდზე ორი სიტყვით მინდა გითხრათ. ყველა რეგიონში, ან ქალაქში, სადაც კი ვყოფილვარ გერმანიაში, ვცდილობდი ადგილობრივი პროდუქტი გამესინჯა. ეს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ლუდს ეხება, კიოლნში Kölsch, ბერლინში Berliner და ა.შ., ზოგი ლუდი ძალიან უბრალო იყო, ზოგი ვერ ჯდებოდა ჩემს გემოვნებაში, თუმცა ყველა თავისებური და საინტერესო იყო. ადგილობრივებში რამდენიმე შესანიშნავი ნიმუშიც აღმოვაჩინე, განსაკუთრებით ხორბლის გაუფილტრავებში. მაგალითად, ოქტომბერში კიოლნში გავსინჯე Gaffels Sonnen Hopfen, ძალიან გემრიელი მსუბუქი გაუფილტრავი ლუდი, რომელიც ცოტათი ბელგიურ გაუფილტრავსაც ჰგავდა (მაგ. Hoegaarden–ს), სვიისა და ციტრუსების ინტენსიური არომატებით. აქაც, ბად კროიცნახშიც ადგილობრივი ლუდი მოვითხოვე და Kirner მომიტანეს, ხორბლის გაუფილტრავი ლუდი, მშვენიერი მეწყვილე ადგილობრივი კერძებისთვის.

სხვათა შორის, ეს ლოკალური ენო–გასტრონომიული კულტურა თითქმის ყველგან ჩანს გერმანიაში. რომელ რეგიონშიც არ ჩავედი, ყველგან შეხვდებით ე.წ. აპარატებს, სადაც მხოლოდ ადგილობრივი ღვინოები და ლუდებია წარმოდგენილი. კობლენცში კობლენცერი, პფალცის რეგიონში პფალცურ ღვინოებს გაწვდით რკინის ყუთი, მოზელში კი მოზელურებს, და ა.შ. სხვათა შორის, ამ მხრივ ძალიან სავალალო სიტუაცია დამხვდა პრაღაში. ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე, რომ ქალაქის ცენტრალურ უბნებში მხოლოდ Pilsner Urquell–ის დალევა შეიძლებოდა, ათასში ერთხელ Kozel–ს და Krušovice–ს თუ გადაეყრებოდი, ყელში ამოსულ საერთაშორისო ბრენდებს, რომლებიც არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენენ გემოთმაძიებლისთვის.

ჩვენი შემდეგი გაჩერება ნაეს (Nahe) რეგიონში იყო, აქ, ულამაზეს გორაკებზე, საკმაოდ ციცაბო ფერდობებზე გაშენებულ Fuchs Jacobus–ის ბიოდინამიკურ ვენახებს ვესტუმრეთ, სადაც შესანიშნავად იყო ერთმანეთთან შერწყმული ტყე და ვენახები. ეს იყო ადგილი, სადაც ვენახი ხვდებოდა ტყეს და ასეთი ადგილი ძალიან ბევრია გერმანიაში, იმდენად, რომ გერმანელებმა სლოგანადაც აქციეს ტყისა და ვენახის ასეთი „შეხვედრები“.

Fuchs–Jacobus უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციის, Demeter–ის წევრია, რომელიც ბიოღვინოების სერთიფიცირების ახდენს. აქ ვენახების გაშენების ფორმებიდანვე ჩანს, რომ განსხვავებულ მეურნეობასთან გვაქვს საქმე. ვენახის ამდაგვარი, შედარებით მაღალზე გაშვებული ტიპი დასავლეთ საქართველოშიც არაერთი მინახავს, თუმცა იმერეთში, ლეჩხუმში ან გურიაში ხშირად ზედა ძელებიცაა გადებული ან მავთულებითაა დაკავშირებული ერთმანეთთან პლანები, რაც ერთგვარ დაბალ ტალავერს ქმნის, აქ კი არაფერია გადებული და რქები პირდაპირ ხვდებიან ერთმანეთს, უფრო სწორად, ეკიდებიან.

ვენახის სიახლოვეს კომპოსტის უზარმაზარი გორაკი იდგა, სადაც აუარება ორგანული მასა იყო შერეული, ტოტებით და ფოთლებით დაწყებული – ნაკელით დამთავრებული. ეს მასა პერიოდულად შეაქვთ ხოლმე ვენახში. თავად ვენახში მოთიბული ბალახი იყო (მულჩირება), თან მეპატრონეები პლანებს უცნაურად ამუშავებენ, ერთ კვალს თიბავენ და ნათიბს ადგილზე ტოვებენ, მეორეს კი ხნავენ და ასე, კვალგამოშვებით. ბიოდინამიკური მეთოდით ვენახის დამუშავება 25 წლის წინ დაიწყეს და როგორც მასპინძელმა გვითხრა, იმ წელს, პრეპარატის შეტანიდან რამდენიმე თვეში, ვენახმა ფერი იცვალა.

კლასიკური ჯიშების გარდა აქ საკმაოდ უცნაური ჯიშებიც აქვთ გაშენებული. მაგ. რეგენტი (Regent), სოლარისი (Solaris), იოჰანიტერი (Johanniter), კაბერნე ბლანი. სხვათა შორის, კაბერნე ბლანი რამდენიმეჯერ გავსინჯე გერმანიაში და ყველა მათგანში აშკარად ჩანდა შედარებით უმწიფარი კაბერნეს არომატები.

Fuchs–Jacobus–ის მეურნეობაში ყველა ვენახს თავისი სახელი ჰქვია – Aechholt, Schäfchen, Hetzel, Goldgrund  და ა.შ. სხვათა შორის, საქართველოშიც ბევრია ლამიანები, ძეძვიანები, წარაფები და ახოები და სხვ. ტრადიციული დასახელებები, თუმცა სამწუხაროდ ხშირად ასეთ კონკრეტულ სახელებს ვერც ეტიკეტზე ნახავთ და ვერც კონტრეტიკეტზე.

ბოლოს ღვინოებიც დავაგემოვნეთ და აქ კიდევ ერთხელ ცხადად გამოჩნდა, რომ ე.წ. ხილის ტონები ბიოდინამისტებისთვის ნამდვილად არაა თვითმიზანი, მაშინ, როცა ყველა ხილის ტონებს და სიხალასეს ეძიებს ღვინოებში, ბიოდინამიკოსებისთვის მთავარია ღვინო თავის თავს ჰგავდეს და თავს გამოხატავდეს, საკუთარი ხასიათი ჰქონდეს. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ Fuchs –Jacobus–ის ღვინოების 90% ადგილზე იყიდება და ამ 90%–ში მეც გავერიე, შეძენილი სამი ბოთლით.

Fuchszug Grauer Burgunder Trocken, 2013

გრაუერ ბურგუნდერი მოგეხსენათ იგივე პინო გრიჯიოა (ფრ. პინო გრი), რომელიც აქ, ცხადია სრულიად განსხვავებულ შედეგს იძლევა. შედარებით მკაცრი, ხასიათიანი ღვინო იყო მანდარინის კანის, მცირედი გრეიპფრუტისა და გამხმარი მცენარეული ტონებით. ძალზე მინერალური დაბოლოება ჰქონდა. 8,20 €

Riesling Alte Reben Spätlese trocken, 2013

ბებერ ვაზზე დაკრეფილი რისლინგია. სახელწოდებაში Alte Reben სწორედ ასაკოვან ვაზს ნიშნავს. არომატიც უფრო გამოკვეთილია, რისლინგისთვის დამახასიათებელი (პიტნა, მწიფე ატამი), რომელსაც მცირედი ვარდის ტონებიც ერთვის. 13,20 €

Gewürztraminer Kabinett feinherb, 2012

ძალზე სურნელოვანი ჯიშია გევურცტრამინერი, თუმცა სხვა გევურცტრამინერები, ამასთან შედარებით კიდევ უფრო არომატულები იქნებოდნენ, აქ კი, ღვინის შემქმნელები ისევ ხასიათს მიიჩნევენ მთავარ ნიშნად. ამ ღვინოში, მაგ. ვერ ნახავდით ყვავილების მძაფრ არომატებს. ეს არის გვიანი მოსავლის ღვინო, მცირედი ნარჩენი შაქარიც იგრძნობოდა (შეგახსენებთ, feinherb ნახევრადმშრალზე ცოტათი ტკბილი ღვინოა). მთავარი სურნელები – გარგარი, კივი, ასევე თხილი. 9,50 €

Cabernet blanc Trocken, 2013

აქვე გავსინჯეთ კაბერნე ბლანი, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან გამძლე ჯიშია სოკოვანი დაავადებების მიმართ და ხასიათდება მძაფრი პირველი სურნელებით. წარმოიდგინეთ, სვამთ თეთრ ღვინოს და კაბერნესთვის დამახასიათებელ ნაცნობი სურნელები გამოდის წინა პლანზე –  მწვანე წიწაკა, შავი პილპილი, ასევე ბოსტნეულის ტონები. ცოტათი მკვახე, მწვანე ღვინო იყო. 9,90 €

Frühburgunder Trocken, 2013

როგორ ამბობენ, Frühburgunder (ფრ. Pinot noir précoce, ანუ საადრეო პინო ნუარი) ყველა პინოს მშობელია. ახალი, ცინცხალი, საკმაოდ უბრალო ღვინოა, სადაც პირველ რიგში ძახველისა და კოწახურის სურნელებს იგრძნობთ, რომელსაც ალუბალი და ჟოლო ავსებს. ბოლოში დაფნა და სხვა მშრალი მცენარეული ტონებით. 13,90 €

AECHHOLT Regent trocken, 2013

კარგი ლალისფერი, ცოცხალი გარეგნობის ღვინო იყო, თუმცა სურნელში მაშინვე იგრძნობდით რაღაცას, ჰიბრიდული ჯიშისთვის დამახასიათებელს. ეს მძაფრი არომატები  – ანწლის, ძირტკბილასი – წინა პლანზე გამოდის. მაღალმჟავიანი, ველური, ძალიან ტემპერამენტიანი ღვინო იყო, ცოტათი ჩვენი ალადასტურიც მომაგონა. რეგენტი ძალზე მედეგია  სოკოვანი დაავადებების მიმართ. 8,50 €

ბოლოს Auslese რულენდერი გავსინჯეთ. ეს სახელიც (Ruländer) ერთ–ერთი სინონიმია პინო გრისთვის. საკმაოდ უბრალო ღვინო აღმოჩნდა, ტკბილი, კარამელური ტონებით, რომელიც კარგი მისაყოლებელი იქნება დესერტზე, 13,90 €. თუმცა ყველაზე შტამბეჭდავი მაინც Weißer Burgunder Beerenauslese იყო, 2003 წლის მოსავალის, ასაკოვანი, კარგად დავარგებული ღვინო თაფლის და ფორთოხლის ცედრის შესანიშნავი არომატებით, 26,00 €.

დღის გვირგვინად მარტინ დარტინგს ვახშამი ჰქონდა ჩაფიქრებული, სოფ. გიმელდინგენში, ნოიშტადტთან ახლოს, ზედ პფალცის ღვინის გზაზე. რესტორანი Netts, სადაც ეს დღესასწაული გველოდა, არც ისე დიდი ხნის გახსნილია, და მას ცოლ–ქმარი, სუზანე და დანიელ ნეტები (Nett) უძღვებიან. სუზანე, გარდა იმისა, რომ მარტინის მოსწავლეა, გერმანიის ყოფილი ღვინის დედოფალია. ამ წოდებას უკვე დიდი ხანია ანიჭებენ გერმანიაში და ყოველწლიურად ირჩევენ ღვინის სხვადასხვა რეგიონების ყველაზე წარმატებულ ღვინის დედოფალს. ჯერ სოფელი (ან ადგილწარმოშობა) წარადგენს თავის კანდიდატს, შემდეგ სამხარეო და რეგიონულ დონეზე გრძელდება კონკურსი და ბოლოს ქვეყნის ღვინის დედოფალსაც ირჩევენ. წარმოიდგინეთ ჩვენთან მუკუზნის, მუხრანის, სანიორეს და სვირის დედოფლები რომ გავიდნენ ფინალში, კანდიდატები, რომლებიც პირველ რიგში თავისი რეგიონის ღვინოს წარმოადგენენ, გამარჯვების შემთხვევაში კი ქართული ღვინის სახეები გახდებიან ერთი წლით, მოივლიან საქართველოს და უცხოეთის ქვეყნებს, დაესწრებიან გამოფენებს, წარადგენენ ქართულ ღვინოს.

სუზანე ნეტმაც ასეთი გზა გაიარა ალბათ. იგი მეღვინის ოჯახიდანაა წარმოშობით, მისი მეუღლე IHK-ს სომელიეა. 2003 წლიდან მოყოლებული სუზანი პფალცშია და ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციითაა დაკავებული. საქმიანობა მცირე მარნით დაიწყეს და ახლა უკვე გესთჰაუსი და მხარეში ერთ–ერთი ყველაზე სახელოვანი რესტორანი აქვთ. წარმატებასაც მალე მიაღწიეს, რადგან მხარე ლამის მთელი წლის მანძილზეა ტურისტულად დატვირთული, იმართება ფესტივალები, ღონისძიებები, შეჯიბრებები. ამას დაუმატეთ თავად პფალცელების პირის გემო და ხასიათი... Netts–ში ძალიან ზრუნავენ ღვინისა და კერძის შეხამებაზე, ყველაფერს ზუსტად არჩევენ და დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას, რომ ერთი მხრივ ღვინო იყოს სხვადასხვა კერძთან მეგობრული და მეორეს მხრივ კერძი არ იყოს ისეთი მძაფრი, რომ ღვინო ვერ მოიხდინოს.

ვახშამი 2013 წლის პფალცური რისლინგით (Weingut A. Christmann) და წაბლის სუპით დაიწყო. ბიო–ღვინო იყო, ცოცხალი არომატებით, მწვანე მსხლის, ციტრუსების და თეთრი ატმის ტონებით. სუპმა მაშინათვე დამატყვევა, რომელიც არყის ჭიქით და საწრუპავით მოვიდა, თან ახლდა პამიდვრის ჩირისა და ზეთისხილის დიპი, თავად სუპი კი წაბლისა და სოკოს საოცარი არომატებით ხასიათდებოდა. ცხადია მაშინვე ჩვენთანაც ვინატრე ასეთი სუპი. ვიცი, რომ ერთიორგან აქვთ კიდეც, მაგრამ მე ჯერ არ გამისინჯავს სამწუხაროდ.

შემდეგ გამოვიდა ჩემი საყვარელი ფელდსალატი (მინდვრის სალათი) წითელი კენკრის სოუსით და თხის ჭყინტი ყველით, შესაბამისი ვარდისფერი ღვინის თანხლებით (Weingut Oliver Zeter: S Cuvée rosé QbA, 2013). კაბერნედან და პინო ნუარიდან (შპეტბურგუნდერიდან) დაყენებული ეს ღვინო კარგად მოუხდა კენკრის სოუსით გაჯერებულ მოტკბო სალათს.

თავი კერძი იყო ნამდვილი გასტრო–შედევრი, სადაც ხორცი და გარნირი იდეალურ ჰარმონიას ქმნიდა. ბარემ გეტყვით, რომ შემწვარი იხვის მკერდი, ცვრიანი,  მიწავაშლას ხრაშუნა გარნირთან ერთად მოვიდა, თან ეს ყველაფერი პრასით, მწვანე ხახვით, თაფლით, ბეგქონდარათი, იტალიური ფიჭვის მარცვლებით, ქუნჯუთით და რუკოლათი, რამაც კიდევ უფრო გაუსვა ხაზი შემწვარი იხვის ხორცისა და მიწავაშლას საოცარ წყვილს. ღვინოც შესაფერისი იყო, ბორდოს სტილის პფალცური წითელი (VOM KRAPPGARTEN, Rotweincuvee, trocken, 2012, Weingut Völcker) –  კაბერნე, მერლო და კაბერნე ფრანი, სადაც ძალიან დახვეწილად ჩანდა მუხის კვალი და უფრო მეტად ლორის, გამოყვანილი ხორცის ტონებში გადადიოდა.

ამ კერძთან მეორე ღვინოც გავსინჯეთ, სენტ ლორენი (Saint Laurent, Weingut A. Christmann, 2011), სადაც ცხოველური ტონები იყო წამყვანი, ასევე ტყავი და მზეზე დაბრაწული კენკრა. ეს ნაკლებად გავრცელებული ჯიშია, რომლის შესახებაც ჩამოყალიბებული აზრი არ არსებობს. ზოგი ამპელოგრაფი პინო ნუარს უკავშირებს მას, ზოგი პინო მენიეს, სხვები კი გამესაც. სხვათა შორის, თავის დროზე სენტ ლორენის და ბლაუფრენკიშის (Blaufränkisch) შეჯვარებით მიიღეს ძალიან ცნობილი ავსტრიული ჯიში ცვაიგელტი (Zweigelt).

სუფრის ბოლოს დესერტი შემოვიდა, კრემ–ბრულე კენკრით, რომელსაც რისლანერიდან დაყენებული აუსლეზე, ტკბილი ბიო–ღვინო მოჰყვა (Rieslaner Auslese, Reichsrat von Buhl, Forster Stift, 2012).

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.