Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ილიას პურადობა

იაკობ მანსვეტაშვილი

ფრაგმენტი წიგნიდან "მოგონებანი"

ილია თუმცა ძლიერ ხელმოჭერილი იყო, მაგრამ პურადობით, მასპინძლობით არც ერთს ქართველს არ ჩამოუვარდებოდა. თითონაც უყვარდა სმა და ჭამა "ფრიად მარგი", იცოდა ჭამა ხარბად, საფუძვლიანად და სტუმრებსაც გულუხვად, ხელგაშლილად დაუხვდებოდა ხოლმე. მეტსაც ვიტყვი, - ილიას პურადობა, მასპინძლობა, მართალია, ნამდვილი "ქართველური" იყო, "ჩვენებური, ძველებური", მაგრამ ხშირად ქართველურ ბედოვლათობასაც მოგაგონებდათ. აიღეთ თუ გინდა იმის დღეობა, ილიაობა, ოცს ივლისს. როგორ გადაიხდიდა ხოლმე ილია ამ დღეობას?

ვინ ასწერს ამ დღისათვის სამზადისს, სიუხვეს სასმელ-საჭმელისას, სანოვაგისას? ასეთი ლხინი, შექცევა, ნადიმი, შეჰშვენით მხოლოდ ტროადის გმირებს, როგორც თვალწარმტაცის ფერადებით აგვიწერს ჰომიროსი თავის "ილიადაში". მეც უნდა ჰომიროსის კალამი მქონდეს, რომ ღირსეულად აღვწერო ილიაობა. მაინც შევეცდები, რამდენადაც უნარი შესწევს ჩემ სუსტს, მკრთალ კალამს, აგიწეროთ ეს დღეობა.

დღეობის მზადებას შეუდგებოდნენ ხოლმე რამდენიმე დღის წინად. მერე რა მზადებას! იკვლებოდა რამდენიმე ძროხა, ცხვარი, ბატი, ინდაური, აუარებელი ქათმები. იჟლიტებოდა უთვალავად ვარია, წიწილა, იდგა მთელი ხროვა სხვადასხვა მწვანილეულობისა, გატენილი ტომრები ბოსტნეულობისა, სავსე გოდრები ხილეულობისა. ცხვებოდა აუარებელი პური, შოთი, ნაზუქი, იხდებოდა ქვევრები, საგურამოსი და ყვარული ღვინოებით სავსენი. მახსოვს, ერთ დღეობას, სამი საპალნე ღვინო დაიხარჯა, ე.ი. 2250 ბოთლი, თითო საპალნეში რომ 750 ბოთლი ვიანგარიშოთ. ცოცხალი ზუთხი მოდიოდა ძღვნათ ფოთიდამ, ეპისკოპოზ გრიგოლ დადიანისაგან. არაგვიდგან ცოცხალი ორაგული მოჰქონდათ საგურამოელ გლეხებს, აქა-იქ ელაგა ქალაქური ტკბილეულობით და ტკბილი ნამცხვრებით სავსე სინები; სამოცი ხელი ლოგინი იყო დამზადებული იმ სტუმრებისათვის, რომელნიც რამდენიმე დღით დარჩებოდნენ ხოლმე საგურამოში.

სტუმრები წინა დღითვე დაიწყებდნენ მოსვლას. აქ იყვნენ ილიასი და მისი მეუღლის შორეული და მახლობელი ნათესავები, ნაცნობნი, რედაქციის თანამშრომელნი, ბანკის მსახურნი, მწერალნი, საზოგადო მოღვაწენი. იყვნენ ჩამოსულები იმერეთიდგან, კახეთიდგან. რა დაიჭერს ქართველ კაცს, თუ კი კაი სადილი, ლხინი მოელის? ხომ გაგიგონიათ: თაფლი იყოს, თორემ ბუზი თეირანიდგან მოფრინდებაო.

წინადღითვე გაიგზავნებოდა ხოლმე ავჭალას და მცხეთას ეტლები, "ლინეიკები", შეკაზმული ცხენები სტუმრებისათვის და ურმები ბარგისათვის. ამ რიგითვე თვით დღეობას, დილით.

მახსოვს ერთი ამისთანა დღეობა, მგონი 1886 წ. თუ 1887 წელს. თითქმის ასამდე იყვნენ ქალაქებიდგან ჩამოსული ინტელიგენტი სტუმრები, მათ შორის მახსოვან: ნიკო ღოღობერიძე და პეტრე ნაკაშიძე იმერეთიდგან, ანდრონიკაშვილი და შალიკაშვილი კახეთიდგან, ჩვენი ისტორიკოსი დ. ბაქრაძე, მოხუცი რ. ერისთავი, ილია ოქრომჭედლიშვილი, ლ. მაღალაშვილი, გ. ქართველიშვილი, ძვირფასიან "ვეფხის-ტყაოსანის" გამომცემელი და ბევრნი სხვანი. ესენი სულ ზოგი ეტლებით, ზოგიც ცხენებით მოვიდნენ. აგერ მოისმა შორიდგან ზურნის ხმა, ერთი ყიჟინა და ჟივილ-ხივილი, მივხვდით: მოდის ჩვენი ასიკო ცაგარელი, ცნობილი დრამატურგი, თავის დამქაშებით, უკვე კარგად შეზარხოშებული და ამიტომ კაი გუნებაზე მყოფი.

აგერ მოისმა მშვენიერი მწყობრი ქართული სიმღერა, ახალგაზრდა ხმები, მოდიან და მოიმღერიან წინამძღვარიანთ კარის სამეურნეო სკოლის მოწაფენი თავიანთ მასწავლებლებით, წინ მოუძღვით თვით ილია წინამძღვარიშვილი, ამ სკოლის დამფუძნებელი და მისი მუდმივი, დაუღალავი მზრუნველი და გულშემატკივარი.

აგერ კიდევ გაისმა მრავალხმიანი გუგუნით სიმღერა: მოდიან საგურამოს და წიწამურის გლეხები, სამასამდე კაცი, ილიასთან დღეობის მოსალოცავად.

გაიშალა ოთხი-ხუთი სუფრა, კაკლის ქვეშ – ქალაქის სტუმრებისათვის, კაკლის გაყოლებაზე, ხეებ ქვეშ, - წინამძღვარიანთ სკოლის მოწაფეთათვის და იქვე გაყოლებით – გლეხებისთვის.

დაიწყო საჭმლის მიღება. საჭმელი საჭმელს მოსდევს, ერთი თავი მეორესა სცვლის. ერთ კერძს ზედ მოჰყვება მეორე და ესე დაუსრულებლად. ტოლუმბაშად ჩვენი შეუდარებელი თამადა რაფ. ერისთავი აირჩიეს. საჭმლის მიღების დროს სვამდნენ ღვინოს ჭიქებით. მალე ჭიქები გვერდზე გადაიდგა და მოაყოლეს თასები, ჯამები, ჯამებს მოჰყვა ყანწები. პირველი ყანწი დალია ილიამ, როგორც მასპინძელმა. ბევრი არაფერი შეეტყო, მხოლოდ კუნძივით იჯდა ერთ ალაგას. გადავიდა დ. ბაქრაძესთან, ისტორიკოსთან. ეს იყო სუსტი, ნაზი აგებულობის კაცი, ხეხელა. ამას ყანწისთვის სუკი არ მოსდევდა, მაგრამ მაინც უარი არა სთქვა, გამოცალა ყანწი. გამოცალა, მაგრამ იქვე კი კინწი წააწყდა და მუხლები ჩაეკეცა. მოქეიფეთა რაზმს გამოაკლდა. წაიყვანეს ოთახში დასასვენებლად და გამოსაფხიზლებლად...

ყანწმა თავისი ქნა: აირია მონასტერი, დაიწყო ბაბილონის გოდოლის შენება, ენათა აღრევა ანუ, უკეთ რომ ვსთქვათ, ენათა დაბმა, ერთი მეორისა აღარავის ესმოდა. თამადას ვინღა უგდებდა ყურს, ცალ-ცალკე ჯგუფებათ დაიყვნენ, ყველა თავისებურად ლხინობდა, თავის გუნებაზე სვამდა.

აგერ ასიკო ცაგარელი თავის დამქაშებით, უკვე ღვინით გალეშილებით, შესძახის თავის მეზურნეს: ჩაჰბერე დუდუკს, გამაგონე მისი ტკბილი ხმა. დუდუკის ხმა კი, მართალია, ტკბილია, მაგრამ ასიკო რომ ზედ დაჰკივის თავის ჩახლეჩილი უხამსური ხმით რაღაც შიქასტას, ეს კი, უნდა მოგახსენოთ, სიტკბოებას სრულებით არა ჰგავს, ეს უფრო ტურების ყმუილს მოგაგონებს, თუმცა მის დამქაშებს, ეტყობა, ძლიერ მოსწონთ, რადგან სულ "ჰაჯან-ჰაჯან"-ს მისძახიან.

ამათვე ჯგუფშია ყველასაგან კარგად ცნობილი გიგო ყარანგოზიშვილი, განთქმული მოქეიფე, დარდიმანდი, ლოთი-ფოთი. სმაში ჭკუას არ ჰკარგავდა, მხოლოდ სმა თავისებური ფოკუსებით იცოდა. მაგალითად, ღვინით სავსე ჭიქას დაიდგამდა ხელის გულზე, მერე ხელს ისე მოიღრეცდა, გადმოატრიალებდა, რომ ხელის გული ზემოთ მოექცეოდა, ჭიქაც ზედვე იდგა და არც ღვინო დაიღვრებოდა. ახლა ეს ღვინო უნდა დაელია. ეს არც ისე ადვილი იყო: გადმობრუნებულ ხელს და მკლავს ისე ადვილად ვერ მიიტანდი პირთან. გიგო ამასაც ახერხებდა: მოიხრიდა კისერს რაც ძალი და ღონე ჰქონდა, - ვშიშობდით, კისრის ძარღვები არ დაუწყდესო, - იმდენად გადმოიხრიდა წინ, რომ ნიკაპი თითქმის გულის ფიცარს მიებჯინებოდა. ამ გვარად, ხელის გულზე მდგარ ჭიქას ტუჩებს მიუახლოვებდა და დაიწყებდა ნელ-ნელა ღვინის წრუპვას. ჭიქას რომ ნახევრამდე მიიყვანდა, კბილებით სწვდებოდა თვით ჭიქას, ღვინოს გამოაცარიელებდა და დაიწყებდა ჭიქის კვნეტას. აქაც დიდ ხელოვნებას იჩენდა: ისე ჰკვნეტდა და ჰყრიდა პირიდგან შუშის ნამტვრევებს, რომ ოდნავაც არ გაიკაწრავდა არც ღრძილებს, არც ტუჩებს. ბევრისთვის ეს საზარელი, არა ესთეტიური სანახავი იყო, უნდოდათ ეთქვათ: გიგო, კმარა, შედექი! მაგრამ გიგო არტისტი იყო, ხელოვნურად ასრულებდა თავის როლს, თავი მოსწონდა, და აბა ვინ ეტყვის არტისტს: მორჩი, არ მოგვწონს შენი თამაშიო!

ხომ მოგეხსენებათ, ჩვენში საცა სმაა, იქ სიმღერაც არის, და აი კაკლის ქვეშ გაისმის განუწყვეტელი "მრავალჟამიერ", "ყანწით ვსვამ ღვინოს", "გულში ჭირიმე, სულში ჭირიმე" და სხვა ამისთანები. ასიკოს შიქასტები წარსული დროის, სპარსული სახის, ნარჩენი ხორცმეტია.

იქიდგან, სადაც სკოლის მოწაფეები სადილობენ, მოისმის მწყობრი სიმღერა, სმენის დამატკბობი, გულის გამამხიარულებელი. ეს არ ჰგავს უხამსს შიქასტას, უგემურ "გულში ჭირიმე, შენ გენაცვალეს". აქ ისმის ნამდვილი ქართული სიმღერა, აღნიაშვილის ხოროს რეპერტუარიდგან, ევროპულ მუსიკის კვალობაზე ტკბილ ხმად შეწყობილი, შემკობილი.

აგერ ცოტა მოშორებით გუგუნებს მძლავრი, ღონიერი, შეწყობილი სიმღერა გლეხებისა. ამათაც კარგად გადაუკრავთ, ყანწები თუმცა არა აქვთ, მაგრამ ჯამებს კი მადიანად აცარიელებენ. მიყვარს ამათი შვება-ლხენა. პატარაობიდგანვე ვარ ამას შეჩვეული, სოფელში ბევრჯერ ვყოფილვარ ამის მნახველი. გლეხი თუ ლხინობს, ლხინობს სრულის გულითა და სულითა, თუ მხიარულობს – მთელი მისი არსება ხარობს, თუ თამაშობს, მღერის, - ჰგრძნობ, რომ ყველა ძარღვი, ყველა ასო სხეულისა უმღერის, უთამაშებს. ამ დროს ის ყველაფერს ივიწყებს, მხოლოდ თავის გრძნობას ემორჩილება, სხვა ფიქრს თავიდგან იცილებს, ღვინოსაც ადვილად იტანს. იქნება ეს ჯანის სიღონეს, სიმრთელეს უნდა მიეწეროს? შესაძლებელია, მაგრამ ისიც კი უნდა ითქვას, რომ გლეხს ლხინში, ქეიფში მოძრაობა უყვარს: მღერის, თამაშობს, ხანგალას ჩამოუვლის, ფერხულს გააბამს, ჭიდაობას გაჰმართავს, და ამასობაში ყველას ადვილად იტანს, საჭმელსაც კარგად ირგებს და სასმელსაც.

საღამო მოახლოვდა. ყველაზე ადრე წამოიშალნენ სკოლის მოწაფენი. ესენი უნდა აჩქარებულიყვნენ, რომ დღიურად მიესწროთ შინ, სკოლამდე შვიდი ვერსტი მანძილი ჰქონდათ გასავლელი.

ბინდისას გლეხებიც დაიშალნენ. ხომ მოგეხსენებათ, ქათამი რომ ქანდარაზე შეჯდება, გლეხმა უნდა ლოგინი მოამზადოს: დილით ადრე, განთიადისას საქმეს უნდა შეუდგეს, ჩვენსავით დილის ტკბილ ძილს არ არის ჩვეული.

კაკლის ქვეშ რაღა ამბავია. რას აპირებენ? აქ ძაღლი პატრონს ვეღარ იცნობს: ზოგს თავი ჩაუქინდრია და რაღაცას ლუღლუღებს, ზოგს იქვე სუფრაზე თავი მიუდვია და მისძინებია. ზოგი იქვე კაკლის ქვეშ მიწოლილა და უძრავად ძევს, ზოგი კიდევ კაკლის იქით გასულა და იტანჯება, პირიდამ აზიდებს. განაგრძობენ სმას და ღრიანცელს მხოლოდ ისინი, ვინც ისე არიან ღვინით ზედშეზელილები, როგორც კაი მოთელილი ნაბადი, ისე არიან გამოწრთობილი, როგორც მაგარი ფოლადი.

დაღამდა. დრო კარგად გადასულია. ყველას ძილი სძლევს. მოსვენებას ეძებს. გაეშურნენ სახლში. ორი დიდი მოზრდილი ოთახი მზად არის. სამოცამდე ლოგინი გაშლილია მწკრივად, პირდაპირ იატაკზე. ბევრი ტანთგაუხდელი მიწვა და იქვე მიეძინა. ზოგნი კი იქაც არ ისვენებენ. საინტერესო და თან სასაცილო სანახავი იყო, რომ ეს ხანში შესული, ჭაღარა მორეული ვაჟკაცნი ცელქობდნენ, ეშმაკობდნენ, როგორც პატარა ბავშვები. კორწიალობდნენ, მალაყებს გადადიოდნენ, ბალიშებს ესროდნენ ერთმანეთს. დაწოლილებს საბნებსა ჰხდიდნენ, ფეხით ათრევდნენ, ერთი სიტყვით, მოგაგონდებოდათ ყველა ის, რაც ბევრს თქვენგანსა, უეჭველია, ყმაწვილობაში გამოუვლია. ასეა: დალეული, ნასვამი კაცი და ბავშვი ერთბარაში გამოვლენ. მხოლოდ ძილში გაისმოდა მძიმე ოხვრა, ხვნეშა, ხმამაღლა ხვრინვა და რაღაც ბოდვის მაგვარი ბუტბუტი.

ჯერ კიდევ ადრიანი დილა იყო, რომ ნამძინარევი ხალხი გარეთ გამოიშალა, დაღვრემილი, დათენთილი, ტანში მოშლილი. ილია უკვე ფეხზე იყო. არ ეტყობოდა გუშინდელი ნასვამობა. სწორედ რომ ჯორის ჯიშისაა: რაც უნდა დაღლილი იყოს, ერთი კი გაგორდება, მერე მხრებს შეიბერტყავს და რაც ილია ყოფილა, ისევ ის ილიაა.

წყაროსთან, კაკლის ქვეშ, უკვე მზად არის ყველაფერი, რაც პირის საბანად არის საჭირო. ნამძინარევებმა პირი დაიბანეს, შუბლი გაიგრილეს და ცოტა გონს მოვიდნენ. შეუდგნენ დილის საუზმეს, ზოგი ჩაის თხოულობს, ზოგი ღვინოს და ზოგიც ჭრიანტელას, ე.ი. ტყემლის წვენს, რომ უფრო ადვილად შეუდგნენ ახალ სუფრას, სმას და ჭამას.

ილია უკვე გაშლილ სუფრას უჯდა და ყველას ურჩევდა, ხელი არაფრისათვის ეხლოთ: ეხლავ მსუქანი ხაში იქნებაო. მართლაც, ჩქარა მოიტანეს საუცხოვო ხაში, რომელსაც სიმსუქნე ქარვასავით მოჰკიდებოდა ზედაპირზე. ილიამ მოიდგა დიდი ორჯამიანი, ჩაყარა შიგ ფაშარი პური და პირთამდე ხაშით შეავსო, მიუჯდა და ძველებურად, ჩვენებურად დაუწყო ჭამა და ისე გემრიელად, მადიანად შეექცეოდა, რომ სხვებსაც საღერღელი აეშალათ.

ამ მცირე საუზმის შემდეგ, ბევრი გამოემშვიდობა ილიას და შინისაკენ გაეშურა. ეტლები და ცხენები მზად იყო. დარჩა ოცდაათამდე კაცი. სადილი ნაადრევად იყო მომზადებული, რადგან ზედაძენში ვაპირებდით წასვლას, სადაც ღამე უნდა გაგვეტარებინა. ზედაძნამდე კაი შორი გზა იყო, შვიდ-რვა ვერსტამდე იქნებოდა, ამასთან გზა მეტად მძიმე, უვალი, დაბურულ ტყეებში, ურმისა და ცხენოსანი კაცის მეტი ამ გზას ვერ დასძლევს, ეტლი აქ ვერ გაივლის.

სადილი სუბუქი იყო. ან კი ვის ჰქონდა მადა დილანდელ ხაშის შემდეგ. სმასაც არავინ ეტანებოდა. გუშინდელი სმის ნალი დღესაც ბევრს მოსდევდა. დატვირთეს ურმები ღვინით და სანოვაგით. საგზალი ისე უხვად იყო, იტყოდით, ერთი ღამით კი არა, მთელი კვირით მივდიოდით სადმე.

თითქმის შებინდებული იყო, რომ ზედაძენს მივედით. ზედაძენი მონასტერია. შენობა კარგად შენახულა. ეკლესიის გარდა პატარა სახლიც არის მიშენებული ბერების საცხოვრებლად. პირველად აქ, ამ მიუვალ მაღალ ადგილას, უღრან ტყეში, ფეხი მოუკიდნია იოანეს, ერთ იმ ცამეტ სირიელ მამათაგანს, რომელნიც მეექვსე საუკუნეში მოვიდნენ საქართველოში ქრისტეს მოძღვრების განსამტკიცებლად. საცხოვრებლად ირჩევდნენ ეს მამანი ან მაღალ მთიან და ტყიან ადგილებს, ან კლდიან უდაბნოებს. მათ შორის იყვნეან: შიო მღვიმელი, ანტონი მარტოდმყოფელი, დავით გარეჯელი. ამ უკანასკნელმა დაარსა ის მონასტერი, რომელიც დღესაც იმყოფება, რასაკვირველია, შეკეთებული, შელამაზებული ტფილისში, მთაწმინდის ფერდობზე.

ზედაძნიდამ შეუდარებელი, თვალწარმტაცი გადასახედია. ტფილისი, ყარაიას უდაბნო და ზედ გაკლაკნილი მტკვარი, თითქოს შემდგარი ერთ ალაგასაო, მცხეთა, არაგვის ხეობა, ისე მოსჩანს, თითქო ხელის გულზე გიწყვიაო. მეტადრე მომხიბლავ სანახაობას წარმოადგენს აქედან ტფილისი ღამეობით: შენობები არა სჩანს და ეს უშველებელი ქალაქი ისე გეჩვენებათ, თითქო დიდ, შორს მანძილზე უთვალავი ჩირაღდნებით გაუნათებიათო.

გაიშალა სუფრა სავახშმოდ. მაგრამ ჭამის მადა ვიღას ჰქონდა. გუშინდელი ნაქეიფარნი, შორი და ძნელი გზით დაღლილნი იმას ვფიქრობდით მხოლოდ, რომ როგორმე დაგვესვენა. შევნაყრდით ცოტათი და საძილოთ მოვემზადეთ. ლოგინი, რომელიც საკმარისად იყო წამოღებული, გაშალეს მიწაზე, პირდაპირ ცის ქვეშ. ბევრმა უკვე დაიძინა, მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც ძილს ღვინო არჩიეს. შექეიფდნენ და ისეთი ყიჟინა ასტეხეს, მრავალჟამიერს ისე გაჰკიოდნენ, რომ არამც თუ აქ, ტყეში ნადირი და ფრინველი დამფრთხალიყო, მგონი, ტფილისშიაც კი უნდა ჩასულიყო ამათი ხმა. მთელი ღამე ამათ გამო ჩვენს თვალს ძილი არ მიჰკარებია. პეტრე უმიკაშვილიც კი, ეს პაწაწინა, უჩინარი, სუსტი კაცი, ესეც კი აიყოლია ღვინომ და მთელ ღამეს დაფროტიალებდა და მძინარეებს თავს დასტრიალებდა. პეტრეს ცოტა ქალაჩუნა ხასიათი ჰქონდა. კარგი ლალასავით სურდა ყველასათვის მოევლო: ვის საბანს გადახურავდა, თუ გადახდილს ნახავდა. ვის ბალიშს გაუსწორებდა. მეტადრე თავს ევლებოდა დ. ბაქრაძეს და ილია ოქრომჭედლიშვილს.

- აბა, ილიაჯან, კარგად დაიხურე, არ შეგცივდეს, და თან საბანს უსწორებდა. ერთი ხელით საბანს უსწორებდა და მეორე ხელში კი ღვინით სავსე აზარფეშა ეჭირა. და რადგან ღვინოს კარგად დაეძალა და ხელში სიმაგრე აღარა ჰქონდა, ამიტომ აზარფეშიდგან ღვინო ეღვრებოდა და ოქრომჭედლიშვილს, რომლისთვისაც პეტრე ასე ზრუნავდა, თავზე და პირზე დასდიოდა. კაცს ეგონებოდა, ოქრომჭედლიშვილი მძიმედ ავადმყოფია და პეტრე მის საზიარებლად მოსულაო. ოქრომჭედლიშვილი ერიდებოდა პეტრეს წყენას და ვერა ეთქვა რა, მხოლოდ ამას კი ეუბნებოდა:

- გმადლობთ, პეტრეჯან, გმადლობთ! მაკმარე, ჯერ საქმე იქამდე არ გამჭირვებია, რომ საზიარებელი ვიყო.

დილით, ღამით უძილონი, ნამცივნნი, დავადექით გზას. თუ ამოსვლა ძნელი იყო, ჩასვლა უფრო მეტად ძნელი გამოდგა. ურემში ჯდომა არ შეიძლებოდა: ახლდა-დახლაში გულ-მუცელს გინგრევდა. ცხენზე შეჯდებოდით – ისე გარყევდა, რომ წელი და მუხლი გემტვრეოდა. ფეხით მოსდიოდი და მუხლები გეკეცებოდა. შუადღე გადასული იყო, რომ საგურამოში ჩავედით. სუფრა გაშლილი დაგვხვდა, მაგრამ ჭამას ვიღა ფიქრობდა, ისე ვიყავით ღამის თევით, უძილობით და მერე გზით დამტვრეულები, დაღლილები, რომ ჭამა კი არა, ლაპარაკიც კი გვეზარებოდა. სადილს უკან, დღეობის მესამე დღეს, გამოვემშვიდობეთ ჩვენს გულუხვ, პურად მასპინძელს და დავადექით თავთავიანთ გზას.

© „მარანი“

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული