იტალიის ერთ–ერთ რეგიონში, პიემონტში დიდი წარმატებით ჩატარდა ენოგასტრონომიული ტურიზმის მორიგი საერთაშორისო ბირჟა (Borsa Internazionale del Turismo Enogastronomico, BITEG). მსოფლიოს მრავალი ქვეყნის 400-ზე მეტი ტუროპერატორი და ჟურნალისტი რამდენიმე დღის განმავლობაში აქტიურად იყო ჩაბმული ბირჟის მუშაობაში. პიემონტში პრესტიჟული DOCG კატეგორიის 9 და DOC კატეგორიის 45 ღვინოა წარმოდგენილი, მოქმედებს ღვინის 8 მუზეუმი, 13 რეგიონალური ენოთეკა. გარდა ამისა, რეგიონი სამართლიანად ამაყობს ულამაზესი ლანდშაფტით, ღვინისა და გასტრონომიის უამრავი სპეციალისტით და რა გასაკვირია, რომ ღვინის ტურიზმი იქ ძალზე პოპულარული მიმართულებაა.
ბირჟის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია ბაროლოში მდებარე ღვინის მუზეუმმა. მუზეუმი, რომელიც სულ რაღაც ერთი წელია, რაც გაიხსნა, ტურისტებს შორის უაღრესად პოპულარულია. ის განლაგებულია ფალეტის ძველ ციხესიმაგრეში, იქ, სადაც ბაროლოს რეგიონალური ენოთეკა ფუნქციონირებს. პიემონტელი მეღვინეები დიდი სიხარულით მასპინძლობენ სტუმრებს, მით უმეტეს, რომ ამ ტურებით ისინი საკმაო მოგებასაც ნახულობენ. რომელიმე მეურნეობაში ექსკურსია და ღვინის დეგუსტაცია ძალზე იაფია, მაგრამ ტურისტები, როგორც წესი, 1-2 ბოთლ სასმელსაც ყიდულობენ ხოლმე. თუ გავითვალისწინებთ, რომ მათი რიცხვი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეულ ათასს აჭარბებს და ტურიზმის ამ მიმართულებით დაინტერესებულ ადამიანთა რაოდენობის განუხრელი ზრდის ტემპს, მაშინ საკმაოდ შთამბეჭდავ რიცხვს მივიღებთ.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი