პიერ ლიურტონი ღვინის სამყაროში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა. ხელმძღვანელობს ბორდოს ისეთ ორ ცნობილ შატოს, როგორც Château d'Yquem და Château Cheval Blanc-ია. კარგად ერკვევა არგენტინულ და სამხრეთაფრიკულ ღვინოებში. აწარმოებს საკუთარ ღვინოს Chateau Marjosse-ში, რომელიც მის მფლობელობაშია. ეს არის ადამიანი, რომელმაც მთელი ცხოვრება მეღვინეობას მიუძღვნა.
"პრობლემური” გვარი
"ამ საქმიანობის მიმართ გენეტიკური განწყობა მაქვს - ამბობს პიერი. - ბორდოში ლურტონების გვარი ძალზე ცნობილია. ჩემი მშობლებიც და ბებია-ბაბუებიც ღვინის წარმოებით იყვნენ დაკავებული.”
სწავლობდა სამედიცინო ფაკულტეტზე, მაგრამ რაღაც მომენტში ღვინის თემატიკით დაინტერესდა. ნათესავს სთხოვა, კლო ფურტეში სტაჟირებაზე გაეგზავნა, სადაც 10 წელი დარჩა. მიხვდა, ეს რომ სწორედ ის იყო, რისი კეთებაც სურდა.
კლო ფურტეში გატარებული წლების შემდეგ საკუთარი ინიციატივით მივიდა შატო შევალ ბლანში. "მახსოვს, სამი ქალი იჯდა, რომელთაც სამსახურში უნდა მივეღე - იხსენებს ლურტონი. - "პიერ, მოხვედით, რომ თავი შატო შევალ ბლანის მმართველად შემოგვთავაზოთ, მაგრამ თქვენ მხოლოდ 33 წლის ხართ - ძალზე ახალგაზრდა ამ საქმიანობისთვის” - მითხრა ერთმა. "ასაკის გარდა გვარიც პრობლემური გაქვთ. ლიურტონის გვარს კარგად იცნობენ ბორდოში. თქვენი ოჯახი რამდენიმე შატოსაც ფლობს. არ იქნება კარგი, თუ ადამიანებს ლიურტონი და შევალ ბლანი ერთმანეთში აერევათ.” - თქვა მეორემ. მესამე ქალბატონი უფრო კეთილგანწყობილი აღმოჩნდა: - მეორე პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება, შეგიძლიათ დედის გვარი აიღოთ,” - მითხრა მან. ამაზე ვუპასუხე, რომ ამ მხრივ კიდევ უფრო ცუდად მქონდა საქმე, რადგან დედაჩემი ლაფიტი იყო. საბოლოოდ ამ ადამიანებმა გარისკეს და სამსახურში ამიყვანეს”.
ორი შატოს მმართველი
ამ ოჯახთან 7 წლის განმავლობაში მუშაობდა, 1988 წელს კი შატო ბერნარ არნომ იყიდა, რის შემდეგაც მისი კარიერა ელვისებურად განვითარდა. არნო კმაყოფილი იყო პიერის საქმიანობით Cheval Blanc-ში. ერთ მშვენიერ დღეს დაუძახა და უთხრა, რომ ეძებდა ადამიანს Château d'Yquem-ის მმართველად და მასზე უკეთესი კანდიდატურა არ ეგულებოდა. "უნიკალური მდგომარეობა მაქვს ბორდოში - ორი დიდი შატოს მმართველი ვარ” - ამბობს ლიურტონი. მისი, როგორც მმართველის როლი შატოს ტრადიციების შენახვასა და გაგრძელებაში გამოიხატება. გაუმართლა, რადგან მასთან ერთად თანამოაზრეთა კარგი გუნდი მუშაობს, რომელთათვისაც ღვინო ცხოვრების მთავარი გატაცებაა. მათთან ურთიერთობა პიერისთვის დიდი სიამოვნებაა. ზოგადად, ადამიანებთან ურთიერთობა უყვარს, ამაში თავდაპირველი პროფესიაც ეხმარება. "ისეთი განცდა მაქვს, რომ ადამიანებს ვკურნავ. მატერიალური თვალსაზრისით შეიძლება არა, მაგრამ სულიერად ნამდვილად ვშველი,” - ამბობს ლიურტონი.
შატო შევალ ბლანი ბორდოს ერთ-ერთი სახელგანთქმული მეურნეობაა, რომლის ისტორია 1832 წლიდან იწყება. მის მფლობელობაში 40ჰა ვენახია. ვენახები მდინარესთან ახლოსაა, რაც შევალ ბლანს სენტ-ემილიონის სხვა გრან კრუებისგან განასხვავებს. თერუარი სხვადასხვა ტიპის ნიადაგისგან შედგენილი მოზაიკაა. მათი ძირითადი ჯიში კაბერნე ფრანია და არა მერლო, რომელიც სენტ-ემილიონის სხვა ღვინოებში ფიგურირებს. მიიჩნევენ, რომ სწორედ ის ანიჭებს ღვინოს სინატიფესა და ელეგანტურობას. "კაბერნე ფრანი მერლოს მარადისობაში მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ის ანიჭებს ჩვენს ღვინოებს შენახვის დიდ პოტენციალს. - ამბობს ლიურტონი. - ეს არის ორ ფეხზე შემდგარი კოლოსი. მერლო ღვინის არომატულ პალიტრას განაპირობებს, კაბერნე ფრანი კი - სტრუქტურას, რომელიც სასმელს ხანგრძლივად ინახავს.”
ტერუარი უმთავრესია
შევალ ბლანის ღვინოებს ახალგაზრდა ასაკშიც კი ტანინთა სტრუქტურა საკმაოდ მომწიფებული აქვს. ამ თვალსაზრისით საკუთარ სასმელს პეტრუსსაც ადარებენ, რომელიც მათთან ახლოს მდებარეობს. პეტრუსი 100%-ით მერლოს შეიცავს, რადგან გრილი თიხოვანი ნიადაგი, რომელზეც ეს ჯიში იზრდება, ადრე დამწიფებისკენ მიდრეკილ მერლოს იდეალური მწიფობის საშუალებას აძლევს. მათი მიწა კი მოზაიკურია, სხვადასხვა ტიპის. მერლო აქ ძალიან ადრე მოდის და თუ მოსავალს კანონით დადგენილ ვადებში აიღებენ, ყურძენი გადამწიფებული აღმოჩნდება. ამიტომაც უხამებენ მერლოს და კაბერნე ფრანს, რომელიც უფრო გვიან შემოდის. ეს ფაქტი ჯიშების ვარირების შესაძლებლობას იძლევა: თუ წელიწადი ძალიან ცხელია, ღვინოს კაბერნე ფრანის დიდი შემცველობით აწონასწორებენ, თუ ზაფხული გრილი გამოდგა და ღვინოს "სითბო” აკლია, მეტ მერლოს ამატებენ. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ტერუარია. "მნიშვნელოვანია, რომ ყურძენმა ასახოს ის ტერუარი, სადაც იზრდებოდა. მთელი ჩვენი საქმიანობა ერთგვარი დოღია, რომელიც იმ დღეს სრულდება, როდესაც ყურძენი იდეალურ სიმწიფეს აღწევს” - ამბობს ლიურტონი. სხვადასხვა ტერუარზე მოწეული ღვინო ცალ-ცალკე ვინიფიცირდება. შედეგად, იქმნება ერთგვარი პალიტრა, რომელზეც შევალ ბლანის მეღვინეებს ფერთა შერევა და "უიღბლო” მილეზიმების გამოსწორება შეუძლიათ.
საუკეთესო მილეზიმები
ბოლო 20 წლის მილეზიმებიდან ლიურტონს განსაკუთრებით რამდენიმე დაამახსოვრდა. ეს გახლავთ 1995 და 1990 წლების ღვინოები.Mმისი უსაყვარლესი სასმელი 1998-ით თარიღდება. შესანიშნავი გამოდგა 2000 წლის მოსავალიც; ასევე 2005 და 2009, რომელიც განსაკუთრებულად კარგი იყო. ამათ გარდაAარსებობს გამორჩეული, დიადი მილეზიმები, რომლებიც მეურნეობის ემბლემად მიიჩნევა. ესაა 1947 და 1961 წლების ღვინოები, რომლებიც შევალ ბლანის სახელთან ასოცირდება. თუმცა ყოველთვის ყველაფერი იდეალურად არ არის. ხანდახან ცუდი წელიც გამოერევა ხოლმე, როდესაც პირველი ღვინის დაწურვა შეუძლებელია. ასეთი იყო 1991, რომელიც იმდენად ცივი გამოდგა, იძულებულნი გახდნენ მთელი ყურძენი მეორე ღვინოზე გაეშვათ. ყველაფრის მიუხედავად, ამ შატოებში ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ საუკეთესო ღვინო შექმნან. "მოკრეფილი ყურძნის ხარისხი, მუხლჩაუხრელი შრომა, თავად სასმელის გამორჩეულობა და მისი გემოვნებითი თვისებები - აი ის, რაც შატო შევალ ბლანს და შატო დ’იკემს ლუქს კლასის პროდუქტად აქცევს, რომელიც ყველაზე პრეტენზიული კლიენტის მოთხოვნებსაც აკმაყოფილებს” - ამბობს ლიურტონი.
კარგი ღვინის მისაღებად განსაკუთრებული მიდგომაა საჭირო. პირველ რიგში, საუკეთესო შედეგი უნდა მიიღოთ თქვენს ხელთ არსებული ყურძნისგან. "მე მეღვინე ვარ და ვცდილობ, კარგი ღვინო გავაკეთო. რა ბედი ელის მას შემდეგ, სასმელისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აღარ აქვს. როდესაც ღვინო ბოთლებში ისხმება და გაყიდვაში მიდის, სულ სხვა ისტორია იწყება” - მიიჩნევს პიერი.
ღვინის ატელიე
ერთი წლის წინ დასრულდა შატო შევალ ბლანის სუპერთანამედროვე მარანი, რომელიც რამდენიმე წელი შენდებოდა. "როდესაც არქიტექტორ ქრისტიან დე პორტზამპარკს შევხვდი, ვუთხარი, რომ ეს მხოლოდ ტექნოლოგიური შენობა არ უნდა ყოფილიყო. მინდოდა, რაღაცით ღვინის ატელიეს ასოციაცია გამოეწვია. მარანი მართლაც ორმაგ ემოციას იწვევს: გარედან 21-ე საუკუნეა, შიგნით - მე-19. ძალიან დიდი სამუშაო ჩატარდა იმისთვის, რომ სასმელი დროთა განმავლობაში გაუმჯობესდეს. ეს არის მარანი, სადაც ღვინის შენახვისთვის იდეალური პირობებია შექმნილი. ამას გარდა, შევეცადეთ აგვესახა ღვინის მოგზაურობა დროში. მთავარი მესიჯი ასეთი იყო: საუკუნეები იცვლება, ღვინო კი იგივე რჩება. დღეს ბევრი ინტერესდება ამ მარნის სტილით. მან გარკვეულ მოდასაც დაუდო სათავე - მიბაძვას და გამეორებას ბევრი ცდილობს.”.
ამ ულტრათანამედროვე შენობამ საპირისპირო რეაქციები გამოიწვია. ზოგს მოსწონს, ზოგს - არა, თუმცა თავად კომპანიის წარომადგენლები კმაყოფილნი არიან. "ჩვენი ახალი შენობა ჩვენსავე ღვინოს ჰგავს. ძალიან სუფთაა, ელეგანტური, ხაზს უსვამს ლანდშაფტს და არ აფუჭებს მას” – მიიჩნევს ლიურტონი.
ჩინური ბაზარი
დღესდღეობით ღვინის მწარმოებლები ახალი ქვეყნების ათვისებაზე მუშაობენ. არაერთი მათგანი იმედის თვალით უყურებს ჩინურ ბაზარს. ეს ბორდოელ მეღვინეებსაც ეხება, რომელთა სასმელი ჩინეთში განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს. მეორე მხრივ, ეს ღვინოზე ფასის ზრდას იწვევს, რადგან ცნობილ მეურნეობათა ღვინის ყიდვისას ჩინელებს, პირველ რიგში, ისტორიის შეძენა სურთ. ლიურტონის კომპანიას აქვს ვენახები ჩინეთში, თუმცა იქაური ღვინის ხარისხი დაბალია. ჩინურ ვენახებს შეუძლია უკეთესი შედეგის მოცემა თანამედროვე ტექნოლოგიების, ცოდნისა და გამოცდილების გამოყენების პირობებში. სხვა საქმეა, რომ მათ ჯერერობით ძალიან ხიბლავთ ცნობილი ფრანგული მარკები.
ლიურტონის აზრით, ჩინური ბაზრისკენ სწრაფვა კიდევ ერთი საფრთხის შემცველია - უყურადღებოდ შეიძლება დარჩეს ადგილობრივი ბაზარი. თუმცა მეღვინეები, რომლებიც საკუთარი ღვინის კულტურის ერთგვარი ელჩები არიან, იქ ცდილობენ შესვლას, სადაც მათ სათანადოდ დააფასებენ. "ყოველთვის გინდა დააყენო ღვინო მათთვის, ვისთვისაც ღვინო ვნებაა” - ამბობს პიერი. პრობლემა იმაშია, რომ ისინი ხშირად დამოკიდებული არიან ფინანსისტებზე. საიდუმლო არ არის, რომ დღეს ცნობილ მეურნეობათა უმეტესობა საოჯახო ბიზნესს კი არ ეკუთვნის, არამედ მსხვილ ბიზნეს-კორპორაციებს, რომლებიც მათ ახალი ბაზრებოს დაპყრობისკენ უბიძგებენ. გამოიწვევს თუ არა ასეთი პოლიტიკა სასმელზე მოთხოვნის შემცირებას? გრან კრუებისთვის ეს პრობლემა არ არის – მათ იშვიათი ღვინოები აქვთ, ლუქს კლასის პროდუქტი, რომელიც ყოველთვის იპოვის მყიდველს. რაც შეეხება ბორდოს, ჩინეთშიც კი ადგილობრივი მომხმარებლები ამჩნევენ, რომ მათთან ჩატანილი ფრანგული ღვინოები შეუსაბამოდ ძვირია,Aამიტომ ნელ-ნელა ყურადღება ახალი ქვეყნის სასმელზე გადააქვთ. შესაძლოა, გარკვეული დროის შემდეგ ბორდო ორწყალსშუა აღმოჩნდეს – როდესაც საკუთარ ბაზარზე პოზიციები დაკარგული ექნება, ახალზე კი გაურკვეველი ვითარება ელის.
რაც შეეხება მაღალ ფასებს, მოთხოვნისა და მიწოდების ხელოვნურად გაკონტროლება რთულია, მაგრამ ლიურტონი ამას ფილოსოფიურად უყურებს. შესაძლოა, მაღალმა ფასმა გაფილტროს მყიდველი და ღვინო ისეთმა ადამიანებმა იყიდონ, ვისთვისაც ის ჭეშმარიტი ვნებაა.
მოამზადა ნანა კობაიძემ
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი